არქიმანდრიტი სტეფანე: მიტროპოლიტმა სერაფიმემ ძალიან კარგად და სწორად გამოხატა სათქმელი

არქიმანდრიტი სტეფანე: მიტროპოლიტმა სერაფიმემ ძალიან კარგად და სწორად გამოხატა სათქმელი

რუის-ურბნისის ეპარქიის არქიმანდრიტი სტეფანე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როცა ერი დაღუპვის პირასაა, სასულიერო პირებმა ხმა უნდა ამოიღონ.

„სიკვდილი არ არსებობს. თუ ჩვენ გვეშინია სიკვდილის, მაშინ დავიფაროთ ქუდები და წავიდეთ სახლში, ეკლესიაშიც აღარ მივიდეთ“, - მიიჩნევს არქიმანდრიტი.         

სასულიერო პირების ნაწილი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისგან თავს იმ მოტივით იკავებენ, რომ პოლიტიკა მათ არ ეხებათ. უნდა ჰქონდეს თუ არა სასულიერო იერარქს საკუთარი შეხედულების გამოხატვის შესაძლებლობა?

- გააჩნია, როგორ შევხედავთ. თუ, როგორც პოლიტიკაში ჩარევასა და მონაწილეობას, რა თქმა უნდა, სასულიერო პირმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში, მაგრამ, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც ყოფნა-არყოფნის საკითხი მდგარა. ასეთ დროს ჩვენს სასულიერო პირებს მიუღიათ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიცაა სამშობლოსთვის თავის დადება. დღევანდელ დღესაც თუ მოვლენებს იმ კუთხით შევხედავთ, რომ მაინცდამაინც ეს არის პოლიტიკა, სინამდვილეში, ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

რაც შეეხება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ დავინახეთ, რომ რამდენიმე სასულიერო პირმა მონაწილეობა მიიღო და „ქართული ოცნების“ აქციების მხარდაჭერა გამოხატა. მეც ვიყავი იქ და პირადად მივიღე მონაწილეობა მცხეთის აქციაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკაში ჩარევა არ იყო, არამედ ეს მხოლოდ იყო თანაგრძნობის ელემენტარული გამოხატულება იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც უზარმაზარი სიკეთე გაუკეთა ქართულ ეკლესიას, ააშენა სამება, 500 ეკლესია-მონასტერი გაარემონტა. ამიტომ, ჩემი მხრიდან აქციაზე დგომა იყო იმ მადლიერების გამოხატულება, რაც ამ კაცმა გააკეთა. ამიტომ ვფიქრობ, ეს პოლიტიკა არ არის. ახლა ვინ როგორ გაიგებს და რანაირ მიმართულებას მისცემს მოვლენებს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ჩვენ ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის პროგრამას, მის შემართებას და ეს არის ჩვენი ერისთვის კეთილი მომავლის დასაწყისი.

მიტროპოლიტ სერაფიმეს მიერ სტუდია JNS-ის ჟურნალისტთან გაკეთებულ განცხადებას მკვეთრი შეფასებები უკვე მოჰყვა, მათ შორის, გიგი უგულავას მხრიდანაც. შეგიძლიათ გვითხრათ, რეალურად რა ხდება და ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენად ერევიან საეკლესიო საქმეებში?

- მე ვფიქრობ, რომ მიტროპოლიტმა სერაფიმემ ძალიან კარგად, ლამაზად და სწორად გამოხატა სათქმელი. რაც თქვა მეუფე სერაფიმემ, ეს არის სრული ჭეშმარიტება. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ამის შესახებ და ჩვენ უკვე ნუღარ ვიქნებით ამაში ჩამძიებელნი, რადგან მიტროპოლიტმა სერაფიმემ ძალიან კარგად თქვა ყველაფერი. ახლა ჩანაწერის ფორმა, შესაძლოა, მიუღებელი იყო ჩვენთვის, მაგრამ თავად მიტროპოლიტ სერაფიმეს მიერ სიტყვის თქმა სრული რეალობაა. იმიტომ, რომ ეს ყველამ კარგად იცის, რომ ერევა და, რომ ჩარეულია, - ეს სამღვდელოებისთვის ცნობილია.

