კულუარული ინფორმაციით, NDI- ს ორი თანამშრომელი შესაძლოა, მომავალ პარლამენტში ვიხილოთ

კულუარული ინფორმაციით, NDI- ს ორი თანამშრომელი შესაძლოა, მომავალ პარლამენტში ვიხილოთ

NDI-მ ,,ხალხის პარტიის” ლიდერის კობა დავითაშვილის მიერ 2010 წლის თებერვალში გაკეთებული განცხადება რესპონდენტებს „ქართული ოცნების“ შეთავაზებად წარუდგინა და თანაც, ეს ვინაობის დასახელების გარეშე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებად დაასახელა.

საუბარია იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ეს „ერთ-ერთი ლიდერი“ ხალხს ნატოზე უარის თქმას სთავაზობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 10 ივლისს გამოაქვეყნა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“. კვლევის საველე სამუშაოები, როგორც თავად ამბობენ, ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 4-22 ივნისს, 6 300 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA)   და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი  (CRRC).

კვლევა საკმაოდ მოცულობითია და ძალიან ბევრი პუნქტი მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით საინტერესო კი ის კითხვაა, სადაც მოსახლეობას სთხოვენ, რომ დააფიქსირონ თავისი პოზიცია, ჩამოთვლილ საკითხებს ეთანხმებიან თუ არა.

დასახელებულია საქართველოს ხელისუფლების ხუთი ინიციატივა და მეექვსე, რომელიც აგებულია NDI- ის შეფასებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის“ მიერ გაკეთებული შეთავაზება.

კითხვა ასე ჟღერს: მისაღებია თუ არა შემდეგი

1. საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი; 

2. საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი;

3. პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ იმ პირობით, თუ რუსეთი გაიწვევს საელჩოებს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან;

4. საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიჟო რეჟიმის გაუქმება;

5. საქართველოს მთავრობის თხოვნა, რომ ამერიკამ გაზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა;

6. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შემოთავაზება, რომ საქართველომ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ.

იმასთან დაკავშირებით, თუ კერძოდ „ქართული ოცნების“ რომელ ლიდერს ეკუთვნის აღნიშნული შეთავაზება, NDI-ის ოფისში განაცხადეს, რომ კითხვაში ლიდერის ვინაობის დაკონკრეტება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს. მოგვიანებით, NDI-მ აღნიშნული შეკითხვის წარმოშობის საფუძვლად ჟურნალისტებს ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ 01. 02. 2010 წელს გამოქვეყნებული მასალა წარუდგინა, სადაც „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ „ვინც საქართველოს გამთლიანებას არ დათანხმდება, ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მიიღებს“.

კერძოდ, ამ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „როგორც სასტუმრო „ბეტსში“ ჟურნალისტებთან საუბრისას დავითაშვილმა განაცხადა, თუ საქართველოს გამთლიანების გზა ნატო-ზე არ გადის, ქვეყანა ალიანსში არ უნდა გაწევრიანდეს.

„მე ნატო-ზე ჯვარი არ დამიწერია და შესაბამისად, არავის მიმართ არანაირი ვალდებულება აღებული არ მაქვს. მე საქართველოს გამთლიანების მომხრე ვარ და თუ ნატო დაგვეხმარება ამაში, მაშინ ალიანსში უნდა გავწევრიანდეთ, ხოლო თუ საქართველოს გაერთიანების გზა ნატო-ზე არ გადის, ალიანსში არ უნდა შევიდეთ. თუ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ფასი ნატო-ში არშესვლაა, მე მზად ვარ, ეს ფასი გადავიხადო, თუმცა ჩვენი მოთხოვნა ერთადერთი და პრინციპულია, - ეს საქართველოს გამთლიანებაა“, - განაცხადა დავითაშვილმა“.

ეს არის ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც NDI-მა დაასკვნა, რომ ეს არის საფუძველი, რომ კითხვარში კითხვა ამ ფორმით შესულიყო, თანაც, ავტორის მითითების გარეშე. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს კონკრეტული ლიდერები და, როდესაც კეთდება ზოგადი განცხადება, რომ ლიდერის შეთავაზებაა, ბუნებრივად ხდება ამ ლიდერებზე ასოცირება. გამოდის, რომ ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანომ, როგორიც არის NDI, ამ  ლიდერების ნათქვამად გაასაღა ის, რაც არც „ქართული ოცნების“ ლიდერებს უთქვამთ და ამასთან ორი წლის წინანდელ განცხადებას ეყრდნობიან.

რაც შეეხება გამოკითხვის შედეგებს, საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული კითხვა რესპოდენტთა 101 პროცენტს დაუსვეს. კერძოდ, NDI-ის მონაცემებით, ე.წ. „ქართული ოცნების“ შეთავაზება მისაღებია გამოკითხულთა 30 პროცენტისთვის, მიუღებელია 28 პროცენტისთვის და პასუხზე უარს აცხადებს 3 პროცენტი.

ფაქტია, რომ ეს გამოკითხვა საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს და, როდესაც ოპოზიციაში ან საზოგადოებაში ამ კვლევებს აღარ ენდობიან, ამ ორგანიზაციას პრეტენზიები აღარ უნდა ჰქონდეს. მითუმეტეს, რომ კითხვარში აშკარად იგრძნობა, რომ კითხვები ხელისუფლების მიმართ არის მიკერძოებული, რადგან შერჩეულია ხელისუფლების ისეთი ინიციატივები, რაც ზოგადად მისაღებია საზოგადოებისთვის. სამაგიეროდ, ამ ჩამონათვალში არ არის ისეთი ინიციატივები, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. 

აქვს თუ არა ხელისუფლებას გავლენა უცხოურ ინსტიტუტზე რთული სათქმელია, თუმცა სახელისუფლებო კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში NDI-ის ორი თანამშრომელი იქნება. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მაშინ, რთული გამოსცნობი არ უნდა NDI კვლევები რატომ იწვვს მუდმივად ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებიის და პოლიტიკური ჯგუფების უკმაყოფილებას.