იძულებითი ინტერნეტ-აუქციონი არ შედგა

იძულებითი ინტერნეტ-აუქციონი არ შედგა

იძულებით ინტერნეტ-აუქციონზე „ქართუ ჯგუფის“ აქციები არ გაყიდულა. ვაჭრობა ზუსტად 18.00 საათზე შეწყდა. „პროგრეს ბანკის“ აქციებსაც მყიდველი არ გამოსჩენია. როგორც ჩანს, პოტენციურ მყიდველებზე იმოქმედა „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი მესაკუთრეების პოზიციამ, რომ „თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეისმენს უცხოელი აქციონერების განცხადებას და იძულებითი აუქციონის გზით გაასხვისებს „ქართუ ჯგუფის“ აქციებს, უცხოელ ინვესტორთა მიერ ეს შეფასდება, როგორც მათი ქონების ექსპროპრიაცია და უცხოური კომპანიები დაიწყებენ დავას საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

იმთავითვე ცხადი იყო, რომ უცხოელი ინვესტორები საკუთარი ქონების უსამართლოდ გასხვისებას არ დაუშვებდნენ და „ქართუ ჯგუფის“ აუქციონზე გაღებული თანხა მომავალი მესაკუთრისთვის წყალში გადაყრილი იქნებოდა. მართალია, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ედავებოდა, თითქოს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა უკან იგი იდგა, მაგრამ „ქართუ ჯგუფის“ უცხოელმა ინვესტორებმა დოკუმენტების მოშველიებით დაასაბუთეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ არცერთი აქცია, იგი არ არის ბენეფიციარი მესაკუთრე, ასევე, არ ფლობს წილს „ქართუ ჯგუფის“ უცხოურ კომპანიაში.

წარუმატებელი აუქციონის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას დღეს გააკეთებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება განმეორებითი აუქციონი, ან რა გზას მიმართავს აღსრულების ეროვნული ბიურო. 

იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე „ქართუ ჯგუფის“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების მყიდველი არ გამოვლინდება, შესაძლოა, 15 დღის ვადაში განმეორებითი აუქციონი დაინიშნოს ან გამოიცეს განკარგულება, რომლითაც ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 0 ლარით განისაზღვრება. ცნობისთვის, სს „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და სს „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7% აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა. აღნიშნული აქციები აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა.
აქციების 100%-ი სს „ქართუ ჯგუფში“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში“ - 3 566 498 ლარად შეაფასა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად სს „ქართუ ჯგუფში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში“ კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი.

ჩაშლილ აუქციონთან დაკავშირებით For.ge „ქართუ ჯგუფის“ ადვოკატ ალა კახნიაურს ესაუბრა.

თქვენი აზრით, „ქართუ ჯგუფისაქციები რატომ არ გაიყიდა?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ნორმალური, ჭკვიანი ადამიანი სხვის ქონებას არ იყიდის, რადგან აუქციონზე გატანილი უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონება, ამ დროს კი გაიტანეს სხვისი ქონება. შესაბამისად, თუ ვინმე მონაწილეობას მიიღებდა ამ ორ აუქციონში და იყიდდა ამ ქონებას, ბუნებრივია, დღეს თუ არა ხვალ, მაინც სადაო გახდებოდა. შესაბამისად, ვინმე დაკარგავდა დიდ თანხას. აქედან გამომდინარე, აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. იმის გამო, რომ აღნიშნული ქონება არ გაიყიდა, სახელმწიფოს შეუძლია, 15 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება და თავის საკუთრებაში აღრიცხოს აღნიშნული აქციები.

მანამდე ხელმეორე აუქციონი არ უნდა გაიმართოს?

- ხელმეორე აუქციონის გამართვა სავალდებულო არ არის. თუ სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო, მერე ინიშნება განმეორებითი აუქციონი, ე.წ. ნულოვანი აუქციონი, ანუ ნულიდან იწყება თანხა. თუ ამ შემთხვევაშიც არ გაიყიდა აღნიშნული ქონება, მაშინ ეს ქონება მოვალეს დაუბრუნდება, მაგრამ ვის უბრუნდება მე არ ვიცი. წესით, მოვალის ქონება უნდა გაეტანათ, ეს კი სხვისი ქონებაა.

ანუ, იურიდიული ლაფსუსი და კაზუისტიკა ისაა, რომ არც იციან, ქონება ვის დაუბრუნდება - ბიძინა ივანიშვილს თუქართუ ჯგუფისუცხოელ ინვესტორებს?

- წესით, ვინც არის „ქართუ ჯგუფის“ მესაკუთრე-აქციონერი, მათ უნდა დაუბრუნდეს.

ანუ, უცხოელ ინვესტორებს?

- დიახ, გარდა ამისა, ერთი მომენტიცაა აღსანიშნავი, სახელმწიფო ამ ქონებას თავის საკუთრებაში ვერ აღრიცხავს იმის გამო, რომ „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებას ასევე შეადგენს „ბანკ ქართუს“ აქციების 100 %. კომერციული ბანკის დამფუძნებელი კი არ შეიძლება გახდეს სახელმწიფო, რადგან აუცილებელია, დამფუძნებელი იყოს კერძო პირი. შესაბამისად, სახელმწიფომ ვერ უნდა შეძლოს აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღება, თუმცა ჩვენთან კანონს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

შემდგომ სავარაუდო აუქციონს რა ბედი ელის? მყიდველი გამოუჩნდება?

