სააკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით ცრუობს

სააკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით ცრუობს

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ჩართვამდე არის გადაღებული. ვიდეო-ჩანაწერში თავიდან ჩანს, როგორ დგას ვანო მერაბიშვილი კამერის წინ, შემდეგ იგი კადრიდან გადის და ჩნდება მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მერაბიშვილს ეუბნება, რომ ევროპარლამენტში ქართული ოპოზიცია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

„იმათ დედა უტირეს სტრასბურგში, ხომ არ ვაპირებდით დებატებს და ძალით გაათრიეს, შეასკდა ყველა, დედა აგინეს, „იმენა“ ბოლომდე შეჯდა ყველა“, - ეუბნება სააკაშვილი მერაბიშვილს და ჩანაწერიც ამით სრულდება.

ამ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ საქართველოში დაიწყეს მსჯელობა, როგორ გაბედეს „რუსთავი2“-ს ჟურნალისტებმა მისი გავრცელება, რომ მათ მოდულის შენობაში ცუდი დღე დაადგებათ და ა.შ. მაგრამ უკვე ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის მორიგი ძალიან ჭკვიანური პიარ-სვლა იყო და ჩანაწერი სულაც არ „გაპარვიათ“.

საქმე იმაშია, რომ ქართულ მედიაში გავრცელდა ევროპარლამენტის წევრების კომენტარები, სადაც ისინი საქართველოზე საუბრობენ, როგორც დემოკრატიულ, წარმატებული რეფორმების გამტარებელ სახელმწიფოზე. ასევე ევროპელი პარლამენტარები საქართველოში რუსეთის შესაძლო ინტერვენციაზე ამახვილებენ ყურადღებას და სამ ფაქტორს ასახელებენ. მათი აზრით, რუსეთი კავკასიაში ომის განახლებას შეეცდება და სიტუაციის დესტაბილიზაცია არჩევნების პერიოდშია მოსალოდნელი.

„არსებობს სამი ფაქტორი იმისა, რომ საქართველოში უცხო ქვეყნიდან სისხლიანი ინტერვენცია და სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდეს. პირველი-რუსული ფულის დიდი რაოდენობით ჩადება, რათა შემოიკრიბონ ღარიბი ხალხი და კორუმპირებული პოლიტიკოსები. მეორე-საქართველოს საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნების ჩატარება არჩევნების პერიოდში. ასევე ქუჩის აქციები“, - აცხადებს ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვიტაუტას ლადნსბერგისი. ერთ-ერთმა დეპუტატმა კი ქართულ ოპოზიციას უთხრა, რომ ოლიგარქების პოლიტიკაში ყოფნა კარგად არასოდეს სრულდება.

ხელისუფლება აქტიურ პროპაგანდას უწევს ევროპარლამენტარების ამგვარ გამოთქმებს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს (რომელთა აქტიურობის შედეგიც არის ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დებატები), ევროპარლამენტში სულ „კუდით ქვა ასროლინეს“.

შეგახსენებთ, კოალიციიდან ევროპარლამენტში წასულები არიან რესპუბლიკელები თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი და თავისუფალი დემოკრატებიდან ალექსი პეტრიაშვილი.

ამ ყველაფრის ფონზე თინა ხიდაშელმა თავის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა თავისი პოზიცია და ამ დებატებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ხიდაშელი ხაზს უსვამს თავად დებატების მნიშვნელობას და წერს - „თავად დებატები რომ შედგა ეს უკვე დიდი წარმატებაა, იმიტომ, რომ საქართველო დღის წესრიგში დაბრუნდა და კიდევ ერთხელ შესაძლებლობა გაჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის ყურადღების მიქცევის. მიშა და მისი კომპანია ამ დებატებს საშინლად ეწინააღმდეგებოდნენ გასულ კვირას, ბევრი იბრძოლეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ეს საკითხი მაინც შეიტანეს დღის წესრიგში. ამას პრინციში ის აღიარებს კიდეც იმ კადრებში“.

