„გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“.

„გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“.

2009 წლისგან განსხვავებით, როცა „გენერალთა კლუბის“ შექმნამ ხელისუფლებას თავსატეხი გაუჩინა და ისინი იმთავითვე შეთქმულთა ჯგუფად მონათლეს, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაცია „გენერალთა კლუბის“ წევრებმა ხელისუფლებას სალაპარაკო არ მისცეს და დიდუბის საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ კლუბის ოფისის პრეზენტაცია ოფიციალურად გამართეს.

თუმცა, ამ სიცხადის მიუხედავად, სავარაუდოდ, ხელისუფლებას თავსატეხი მაინც გაუჩნდება, რადგან მათთვის „გენერალთა კლუბის“ რეინკარნაცია სასურველი სიურპრიზი არ იქნება. „ნაცმოძრაობისთვის“ სულერთი არ არის, რას იტყვიან გამოცდილი გენერლები. ის გენერლები, რომლებიც, შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლობის შესახებ არაერთი განცხადების მიუხედავად, პერიოდულად პერმანენტული თავდასხმებისა და ბრალდებების ობიექტად იქცეოდნენ. კერძოდ, გვახსოვს 2009 წელს გენერალ ყარყარაშვილის წინააღმდეგ აგორებული უღირსი კამპანია, მუხროვანის საეჭვო ამბოხი და მასთან დაკავშირებით გენერალ კობალაძის ღირსების შემლახველ გარემოებაში დაპატიმრება, მაღალი რანგის სამხედროების მორალური დევნა და სხვა.

დღეს გენერლები აცხადებენ, რომ „გენერალთა კლუბის“ გააქტიურება დრომ მოიტანა და ეს საზოგადოების დაკვეთაა. მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით კი, სამხედრო მოსამსახურეთა გამოცდილების აკადემიურ დონეზე გაზიარება საინტერესო იქნება. „გენერალთა კლუბის“ პრეზიდენტი კობა კობალაძე აცხადებს, რომ ამ კლუბის მიზანი ინტელექტუალური მარაგის თავშეყრა და მომავალი თაობისთვის მისი გაზიარებაა. ამდენად, გენერალთა კლუბი ანალიზის დონეზე ყველა საჭირბოროტო თემას დაამუშავებს და კომპეტენტურ სამხედრო აზრს დადებს.

ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც, რომელმაც გენერალთა კლუბის პრეზენტაციაზე სამხედრო პირებს მიმართა, რომ საზოგადოებაში ჯარისკაცებისადმი მუდმივად პატივსაცემი დამოკიდებულება იყო, ხოლო ჩვენს ქვეყანას იმდენი შინაგანი და გარეგანი საფრთხე აქვს, რომ ამ ადამიანების ინტელექტუალური პოტენციალის გამოუყენებლობა არ შეიძლება.

სამხედრო ისტორია, სამხედრო პოლიტიკა, სამხედრო ნორმატიული საკითხები - სწორედ ამ თემებზე იმუშავებენ გამოცდილი სამხედროები.

გენერალი დავით თევზაძე მიიჩნევს, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკის გარშემო ისედაც გაყოფილია. ამდენად, მათ, როგორც გენერლებს, ნამდვილად არ სურთ, კიდევ ერთი განსხვავებული სივრცე შეიქმნას, რომელიც რომელიმე პოლუსზე აღმოჩნდება. ამასთან, დავით თევზაძე არ გამორიცხავს, რომ პარალელურ რეჟიმში შეიქმნას თუნდაც ოფიცერთა კლუბი ან სხვა სამხედრო კლუბები, რადგან გენერლები სივრცის მონოპოლიზაციას არ ახდენენ.

„თავიდანვე კლუბი შეთქმულთა ჯგუფად აღიქვეს. თავის დროზე პრეზენტაციით რომ დაგვეწყო, ჯობდა. ამის გამო ერთი კაცი დაგვიზარალდა. გარედან ყველა საფრთხე აცილებადია, უბრალოდ, შიგნით ხდება რაღაც“.

