"გლეხმა ოჯახის ღირსეულად რჩენა უნდა შეძლოს"

"გურია ნიუსმა" ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ, შეკვეთილის რეზიდენციაში ჩაწერა. გარდა იმისა, რომ ჩვენ პირველი მედია საშუალება ვიყავით, რომელსაც ივანიშვილმა შეკვეთილში უმასპინძლა, ასევე პირველები ვართ, არა მხოლოდ ქართული მედია საშუალებებიდან, რომელსაც პოლიტიკაში მოსულმა ბიზნესმენმა მისი რეზიდენციის და ეზოს გადაღებულის უფლება მისცა.

ბიძინა ივანიშვილმა ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში, რომლის ნაწილი უკვე გამოქვეყნდა. დღეს კი გაიგებთ, როგორ ესახება ივანიშვილს სოფლის მეურნეობის განვითარება და რომელ დარგებზე ამახვილებს ყურადღებას.

- ბატონო ბიძინა, ქუთაისში განაცხადეთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, დაფუძნდება ფონდი, რომელსაც პირველ ეტაპზე ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა. თქვენთან წინა შეხვედრისას, ჩვენ სოფლის მეურნეობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ უფრო დააკონკრეტებთ, რას აპირებთ თქვენ და თქვენი გუნდი სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად და თქვენს გეგმებში თუ შედის ჩაის მრეწველობის განვითარება, რომელიც დღეს შიდა ბაზარსაც ვერ აკმაყოფილებს...


- ჩაის მრეწველობას რაც შეეხება, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტეთ და ვერ გადავჭერით, როგორი დონით და როგორი პრინციპებით უნდა განვითარდეს იგი - ასე ღრმად ვერ ჩავედით. გვქონდა ჩაის და ციტრუსის თემის განხილვა. ჩაის კრეფა ძალიან მძიმე სამუშაოა. ამბობდნენ, თავის დროზე ბერია იყო წინააღმდეგი, რომ გურულ და მეგრელ მანდილოსნებს ჩაი მოეკრიფათ - ლამაზი ქალბატონები ჰყავს მეგრელებს და გურულებს, ჩაის მძიმე შრომა სჭირდება და დაამახინჯებსო. ხუმრობა გვერდზე გადავდოთ და გეტყვით, რომ როგორც ციტრუსს, ასევე, ჩაისაც სერიოზული მიხედვა, შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ ეს დარგი აუცილებლად უნდა განვავითაროთ და რაც უკვე განადგურდა, ახლით უნდა ჩავანაცვლოთ. ეს საკითხი ღრმა განხილვას მოითხოვს. პირველ ეტაპზე, უნდა მოვახერხოთ და გვყავდეს ტექნიკა, უნდა გვქონდეს სასუქი, კარგი ნერგები და რაც ყველაზე აუცილებელია, არ უნდა იყოს საწვავის პრობლემა. ორი-სამი წელი მაინც, სანამ გლეხი ფეხზე დადგება, სანამ ბაზარზე ქართული ჩაი არ აჯობებს იმ მდარე პროდუქციას, რომელიც დღეს გვეძალება და მისი კონტროლი საერთოდ არ არსებობს. როგორც აღვნიშნე, ერთ მილიარდ დოლარზეა საუბარი, რომელიც პირველ ეტაპზე მგონი საკმარისი იქნება, თუმცა, შემდგომ კიდევ დაგვჭირდება, რადგან ამ რაოდენობის ფული არ იქნება საკმარისი სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. სოფლის მეურნეობას უნდა დავეხმაროთ მანამ, სანამ, არ გაძლიერდება ქართველი გლეხი და ქართველი ფერმერი. ყველა გლეხი ფერმას ვერ შექმნის. მიწების დაყოფა, მოგეხსენებათ, რთული პროცესია - ზოგს აქვს საკმარისი, ზოგს _ არა. საფერმერო ფართის რაოდენობა საშუალოდ ათი ჰექტარია და ბუნებრივია, ეს ყველას არ მოუწევს. ამიტომ, წვრილი გლეხური მეურნეობა და კოოპერატივები, ასევე გადამამუშავებელი მრეწველობა კომპლექსში ყველას დასაქმებას გამოიწვევს. ყველას ექნება საშუალება, რომ საკუთარი ოჯახი ღირსეულად არჩინოს. გაწერილი პროგრამა თითოეულ რეგიონზე, თითოეულ კუთხეზე კიდევ ვითარდება. ამიტომ ჩვენ ზედაპირულად ვაცხადებთ ჯერ, რაც უნდა გავაკეთოთ და დამოკიდებულება როგორია. ამასთან, მოხდება მოსახლეობასთან შეთანხმება და მათი რჩევები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

- გურულების უმრავლესობა, დღეს თურქეთში, მინიმალური ანაზღაურების ფასად კრეფს ჩაის, მაშინ როცა შესაძლებელია იგივე აქ, გურიაში გააკეთონ, სადაც ჩაის მრეწველობა კარგად იყო განვითარებული. ამაზე არ გიფიქრიათ?