ხიდაშელის განმარტებით, დებატები ჩვეულებრივად წარიმართა, დეპუტატების ნაწილი იყო ნეიტრალური, ნაწილი ამბობდა, რომ ივანიშვილს წილი აქვს „გაზპრომში“ და „ქართულ ოცნებაში“ ნაცისტური აზრები აქვთ, მაგრამ უმრავლესობამ თქვა, რომ ქვეყენაში, რომელსაც ჩვენთან ინტეგრაცია უნდა, არ შეიძლება ის ხდებოდეს, რაც საქართველოში ხდებაო.

ვინაიდან „ქართული ოცნების“ დელეგაციასთან სტრასბურგში დაკავშირება ვერ მოხერხდა, for.ge გთავაზობთ ინტერვიუს „თავისუფალი დემოკრატების“ საერთაშორისო მდივან, დიპლომატ დავით ზალკალიანთან, რომელმაც ევროპარლამენტში გამართულ დებატებს პირდაპირ ეთერში მთლიანად უყურა და შესაბამისად, შეუძლია ქართულ საზოგადოებას აუხნას, მართლაც „დედა უტირეს“ თუ არა კოალიციის წევრებს ევროპარლამენტში.

დავით ზალკალიანი: „ეს დებატები ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში გაიმართა. დებატები ინიცირებული იყო ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მიერ. ეს გახლავთ ევროპის ერთ-ერთი მსხვილი გაერთიანება, რომლის წევრიც საქართველოდან არის „რესპუბლიკური პარტია“, ხოლო ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ მასში გაწევრიანების გზაზე მყოფი პარტია ვართ და ნოემბერში ამ ალიანსში გავწევრიანდებით.

ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს დებატები არ შემდგარიყო. ამისთვის ყველა ბერკეტი იყო ამოქმედებული, მათ შორის ევროპის ქვეყნებში ჩვენი საელჩოები, ასევე სტრასბურგში ჩვენი წარმომადგენლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ეს მაინც ვერ შეძლეს.

დებატები 4 ივლისს გაიმართა და დაახლოებით 40-45 წუთს გაგრძელდა. მთავარი მომხსენებელი იყო ბერძენი დეპუტატი მავროიანისი, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით 10 წუთიანი მოხსენება გააკეთა. მისი მოხსენება ძალიან დაბალანსებული და ობიექტური იყო. მავროიანისი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან მიმართებაში არსებობს, ისაუბრა მედიაში არსებულ სირთულეებზე, პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლის შესახებ. ამასთანავე ბერძენმა დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, წინასაარჩევნო გარემო გაათანაბროს. გარდა ამისა, მთავარი მომხსენებელი შეეხო იმასაც, რომ ზუსტად ამ წინასაარჩევნო გარემოზე და ქვეყანაში თანასწორი პირობების შექმნაზე იყო საუბარი სააკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს, როდესაც იგი კეტრინ ეშტონს და ევროკომისიის წევრ შტეფან ფულეს შეხვდა. მავროიანისის განცხადებით, ევროკომისიის მხრიდან ამ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.

გარდა ამისა, მთავარმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ახალი ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ყურადღებით ადევნებენ თვალს. მავროიანისის გამოსვლის შემდეგ უკვე დებატები გაიმართა.

რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამ დებატებში?

- თუ არ ვცდები, დებატებში ევროპარლამენტის 12-მდე წევრმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ხუთი დეპუტატი იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი. შეგახსენებთ, ეს არის ის გაერთიანება, რომლის წევრიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლების მოხსენებები საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი პოზიციით გამოირჩეოდა. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს რუსეთიდან ელოდება საფრთხე, რომ ოქტომბრის არჩევნების პარალელურად საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან რუსეთის სამხედრო წვრთნები ტარდება და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონელი დეპუტატი, რომელიც ძალიან აქტიურობდა, ასევე „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია და თბილისში სტუმრობის დროს იგი სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სწორედ ეს ადამიანი აცხადებდა, რომ რუსული სამხედრო წვრთნები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ არის მიმართული. ამდენად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი განცხადებები სწორედ ამ ხუთ დეპუტატს ეკუთვნოდა, რომლებიც „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან. ჩვენდა სამწუხაროდ, მათ შორის იყო ასევე ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი, ვიტაუტას ლანდსგებრგისი.

