„სააკაშვილი უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა“

„სააკაშვილი უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა“

„გიგი უგულავა კი უარყოფს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის საპატრიარქოში მივიდა და პატრიარქის თანდასწრებით ყვიროდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სახელმწიფოში და საპატრიარქოში ყველაფერი რიგზე არ არის. პატრიარქს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის ყოვლისშემძლე არ არის. ეს შპინგალეტი იეღოველი უგულავა იმდენს როგორ ბედავს, რომ სინოდის სხდომას უყვირის?!“ - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, რომელთან საუბარიც საპატრიარქოში შექმნილი ვითარების შეფასებით დავიწყეთ:

- განგაშის ზარებია შემოსარტყმელი, ასე იწყებდნენ გასული საუკუნის 20-იანი წლების რეზინის ჩექმებიანი ბოლშევიკებიც. ამ ფაქტზე პოლიტიკურმა პარტიებმა ხმა უნდა ამოიღონ, მაგრამ რატომღაც “თავისუფალი საქართველოს” გარდა ამ თემას ყველა ერიდება, რომ მერე ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩამორჩენილობა არ დააბრალოს. ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქართული ეკლესიის მხარდაჭერა ჩამორჩენილობა არ არის. ხელისუფლებაში არიან  სექტანტები, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი საქართველოს ეკლესიის მიმართ და ამიტომაც ეკლესიას სჭირდება მხარდაჭერა. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რელიგიური ფუნდამენტალიზმის მომხრეები ვართ.

ეს დღეები პოლიტიკურადაც საკმაოდ დატვირთული იყო. რას იტყვით პრემიერ მინისტრ ვანო მერაბიშვილისათვის უფლებამოსილების გაზრდაზე?

- რაიმე პრინციპული უფლებამოსილება ვანო მერაბიშვილს არ დამატებია. თუმც ვხედავ მცდელობას, რომ პრემიერ მინისტრმა პოლიტიკური ფუნქცია შეიძინოს და არ დარჩეს პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელიად. ვანო პრემიერად იმ განზრახვით დანიშნეს, რომ გახდეს მთავრობის მეთაური, მაგრამ გახდება თუ არა ის რეალურად მთავრობის პირველი პირი, დამოკიდებულია ძალიან დინამიურ 2012 და 2013 წლებზე.

სააკაშვილის განზრახვა ამ პოსტზე მერაბიშვილის დანიშვნისას ის იყო, რომ გააკეთოს ალტერნატიული სოციალური დემაგოგიური პროექტი და უფრო ეფექტურად დაუპირისპირდეს ივანიშვილის პროგრამას, რასაც გილაური, როგორც ტექნოკრატი, ვერ შეძლებდა.

მოვისმინე შეფასება, - სააკაშვილის განცხადებები და ქმედებები ბოლო დროს ძალზე წინააღმდეგობრივი გახდაო.  

- როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, სააკაშვილის მართვის სტილთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები მისმა ბიძამ თემურ ალასანიამ გამოთქვა და ამის გამო თემურ ალასანია რაღაც დროით ქართულ პოლიტიკურ ელიტას ჩამოაშორეს. ლევან ბერძენიშვილმა სიმართლე თქვა, - სააკაშვილი 2004 წელს ბათუმის დაბომბვას აპირებდა და ნაციონალურ მოძრაობაში არავინ აღმოჩნდა ვინც ეტყოდა, რომ არ შეიძლებოდა საქართველოს ავიაციას დაებომბა ბათუმი. 

2008 წელსაც ვერავინ გაბედა ეთქვა სააკაშვილისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ ჰქონდათ რესურსი ომი ეწარმოებინათ რუსეთის წინარმდეგ. სააკაშვილი იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს და უკვე ძალიან საშიშია ქვეყნისთვის.

სააკაშვილს კარგა ხანია იცნობთ, ის ყოველთვის ასეთი იყო თუ ძალაუფლებამ შეცვალა?

- 1000%-ით ვიცი, რომ ეს ძლაუფლების სინდრომია. სააკაშვილი გრძნობს დასასრულის დასაწყისს და ეს მისთვის ძალიან რთული გადასატანია.

სააკაშვილი ერთგვარ პოლიტიკურ პირამიდას აკეთებს, რაც ძალიან ჰგავს ფინანსურ პირამიდას. ამ გზით სანამ ხალხს ატყუებს, კარგად არის, მაგრამ ეს ისეთი სქემაა, რომელიც ერთ დღეს უსათუოდ გასკდება, მუდმივად ვერ იმუშავებს. სააკაშვილის დაპირებების აღარავის სჯერა. მან დაკარგა ხალხის სიყვარული, რომელიც მას თავიდან აღტაცებით ხვდებოდა. სააკაშვილმ იმდენჯერ მოატყუა ურცხვად მთელი ქართველი საზოგადოება და იმდენჯერ მიაყენა შეურაცხყოფა, რომ მისდამი ნდობა დაიკარგა. ამან ფსიქოლოგიურად დაანგრია სააკაშვილი.

