ორნი ერთ ნავში

ორნი ერთ ნავში

მთავრობის ახალი შემადგენლობა დასახელებულია - პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, თავდაცვის მინისტრი - დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრი - ხატია დეკანოიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - დალი ხომერიკი და დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე.

საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს განსხვავებულად აფასებენ პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები. ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი გაფორმდა. მერაბიშვილი ძალოვანებს ჩამოაცილეს, პრემიერ-მინისტრის პოსტი გააძლიერეს.
იმაზე, რომ გადანაცვლებები ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირდება, ყველა თანხმდება. ისიც ცხადია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო საჭირო გახდა ძლიერი მენეჯერი, რომელიც მობილიზაციას გაუწევს ყველა სტრუქტურას და მაქსიმალურად გააკონტროლებს ყველაფერს.

სამთავრობო ცვლილებებზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სამთავრობო ცვლილებები განახორციელა, სხვადსასხვა ვერსიებს ვისმენთ ვანო მერაბიშვილის სავარაუდო შესუსტებაზე თუ გაძლიერებაზე, თქვენი შეფასებით რა მოხდა?

- ვთვლი, რომ ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც თავისთავად უკავშირდება 2012 წლის არჩევნების შედეგებს. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას და მთელ საჯარო სექტორს უყურებს როგორც თავის საკუთრებას, ამაზე არა მხოლოდ მე, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღნიშნეს საკუთარ დასკვნებში – ნათქვამია, რომ არ არის არანაირი გამიჯვნა პარტიასა და საჯარო სექტორს შორის.

2003 წელს ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივანი იყო და ყველა „ნაციონალი“ პირად საუბრებში აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილივით ძლიერი გენერალური მდივანი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყოლია. ვინაიდან საკუთარ პარტიასავით უყურებენ მთელ მთავრობას, ჩათვალეს, რომ პრემიერ-მინისტრი არის პარტიის გენერალური მდივანი და დანიშნეს ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად, რაც რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება.

პირველი – გააძლიერეს მისი პოზიციები კონტროლის თვალსაზრისით. შეიძლება, ოპონენტებმა თქვან, რომ ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის რანგშიც აკონტროლებდა მთავრობას, მაგრამ ერთია, როდესაც შს სამინისტროს რანგში აკონტროლებ მთავრობას, ვიზუალურად აკვირდები და თუნდაც ტელეფონით უსმენ, ხოლო მეორეა, როცა ხელმძღვანელიობ ამ მთავრობას, ყოველდღიურ კონტაქტში ხარ მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან.

მეორე – ამ ეტაპზე სჭირდებოდათ ერთი ადამიანი, რომელიც იქნებოდა ყველა საჯარო მოხელის და მთელი ადმინისტრაციული რესურსების კოორდინატორი და გადაწყვეტილების მიმღები პირი. მეორეს მხრივ, თვითონ ვანო მერაბიშვილი ძალიან პოპულარულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე – „ნაციონალურ მოძრაობაში“, და იმ ხალხშიც კი, რომლებიც შესაძლოა, პიროვნულად „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ ვანო მერაბიშვილი მათ სიმპათიებს მაინც იმსახურებდა.

კიდევ ერთი მომენტი. ვინაიდან მის სახელს უკავშირდებოდა ის რეფორმა, რომელიც გატარდა შს სამინისტროში და ოპონენტებიც კი ადასტურებდნენ, რომ ვანო მერაბიშვილმა შეძლო და გაატარა კარგი რეფორმა შსს-ში, ასოციაცია იქნება ის, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში, იმ პროგრამიდან გამომდინარე, რა პროგრამაც მან წარადგინა, მერაბიშვილი შეძლებს და დაამარცხებს უმუშევრობას და გააუმჯობესებს სოციალურ პოლიტიკას საქართველოში.

როდესაც საუბარი იყო მერაბიშვილის გაპრემიერებაზე, გამოითქვა მოსაზრება, რომ უფრო აწყობდათ მერაბიშვილის სავარძლის გათავისუფლება, ვიდრე მისი დაწინაურება. ნიშნავს თუ არა ახალაიას დანიშვნა შს მინისტრად, რომ მერაბიშვილს ხელიდან გამოაცალეს ძალოვანების კონტროლი?

- ასეთი ტიპის დასკვნა შეიძლება გააკეთოს მხოლოდ ისეთმა ადამიანმა, რომელმაც კარგად არ იცის, ის პროცესები, რაც ხდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მხოლოდ გარედან უყურებს პროცესებს.

