ბაჩო ახალაია - სააკაშვილის ლუკა ბრაზი

ბაჩო ახალაია - სააკაშვილის ლუკა ბრაზი

საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ახალი მინისტრთა კაბინეტის კონფიგურაცია ასეთია - ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად, ბაჩო ახალაია - შინაგან საქმეთა მინისტრად, დიმიტრი შაშკინი - თავდაცვის მინისტრად, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად - დალი ხომერიკი, ხოლო განათლების მინისტრად - ხატია დეკანოიძე.

მინისტრების ვინაობა, პარლამენტის მიერ მთავრობის ახალ შემადგენლობის დამტკიცებამდე სამი დღით ადრე იყო ცნობილი. ამდენად, თავდაცვის სამინისტროში უკვე იცოდნენ, რომ მათი ახალი ხელმძღვანელი შაშკინი იქნებოდა და სამხედროები ამით კმაყოფილებიც იყვნენ. განსხვავებული სიტუაციაა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ბაჩო ახალაიას მისვლა სულ არ გახარებიათ.

შეგახსენებთ, როდესაც 2009 წლის აგვისტოში ახალაია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მაშინ სააკაშვილს ამ უწყებაში ნდობის პრობლემა ჰქონდა. აგვისტოს ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში სერიოზული უკმაყოფილება იყო ქვეყნის ხელისუფლების მიმართ და სააკაშვილს იქ თავისი გავლენის გაზრდა და უწყებაზე კონტროლის დამყარება სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ თავდაცვის მინისტრად ახალაია დაინიშნა, რომელმაც სამინისტროში „წესრიგი“ დაამყარა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე ოფიცერი დაითხოვეს, რომლებსაც სერიოზული კვალიფიკაცია და გამოცდილება ჰქონდათ და ძირითადად ახალბედა სამხედროები დატოვეს, რომელთა კონტროლი ახალაიას უფრო გაუადვილდებოდა.

გარდა ამისა, იმ პერიოდში სამხედროები ახალაიას მიერ სამინისტროს პოლიციური მეთოდებით მართვაზე ალაპარაკდნენ, რაც მოსმენებს, კაბინეტებში ე.წ. „ჟუჩოკების“ დამონტაჟებას  და სხვა ამგვარ ღონისძიებებს მოიცავდა. მართლაც, თავდაცვის სამინისტრო „არასანდო“ კადრებისაგან გაიწმინდა, საზოგადოებისთვის მაქსიმალურად დაიკეტა და სააკაშვილის მორჩილიც გახდა. ამგვარად ახლა, ალბათ, აღარც მუხროვანის ამბოხის მსგავსი მოვლენების უნდა ეშინოდეს პრეზიდენტს და არც რაიმე სახის დაუმორჩილებლობის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთული მისახვედრი არ არის, რატომ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაია. იგი, როგორც საქართველოში ხშირად აღნიშნავენ, ყველაფრის მკადრებელი და ყველა ბრძანების უსიტყვო შემსრულებელია. მისი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უწყებას ვანო მერაბიშვილის კადრები ტოვებენ. სამინისტროდან ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი წავიდა და მან ეს ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებთანაც დაადასტურა, თუმცა თავისი მომავალი სამუშაო ადგილი არ გაამჟღავნა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თანამდებობები მინისტრის მოადგილე ამირან მესხელმა და სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმაც დატოვონ. ამასთანავე, კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ რამდენიმე დეპარტამენტის უფროსმა სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადება დაწერა. სამინისტროში ჯერ არ აკონკრეტებენ, ვინ დატოვებს თანადებობას და ვინ შეინარჩუნებს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, პირველის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვანო მერაბიშვილის კადრები მოდიან. ხოლო მეორე ვერსიით, პროფესიონალებს, რომლებიც სამინისტროში მუშაობენ და ვისაც ღირსება ცოტათი მაინც შერჩათ, ბაჩო ახალაიასთან თანამშრომლობა არ სურთ. არსებობს მესამე ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ეს ყველაფერი ოპოზიციის თვალის ასახვევად და მის მოსადუნებლად კეთდება, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ხელისუფლების რღვევის პროცესი იწყება.

რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები აღნიშნულ საკთხთან დაკავშირებით, ამ კითხვით რამდენიმე მათგანს მივმართეთ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამ საკადრო გადაადგილებებით შსს-ში ვანო მერაბიშვილის პოზიციების შესუსტება მიმდინარეობს.

„შესაძლოა ამით მერაბიშვილისთვის ამ რეპრესიული აპარატის ჩამორთმევა თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალაუფლების გადანაწილება მიმდინარეობს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რგოლი რეალურად იცვლება. საქართველო პოლიციური სახელმწიფოა და თუ მერაბიშვილს ეს ძალაუფლება მართლაც წაართვეს, ის თავის ვაუჩერები შეუძლია ერთ ადგილას გაიკრას“, - აცხადებს კახა კუკავა for.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება ამ პროცესებში ბაჩო ახალაიას როლს, კახა კუკავა საქართველოში მიმდინარე პროცესებს სიცილიურ მაფიის ქმედებებს ადარებს.

„გინახავთ, ალბათ, ფილმები სიცილიურ მაფიაზე, როგორ არის მაფიოზური კლანები მოწყობილი. იქ არის კონსოლიერი, რომელიც მაფიის ბოსს რჩევებს აძლევს და რაღაც ქაღალდების საკითხებს განაგებს, და არიან ე.წ. „კაპოები“, რომლებიც ჩვეულებრივი მკვლელები არიან და მათი ძალაუფლება მხოლოდ ამით განისაზღვრება. კონსოლიერი კი დგას მაღლა, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ „კაპოებს“ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ადამიანი გაანადგურონ. საქართველოს ხელისუფლებაშიც დღეს არის მაფიოზური სტრუქტურა. ვანო მერაბიშვილი სააკაშვილმა გადაიყვანა კონსოლიერად და მას პოლიტიკური საკითხების პირდაპირ გადაწყვეტა დაევალება, მაგრამ იმ რგოლში, ვისაც ადამიანების მოკლვა შეუძლია (შინაგან საქმეთა სამინიტროს სპეც-სამსახურები), სააკაშვილმა „კაპოებად“ თავისი ლუკა ბრაზი და ამგვარი პირები გაამწესა. ახალაიას ეს ფუნქცია აქვს, მას არ აქვს დიდი პოლიტიკური ძალაუფლება. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს მას არც კი ეძახიან“, - ამბობს კუკავა.

მისი თქმით, როდესაც სააკაშვილს ვინმე მოშორება დასჭირდება, ამას ახალაიას დაავალებს და არა მერაბიშვილს და კუკავა ფიქრობს, რომ სააკაშვილი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, როდესაც ამგავრ დავალებებს ახალაიას აძლევს და არა ვინმე სხვას.

აქვე კახა კუკავა აცხადებს, რომ გამდიდრების შემდეგ ადამიანების ამბიციები იკლებს. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდა, შემდეგ კი მილიარდერი გახდა, თუ ადრე იგი მიტინგების დარბევის და ადამიანების მოკვლის შესახებ ბრძანებებს უპრობლემოდ ასრულებდა, დღეს ის მილიარდერია და მის სტატუსთან ეს ყველაფერი შეუთავსებელია. ახალაიები, კი რომლებსაც ეს ყველაფერი მისაღწევი აქვთ, ამგვარ დავალებებს უპრობლემოდ ასრულებენ.    

„ასე ვთქვათ, ვანო არის გამძღარი და აღარ აქვს მოტივები, რომ ახალი დანაშაულები ჩაიდინოს. მისი მოტივაცია მხოლოდ ის არის, რომ ის კაპიტალი, რაც დაგროვილი აქვს, გადაარჩინოს და ქვეყნიდან გაიტანოს“, - აღნიშნავს კუკავა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამინისტროდან თანამშრომლების წამოსვლა იმაზე მიუთითებს, რომ ერთგულების ეჭვი არა მხოლოდ მერაბიშვილის მიმართ, არამედ მთლიანი სისტემის მიმართ არსებობდა.

