ნაციონალი „ოცნებისტები“

ნაციონალი „ოცნებისტები“

ბოლო დღეების განმავლობაში „ქართული ოცნება“ აქტიურად ატარებს „კარდაკარის“ პროგრამას და, როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, საველე სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია.

სხვა საკითხია, ამის შედეგი რა იქნება და რა მონაცემები დაიდება, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ამ აქციას ხელისუფლება ისევ სათავისოდ იყენებს.

For.ge-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის აღწერა დაიწყო, ნაციონალების აქტივისტები „ქართული ოცნების“ მაისურებით დადიან ოჯახ-ოჯახ და ადამიანებს ეუბნებიან, რომ ისინი „ქართული ოცნებიდან“ არიან და საარჩევნო სიებისთვის მოსახლეობის აღწერას ახორციელებენ.

როგორც წესი და რიგია, მონაცემებს ინიშნავენ, მერე ოჯახში ნდობის გასამყარებლად ხელისუფლებაზე რაღაცას წაიწუწუნებენ და შემდეგ უკვე იმის გამოკითხვას იწყებენ, ამ ოჯახში უჭერენ თუ არა მხარს ივანიშვილს. 

ეს ინფორმაცია კი სად მიდის და მერე ამას ხელისუფლება როგორ გამოიყენებს, კაცმა არ იცის, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ამას კარგი არაფერი მოყვება. სხვა თუ არაფერი, „ქართული ოცნების“ პოტენციურ ამომრჩევლებს, ან საარჩევნო სიაში არ შეიყვანენ, ან მოულოდნელად ჯიბეში ნარკოტიკი აღმოაჩნდებათ, ან მანქანაში იარაღი ან-და სულაც სადღაც „დამალული“ გადასახადი.  

For.ge დაინტერესდა, თუ „ნაცმოძრაობა“ ამაზე რა განმარტებას გააკეთებდა, მაგრამ პარტიაში ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ პირველად ესმით.

პირადად შევესწარი ფაქტს, როდესაც „ნაციონალების“ ჩემთვის კარგად ნაცნობი აქტივისტი „ქართული ოცნების” მაისურით შემოვიდა სახლში და ამაყად განაცხადა, რომ „კარდაკარს“ ატარებდა. ვკითხე - „ნაციონალებიდან“ რატომ წამოხვედი-თქო, რამაც ძალიან აღაშფოთა და ბრაზიანად მომიგო - რა მინდოდა „ნაციონალებთანო“. არადა, როგორც წესი, თბილისში ერთ უბანში ყველამ იცის, მისი უბნელი რომელი პარტიის აქტივისტია და ა.შ.

მისი ასეთი უარი კი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ დავინტერესდი, „ქართული ოცნების“ მაისურებით შემოსილ „ნაციონალებს“ სხვა უბნებშიც თუ ნახულობენ და აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ ყველგან ხდება. განსაკუთრებით კი საბურთალოზე და დიდუბეში.

ამის მიზანი კი ძალიან ცალსახაა, ხელისუფლება ძალიან მარტივად აგვარებს იმ პრობლემას, რომ რეალურად გაიგოს, მოსახლეობაში რა განწყობაა და შემდეგ ადექვატურად იმოქმედოს.

For.ge იმაზეც წერდა, რომ მოსახლეობის აზრის გასაგებად შსს-ს თანამშრომლებს ტაქსისტებად ამუშავებენ. 

მართალია, ეს ყველაფერი საკმაოდ სასაცილოდაც ჟღერს და დაუჯერებლადაც, მაგრამ, ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებისთვის ისეთ მეთოდებსაც მიმართავს, რაც აქამდე არასოდეს გამოუყენებია და ეს მოსალოდნელიც იყო. მთავარი კი ის არის, რომ ხელისუფლებას ტოტალური სატელეფონო მოსმენები აღარ აკმაყოფილებს და ახლა სხვა მეთოდებზე არის გადასული.