ჯერ ერთი, გავიხსენოთ, საიდან მოდიან ახალაიები. 2003 წელს, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო პარტიის გენერალური მდივანი, ორივე ძმა ახალაიები მასთან იყო.

მეორე, 2003 წლის შემდე, როდესაც ვანო მერაბიშვილი გახდა შს მინისტრი, ყველაზე მთავარი დეპარტამენტი, რომელსაც მთელი შს სამინისტრო და სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ეყრდნობა, ეს არის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ჩააბარეს დათა ახალაიას და აქამდე ხელმძღვანელობდა ამ დეპარტამენტს, რომელიც სხვათა შორის, პასუხისმგებელია იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს, ქვეყანაში – პოლიტიკურ რეპრესიებზე და ა.შ.

მათ კარგი ურთიერთობა რომ აქვთ – ეს ერთი საკითხია, და მეორე - საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი მინისტრი გამოირჩევა საქართველოში იმითი, რომ გავლენა აქვთ სხვა სამინისტროებზე – მერაბიშვილი და ადეიშვილი. ცნობილია, რომ ადეიშვილი აკონტროლებდა ერთ ბლოკს თავისი სასამართლოთი, ხოლო ვანო მერაბიშვილი მეორე ბლოკს.

როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, რომელიმე ბლოკის კურატორად, მიუხედავად იმისა, რომ ბაჩო ახალაია იყო თავდაცვის მინისტრი, არ გაგვიგია. გამოდის, რომ მერაბიშვილის გავლენა, უფრო მაღალი იყო.

თუ ვიმსჯელებთ, რომ ამბობენ, კონსტიტუციურად პრემიერ-მინისტრი სუსტი ფიურაა და არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნიაო, კონსტიტუიციაში სხვათა შორის, არც ის ეწერა, რომ შს მინისტრს აქვს უფლება, აკონტროლოს ნახევარი სამთავრობო ბლოკი. არც ის წერია, რომ იუსტიციის მინისტრს აქვს უფლება, აკონტროლოს მშენებლობები და სხვადასხვა სამთავრობო ბლოკები და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს საგადასახადო თანხების შეგროვებაზე და სასამართლოს საქმიანობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის გადახედვა საკონსტიტუციო ჭრილში, ცოტა რთულია, ვინაიდან ყოველთვის ასე არ ხდება ხოლმე, რომ ისინი კონსტიტუციით მოქმედებენ. კონსტიტუციაში არსად არ წერია, რომ შს მინისტრი პასუხისმგებელია ენერგოსექტორზე. არც კანონში პროკურატურის შესახებ არ წერია, რომ მთავარი პროკუტარურა პასუხისმებელია სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა და ასე მოხდება მერაბიშვილის პრემიერობის პირობებშიც.

გილაური თუ იყო სუსტი პრემიერ-მინისტრი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ ფიგურა იყო პოლიტიკურად სუსტი. ძალიან მალე ნახავთ, როგორი ძლიერი იქნება პრემიერ-მინისტრის ფუნქცია ვანო მერაბიშვილის ხელში.

გაიხსენეთ, სანამ გიგა ბოკერია დაინიშნებოდა უშიშროების საბჭოს მდივნად, რამდენად სუსტი იყო უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციები თუნდაც კანონმდებლობით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოკერიაა, რთულია გაიხსენო უშიშროების საბჭოს რომელიმე მდივანი, რომელიც ამ მთავრობაში ბოკერიამდე გამოირჩეოდა და გაიხსენეთ, ბოკერიას შემდეგ როგორ მოხდა იგივე უშიშროების საბჭოს ფუნქციების გაძლიერება. ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც.

სხვათა შორის, საქართველოში, ვინაიდან არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მყარად მხოლოდ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარლებში მოქმედებს, მთავრობა კი არ ქმნის ადამიანის სიძლიერეს, არამედ, თვითონ ფიგურა ქმნის თანამდებობის სიძლიერეს. გაიხსენეთ, როგორი გუბერნატორი იყო ოქრუაშვილი, ასეთი სიძლიერის ყოფილა რომელიმე გუბერნატორი? ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ პიროვნება ქმნის თანამდებობის ფუნქციას.

იქიდან გამომდინარე, რომ ძალოვანი სტრუქტურები მიხეილ სააკაშვილს ემორჩილება და არა პრემიერ-მინისტრს, ხომ არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილის გავლენა ისეთი ფართო აღარ იქნება?

