„ვამბობ პარტიას, ვგულისხმობ ლენინს“!

„ვამბობ პარტიას, ვგულისხმობ ლენინს“!

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის ბრძოლა სულ უფრო მძაფრ ხასიათს იღებს. სახელისუფლებო გუნდი შეიარაღებული ადმინისტრაციული ბერკეტებით, ცდილობს, კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე გაისტუმროს პოლიტიკური ასპარეზიდან აყადაღებს, აჯარიმებს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ოპოზიციის დევნა. კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს ჯერ-ჯერობით გმირულად უძლებს და მას ძველებურად ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს. რა განწყობებია საზოგადოებაში და როგორ მოახერხა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა უმოკლეს დროში საზოგადოების დიდი ნაწილის შემოკრება, ან როგორ შეიცვალა ბოლო წლებში საზოგადოების ღირებულებები, ამ თემებზე ფსიქოლოგიის დოქტორი თეა გოგოტიშვილი გვესაუბრება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო დროს საკმაოდ სერიოზული სვლები გააკეთა -ძველი მთავრობა ახლით შეცვალა, რამდენად არის ეს მისი მოწინააღმდეგის დამსახურება, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ივანიშვილს საკმაოდ ძლიერ კონკურენტად მიიჩნევს და მისი ეს ქმედებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს?

-„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ აქციებზე გამოვლენილმა სამოქალაქო აქტივობამ, ოპოზიური კოალიციის მხარდამჭერთა რაოდენობრივმა მაჩვენებელმა, შეიძლება ითქვას, ითამაშა კატალიზატორის როლი მთავრობის შემადგენლობის ცვლილებებთან მიმართებაში. არ არის გამორიცხული მსგავსი ცვლილებები უფრო მოგვიანებით განსახორციელებლად ყოფილიყო დაგეგმილი, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულმა მასობრივმა გამოსვლებმა დააჩქარა პროცესები.

კოალიცია „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უარს აცხადებს ჯარიმების გადახდაზე. შეიძლება თუ არა, რომ ეს მივიჩნიოთ მათი პიარსტრატეგიის ნაწილად, რომლითაც სურთ საზოგადოებას დაანახონ ამ ხელისუფლების სახე და რამდენად ამართლებს ასეთი ტექნოლოგიები?

-ვფიქრობ, აქ პრინციპულობა უფრო მთავარია, ვიდრე პიარი, ვინაიდან უდანაშაულო ადამიანისათვის, საკუთარი სიმართლის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთ ვითარებაში, ჯარიმების გადახდა ავტომატურად გულისხმობს ბრალის აღიარებას, რაც ამომრჩევლის ფრუსტრაციას გამოიწვევს.

ძალიან მოკლე დროში ბიძინა ივანიშვილმა უამრავი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა შორიდან არ იგრძნობა, რომ საამისოდ ბევრი ძალა და ენერგია დახარჯა და პიარ ბერკეტები გამოიყენა. თქვენი, როგორც პროფესიონალის შეფასებით, ივანიშვილი მუშაობს საკუთარ პიარზე, თუ ეს თავისთავად მოვიდა რადგან საზოგადოება ახალი ლიდერის მისაღებად მზად იყო?

-მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი საკმაოდ მუშაობს თავის იმიჯზე და ზრუნავს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. დინამიკაში მივადევნოთ ამ პროცესს თვალი და შევადაროთ ძველი და ახლანდელი მიმართვები, რომელიც ასეთი მასობრივი თავყრილობების ფონზე ხდება.

ვფიქრობ, ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ბევრს მუშაობს და ეს ლინგვისტური ველის ცვლილებაშიც ვლინდება, უფრო დაიხვეწა ვერბალიკა. თავიდან მახსოვს, მისი საუბარი ისეთ ზოგადსაკაცობრიო თემებზე, როგორიცაა ბავშვების აღზრდა, ფსიქოლოგიის მნიშვნელობა მომავალი თაობის ფორმირებაში და ა.შ. უამრავი ადამიანი გაოცებული დარჩა იმით, თუ რა თემების განხილვას მიანიჭა უპირატესობა ბიძინა ივანიშვილმა, მის პირველ ვრცელ სატელევიზიო ინტერვიუში. ბევრს იმედგაცრუება დაეუფლა, ვინაიდან კომპეტენტური აზრის მოსმენას ელოდა, სულ სხვა საკითხებზე.

ბოლო გამოსვლებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას კარგად აქვს გააზრებული თავის ძლიერი მხარეები, პროგრამა, რომელსაც წარადგენს სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ მას ჰყავს სერიოზული კონსულტანტები, ბევრს მუშაობს ამ საკითხებზე და აქვს ძალიან სკურპულოზური გათვლები, რომელზე დაყრდნობითაც შეძლება წარმოაჩინოს პერსპექტივაში მისი ხედვა და გეგმა ამა თუ იმ მიმართულებით.

