რა დაუმალეს ქართველებს „ნაციონალურმა“ ტელევიზიებმა

რა დაუმალეს ქართველებს „ნაციონალურმა“ ტელევიზიებმა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი აცხადებს, სახელისუფლებო მედიამ საზოგადოებას სტრასბურგში გამართული დებატების შესახებ სიმართლე დაუმალა.

ხიდაშელის მტკიცებით, ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შეტანას საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, ფრაქციების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ეს საკითხი დღის წესრიგში ეგვიპტესთან და სირიასთან ერთად შევიდა.

დებატები პარლამენტში საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრისა და ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ქეთრინ ეშტონის სახელით გაკეთებული მოხსენების გარშემო წარიმართა, რომელიც ევროპის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეას მავერინიუსმა წარმოადგინა და როდესაც საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზეა საუბარი, მთავარი ამოსავალი და სასაუბრო დოკუმენტი სწორედ ეს მოხსენებაა.

როგორც ხიდაშელი ამბობს, მედიის მხრიდან ამ დოკუმენტის იგნორირება საზოგადოებისთვის სიმართლის დამალვაა.

როგორც ცნობილია, „სახალხო პარტია - კონსერვატორების“ გარდა, ყველა გამომსვლელი ასე თუ ისე, ადეკვატურად აღიქვამდა საქართველოში არსებულ ვითარებას, მათთვის ცნობილი იყო კონკრეტული კანონდარღვევების შესახებ და იმედს გამოთქვამდა, რომ ევროკავშირი წინასაარჩევნო პერიოდში დროული ჩარევით მოახერხებს დაძაბულობის შემცირებას და პროცესის თანასწორობის ხელშეწყობას.

ხიდაშელი კატეგორიულად უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გამომსვლელებმა ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს.

„ეს არის ტყუილი! ასეთი რამ არავის უთქვამს და ამის ვიდეოჩანაწერი ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებობს“, - ხიდაშელი ტელეკომპანიებს თარგმანის გაყალბებაში ადანაშაულებს.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები 4 ივლისს გაიმართა. მას კოალიციის მხრიდან დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და ალექსი პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. დებატებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ევროპარალამენტის დეპუტატათა უმრავლესობამ ღიად აღნიშნა, რომ არ შეიძლება ის ხდებოდეს საქართველოში, რაც დღეს ხდება. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებში ეს განწყობა მას შემდეგ უფრო გაღრმავდა, რაც მათ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების უპრეცენდენტო დევნის დამამტკიცებელი დოკუმენტები წარადგინეს.

ხიდაშელი ამბობს, რომ ამ მასალების წარდგენამდე ევროპარალამენტის დეპუტატების ნაწილი მათ მიმართ ნეიტრალური იყო, ნაწილი კი ამბობდა, რომ ივანიშვილს წილი აქვს „გაზპრომში“ და ნაცისტური აზრებიც აქვთ კოალიციაშიო. მაგრამ უმრავლესობამ თქვა, რომ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენთან ინტეგრაცია უნდა, არ შეიძლება ის ხდებოდეს, რაც ხდება საქართველოში.

„ევროპარლამენტის ყველა ფრაქციამ, გარდა სახალხო პარტიისა, ისაუბრა კონკრეტულ პრობლემებზე. მნიშვნელოვანი განცხადება იყო ის, რაც გააკეთა ევროპარლამენტარმა კრისტიან ვიგენინმა. მან მიმართა ევროპის საბჭოს და განაცხადა, რომ დღეს არის მოქმედების დრო, რადგან არჩევნების დღეს გვიან იქნება“ - განაცხადა ხიდაშელმა,. რომელიც ამბობს, რომ მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ინგლისელი კონსერვატორის რიჩარდ ჰუიკის მხრიდანაც. 

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება და მისი ლობისტები ქვეყნის საზიანო ქმედებებს ახორციელებენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, დებატები შედგა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხებიც გამოიკვეთა. 

თინა ხიდაშელმა და ალექსი პეტრიაშვილმა ქართულ მედიას ევროპის პარლამენტში გამართული დებატების ამონარიდები გააცნეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დებატები ევროპის პარლამენტში მოხსენების გარშემო წარიმართა, რომელიც საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის და ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონის სახელით ევროპის საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეას მავერინიუსმა წარმოადგინა.

ამონარიდი მოხსენებიდან: „პრეზიდენტმა ბაროსომ, კომისარმა ფულემ და თავისთავად ქეთრინ ეშტონმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ბრიუსელში შეხვედრების დროს ხაზგასმით აღნიშნეს თანაბარი პოლიტიკური კონკურენციის და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოოდეს. 

გადამწყვეტი მნიშვნელობა საარჩევნო პროცესში ხალხის ნდობას მიენიჭება. პლურალისტული არჩევნები საჭიროებს ძლიერ, სანდო და სერიოზულ ოპოზიციას, რომელიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობს და კონსტიტუციასა და კანონს პატივს სცემს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავრობა ცდილობს, ხელი შეუშალოს ოპოზიციის ლიდერს ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. იყენებს ყველა რესურს მის წინააღმდეგ და პარტიის დაფინანსების და ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული კანონები გამოიყენება ცალმხრივად. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ კანონმდებლობა ტრანსპარენტულად და სწორედ იყოს გამოყენებული, რათა არჩევნებთან დაკავშირებით ყველანაირი ეჭვი აღმოიფხრას.