გენერლები ღირსების კოდექსის საბოლოო ტექსტზეც შეთანხმდებიან და დააზუსტებენ, რას ნიშნავს, იყო ქართველი გენერალი. ასევე, ღირსების სასამართლოს გამართავენ, სადაც კონკრეტულად რომელიმე ადამიანს კი არ გაასამართლებენ, უბრალოდ, სათავისოდ გაარკვევენ ურთიერთობას.

„არასოლიდურია მორიდება ამ თემის ირგვლივ, რადგან ერთი გენერალი სამშობლოს მოღალატის იარლიყით წავიდა. ამიტომ უნდა გავარკვიოთ, რადენად ობიექტური იყო ეს ყველაფერი. ამ სასამართლოზე ნეიტრალურნი ვიქნებით“, - აღნიშნა დავით თევზაძემ.

გენერალთა კლუბის ოფისის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ნანა კაკაბაძე, ირაკლი სესიაშვილი, სოსო ცისკარიშვილი, კახა კუკავა, სოზარ სუბარი, ირაკლი ბათიაშვილი, ლუკა კურტანიძე, გია ბურჯანაძე, სოსო ჯაჭვლიანი და სხვანი.

შეკრება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვიდეორგოლით დაიწყო, საქართველოს ჰიმნით გაგრძელდა და აქვე ბრძოლებში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

გენერალთა კლუბის პრეზიდენტი კობა კობალაძე For.ge-სთან საუბარში კონკრეტულად „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე არ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ პრეზენტაციას მარტო „ქართული ოცნების“ წევრები არ ესწრებოდნენ, არამედ აქ იყვნენ სხვადასხვა პარტიის წევრებიც.

„პარტიული კუთვნილებით არ შეგვირჩევია ხალხის მოწვევა, არამედ იმ მოსაზრებით, რომ ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანისაა. შესაბამისად, ჩვენს კომპეტენტურ სამხედრო აზრს დავდებთ. დღევანდელი ხელისუფლება იქნება თუ მომავალი, არ არსებობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხით არ დაინტერესდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ნებისმიერმა პარტიამ სამეცნიერო დონეზე დამუშავებული კომპეტენტური აზრის გასაზიარებლად მოგვმართოს.

ჩვენ გახსნილები ვართ, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ნებისმიერი პარტიისთვის“.

ამასთან, კობა კობალაძეს ამ ეტაპზე არ სურს, თავდაცვის სფეროში დიმიტრი შაშკინის შესაძლებლობა შეაფასოს, ვერც იმას აკონკრეტებს, თუ რა კვალი დააჩნია ბაჩო ახალაიამ ამ სფეროს:

„თუ რა გააკეთა და როგორ გააკეთა ბაჩო ახალაიამ, ამის ანალიზს დავდებთ და გავარკვევთ. ეტყობა, რაღაც გააკეთა, რადგან, შესაბამისად, სხვა პარალელურ სტრუქტურაში არ გადაიყვანენ ხელმძღვანელ პოსტზე. რაც შეეხება დიმიტრი შაშკინს, როდესაც თავდაცვის სისტემის რეორგანიზაცია მიმდინარეობდა, იქ ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა იყო, რომ თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურა ყოფილიყო და არა - სამხედრო ფიგურა. შაშკინი კი პოლიტიკური ფიგურაა და ეჭვის შეტანა მის კანდიდატურაში არ შეიძლება“.

არის თუ არა ომის საფრთხე, ამის საპასუხოდ კობა კობალაძე ასეთი ფრაზით გვიპასუხა: „გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“.

„სახალხო კრების“ წევრი ლუკა კურტანიძე მიიჩნევს, რომ „გენერალთა კლუბის“ წევრები საქართველოზე მაფიქრალი პროფესიონალები არიან, რომელთა შეთქმულებაში დადანაშაულებაც გაუგებარია.