ბიძინა ივანიშვილი მთლიანად არ ამბობს რა შედის მის გემებში. ის ხალხთან ყოველი შეხვედრის დროს ნაბიჯ-ნაბიჯ გვეუბნება რის გაკეთებას აპირებს. ასეთი იყო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ანუ ეს მიგვანიშნებს, რომ მან ზუსტად იცის, როდის რა სვლა უნდა გააკეთოს, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მიდგომა, საზოგადოებაში რა ეფექტს იწვევს?

- ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ ის ყველა „კარტს ერთდროულად არ ხსნის“, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამეთანხმებით, გაცილებით უინტერესოს გახდიდა ხალხისადმი მის მიმართვებს, თუკი ერთდროულად მოახდენდა ყველა საკითხის ამომწურავად დეკლარირებას და შემდგომში მათ გამეორებას. გამეორება ყოველთვის ცოდნის დედა როდია, ხშირად ჩვენს ქვეყანაში ავიწდებათ, რომ არსებობს მოყირჭების ფენომენი და ერთი და იგივეს ბევრჯერ გამეორება უკუშედეგს განაპირობებს. ამიტომ პიარკამპანიაში ძალიან მნიშვნელოვანია მიზანმიმართული, ნაბიჯ-ნაბიჯ კარად გათვლილი საინტერესოდ გახმოვანებული გზავნილები, რომელიც თანდათან ხსნის მთლიანი კონცეფციის მრავალმხრივობას.

ცოტა ხნის წინ, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, საქართველოში დამკვიდრებული იყო აბსოლუტურად განსხვავებული ლიდერის სტერეოტიპი, ბოლოს უკვე კომიკური ხასიათიც კი მიიღო, როდესაც ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებდა და თან პოლიტიკური ოპონენტის ლანძღვა-გინების კორიანტელს დააყენებდა, ამას ქარიზმას ეძახდნენ და ამ მეთოდს მიმართავდა ყველა, სააკაშვილიდან დაწყებული, ოპოზიციის ლიდერებით დამთავრებული. ახლა ვნახეთ, რომ ხალხის მოთხოვნა სულაც არ ყოფილა ასე ვთქვათ, მყვირალა ლიდერი და არასოდეს ოპოზიციის მიტინგებზე არ გვინახავს ამდენი ხალხი, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?

- მე ვიტყოდი, რომ არა მარტო ბიძინა ივანიშვილი განსხვავდება თავისი სტილით და რიტორიკით. მისი გარემოცვიდან, პირველ რიგში გამოვყოფდი ირაკლი ალასანიას და მის გუნდს, რომელიც გამორჩეულია თავისი დახვეწილი კულტურითა და დიპლომატიით. რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობას ადრე სხვა გემოვნება ჰქონდა და ახლა აშკარად სხვა რამე ხიბლავს, ეს ძალიან სასიხარულოა და კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება ვითარდება და მისი გემოვნების დახვეწა ხდება. უკანასკნელი მოვლენები ნათლჰყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა ძალიან სწრაფად დგამს ნაბიჯებს პოლიტიკური კულტურის განვითარებისკენ.

ამასწინათ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი NDI-ს ახალი გამოკითხვის (რომელიც აგვისტოში დაიდება) რესპოდენტი და ბოლოს ბუნებრივია, ინტერვიუერს ვკითხე, როგორი იყო ველი ახლა. მითხრა რომ მას კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება არ ჰქონდა, თუმცა მაინც გამიმხილა, რომ ველი იყო აბსოლუტურად შეცვლილი და ბევრად გაჯანსაღებული, ვიდრე სხვა გამოკითხვებისას. იმედია, ეს აისახება კიდეც NDI-ს შემდეგ კვლევაზე, მაგრამ ხალხის განწყობასაც რომ გადავხედოთ, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ასე უცებ?

- განწყობის ფსიქოლოგიაში ძალიან კარგად არის ახსნილი განწყობის ცვლილების ხელშემწყობი ფაქტორები. განწყობის ცვლილებისათვის არ არის აუცილებელი დროში გახანგრძლივებული, მრავალჯერადი გამეორება. მძაფრი შთაბეჭდილების მომხდენი სიტუაციები, ასევე ცვლის განწყობას. ძლიერი შთაბეჭდილების განცდის შედეგად ხდება ახალი, განსხვავებული განწყობის შექმნა. ამ შემთხვევაში, საზოგადოებაზე დიდი და მრავალმხრივი შთაბეჭდილების მომხდენი იყო 27 მაისის აქცია.

მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მაღალ დონეზე ორგანიზებულობა, რასაც ადრე ნაკლებად ვხვდებოდით. ამჯერად, სტიქიუირობის და ქაოტური მოძრაობის ელემენტებსაც კი ვერ დავინახავდით.

მე ამ დროს უცხოეთში ვიმყოფებოდი და ამ პროცესს ინტერნეტით ვაკვირდებოდი. გაცილებით ადვილად შემეძლო გარედან დამენახა ეს ცვლილება, რომელიც აშკარა იყო. ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა არა მხოლოდ აქციის გამართვას ეხებოდა, არამედ სანიტარული ნორმების დაცვასაც, რაც განსაცვიფრებელია, რადგან სამწუხაროდ, ყოფით კულტურაში გამორჩეულები არ ვართ და ამ მხრივ, ევროპისაგან ბევრი გვაქვს სასწავლი.

სულ რამდენიმე თვეში ბიძინა ივანიშვილმა უამრავი ადამიანის ნდობა მოიპოვა, ეს რითი შეიძლება ავხსნათ?

- ნდობა უნდობლობის საკითხში ძალიან დიდ როლს ასრულებს მისი ბიოგრაფია, მისი ცხოვრება. რას აკეთებდა, რა რეპუტაციით სარგებლობდა პოლიტიკაში მოსვლამდე.

მას ყველა იცნობდა, როგორც გამორჩეულ ქველმოქმედს, მეცენატს და რომ არა წინასაარჩევნო გარემო, დარწმუნებული ვარ, ის ასეც გააგრძელებდა. სამწუხაროა, რომ ხშირად ადამიანებს ხანმოკლე მეხსიერების მქონედ განიხილავენ და ფიქრობენ, რომ ვინმეს რაიმე დაავიწყდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეული პიარტექნოლოგიებით გადაფარო მიღებული შთაბეჭდილებები და განწყობა შეუცვალო ადამიანებს, მაგრამ ეს ასე მარტივად ვერ მოხდება ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან დაკავშირებით.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის მოვიდა შეჭირვებული სოციალური ფენიდან და თვითონ შექმნა თავის კაპიტალი, იცის, თუ როგორ უნდა მოხდეს პროგრესი ეკონომიკაში – ეს ადვილად დასაჯერებელი ხდება. თუკი მან ნულიდან შეძლო ძალიან სერიოზული ფინანსური იმპერიის აშენება, თუკი თავის ცხოვრებაში შეძლო ამის გაკეთება, სამმილიონნახევრიანი მოსახლეობის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაც რეალური პერსპექტივა უნდა იყოს.

ბიოგრაფიულ მონაცემებს ემატება ასევე, მისი აშკარა გულწრფელობა, უშუალობა, კეთილგანწყობა. არსებობს არაცნობიერი საინფორმაციო ველი, რომელიც გვიქმნის შთაბეჭდილებებს. ჩვენზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ის, თუ რას ამბობს ადამიანი, არამედ, როგორ ამბობს. მისი ინსტონაცია და სხეულის ენა გაცილებით უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე სიტყვები.

ეს ნდობა თავისთავად ნიშნავს თუ არა იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელსაც ხალხი აკისრებს ამ პოლიტიკურ გუნდს, მის ლიდერს, იგრძნობა თუ არა, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ ეს ყველაფერი და მზად არიან ამ პასუხისმგებლობის ასაღებად, ამას გეკითხებით იმიტომ, რომ არც თუ შორეულ წარსულში გვინახავს ოპოზიცია, რომელიც ამისათვის მზად არ აღმოჩნდა ამ ყველაფრისთვის და ამიტომაც ბრძოლა წააგო...

- როდესაც ასეთი რაოდენობის ადამიანები გიცხადებენ მხარდაჭერას, უპასუხისმგებლობა, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულობაა. კოალიციის მინიმუმ ორ ლიდერს თავის გუნდებითურთ, ნამდვილად ვერ დავაბრალებთ არასერიოზულობას, არამედ პირიქით. ირაკლი ალასანიას და დავით უსუფაშვილს ვგულისხმობ.

რაც შეეხება თვით ბიძინა ივანიშვილს, უპასუხისმგებლო ადამიანი ვერ აღწევს წარმატებას, ძალიან მარტივ, ყოფით სფეროში არათუ იმ დიდი ბიზნესის სფეროში, რომლის წარმომადგენელიც ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ადამიანია.

როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ვესაუბრები, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ რეგიონებში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებათ უმძიმესი სოციალური გარემო. როდესაც ხალხს ლუკმაპური უჭირს, პოლიტიკისთვის არ სცალია, თუმცა ასეთი ერთსულოვნება, რასაც ახლა ვხედავთ, დიდი ხანია არ გვინახავს, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?

- ეს ადამიანები, ვგულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებს, გათითოკაცებული, ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთად ახერხებდნენ საზოგადოების ნდობის მოპოვებას გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ახლა არ მგონია, ამაზე აქცენტირება მნიშვნელოვანი იყოს. ყველაზე არსებითი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულიად ახალი პოლიტიკური ფიურაა, „სუფთა დაფაა“ , პოლიტიკური წარსულის გარეშე.

თუ სხვა შემთხვევებში გარკვეულ ხარვეზებს როგორც კრიტიკის მიზეზებს ახმოვანებდნენ სხვადასხვა ლიდერების მიმართ, ამ შემთხვევაში ამ ადამიანის წარსული, რადგან პოლიტიკასთან საერთოდ არ ჰქონია კავშირი, მისი პირადი ცხოვრება და მისი ბიზნესი კი თავის საქმიანობიდან გამომდინარე, (ისევ ქველმოქმედებას ვგულისხობ) ნამდვლად, უარყოფით კონტექსტში ვერ იქნება განხილული, ეს იქნება ნდობის მოპოვების და მის ირგვლივ გაერთიანების წინაპირობა.

არანაკლები სიძლიერისაა მისი მოწინააღმდეგე. თავის დროზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სააკაშვილსაც. მათი რესურსების შედარება თუ შეიძლება?

- როდესაც ვარდების რევოლუცია მზადდებოდა, ჩვენ დავინახეთ ახალგაზრდა, ენეგიული, შემართებით აღსავსე, ქარიზმის მქონე ლიდერი, რომელიც ცვლილებების, წინსვლის დაუოკებელი სურვილით იყო აღტკინებული და ხალხი მას მიენდო. დღეს, ჩვენს წინაშეა, სერიოზული ბიზნესმენი, ქველმოქმედი, მეცენატი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყნის სიყვარული და ხალხზე ზრუნვა მისი მოწოდებაა და ეს ხალხს მძიმე სოციალურ–ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის იმედს უქმნის. მსოფლიოს გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ორი ვადის შემდეგ ხდება ხელისუფლების აბსოლუტურად მშვიდად გადაბარება, რადგან განვითარება, პროგრესი, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს გულისხმობს ცვლილებებს.

ვინაიდან, ყველაზე სარისკო და უკონტოლო განუკითხაობის წინაპირობას, ნებისმიერი უმრავლესობის სრული ჰეგემონია ქმნის, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელმა სახელისუფლებო ძალებმა შეკვეცილი მასშტაბით გააგრძელონ მოღვაწეობა სოლიდურ ოპოზიციურ წარმომადგენლობასთან მხარდამხარ. ჯანსაღი კონკურენცია და ოპონირება პროგრესის საფუძველია.

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაურად იქცევა, საარჩევნო კამპანიას გახსნილად არ აცხადებს, თუმცა ყოველდღიურად მიმდინარეობს სააკაშვილის აქტიური პიარი, რომელიც ყველა წესითა და კანონით არის მიმავალი ლიდერი. პიარტექნოლოგიების თვალსაზრისით ეს რას ნიშნავს და რა შედეგის მომტანი იქნება „ნაცმოძრაობისთვის“?

- ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობა პერსონიფიცირებულია პრეზიდენტთან, ძალიან ნათელი, დაუფარავი და აშკარა ფაქტია. ამ შემთხვევაში, პიარკამპანია ამ განუყოფელი, მონოლითური მთლიანობის განმტკიცებას ისახავს მიზანად და ორგანული გაგრძელებაა სოციალისტურ პერიოდში პოპულარული ლიზუნგისა: „ვამბობ პარტიას, ვგულისხმობ ლენინს!“.

ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ძალიან ბეჯითად მუშაობს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის, თუმცა ვნახეთ, როგორია საზოგადოებაში ცვლილებების წყურვილი, როგორ ფიქრობთ, მოვლენები რა სცენარით შეიძლება განვითარდეს?

- აშკარა არის, რომ ცვლილებები თვითონ მოსახლეობის განწყობებშია დაწყებული. 27 მაისიდან დაწყებული მასობრივი აქტიურობა ამის დასტურს წარმოადგენს. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას გვაჩვენებს ძალიან ცხელი მომავალი სამი თვე. მთავარი ბრძოლა წინ არის, არასერიოზულად მიმაჩნია სცენარების პროგნოზირება, მაგრამ საინტერესო ცვლილებები რომ დაწყებულია – ეს ფაქტია.