- თქვენ გამოდიხართ იმ პოზიციიდან, რომ მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს აქვთ სხვადასხვა ამოცანა. ვანო და მიშა ერთ გუნდში არიან და ერთ საქმეს ემსახურებიან და ეს დანიშვნაც მხოლოდ ერთ შედეგს ემსახურება, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. ასეთ შემთხვევაში უკვე პრობლემა აღარ არის, ვის ექვემდებარება ბაჩო ახალაია.

ბაჩო ახალაიას, და არა შაშკინის, დანიშვნა შს მინისტრად, განპირობებული იყო იმით, რომ ბაჩო ახალაია, იმის გამო, რომ მისი ძმა წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ უსერიოზულეს დეპარტამენტს შს სამინისტროში, ძალიან კარგად არის ცნობილი შს სამინისტროს ელიტისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ, ისიც კარგად იცნობს და პირადი კონტაქტები აქვს. ასე რომ, ინტეგრაცია ამ სისტემაში და ამ საზოგადოებაში მას არ გაუჭირდება, ისე, როგორც შაშკინს, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა შეხება პირდაპირი და პირადი კონტაქტების დონეზე შს სამინისტროს თანამშრომლებთან. მას მოუწევდა ჯერ გაცნობა, შემდეგ კონტაქტში შესვლა, რისი დროც ახლა არ არის, ვინაიდან არჩევნები ძალიან მალე უნდა იყოს.

მეორე მხრივ, შაშკინი თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა თავდაცვის სამინისტროში, რომ ერთის მხრივ ამერიკელების გული მოიგეს, ვინაიდან შაშკინი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას, კარგად არის ამერიკელებისთვის ცნობილი და მეორეც, იმ თანამდებობებზე მუშაობით სადაც მუშაობდა, სასჯელაღსრულებისა და შემდგომ – განათლების მინისტრად, თავი გამოიჩინა როგორც ერთ-ერთმა ძალზე პრინციპულმა და მკაცრმა ნაციონალმა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჩააბარეს თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ როგორ განვითარდება შემდომში მოვლენები, არ ვიცი.

ის, რომ სააკაშვილი ხელმძღვანელობს ძალოვან სამინისტროებს და ეს ყველაფერი წერია კანონში, თუ ვიმსჯელებთ, რომ დღეს სააკაშვილს და მერაბიშვილს სხვადასხვა გემები აქვთ, მაშინ შეიძლება სხვა ვარაუდებზე ლაპარაკი, მაგრამ მერწმუნეთ, რომ გეგმები აქვთ ერთი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო წლის დაწყებისთანავე გააკეთა რამდენიმე ცვლილება. პირველი – ეს არის მელიქიშვილის გადაყენება პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობიდან. მართალია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახსნეს, რომ თითქოს როტაცია განხორციელდა, მაგრამ თუ ჩახედავთ პარტიის დებულებას, წერია, რომ გენერალურ მდივანს კი არ ნიშნავენ, არამედ ირჩევს ყრილობა. ისინი არ დაელოდნენ ყრილობას და მიხეილ მაჭავარიანი დანიშნეს მოვალეობის შემსრულებლად ყრილობის ჩატარებამდე. ეს ნიშნავდა იმას, რომ აუცილებელი იყო პარტიაში სერიოზული მენეჯერი, რათა ივანიშვილის გამოჩენისთანავე პარტიული სტრუქტურები არ დაშლილიყო. მეორე – როგორც აღვნიშნე, მთავრობას უყურებენ, როგორც დიდ პარტიას, და გენერალურ მდივნად თუ პრემიერ-მინისტრად უკვე დანიშნეს ადამიანი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ყველა უწყების კოორდინაციაზე.

მანამდე ადეიშვილი და მერაბიშვილი ამას ერთად ახერხებდნენ და გადანაწილებული იყო ბლოკები, მაგრამ მაშინ არ იყო საარჩევნო წელი. ახლა, როდესაც არჩევნებამდე დარჩა სულ რამდენიმე თვე, აღარ იყო იმისი დრო, რომ ნახევარ-ნახევარი სფეროები ეკონტროლებინათ და ახლა ერთი ადამიანია დანიშნული, რომელსაც მიშა თავიდან ბოლომდე ენდობა და რომელიც მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად და არ დაელოდება კიდევ ვინმეს, ან რაიმე გადაწყვეტილების შეთანხმებას.

