გაცხადებული ტერორის ქრონიკები

გაცხადებული ტერორის ქრონიკები

გორის რაიონის სოფელ კარალეთში მომხდარ ინცინდენტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. შსს–ს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პოლიციაში მისულ „ქართული ოცნების“ წევრებს სულ სხვა სურათი დახვდათ, აღმოჩნდა, რომ გამოძიება დაწყებული არ არის. აქვე სოზარ სუბარი ასახელებს იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრებს სოფელ კარალეთში თავს დაესხნენ და ინცინდენტის დეტალებზე საუბრობს.

კარალეთში მომხდართან დაკავშირებით for.ge–ს სოზარ სუბარი ესაუბრება.

სოზარ სუბარი: „სააკაშვილმა ეტყობა გადაწყვიტა, რომ რადგან ქვების სროლით დაიწყო ხელისუფლებაში მოსვლა, ისევ ქვების სროლით წავიდეს. ალბათ, მას უნდა ისტორიაში ქვასროლია პრეზიდენტის სახელით შევიდეს. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ დევნილების დასახლებებში შევსულიყავით. წინასწარ გვქონდა გაწერილი, სად უნდა მივსულიყავით და შემდეგ გეგმა უცებ შევცვალეთ, რადგან გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დასახლებაში, კონკრეტულად ბერბუკში და ხურვალეთში განსაკუთრებულ თავდასხმას ამზადებდნენ, თითო დასახლებაში 150–მდე ზონდერი და აქტივისტი ჰყავდათ მობილიზებული, რომლებიც ქვებით და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულები.

ხელისუფლება არ ელოდა, რომ დევნილებთან შეხვედრებს „ვერხვებიდან“ დავიწყებდით. ამას მოწმობს ის, რომ „ვერხვებში“ ზონდერების მობილიზება ვერ მოახერხეს, იქ სამი–ოთხი ადამიანი კი ყვიროდა რაღაცეებს, მაგრამ ამით დასრულდა ყველაფერი. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველგან ერთი და იგივე ადამიანები გვხვდებიან და ერთსა და იმავეს გაიძახიან. როდესაც შემდეგ დასახლებაში, ანუ კარალეთში მივედით, იქ უკვე მოეწსროთ ზონდერების მობილიზება და სხვათაშორის ის ზონდერები, რომლებიც ვერხვებში იყვნენ, კარალეთშიც დაგვხდნენ და განსაკუთრებით აქტიურობდნენ.

სულ რამდენი ასეთი ადამიანი დაგხვდათ კარალეთში?

- დაახლოებით 30–მდე კაცი იქნებოდა. ამასთანავე, იქ დაფიქსირდა ბადრი ბასიშვილის მანქანა (იგი კამერებმაც დააფიქსირეს) სახელმწიფო ნომრით BAS 551 და ჩვენთვის ცნობილია იმ ზონდერების გვარებიც, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ. მაგალითად, მიდოდაშვილი ვანო, რომელიც კონტრაბანდის ბრალდებით იხდიდა სასჯელს და დღეს ამ ე.წ. „ვერხვების“ კოტეჯების მამასახლისია.

რას ნიშნავს მამასახლისი?

- ესეც ძალიან საინტერესო ფენომენია, ამ ადამიანებს მამასახლისები ჰქვიათ და ეს რაღაც გაუგებარი თანამდებობაა. როდესაც მათზე ხელისუფლებას ეკითხები, გეუბნებიან, რომ ასეთი რამ არ არსებობს და ოფიციალურ სტრუქტურებში ასეთი ადამიანები არ არსებობენ. მართალია, ოფიციალურ სტრუქტურებში ისინი არ მუშაობენ, მაგრამ ხელისუფლება მათ ნიშნავს, უხდის ხელფასს და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დევნილების დასახლებებს აკონტროლებენ. მაგალითად, როდესაც ასეთ დასახლებაში მიდის ადამიანი (არა ჟურნალისტი და არა პოლიტიკოსი) თავის ნათესავთან, დასახლების შესასვლელში მას ეს ე.წ. მამასახლისები აჩერებენ, ეკითხებიან, ვისთან მიდის და რამდენი ხანი აპირებს დასახლებაში გაჩერებას. ხოლო თუ დათქმულ დროს არ დატოვა დასახლება, მაშინ მას მიაკითხავენ და ინტერესდებიან, წინასწარ ნათქვამ დროზე მეტხანს რატომ გაჩერდა.

ასე ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის დატერორებას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ საკმარისია გასცდეთ იმ ადგილს, სადაც ისინი პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ, რომ ჩანს ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა, რომელიც ამ ადამიანების განწყობისგან მკვეთრად განსხვავდება.

