აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქალაქო სასამართლოს სს „ქართუ ჯგუფისა“ და სს „პროგრეს ბანკის“ იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის შესახებ შუამდგომლობით მიმართა, რადგან ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის ამოღების მიზნით, ეს ქონება აუქცონზე ვერ გაიყიდა. ამიტომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანა მოითხოვა.
„იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას. იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება მოვალის საკუთრებაში რჩება“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ხელისუფლება „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკს“ ფაქტობრივად ისაკუთრებს, რადგან იძულებით მმართველი მართავს ამ კომპანიების აქციებს და აქციონერების სახელით გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. მესაკუთრეს კი ამ პირობებში თანამშრომლების დანიშვნა, ქონების მართვა და შემოსავლის მიღება არ შეუძლია. ამდენად, მესაკუთრეს მხოლოდ ის რჩება, რომ დაელოდოს, როდის ამოიღებენ ამ ქონებიდან იმ თანხას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა წაიღოს.
ამასთანავე, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს საქართველოში 2007 წელს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც პოლიტიკაში ბადრი პატარკაციშვილის მოსვლის შემდეგ მას „სტანდარტ ბანკი“ ჩამოართვეს და ამით პრაქტიკულად ხელ-ფეხი შეუკრეს. ივანიშვილის შემთხვევაშიც, ალბათ, იგივეს გაკეთებას აპირებენ, მაგრამ გამოუვათ თუ არა, რთული სათქმელია. ამ ეტაპზე, შეტევა ბანკის მმართველის, ნოდარ ჯავახიშვილის წინააღმდეგაც იგეგმება, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშიდან „ბანკი ქართუს“ გენერალურ დირექტორ ნოდარ ჯავახიშვილის ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე ფულადი ტრანზაქცია განხორციელდა, რომელიც, შესაძლოა „კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯავახიშვილს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია უწყებას სამი დღის ვადაში წარუდგინოს.
„ქართუ ჯგუფის“ და „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლება ისედაც უკვე რამდენიმე თვეა „ქართუ ბანკის“ ყველა ანგარიშსა და ოპერაციას აკონტროლებს, ამიტომ ამაზე მეტი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია.
ნოდარ ჯავახიშვილი: „ქართულმა საზოგადოებამ შესანიშნავად იცის, რომ უკვე მეცხრე თვეა „ქართუ ბანკში“ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები სხედან და ყველა ოპერაციას წინასწარ აკონტროლებენ. ახლა თუ ხელისუფლებაში იმაზეა ჭიდაობა, ეროვნული ბანკი უნდა აკონტროლებდეს „ქართუ ბანკის“ საქმიანობას, თუ აღსრულების ეროვნული ბიურო, ეს უკვე სხვა საკითხია, თორემ ეროვნული ბანკი ყველა ჩემს მოქმედებას აკონტროლებს.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „ქართუ ბანკი“ ბიძინა ივანიშვილის ხელში ის ინსტრუმენტია, რომელიც მისი თანხების მოძრაობას უზრუნველყოფს და ამიტომ ხომ არ სურთ, რომ ივანიშვილს ეს ბერკეტი ხელიდან გამოაცალონ?
- სწორედ ამას ვამბობს, რომ „ქართუ ბანკში“ გატარებული ნებისმიერი ოპერაცია ეროვნული ბანკის თანამშრომლების მხრიდან წინასწარ კონტროლს გადის.
ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამაზე მეტი კონტროლის განხორციელება შეუძლებელია?
- ნუ, არ ვიცი, შეიძლება ხვალ ეროვნული ბანკი გააუქმონ იმის გამო, რომ ამ ნაწილში თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს და მისი უფლებები აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცენ, სხვა რა გითხრათ, არც კი ვიცი.
ბატონო ნოდარ, შეიძლება ეს პროცესები ბადრი პატარკაციშვილისთვის „სტანდარტ ბანკის“ წართმევას შევადაროთ? არის მსგავსება ამ ორ მოვლენას შორის?
- გააჩნია, რომელი კუთხიდან ხედავთ თქვენ იმას, რაც მაშინ მოხდა და რაც ახლა ხდება. ყველაფერს აქვს რაღაც საერთო და ძალიან ბევრი განსხვავებაც არსებობს. ასე რომ, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესში რამე პარალელები მოვძებნო, ეს თქვენი, ჟურნალისტების საქმეა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ „ქართუ ჯგუფში“ დაინიშნება იძულებითი მმართველი და კომპანიის მოგებიდან ამოიღებს იმ დავალიანებას, რაც ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აქვს დაკისრებული. რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს და რამდენად რეალურია ასეთი გეგმა?