მანამდე, ერთის მხრივ, პრემიერ-მინისტრად გვყავდა ნიკა გილაური, ძალიან სუსტი პოლიტიკური ფიგურა, შეიძლება კარგი ადამიანი, მაგრამ სუსტი ფიგურა, რომელიც ვერ მართავდა მთავრობას. გახსოვთ ალბათ, რომ მის სხდომებზე ზოგიერთი მინისტრი ფეხზეც კი არ დგებოდა ეტიკეტის მიუხედავად და მეორეს მხრივ, გვყავდა ძალიან სუსტი პარლამენტის თავმჯდომარე.

ასეთ შემთხვევაში, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, სააკაშვილი აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას სხვადასხვა ფორმით. ის გადადგება, სიაში იქნება პირველ ნომრად თუ რას მოიმოქმედებს, ამ შემთხვევაში მან უნდა იცოდეს მყარად, რომ ყველა შემთხვევაში, გადადგომის შემთხვევაშიც კი, მას ჰყავს ადამიანი, რომელიც შეუნარჩუნებს ძალაუფლებას იმ ვადით, რა ვადითაც იქნება საჭირო.

სხვათა შორის, თუ ჩახედავთ კონსტიტუციის 76-ე მუხლს, წერია, რომ პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტის ფუნქციას ასრულებს პრემიერ-მინისტრი. არც ეს არის ურიგო ჩანაწერი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“არ გამოადგება.

შს სამინისტროდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი, როდესაც თანამშრომლებს ემშვიდობებოდა, უთხრა, აბა თქვენ იცით, თავი არ შეირცხვინოთ და რამე სისულელე არ ჩაიდინოთო. გაჩნდა ვერსიები, რომ შესაძლოა ახალაიას მთავარი ფუნქცია გახდეს ოპოზიციის დარბევა, რაზეც ვერ დაითანხმეს ვანო მერაბიშვილი. შესაძლებელია თუ არა, რაღაც მსგავსი მომხდარიყო, თანაც მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირველი განცხადებებისას დადებით კონტექსტში ახსენა ვანო მერაბიშვილი, ძალიან ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ შეიძლება მოხდეს რაღაც და მერაბიშვილმა ოპოზიციაში გადაინაცვლოს, როგორ თვლით, რამდენად აქვს ასეთ ვერსიას არსებობის უფლება?

- პირველ რიგში, მოდით ვთქვათ, რომელი დავალება არ შეასრულა მერაბიშვილმა, რომელიც მიიღო სააკაშვილისან და რომელიც ემსახურებოდა პოზიციების შენარჩუნებას. 2007 წელს, 26 მაისს თუ როდის? და როდის განაცხადა უარი და რომელი დავალების შესრულებაზე?

ის, რომ თავის თანამშრომლებს დაემშვიდობა და თქვა, რომ კარგად იყავით და ჭკუით იყავითო, ეს არ ნიშნავს, ოპოზიციაში გადადითო. ეს არის ეტიკეტი და ვანო ძალიან საყვარელი მინისტრი იყო თავისი თანამშრომლებისთვის და მიუხედავად იმისა, ხალხში რამდენად პოპულარული იყო, თავის თანამშრომლებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

გავიხსენოთ ისიც, რომ საარჩევნო წლის დადგომისთანავე, ვანო მერაბიშვილი, მანამდე, ვიდრე ივანიშვილი მას შეაქებდა, გამოჩნდა პოლიტიკურ რეიტინგებში, როგორც ცალკე ფიგურა. აბა გაიხსენეთ – მასზე ცალკე კვლევებიც დაფიქსირდა

თუმცა ნდობის ის მაღალი ხარისხი იყო პატრულის დამსახურება...

- კი ბატონო, მაგრამ თვითონ ვანოს პოპულარიზაციაზეც ხომ იყო საუბარი, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არ იქნება ისე, რაზეც ოპოზიცია აკეთებს აპელირებას. უბრალოდ ვიმსჯელოთ, დავუშვათ, მერაბიშვილი არის ბუნებით ოპოზიციონერი, გაყალბდა არჩევნები და განაცხადა, რომ ის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არ აღიარებს ამ არჩევნებს, რადგან გაყალბდა. რომელია უცხოელებისთვის უფრო დამაჯერებელი და მთავრობისთვის საშიში – პრემიერ-მინისტრის ასეთი განცხადება თუ შს სამინისტროს მიერ ხალხის ცემა-ტყეპა.