„გონებაგანათებული და, გინდაც, გონებადაბნელებული ადამიანები ერთად უნდა ფიქრობდნენ ჩვენი სახელმწიფოს მოწყობაზე. ეს არის პროფესიონალებისა და ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანების შეკრება, რომლებსაც სისხლიც დაუღვრიათ ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ტკივილიც ძალიან ტკივათ. დღევანდელი ხელისუფლება და სამხედრო ელიტა მათ რჩევას უნდა იზიარებდნენ. საქართველოს სახელმწიფოს არ ჰყავს დასაკარგი ომგამოვლილი ადამიანები, რომლებსაც, თეორიულთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც აქვთ. მეამაყება, რომ სტუმრად მომიპატიჟეს, ის უბედურება, რაც აფხაზეთში მოხდა, ამ ხალხთან ერთად გამოვიარე. სწორედ ეს ხალხი იბრძოდა ჩემი კუთხისთვის და ამ ადამიანების წინაშე ქედს ვიხრი. რა მოსატანია ჩემი ბრძოლა ამ ადამიანებთან, ვინც ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს და, ვინც ხელმძღვანელობდა ამ ომს“, - აღნიშნა ლუკა კურტანიძემ For.ge-სთან კომენტირებისას.

For.ge ესაუბრა თადარიგის პოლკოვნიკ აკია ბარბაქაძეს.

თავის დროზე, 2009 წელს, ხელისუფლებამ გენერალთა კლუბი შეთქმულთა შეკრებად გამოაცხადა. როგორ გგონიათ, ამჟამინდელ შეკრებას როგორ განიხილავს ხელისუფლება, მით უფრო, როცა არასამთავრობოებისა და სხვა პარტიების გვერდით, აქ ვნახეთქართული ოცნებისწარმომადგენლები? ხომ არ მიეცემა ხელისუფლებას საბაბი, რომ ამ თემის თავისებური ინტერპრეტაცია მოახდინონ?

- მოდით, იქიდან დავიწყოთ, მთავარია, საზოგადოება როგორ აღიქვამს ამ თემას. დავით თევზაძემ აღნიშნა, ჩვენ რომ მაშინ გენერალთა კლუბის პრეზენტაციით დაგვეწყო, „შეთქმულთა შეკრების“ თაობაზე შეკითხვები აღარ გაჩნდებოდა და ამ თემას კუდს ვერ მოაბამდნენ. იმ დროს ეს შეცდომა დავუშვით და საზოგადოებას ვერ მივაწვდინეთ ხმა, თუ რისთვის ყალიბდებოდა „გენერალთა კლუბი“. სინამდვილეში, ეს არ არის შეთქმულთა კლუბი ან მუსულმან ძმათა გაერთიანება ან ტერორისტული ორგანიზაცია. არა, ეს ემსახურება ამ სფეროს პოპულარიზაციას, ეს არის ჩვეულებრივი სამოქალაქო სტრუქტურა. მოგეხსენებათ, ყოფილი სამხედროები სამოქალაქო საზოგადოების ჩვეულებრივი სუბიექტები ვართ და გვაქვს უფლება, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს სამშობლოს, მის კეთილდღეობას მოვახმაროთ.

სულ ახლახანს მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომ უახლოეს წლებში საქართველოს 100 ათასამდე რეზერვისტი ეყოლება, რომლებიც მზად იქნებიან, დაიცვან თავიანთი კორპუსები, სამეზობლო და, საჭიროების შემთხვევაში, იარაღით ხელში დაიცვან ქვეყანა. რისთვის ვემზადებით? რეალურად არის ომის საშიშროება? თუქართული ოცნებისგაატიურების კვალდაკვალ, რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე საუბარი კვლავაც პოპულარულია?

- ეს თემა ახალი არ არის. მუდმივად ხდება ამის გამეორება და არა მარტო ამ ხელისუფლების მიერ. ყოველთვის, არჩევნების წინ, ოპოზიციის გააქტიურების პერიოდში, საფრთხეებზე საუბრობდნენ.