- შეიძლება აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეცეს იმხელა უფლება-მოსილება, რომ 190 მილიონიანი ქონება, რომელიც ჩვენ სახელმწიფომ წაგვართვა, დაიბრუნოს უკან და ბანკის მდგომარეობა გააუმჯობესოს. იმ პირობებში, ანუ, თავს რომ არ დაგვსხმოდნენ და ჩვეულებრივად გვემუშავა, გასულ წელს დაახლოებით 17-18 მილიონიანი მოგებით დავასრულებდით. ამდენად, გაყავით 75 მილიონი 17-ზე და ნახავთ, ამ დავალიანების ამოღებას რამდენი წელი დასჭირდება. მაგრამ, როგორ გგონიათ, აღსრულების ეროვნული ბიურო ამის გამკეთებელია?
მაშინ რას მოიმოქმედებენ ისინი, გაყიდიან ბანკის ქონებას?
- მაინც მივდივართ იქამდე, რომ მე მეკითხებით, თუ რას გააკეთებს აღსრულების ეროვნული ბიურო. რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მას შემდეგ სულ ჟურნალისტებთან საუბარი მიწევს და ვერ მოვახერხე, რომ კანონში ჩამეხედა, თუ რის უფლება აქვს იძულებით მმართველს. ამიტომ, ჯერ არ ვიცი, რა უნდა აკეთოს მან გარდა იმისა, რომ ქონებიდან ნაყოფი მიიღოს, ანუ შემოსავალი. ჩემის ღრმა რწმენით, მას ქონების გაყიდვის უფლება არ აქვს და სხვანაირად როგორ უნდა ამოიღოს ეს დავალიანება, თუნდაც უახლოესი 50 წლის განმავლობაში, ჩემთვის აბსოლუტუად გაუგებარია.
ამდენად, ქონების გაყიდვის უფლება იძულებით მმართველს არ აქვს?
- როგორც მე ვნახე, მას მხოლოდ ქონებიდან ნაყოფის მიღების უფლება აქვს, ანუ ასე ვთქვათ, ხე რომ ნაყოფს მოისხამ, ის შეუძლია წაიღოს, თავად ხე კი - არა.
როდესაც პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ „ქართუ ბანკზე“ შეტევა დაიწყო, მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მასთან დაახლოებულ პირებს, ვისაც ამ ბანკისგან კრედიტები ჰქონდა აღებული, მოუწოდებდა, ეს კრედიტები არ დაებრუნებინათ. როგორ ფიქრობთ, ახლა პირიქით ხომ არ მოხდება, რათა „ქართუ ბანკში“ რაც შეიძლება მეტი თანხის აკუმულირება მოხდეს და ახლა ამ გზით წაიღოს ხელისუფლებამ თქვენი ქონება?
- ამ თანხების ამოღება ასე ადვილად შესაძლებელი რომ იყოს, ბანკიც ამოიღებდა. სესხთან დაკავშირებით საკრედიტო ხელშეკრულებაა გაფორმებული და ორგანიზაციებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ. წინსწრებით ვერავის დააფარინებ დავალიანებას. ათწლიანი სესხი რომ გქონდეთ აღებული, შეძლებთ რომ იგი დღესვე დაფაროთ? ხოლო თუ ხელისუფლებას შეუძლია, რომ ამ ადამიანებს სესხები დააფარინონ, კი ბატონო, გააკეთონ ასე, მაგრამ სესხის დაფარვა პირდაპირ მოგება არ არის.
აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. არ გამოვრიცხავ, რომ არც იქ იყოს რაღაც დაკონკრეტებული და მხოლოდ ის ჩაიწეროს, რომ იძულებით მმართველს ქონების განკარგვა ევალება. მაგრამ ვანგა არ ვარ, რომ ყველაზე არაპროგნოზირებადი სახელმწიფო სტრუქტურის, სასამართლოს გადაწყვეტილების პროგნოზირება მოვახდინო.
და ბოლოს, ბატონო ნოდარ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, თქვენ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისგან 6 მილიონი ლარი გაქვთ მიღებული, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- 6 მილიონი კი არა, 6 კაპიკიც კი არ მიმიღია. ჩემს პირად ანგარიშზე ალბათ, ახლა 2400 ლარი დევს და საუბარი მილიონებზე არასდროს არ ყოფილა. რაღაცეებს ურევს ქალბატონი მოგელაძე და გაერკვევა, ალბათ, ნელა-ნელა.