- ფასი ნოლიდან დაიწყება. მყიდველი, შესაძლოა, გამოჩნდეს კიდეც, მაგრამ, წესით და კანონით, არ უნდა გამოჩნდეს მყიდველი, რადგან, როცა აუქციონზე იყიდება სხვისი ქონება  და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია, ნაკლები ვარაუდია, რომ ვინმემ მოინდომოს აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღება. როცა იცით, რომ მეზობლის ვალის სანაცვლოდ აუქციონზე გატანილია მისი ბიძაშვილის ქონება, ბუნებრივია, ამას არ იყიდით. 

რაც ქართუ ჯგუფისაქციებთან დაკავშირებით მოხდა, მსგავსი შემთხვევის შესახებ  თუ გსმენიათ თქვენს იურიდიულ პრაქტიკაში?

- სხვა პირის ქონების დაყადაღება ხდება-ხოლმე. ძირითადად ეს მაინც მოძრავ ქონებას ეხება. ეს მაშინ ხდება, როცა რეგისტრაციით არ დგინდება ამ ქონების კუთვნილება - ვთქვათ, ავეჯი და სხვა. თუმცა, ამ შემთხვევაში, თუ მესამე პირი მიმართავს სასამართლოს ან სააღსრულებო ბიუროს და წარადგენს უტყუარ მტკიცებულებას ამ ქონების კუთვნილების შესახებ, მაშინ, ბუნებრივია, აღმასრულებელი ვალდებულია, კრედიტორთან შეთანხმებით ამორიცხოს ეს ქონება დაყადაღებული ქონების სიიდან, სასამართლო კი ვალდებულია, გაათავისუფლოს აღნიშნული ქონება ყადაღისგან.

„ქართუ ჯგუფთან“ მიმართებით კი, ელემენტარულად, ეს არის ადამიანის გამწარების სურვილი და მეტი არაფერი.

ხელისუფლებას ხომ ჰყავს თავისი .. ბიზნესმენები, რატომ არ აიძულეს ისინი, ან ვერ აიძულეს, რომ შეესყიდათ ეს ქონება? თუ რეალურად, თავად ხელისუფლებასაც არ აწყობდა  ქართუ ჯგუფისაქციების გაყიდვა?

- მე მგონი, ამხელა თანხის გადახდას ვერავინ გარისკავს და ვერც დაავალებენ, რომ გინდა თუ არა, 75 მილიონი ლარი ჰაერში გადაყარე. შესაბამისად, არ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, თუ სახელმწიფომ თავის საკუთრებაში არ აღრიცხა ეს ქონება, (პრინციპში არც უნდა აღრიცხოს, რადგან კანონი კრძალავს ამას), შემდგომ, შესაძლოა, რომელიმე თავის ბიზნესმენს აყიდინოს ეს ქონება. თუ სახელმწიფომ თავის საკუთრებაში აღრიცხა ქონება, ამ კომპანიების მმართველობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

მაგრამ ამას გაასაჩივრებენქართუ ჯგუფისუცხოელი ინვესტორები, რომლებიც ისედაც აპირებენ, სასამართლოს მიმართონ.

- დიახ.

თავად ბიძინა ივანიშვილს ამ აქციების აუქციონზე ყიდვის სურვილი არ გამოუთქვამს?

- ბატონმა ბიძინამ თავიდანვე გამოაცხადა, რომ არ აპირებს ამ თანხის გადახდას, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული ჯარიმა უკანონოდ დაეკისრა. მარტო მას კი არა, საზოგადოების მოაზოვნე ნაწილსაც ასე მიაჩნია. როგორ შეიძლება, პირი დაეთანხმოს მის მიმართ ამხელა თანხის დაკისრებას და გადაიხადოს აღნიშნული თანხა?! მე ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან დაიწყეს იმით, რომ  ბიძინა ივანიშვილი ჯერ დააჯარიმეს პატარა თანხით, შემდეგ ეს თანხები გაიზარდა. თუ ბატონი ბიძინა გადაიხდიდა ამ თანხას, შესაბამისად, შემდეგი ჯარიმა, ალბათ, 300 მილიონი იქნებოდა და არაა გამორიცხული, მილიარდიც ყოფილიყო. ეს კი, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელებულიყო.

თუქართუ ჯგუფისდღევანდელი აქციონრები გაასაჩივრებენ და მომდევნო ხელისუფლების  დროს უკანონოდ გასხვისებული ქონების დაბრუნებას მოითხოვენ, პროცედურულად რა მოხდება? სხვა მესაკუთრის ხელში არსებულ ქართუ ჯგუფისაქციებს ან დანაკლის წლებს ვინ აანაზღაურებს? სახელმწიფო თუ შემდგომი მესაკუთრე?

- ბუნებრივია, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რადგან შეგნებულად ჰყიდიან სხვა პირის ქონებას. შემდეგ პასუხისგებაში მიეცემა შესაბამისი პირები. უკანონო ქმედების გამო „ქართუ ჯგუფის“ ინვესტორები ამ ქონების დაბრუნებას შეძლებენ. ბრალეული პირები კი დადგინდება, თუ ვისი ბრძანებით მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება და პირადად მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.