ხელისუფლება აქამდე ოპოზიციის აქტიურობას და აქციებზე ხალხის სიმრავლეს არ იმჩნევდა, მაგრამ სოფელ მერეთში მომხდარმა დაპირისპრებამ გააჩინა მოლოდინი, რომ  ხელისუფლება ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ემზადება.

- საწყნია, რომ მედიით მხოლოდ “ქართული ოცნების” ამბები შუქდება. ჩვენს წინააღმდეგ არანაკლები რეპრესიები და ფინანსური სანქციები ტადება. მართალია, ჩვენ 70 მლნ-ით არ გვაჯარიმებენ, მაგრამ ის ჯარიმები, რაც დაგვაკისრეს ჩვენთვის ძნელი გადასახდელია.

27 მაისამდე ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა, რომ არჩევნებზე ხელისუფლება მიიღებდა პირველ ადგილს, “ქართული ოცნება” - მეორეს და მომავალ პარლამენტში სიამატკბილობა ექნებოდათ, მაგრამ თბილისის აქციის მერე ხელისუფლებას ეჭვი ეპარება, რომ თუნდაც გაყალბების გზით მოახრეხებს მომავალ პარალამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას. მერეთის ინციდენტი და ოპონენტების წინააღმდეგ ფინანსური სანქციების გამოყენება აჩვენებს, რომ ხელისუფლებაში ინტენსიურად განიხილება უფრო მკაცრი რეპრესიების საკითხი.

როდესაც ოპოზიციურ პარტიებს რეგისტრაციიდან მოხსნიან, ლიდერებს ან დააპატიმრებენ ან დეპორტაციას მოუწყობენ. საჭიროების შემთხევაში კი უფრო მძიმე ზომებსაც მიმართავენ.

დეპორტაცია, ალბათ, ივანიშვილს უფრო ემუქრება. ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებს მოქალაქეობის არქონის გამო ვერ მიედავებიან.  

- ნუ იტყვით ასე. ჩვენ ისეთ სივრცეში შევდივართ, სადაც კანონი და კონსტიტუცია აღარ იმოქმედებს. შეიძლება მე წავიდე სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში ან რუსეთში და უკან არ მიმიღონ რაღაც მიზეზის გამო.

სააკაშვილი ვა-ბანკზე მიდის. მას არ სჯერა, რომ არჩევნების გაყალბება მისთვის საკმარისი იქნება. ის ძალიან კარგად აცნობიერებს რა რისკზეც მიდის რეპრესიების დაწყებით. თავის დროზე უფრო რბილი რეპრესიები გახდა 2007 წელს პროტესტის მიზეზი. 2007 წელი რამ გამოიწვია? ოქრუაშვილის დაპატიმრება საბაბი გახდა, მაგრამ ამას წინ უძღოდა ის, რომ კედელთან მიაყენეს მთელი ოპოზიცია. ჩვენ არ დაგვიტოვეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის არანაირი ფორმა. ჩვენ არც პრეზიდენტის გადადგომას ვითხოვდით და არც რევოლუცია გვინდოდა. ჩვენ გვინდოდა, რომ პარალამენტში სიტყვა დაეთმოთ და ჩვენთვის მოესმინათ, მაგრამ  მაშინ ხელისუფლებამ ყველა ოპოზიციურ პარტიას უთხრა - ფეხებზე მკიდიხართ, პარლამენტში არცერთს არ შეგიშვებთო.

ამან გამოიწვია ის, რომ ლიბერალი, რადიკალი და ზომიერი ძალები გაერთიანდნენ. მაშინ ოქრუაშვილისადმი დიდი სიმპათია არ არსებობდა, მაგრამ  იმ რეალობამ განაპირობა საპროტესტო მოძრაობა. დღეს ხელისუფლება იმავე შეცდომას უშვებს. ზედმეტმა რეპრესიებმა შესაძლოა ხელოვნურად გამოიწვიოს ის, რაც ბუნებრივად არ მოხდა - ოპოზიციის გაერთიანება და მასობრივი საპროტესტო აქციები. ვხედავთ, რომ ძირითად ოპოზიციურ ძალებს ისეთი გეგმა აქვთ, მათთვის არც გაერთიანებაა მისაღები და არც საპროტესტო აქციები, მაგრამ ხელისფლებამ შესაძლოა ხელოვნურად მოახდინოს ამ პროცესის სტიმულირება. როდესაც “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს ანგარიშებს უყადაღებენ, ისინი ქირას ვეღარ გადაიხდიან და მეიჯარე ოფისიდან გამოაგდებთ ან ქირა შავი ფულით უნდა გადაიხადონ და ამის გამო უკვე პროკურატურაში მოუწევთ წასვლა.