„გახსოვთ ალბათ, ანალოგიური ეჭვი თავდაცვის სამინისტროს მთლიანი სისტემის მიმართაც არსებობდა, როცა იქ ახალაია მიუშვეს. მაშინ იქაც კადრების ცვლა დაიწყო და ალბათ, იგივე პროცედურაა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - აცხადებს ექსპერტი.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მიმდინარე პროცესები კიდევ ერთი დასტურია გავრცელებული მოსაზრებისა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალაიების კლანი მერაბიშვილს არ ემორჩილება. ცაგარეიშვილი ხელისუფლებაში კლანურ დაპირისპირებასა და ძალთა გადანაწილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალაიები უშაულოდ ვანო მერაბიშვილს არც არასოდეს ემორჩილებოდნენ.

„ახალაიები მხოლოდ ერთ ადამიანს ემორჩილებიან და არიან მის წინაშე ანგარიშვალდებულები და ეს ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ახალაიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლამ კადრების დენადობა გამოიწვია. წარმოუდგენელია მერაბიშვილის ერთგულმა ხალხმა ახალაიასთან ერთად მოძოვოს“, - ამბობს გია ცაგარეიშვილი.

მისი აზრით, მერაბიშვილი ამ ადამიანებს სხვადასხვა სტრუქტურებში გადაანაწილებს, ახალაია კი შეეცდება შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისი ერთგული კადრები მოიყვანოს და იქიდან მერაბიშვილის კადრებს „ფეხი ამოუკვეთოს“.

„ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია ვანო მერაბიშვილისთვის. ყველას გვახსოვს მეგის ქარდავა (ზონდერ-ბრიგადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი), ასევე სხვა ადამიანები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოში მუშაობდნენ, რომლებმაც დაახლოებით ერთი წლის წინ სახლიდან გაიტაცეს და ცემაში მოკლეს სამხედრო ძალების ვეტერანი სერგო თეთრაძე. ასეთი ადამიანები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში გადაბარგდებიან. რა თქმა უნდა, ეს მაქსიმალურად შენიღბული იქნება, რათა ამ პროცესმა კლანებს შორის დაპირისპირების სახე არ მიიღოს, მაგრამ ეს ასე მოხდება“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, კლანებს შორის დაპირისპირება სულ უფრო გამწვავდება. დეპუტატი ამბობს, რომ ერთია თავდაცვის მინისტრი ახალაია და მეორეა შინაგან საქმეთა მინისტრი ახალაია, რომელსაც არჩევნების ჩატარება დაევალა. ცაგარეიშვილის თქმით, ბაჩო ახალაიას ხელისუფლებისგან სრული კარტ-ბლანში აქვს მინიჭებული.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, საარჩევნო კამპანიას აგრძელებს და კოალიციის წარმომადგენლებისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს, ვინ სად დაინიშნება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების დინებას, მანანა კობახიძე აღნიშნავს, რომ როდესაც ინიშნება ახალი მინისტრი, როგორც წესი, ის ძველს კადრებს სამსახურიდან ანთავისუფლებს.

„ამ ხელისუფლებაში ყოველთვის ასე ხდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სავარაუდოდ თვლიან, რომ ახალაიას მაინც თავისი კადრები ეყოლება და სამსახურის დატოვება მაინც მოუწევთ. ამიტომ, თავისი ნებით წერენ განცხადებებს წამოსვლასთან დაკავშირებით. მეორე ვერსიაც არსებობს, რომ მათ ახალაიასთან მუშაობა არ შეუძლიათ. რა თქმა უნდა, დანამდვილებით ვერ გეტყვით, ამ ადამიანებს ვინმე კარნახობს განცხადებების დაწერას, თუ ისინი ამას თავისი სურვილით აკეთებენ. ფაქტია, რომ რაღაც გადაადგილებები ხდება, მაგრამ ეს ჩვენ არც გვაინტერესებს, არც გვაღელვებს, რადგან მორიგ კარუსელს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება მთლიანად უნდა შეიცვალოს, ეს მოხდება ოქტომბერში და ამას „ქართული ოცნება“ გააკეთებს“, - ამბობს კობახიძე.