- რა თქმა უნდა. საშინელებები ხდება. ეს ქვეყანა ჩვენთვის აღარაა. საკუთარ თავს რომ ვერ ირჩენ საკუთარ ქვეყანაში, ზუსტად ის სიტუაციაა და ამიტომაც გარბიან. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ქართველი ქალი და ყველაზე მეტად სამწუხაროა, რომ მას ლუკმაპურის საშოვნელად ქვეყნის გარეთ უწევს წასვლა. ეს კატასტროფაა და უნდა დამთავრდეს. ყველანაირი ღირსება დავკარგეთ


- თანაც ყველაზე არაპოპულარულ და ყველაზე დაბალ ანაზღაურებად სამუშაოზე გვიწვეს მუშაობა. ისეთზე, აქ რომ ვერ გააკეთებ იმის გამო, მეზობელი დამინახავს და სირცხვილიაო. მე ვიცი, როგორ მუშაობენ საზღვარგარეთ ქართველები და ამას რომ გაიფიქრებ და მით უმეტეს დაინახავ, გული მოგიკვდება. გპირდებით, ძალიან სწრაფად აღვადგენთ და ძალიან სწრაფად მოხდება წინსვლა, ძალიან სწრაფად შეივსება საქართველო, პირველ რიგში, ქართველებით, ჩვენი წასული მეგობრებით თუ ნათესავებით. რამდენიმე წელიწადში ყველა დაბრუნდება - ამის პირობას გაძლევთ. ევროპელებიც ჩამოვლენ - ჩვენ გაქვს უნიკალური ტერიტორია, პირობები და და ქართველები არიან ძალიან ნიჭიერი ხალხი. ამას დიდი ხანია ვამბობ - 20 წლის ვიყავი და მას შემდეგ ამას ვამტკიცებ და სულ პარალელს ვავლებდი ქართველებსა და ებრაელებს შორის. ებრაელებმა მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ნიჭიერები არიან, ქართველებს ამის მტკიცებულება გვაკლია და ნახავთ, რომ ჩვენ ამას ძალიან სწრაფად შევძლებთ. ჩვენ ისეთი ისტორია გვაქვს, ისეთი წინაპრები გვყავდა, რომ ამას აუცილებლად შევძლებთ.


- ბატონო ბიძინა, არსებული ინფორმაციით, ორი წლის წინ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის გურიაში, ხეხილის ნერგები გამოაგზავნეთ. როგორც გავიგეთ, ნერგები ფერმერებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, მათ არ მისვლიათ - საჯარო მოხელეებმა და მათმა ახლობლებმა სახლში წაიღეს... აკონტროლებდით თუ არა ასეთ ქველმოქმედებებს?


- ნერგების დარიგების პროცესი ნამდვილად იყო და გაგრძელდება მანამ, სანამ ვინმეს ექნება სურვილი. შარშან შემოვიტანეთ ძალიან დიდი რაოდენობის ნერგი. ეს მას შემდეგ დავიწყეთ, რაც სააკაშვილი ვერ დავითანხმე, რომ საჭირო იყო სოფლის მეურნეობის ასაღორძინებელი პროექტის გახორციელება. ორი-სამი წელი ველოდებოდი და შემდეგ ეს პროექტი წამოვიწყე "ქართუ ჯგუფის" დონეზე. ჩვენს სანერგეებში გამოვიყვანეთ თესლები, შემოვიტანეთ ნერგები და რაც მთავარია, საუკეთესო ჯიშები, რომლებიც საქართველოში იქნება უხვმოსავლიანი და გემრიელი. დარიგების რამდენიმე ეტაპი გვქონდა. ჩვენ ახლაც ვამრავლებთ ნერგებს და გაისად შეგვეძლება ყველას დავურიგოთ იმდენი, რამდენის საჭიროებაც იქნება. რაც შეეხება გამოგზავნილი ნერგების საჯარო მოხელეების მიერ სახლში წაღებას, ვერ მივაქციეთ მაგას ყურადღება და შეიძლება ეს მომხდარიყო. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება ჩინოვნიკები არ გაკიცხო - რაც მთავარია, ნერგები საქართველოში დარჩა და ქართველებმა მოიხმარეს. თუ მოვლა იციან, ძალიან კარგია. ჩვენ კიდევ, დავარიგებთ ნერგებს, ოღონდაც მიხედონ.