როდესაც კარალეთში ჩასულებს ეს პროვოკატორები დაგვახვედრეს, მე და გია ყარყარაშვილი გავერიდეთ იმ ადგილს და თავად ამ დევნილების დასახლებაში გავიარეთ. ყველგან ძალიან დიდი სიხარულით გვხდებოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ეს ხელისუფლება ყელში ყავთ ამოსული და ბიძინა ივანიშვილის დიდი იმედი აქვთ. შეიძლება 20–დან ერთი ადამიანი გამოჩენილიყო, რომელიც ცოტა სკეპტიკურად იყო განწყობილი და ასეთი ადამიანების სკეპტიციზმი იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი გვეუბნებოდნენ – „რა ვიცი შვილო აბა, არც ერთი ხელისუფლება ხალხისთვის არ ყოფილა და ივანიშვილი იქნება?“

ანუ, ადგილობრივებისგან აგრესია არ ყოფილა?

- არა, მხოლოდ ამგვარი დამოკიდებულება იყო და არა სააკაშვილის მხარდაჭერა.

გასაგებია, მოდით ისევ თავად ინცინდენტს დავუბრუნდეთ, რა მოხდა იქ, როდესაც თქვენ ისევ მიხვედით მოსახლეობის შეკრების ადგილზე?

- როდესაც ამ ზონდერებმა ნახეს, რომ ყვირილით არაფერი გამოუვიდათ, ამის შემდეგ უკვე ღია აგრესიაზე გადავიდნენ.

ბატონო სოზარ, მართალია, რომ ამ ადამიანებმა კახი კალაძეს მის ძმასთან დაკავშირებით რაღაც უთხრეს?

- არიან ცნობილი ზონდერები, ძმები გიგი და გოგიტა გოჩაშვილები, რომლებიც სხვა დარბევებშიც მონაწილეობდნენ და სწორედ ერთ–ერთი მათგანი კახი კალაძეს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდა, რაზეც კახიმ უთხრა, – მოდი რა ძმურად, ქართველები ვართ და მშვიდად დავილაპარაკოთო, ხელი გადახვია ამ ადამიანს და ისიც თითქოს რაღაცნაირად დაწყნარდა, თუმცა კალაძეს ერთი ნაბიჯით გასცდა თუ არა, მაშინვე დაიწყო ყვირილი – შენ რომ კაცი ყოფილიყავი, შენი ძმის გამოსასყიდად ფულს გადაიხდიდიო და ვიღაცეების თავს ზემოდან ხელების ქნევა დაიწყო. ხომ იცით მხდალი კაცის ამბავი, სანამ ახლოს იყო, ვერაფერი გაბედა და შორიდან მუშტებს იქნევდა და ილანძღებოდა.

აქვე გეტყვით, რომ ძმები გოჩაშვილები შეწყალებით არიან ციხიდან გამოშვებულები და ორივე მონაწილეობდა „ინფო9“–ის ჟურნალისტის რეზო ნადირაძის ცემაში, რომელიც ერთი თვის წინაც სცემეს და ახლაც. ასევე იქ ძალიან აქტიურობდნენ ცნობილი ზონდერები, ძმები ბესო, კობა და გია კახნიაშვილები და ილია ბაციკაძე.

ეს ის ადამიანები არიან, ვინც ამოიცანით და ვისი გვარები და სახელებიც დანამდვილებით იცით?

- დიახ და კიდევ იქ არის ვინმე მაისურაძე, რომელიც დევნილების დასახლების მამასახლისად ითვლება. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ურტყამს ხელს ეს მაისურაძე ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს, ხოლო შემდეგ მაისურაძეს ჩაენაცვლა სხვა პიროვნება, რომლის ვინაობაც ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ რომელიც კადრებში ძალიან კარგად ჩანს.

საბა წიწიკაშვილის გარდა, სხვა ჟურნალისტებიც არიან ნაცემები. მაგალითად - ლექსო ალექსიძე, რომელსაც კამერა დამუტვრიეს და თვალებზე სილურჯეები ეტყობა. მას შემდეგ ვიღაც დაჰყვიროდა – „ფინგალები“ გიხდებაო. ამასთანავე, დაზიანებულია რამდენიმე მანქანა, კერძოდ, მანუჩარ ნუნუაშვილის და კახი კალაძის მანქანები. გარდა ამისა, ნაცემია „ინფო9“–ის ჟურნალისტი ეკა ილურიძე, სასტიკად ნაცემები არიან ედემი მახარაშვილი და ლიზი შავლოხაშვილი. სხვათაშორის, ეს ორი ადამიანი მერეთის ინცინდენტის დროსაც სცემეს და ახლაც რომ ამოიცნეს, რომ ისინი ისევ ჩვენს აქციაზე იყვნენ, მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესია წამოვიდა, მათ პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ ქვებს.

რამდენადაც ცნობილია, დაზარალებულებს პრობლემები საავადმყოფოშიც შეექმნათ.