მეორე მხრივ, არის მოსაზრება, რომ ივანიშვილი საარჩევნო მიზნებისთვის არათანაბარ ფინანსურ რესურსს იყენებს. ეს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ დემოკრატიული კონკურენცია გულისხმობს თანაბარ პირობებს ყველა მოთამაშისთვის და ამომრჩევლის ხმების მოსყიდვის შეუძლებლობას. ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით მიქცეულია მედიის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე. კარგად არის ცნობილი, რომ ორი სახელისუფლებო არხი სარგებლობს გაცილებით დიდი დაფარვის ზონით, ვიდრე - კრიტიკულად განწყობილი სატელევიზიო არხები.

ჩვენ მოვიწონეთ პარლამენტის გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში „მასტ ქერი - მასტ ოფერ“-ის პრინციპის ამოქმედებასთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაპირებთ სამომავლოდ ამ საკითხის კიდევ გადახედვასა და გაძლიერებას“.

კრისტიან ვიგენინ, ევროპარლამენტარი: მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, არ გადაამეტონ, მაგრამ არც დააკნინონ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მნიშვნელობა. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ პოლიტიკური ომი მიმდინარეობს და ორივე მხარე სავსე იარაღს იყენებს. თუ გინდათ დაეხმაროთ საქართველოს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, მოქმედების დრო არის ახლა და არა - არჩევნების დღეს“. 

ულრიკე ლუნაჩეკი, მწვანეთა ფრაქციის წევრი: „რაც მე პირადად მაფიქრებს და რაზეც უნდა წარიმართოს ჩვენი დებატი, ესაა, გავაფრთხილოთ ქართველები - როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, რომ სიტყვების ომი და გაუმჭვირვალე პირობები საქართველოს სახეს აზიანებს არა მხოლოდ ამ პარლამენტში, არამედ - საერთოდ ევროპაში და თავად საქართველოშიც. პირადად მეც არ მიყვარს პოლიტიკაში მოსული ოლიგარქები, მაგრამ ვინმეს კუთვნილი ფულის რაოდენობა მის განმსაზღვრელ კრიტერიუმად არ უნდა იქცეს. აქ მთავარია სამომავლო ხედვები და როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა დემოკრატიის გაუმჯობესება. რაც მაშფოთებს, არის ქვეყნის ციხეების გადატვირთულობა. დიახ, დანაშაული შემცირდა, მაგრამ ამას წინათ შევიტყვეთ, რომ ორ პოლიტიკურ აქტივისტს, 35 და 45 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ასეთი რამ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, არ უნდა ხდებოდეს“.

ლიბორ როუჩეკი, სოციალ-დემოკრატი: „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს. მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ მეგობრებს, ორივე მხარეს, ოპოზიციასა და მთავრობას, რომ საქართველოს სიტუაციის დამშვიდება სჭირდება და უნდა შეიქმნას სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო პირობები, ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ყველა პოლიტიკურ თუ ოპოზიციურ ჯგუფს, კოალიციის ჩათვლით, უნდა ჰქონდეს თავისუფალი წვდომა მედიაზე, რადგანაც ეს არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, ღია და სამართლიანი, რადგან ეს საქართველოსათვის გადამწყვეტი იქნება, მოლაპარაკების გასაგრძელებლად“.

ნორიკა ნიკოლაი, ლიბერალების ფრაქციის წევრი: „მე ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც შეშფოთებული ჩანდა, რომ მას პირველად გაუმოუჩნდა რეალურად ერთიანი ოპოზიცია. მე გუშინ მოვისმინე ბრალდებები, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი არ არის დამტკიცებული. მაგრამ მინდა, აღვნიშნო, ჩემი ჯგუფის სახელით, რომ დემოკრატია არ არის ომი სატელიტურ სადგურებსა და ბრძოლა მედიას შორის, არამედ ეს არის, როცა ერთზე მეტი ტელევიზია გამოხატავს აზრთა სხვადასხვაობას მედიის საშუალებით. ეს არის საშიშროება სიმართლის მონოპოლიზაციაზე, რაც საშიშია დემოკრატიისათვის. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ძალზედ მდიდარი კაცია, არ არის კანონდარღვევა, რადგან სიმდიდრე ან სიღარიბე არც მანკიერებას და არც ღირსებას არ წარმოადგენს და არ უნდა იყოს ეჭვისა და შეშფოთების საგანი.

რიჩარდ ჰუიტი, ბრიტანეთი: „თავისუფალი არჩევნები ძალადობისგან თავისუფალ კამპანიას ნიშნავს. სწორია, რომ წინასწარ ვაყენებთ საკითხს და ვსვამთ კითხვებს დაპატიმრებების, საკუთრების ჩამორთმევის, მედიაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის შესახებ მომავალი არჩევნების წინ. რა თქმა უნდა, საკაბელოების მიერ ისეთი ტელევიზიის მთელი პაკეტების ამოღება, რომელიც ოპოზიციურ აზრს ავრცელებს, აბსოლუტურად მიუღებელია. 
 მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიიდან. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენს პარტიას (ნაციონალური მოძრაობა) მომავალ კვირას ბათუმში დაგეგმილი აქვს კონფერენცია, რომელსაც შესაძლებელია, ისეთი ინტერპრეტაცია მიეცეს, რომ მისი მიზანია, სააკაშვილის პარტიას დაეხმაროს. ამ პარლამენტში ჩვენი როლია, ხელი შევუწყოთ დემოკრატიის განვითარებას და ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ კარგად, თუ აღმოჩნდება რომ მესამე ქვეყანაში, არჩევნების დროს, ერთი პარტიის წარმატებაზე მუშაობთ“.