მაგრამ რამდენად რეალურია საფრთხე? აწყობს კი ახლა ომი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს?

- საფრთხე რეალურია, როდესაც შენი მეზობელი ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % ოკუპირებული აქვს და უპრეცენდენტო მასშტაბის სამხედრო წვრთვნებს ნიშნავს (ფაქტობრივად, შენი ტერიტორიის 20 %-ზე), გარკვეულწილად, ეს სიფრთხილისკენ გვიბიძგებს.

ასე რომ, შესაძლოა, აგვისტოს ომი განმეორდეს?

- საინტერესოა, რამდენად რეალურად აღიქვამს ამ მოცემულობას ხელისუფლება, რადგან მე მახსოვს მათი მცდელობა 2008 წელს, რომ რუსებს თურმე ჟანგიანი ტანკები ჰყავთ და აქედან დასკვნა, რაკი მათ ჰყავთ ჟანგიანი ტანკები, ჩვენ დავამარცხებთ რუსებს. ანუ, საინტერესოა მოცემულობა - რატომ ჰყავს რუსს ჟანგიანი ტანკი - საიდან გაჩნდა? ვინ თქვა, რომ რუსებს ტანკები აღარ ჰყავთ? რა, რკინის მადანი აღარ აქვს რუსეთს თუ სამხედრო ქარხნები აღარ აქვს, სადაც ტანკებს ამზადებენ?! მამაცხონებულო, შენ თვითონ ვისი ტანკი გაქვს? DE-72 რუსული სამხედრო წარმოებისაა.

ამის საპირწონედ ჩვენებმა ახალი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი ლაზიკა ხომ გამოიგონეს?

- არა, მოდით ახლა იქიდან დავიწყოთ, რამდენი ერთეული ჰყავთ ის ლაზიკა და რამდენად დააბალანსებს თანამედრივე რუსულ ტექნოლოგიებს. როგორი სურვილიც არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სუსტ სახელმწიფოდ წარმოვაჩინოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ჩვენზე ძლიერი მაინც არის. არ ვამბობ, რომ ჩვენ კაპიტულანტური დამოკიდებულება გვქონდეს რუსეთის ან რომელიმე მეზობლის მიმართ. არავითარ შემთხვევაშ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი კლუბის პროფესიონალები საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, კომპეტენტურ დასკვნებს დადებენ. ასეთ სისულელეზე როცა მიდის საუბარი, რომ რუსეთის ნაცვლად წარმოვიდგინოთ ოკეანე, მე კი წარმოვიდგენ, მაგრამ რუსეთი ხომ ოკეანედ არ იქცევა? ის ხომ რეალურად ჩემი მეზობელი სახელმწიფოა?!

გენერალთა კლუბისპრეზენტაციაზე ღირსებაზეც იყო საუბარი და ღირსების სასამართლოზეც.

- იარლიყების მიწებება ხდება, ადამიანებს იჭერენ. მაგალითად, ის გმირები, რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ, შემდგომში მოღალატეებად გამოაცხადეს და  იარლიყები მიაკერეს. მერე აღმოჩნდა, რომ არავითარი მოღალატეები ისინი არ ყოფილან.

მუხროვანის ამბები, შეთქმულების თეორიები პერიოდულად აქტიურდება.

- ეს ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს. ყოველთვის გარე საფრთხეზე აპელირებენ. გახსოვთ, თენგიზ აბულაძის ფილმიდან - „სამშობლო განსაცდელშია, უნდა შემოვავლოთ ჩინური კედელი, ჩვენ დავიჭერთ კატას ბნელ ოთახში“. ანუ, იმის მთქმელი მაინც უნდა დარჩეს ქვეყანაში, რომ ბნელ ოთახში კატის ძებნას აზრი არ აქვს.

რეალურად ქართულ ჯარში რა სიტუაციაა? არის კი საამბოხო განწყობა? ამ სისტემაში შაშკინი რას შეცვლის?