- დიახ, მოგეხსენებათ, ქართულ საავადმყოფოებში შესვლაც ფული ღირს და ექიმის შემოხედვაც ფული ღირს, აღარაფერს ვამბობ რენტგენზე და სხვა მომსახურებაზე. ზოგიერთი დაზარალებულის გასინჯვა 100 ლარამდეც კი დაჯდა. არცერთ მათგანზე ექიმებმა არ გამოწერეს „ფორმა 100“, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ დაფიქსირდეს, ამ ადამიანებს რა ტიპის დაზიანებები ჰქონდათ მიღებული, რათა შემდეგ ამაზე საქმე აღიძრას. მხოლოდ ჩვენი ადვოკატების ჩარევის შედეგად მოხერხდა ამ „ფორმა 100-ის გამოწერა და ისიც სახელმწიფო დაცვა თავზე ადგა ექიმებსა და ექთნებს და კარნახობდნენ, რა უნდა ჩაეწერათ. როდესაც ჩვენმა ადვოკატებმა ეს გააპროტესტეს, ისინი გარეთ გამოყარეს და შიგნით არ უშვებდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ორდერები. სხვათაშორის, შემიძლია რამდენიმე ექიმის გვარიც გითხრათ, იქნებ მათ შერცხვეთ, ან ამის გამო ვიღაცამ საყვედური უთხრას. მაგალითად, ციციშვილი და მელაძე.

არ ვიცი, როგორ უნდა ვუწოდო ექიმები ამ ადამიანებს, რომლებიც ჰიპოკრატეს ფიცსაც არღვევენ და ყველანაირი კაცობის სტანდარტსაც. ეს ექიმები მაქსიმალურად ცდილობდნენ, დაზარალებულები საავადმყოფოდან რაც შეიძლება მალე გამოეშვათ. მაგალითად, იქ რამდენიმეს გული წაუვიდა, ერთ–ერთს კი სამჯერ აერია გული, მაგრამ მათ ეუბნებოდნენ, რომ არაფერი ჭირდათ და მათი გაწერა კი არ ხდებოდა, არამედ საავადმყოფოდან ერეკებოდნენ.

ბატონო სოზარ, ჩხუბი კახი კალაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას მოჰყვა? რა გახდა უშუალოდ ჩხუბის მიზეზი?

- ეს ადამიანები კალაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდნენ, მაგრამ უეცრად ჩხუბის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა მხარდამჭერებმა უდიდესი თავშეკავება გამოიჩინეს. ჩვენ გვახლდნენ ადამიანები, ნორმალურ ვითარებაში და წლების განმავლობაში საქართველოს ღირსებას წარმოადგენდნენ და ჩვენ ყველანი მათით ვამაყობდით. მაგალითად, მურთაზ ხურცილავა, თემურ ხუბულური, კახი კალაძე. მართალია, მხოლოდ სპორტსმენები ჩამოვთვალე, მაგრამ იქ იყვნენ მსახიობები, რეჟისორები, მაგალითად, ნუკრი ქანთარია, მზია არაბული, გია ჯაფარიძე და ა.შ. ანუ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის სახეს წარმოადგენდნენ და სწორედ მათი შეურაცხყოფა ხდებოდა ყველაზე უშვერი სიტყვებით.

ასევე გია ყარყარაშვილი, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის თავი აქვს არაერთხელ გაწირული და ასეთ ადამიანს ვიღაც არსებები მისძახოდნენ – სად იყავი, როდესაც ომი იყოო? ეს ადამიანი საქართველოსთვის იბრძოდა, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც მაშინ „კაგებე“–ს სკოლაში სწავლობდა და განსხვავებით მისი ბიძის, თემურ ალასანიასგან, რომელიც „კაგებე“–ს ნომენკლატურა იყო, ახლა „ფეესბე“–ს ნომენკლატურაა და რატომღაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, თითქოს იყო ინცინდენტი და არა თავდასხმა და რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო, ჩვენი ადვოკატები პოლიციაში მივიდნენ და აღმოჩნდა, რომ გამოძიება დაწყებული არ იყო. ჩვენმა ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ გამოძიება დაწყებულიყო არა ხულიგნობის მუხლით, რასაც პოლიცია ეთანხმებოდა, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე სხვა მუხლით. ხულიგნობა არის უმოტივო დანაშაული, რომელიც შეიძლება მაგალითად სიმთვრალეში ჩაიდინო. ხოლო როდესაც პოლიტიკუი ნიშნით გდევნიან, ეს უკვე ხულიგნობა არ არის. აქ უკვე საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევასთან, რომელთა შორისაც ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაც არის.

თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის მიერ დანერგილ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპს, ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს საკმაოდ გრძელვადიანი სასჯელები ემუქრებათ.“