ხელისუფლება თუ ასე გააგრძელებს, ყველაზე ზომიერ ადამიანებსაც კი აიძულებს, რომ საპროტესტო ზომებს მიმართონ. ჩვენს მხარდამჭერებს და პარტიის წევრებსაც იბარებენ პროკურატურაში ნებისმიერ გროშზე, რომელიც პარტიაში შემოდის და კანონის ყველანაირი ნორმის უგულებელყოფით ჰკითხავენ. ეს აჩვენებს, რომ სააკაშვილი უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა.

რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შევხვდით მე, ირაკლი ალასანია, დათო უსუფაშვილი, დათო გამყრელიძე და ჯონდი ბაღათურია. ყველა მოვთქვამდით არსებული საარჩევნო გარემოს გამო, მაგრამ ვერშბოუს რეაქცია ძალიან გაუგებარი იყო. არც კი შეშფოთებულა. ჰილარი კლინტონი კი საქართველოდან აღფრთოვანებული გაემგზავრა. რით ვერ გავიგეთ, რომ აშშ დემოკრატიის ფლაგმანი კი არა, თანამედროვე საბჭოთა კავშირია. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მსოფლიო პოლიციელის ფუნქცია აშშ-მა იკისრა. სხვადასხვა გრანტიჭამია არასამთავრობიები ტვინს ურეცხავენ ქართველ ხალხს, რომ აშშ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დამცველია, მაგრამ როგორი დემოკრატიაც დაამყარეს მათ ერაყსა და ავღანეთში, ვნახეთ.

უნდა ამოვიგდოთ  თავიდან, რომ ვიღაც სხვას საქართველოში დემოკრატიის დამყარება უნდა. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას სხვა ქვეყანაში დემოკრატია არ დაუმყარებია. ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში სჭირდება მარიონეტული რეჟიმი, რომელიც მოესახურება მის სტარეგიულ ინტერესებს ამ რეგიონში. სანამ სააკაშვილი არ გადაუხვევს აშშ-ის ინტერესებს, ის არჩევნებში 100 ათას ბიულეტინს ჩაყრის თუ 200 ათასს, ამას ვერავინ დაინახავს. მოგეხსენებათ როგორი არჩევნებიც ტარდება ავღანეთში, მაგრამ სანამ კარზაი პროამერიკელია, მის ხელისუფლებას არაფერი ემუქრება.

აშშ-ს ასეთი გონდაკარგული სააკაშვილი უფრო ხელს აძლევს კიდეც. მახსოვს, როდესაც აშშ-ის ყოფილ ელჩს ტეფტს ოპოზიციის წარმომადგენლებმა საგურამოს მანიფესტი გადავეცით, მან თქვა, - აშშ არასოდეს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო დემოკრატიას, ის მხარს დაუჭერს საპრეზიდენტო რესპუბლიკასო. ამით გვითხრა, რომ ამერიკელებს საქართველოში ერთმმართველობა და მარიონეტული რეჟიმი სჭირდებათ და არა დემოკრატია ან არჩევნები. საქართველოში თავისუფალი არჩევნები აშშ-ს გავლენის ზრდას უდრის, მაგრამ დაპყრობილ ქვეყანაში დემოკრატიის აშენება შეუძლებელია, რადგან ნებისმიერ დამპყრობელს სჭირდება თავისი კოლონიის მმართველი, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება დემოკრატიული წესით არჩეული.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რას ელით ოქტომბრის არჩევნებზე?

- ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის წინაპირობა ერთი გუბერნატორის მეორეთი შეცვლა კი არა არის, დამოუკიდებელი და ეროვნული ხელისუფლების შექმნაა. სანამ ვაშინგტონიდან დასმული ადამიანი გვეყოლება პრეზიდენტად, ეს სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას.

ხელისუფლებას აქვს ორი გეგმა. პირველი, ხელისუფლება ამ არჩევნებს გააყალბებს და მის ლეგიტიმაციას ვაშინგტონი მოახდენს და მეორე - თუ გაყალბების მასშტაბები დიდი იქნება, შესაძლოა, ადგილზე (საქართველოში) მოკლე ჩართვა მოხდეს და ქართველი ხალხი გავარდეს ქუჩაში, მიხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერები ამისკენ არ მოუწოდებენ.