- საამბოხო განწყობა ჯარში არ არის, რადგან ქართველი ოფიცრები საკმაოდ დისციპლინირებულნი არიან. საქართველოს ისტორიაში ასეთი რაღაცები არ განმეორდება, რაც თავის დროზე მოხდა, ანუ სამოქალაქო ომს ვგულისხმობ. მაშინ სხვა ვითარება, სხვა დრო იყო, სხვა ძალები მოქმედებდნენ და სხვა გამოცდილება იყო - მაშინ ქართველები უფრო ცხელ გუნებაზე ვიყავით, ვიდრე დღეს. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, პირველი მშვიდობისმოყვარეები და პაციფისტები ყოფილი სამხედროები ვართ, ომგამოცდილი ხალხი, რადგან სიკვდილ-სიცოცხლის ფასი ვიცით. 

შაშკინის შესახებ თავად სამხედროები ამბობენ, რომ, წინამორბედისგან განსხვავებით, იგი უფრო მეტად ინტელექტუალია და უფრო გაუგებს მათ.

- მე თვლი, რომ ეს არის ძალიან სუსტი ცვლილება, კარუსელი. ბუნებაში არ მესმის ისეთი პროფესიონალების, რომლებიც ერთდროულად არიან საუკეთესო ჯანდაცვის მინისტრებიც, საუკეთესო თავდაცვის მინისტრებიც, საუკეთესო ღვინის მინისტრებიც, საუკეთესო ეკონომიკის მინისტრებიც და თანაც, ეს ყველა სიკეთე ერთდროულად აქვთ. არ არსებობს ბუნებაში ასეთი უნივერსალები. მთელ ისტორიაში ასეთი შეიძლება ყოფილიყო ციცერონი, რომელსაც რამდენიმე ნიჭი ჰქონდა. როგორც წესი, ერთი სფერო ყოფნის ადამიანს, რომ საშუალო დონეს მიაღწიოს. ასეთი „გენიოსები“ არ ჰყავთ ამერიკას და ევროპის ქვეყნებს, არამედ მინისტრებად ჰყავთ ჩვეულებრივი, საშუალო მონაცემების მქონე ხალხი, სისტემები და სტრუქტურები აქვთ სწორად აწყობილი.

რატომ დადგა დღის წესრიგში შაშკინის კადრი თავდაცვაში?

- უბრალოდ, ამათ ნდობის რესურსი აქვთ ამოწურული. სხვას არ ენდობიან, პრობლემა ამაშია, ამიტომაც ერთი და იგივე ადამიანი წრეზე ტრიალებს, ე.წ. კარუსელს აკეთებენ და საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან.

რას შეცვლის შაშკინი და რა მემკვიდრეობა დატოვა ბაჩო ახალაიამ თავდაცვაში?

- არ ვიცი, რას შეცვლის შაშკინი. ფაქტია, რომ კუნთების თამაშით ხელისუფლება საზოგადოებას აფრთხილებს, რომ შეუვალი, უკომპრომისო პიროვნებები დანიშნა ძალოვან თანამდებობებზე. ეს უფრო საზოგადოების დაშინების კიდევ ერთი ეტაპია.

დაშინება შაშკინის ხელით?

- დიახ, გაიხსენეთ შაშკინის გამოთქმა სკოლის დირექტორებისადმი - თქვენს სისხლს დავლევ.

ამ თვალსაზრისით, ბაჩო ახალაია არ ერჩივნათ?

- დიახ, მაგრამ უფრო დიდ მასშტაბებზეა საუბარი. ამიტომაც ბაჩო ახალაია უფრო დიდ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გადაიყვანეს, რასაც ჰქვია შს სამინისტრო. ეგენი თვლიან, რომ ისევ დაშინების პოლიტიკა უნდა განახორციელონ. უცვლელია მათი სტილი - ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკა. ეს დამღუპველია.

მერე სამხედროები დაემორჩილებიან ამ ძალადობის პოლიტიკას?

- შევხედოთ, რა გამოვა, რადგან ძლერი გადაღუნვა ხშირად მასალას ამტვრევს ხოლმე.