ზოგადად, სასულიერო პირები როგორ არიან განწყობილნიქართული ოცნებისმიმართ? ჩვენ ვხედავდით თბილისის, ქუთაისის, მცხეთა-მთიანეთის აქციებზე სასულიერო პირებს. მაგრამ, მათ გარდა, ვინც აქციებზე თავიანთი დასწრებით ღიად აფიქსირებს პოზიციას, დანარჩენ სასულიერო პირებს რამდენად უჭირთ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიის გამოვლენა და იმის აღიარება, თუ რომელი პოლიტიკოსი მოსწონთ?

- წეღანაც ვთქვი, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია სასულიერო პირისთვის მიუღებელია, მაგრამ ამჯერად პოლიტიკის შესახებ აღარ გვაქვს საუბარი, არამედ ერის გადარჩენაა მთავარი. ადამიანმა ამდენი რამ გაიღო ერისთვის, ახლა აღარ დავიწყებ ძალიან ბანალურ თემებზე საუბარს, თუ მას რა გაუკეთებია. ამიტომ, ეს არის სოლიდარობა, მადლიერების გამოხატულება და მადლიერება ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგას. ეს არ უნდა დავივიწყოთ. ხოლო, თუ ჩვენ მადლიერების გრძნობას დავივიწყებთ, ეს ძალიან დიდი უმადურობა იქნება.

სასულიერო პირებს კონკრეტულად რატომ არ მოგწონთ დღევანდელი ხელისუფლება? ფერიის მთაზე მომხდარი ამბების, სასულიერო პირთა დევნის, მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებების გარდა, სხვა მიზეზებიცაა?

- ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გვაქვს სჯულის კანონი და ეს სჯულის კანონი არის იმ სწავლებიდან გამომდინარე, რომელი სწავლებაც ჰქონდათ პეტრე მოციქულსა და პავლე მოციქულს. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ყოველი ხელისუფლება არის ორნაირი: ღვთისგან მოვლინებული და ღვთის დაშვებითაც მოსული, ეს უკანასკნელი არის ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ, ცოდვა სინანულზე მეტი არ არის და, თუ ჩვენ გვექნება სინანული, მხოლოდ სინანულით შეიძლება ჩვენი ერის გამოსწორება და ახალი ერის დაწყება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ეკლესიაში თითქოს დადიან, ანთებენ სანთელს...

- ძალიან გთხოვთ, ამის თაობაზე, თუ მე რა მიმაჩნია, ამას ვერ ვიტყვი. მე არ ვიქნები ადვოკატი, მაგრამ, თუ ჩვენს საზოგადოებას შემორჩა გონიერება, უნდა დაინახონ კიდეც, საქმე როგორ მიდის. საქმეები ღაღადებენ ამ ადამიანების შესახებ.

ასე აშკარად რომ საუბრობთ, ვინმესგან პრობლემებს ხომ არ წააწყდებით?

- რას ნიშნავს ზეწოლა? არ ვთქვა სიმართლე? ერთ რამეს გეტყვით, მე ვარ სასულიერო პირი და, თუ სასულიერო პირს არ სწამს სულის უკვდავების, ის სიმართლეს ვერ იტყვის. რისი უნდა გვეშინოდეს? სიკვდილის? სიკვდილი არ არსებობს. მე ასე ვფიქრობ, მრევლმა მხოლოდ ეს უნდა ისწავლოს ეკლესიისგან. ქრისტე რატომ მოვიდა? რომ სიკვდილი დაეთრგუნა. თუ ჩვენ გვეშინია სიკვდილის, მაშინ დავიფაროთ ქუდები და წავიდეთ სახლში და მაშინ ეკლესიაშიც აღარ მივიდეთ.