დანარჩენი დეპუტატების გამოსვლა (მაგალითად რუმინელი, „ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან“, ასევე ესტონელი „ევროპის ლიბერალ-დამოკრატიული პარტიიდან“ და კიდევ 4 თუ 5 დეპუტატის) იყო დაბალანსებული და ობიექტური. კერძოდ, საუბარი იყო მეტად დამძიმებულ მედიაგარემოზე, ანუ იმაზე, რომ საქართველოში დამოუკიდებელ ტელეახრზებს სატელიტზე გასვლის საშუალება არ ეძლევათ. საუბარი იყო ე.წ. must carry-ს პრინციპზე, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე და ა.შ.

გამოდის, რომ ევროპარლამენტის წევრები საკმაოდ ობიექტურ ინფორმაციას ფლობენ საქართველოსთან დაკავშირებით?

- დიახ, მაგალითად ავსტრიელმა დეპუტატმა „ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან“ ისიც კი იკითხა, - რატომ არის დანაშაული მდიდარი ადამიანის პოლიტიკაში ჩართვაო. მან ეს იმის საპასუხოდ თქვა, რომ ერთ-ერთმა წინა გამომსვლელმა ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამდენად, ეს იყო ჩვეულებრივი დებატები „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

აქვე ვიტყვი, რომ ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც ქართულ მედიაში გაიპარა, თუ გააპარეს და სადაც სააკაშვილი ამ დებატებზე საუბრობს (არ გავიმეორებ მის ნათქვამ სიტყვებს), ეს არის სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობა, რადგან იქ ქართული ოპოზიციის კრიტიკას ადგილი არ ჰქონია. ევროპარლამენტში იყო ჩვეულებრივი დებატები „ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ და „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებს შორის.

გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დელეგაციის წევრები (თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი და ალექსი პეტრიაშვილი) ევროპარლამენტის ყველა ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს იმაზე, თუ რა პრობლემები არსებობს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან მიმართებაში. უნდა ითქვას, რომ ევროპაში ყველა, არა მხოლოდ ევროპარლამენტის წევრები, არამედ ევროკავშირის ხელმძღვანელობაც, მათ შორის ევროკომისარი ფულე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და რომლის რეკომენდაციებიც საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოზიციას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ყველა დეტალურად არის ინფორმირებული.

ორი-სამი დღის წინ ფულემ საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა განცხადება, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ტესტი იქნება და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მნიშვენლოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, საქართველოს ხელისუფლება რამდენად დემოკრატიულად და ტრანსპარენტულად ჩაატარებს ამ არჩევნებს.

და ბოლოს, ბატონო დავით, რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტში საქართველოს წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა?

- თავად ის ფაქტი, რომ ეს დებატები შედგა, იმის მანიშნებელია, რამდენად ყურადღების ცენტრშია ევროპისთვის საქართველოს მომავალი არჩევნები. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ საქართველოს საკითხზე ერთი თვის წინ ევროპარლამენტში უკვე იმსჯელეს და ისინი ამბობდნენ, რაღა საჭირო იყო ახლა ამ დებატების გამართვაო. მათ არ სურდათ, რომ ეს დებატები გამართულიყო მაშინ, როდესაც ჩვენი და „ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ინიციატივით ეს საკითხები კიდევ ერთხელ გახდა მსჯელობის საგანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მხარდამჭერი „ევროპის სახალხო პარტიის“ სურვილია, რომ საქართველოში არსებული პრობლემების წარმოჩენა არ მოხდეს. ხოლო „ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას“ და მის მომხრეებს სურთ, რომ ევროპამ დაინახოს რეალური სურათი იმისა, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ, რათა ევროპაში და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიდეს იმაზე, თუ რა სიტუაციაა საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.