ამას ასე არ უნდა შევხედოთ, ვანო მერაბიშვილი ოპოზიციაში რომ გადასულიყო, იმდენ მასალას დავინახავდით სხვადასხვა საიტებზე ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ვანო ჯერ კიდევ მინისტრი იქნებოდა და ისე განთავსდებოდა ეს მასალები.

აქედან გამომდინარე, ეს ჰგავს იმას, როდესაც რაღაც მოვლენა გინდა აღიქვა როგორც შენ გსურს და არა ისე, როგორც სინამდვილეშია. ძალიან მალე ვნახავთ, რომ ეს გადანაცვლება არ ნიშნავს იმას, რომ ვანო მერაბიშვილი შესუსტდა, ამას დაადასტურებს ის მზადყოფნა არჩევნებისთვის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მიმდინარეობს.

აბა გაიხსენეთ, ვანო მერაბიშვილი ცალკე რომ ხვდებოდა სხვადასხვა სეგმენტს დახურულ კარს მიღმა, იქ რაზე საუბრობდა – „ოცნებას“ დაუჭირეთ მხარიო?

რამდენადაც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღწევებზე საუბრობდა...

- იქ რომ ვინმეს განცდა ჰქონოდა, რომ შესაძლოა ვანო მერაბიშვილმა რაიმე პრობლემა შეუქმნას „ნაცმოძრაობას“, ვინმე დაავალებდა, რომ წადი ხალხს შეხვდი და დახურულ კარს მიღმა ისაუბრეო?

როგორია შემდგომი სცენარი – რა მოხდება ამის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“?

- ისეთი არხეინები სულაც არ არიან, როგორც უნდოდათ რომ საზოგადოებას მიეღო, თითქოს ივანიშვილი არც ახსენდებოდათ და ძალიან მშვიდად უყურებდნენ ამას. ამ საკადრო ცვლილებებმა ცხადყო, რომ მთლად ასე არხეინად არ არიან და ემზადებიან და მეორე – ახლა ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უმრავლესობით შევიდნენ პარლამენტში.

ამას სააკაშვილიც ადასტურებს თავის გამოსვლაში, თუ გავიხსენებთ პარლამენტის დებატებს. მან თქვა, მე ვიქნები იმის გარანტი, და გავაკეთებ ყველაფერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს ხელისუფლებაშიო. ამ შემთხვევაში სააკაშვილი ნამდვილად არ იტყუებოდა და ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დარჩეს. მეორეა, რას მოიმოქმედებს ოპოზიცია.

სიმართლე გითხრათ, ბევრად სასარგებლო იქნებოდა, ოპოზიციამ უფრო ადეკვატურად რომ აღიქვას მიმდინარე მოვლენები, არ იყოს ეიფორიაში გადავარდნილი, თითქოს „ნაცმოძრაობაში“ რაღც ხდება და იშლება, არ გადავიდეს რაღაც ვირტუალიზაციაში და მოემზადოს არჩევნებისთვის, რადგან ილუზიები ყოველთვის მცდარია.

რეალურად უნდა შეხედო ყველაფერს – თუ გადმოვიდა შენს მხარეს ხომ კარგია, თუ არა და, ყველაზე ცუდიდან დაიწყე, ანუ რომ გაძლიერდა. 2012 წლის არჩევნები არ იქნება ის რიგითი არჩევნები, რომელებიც აქამდე იყო. ამით მიშა და „ნაციონალური მოძრაობა“ იქმნის თავის მომავალს. ეს უნდა გავითვალისწინოთ.

თუ ოპოზიციამ კრახი განიცადა, ეს ნიშნავს რომ... გახსოვთ ალბათ სამი წლის წინ სააკაშვილმა რომ თქვა, აგერ იაპონიაში 30 წელია მმართველი პარტია არ შეცვლილა და მხოლოდ აყვავდა იაპონიაო, ასეთი იაპონია გვექნება ჩვენც, მხოლოდ – დამახინჯებული ფორმით.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ თუკი ძალიან გაუჭირდა, შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადოს არჩევნების ჩაშლასაც და ამისი საბაბი გახდეს, არეულობა, რომელიც საგანგებო მდგომარეობით დასრულდება. არ გამორიცხავენ საომარ სიტუაციასაც. რამდენად ახლოს შეიძლება იყოს ეს სცენარები რეალობასთან?

- ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადგება და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს მაისში, ბევრი ოპოზიციონერი თარიღსაც აცხადებდა - 5 მაისს. მაშინაც ვამბობდი, რომ ეს ასე არ იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთი მიზანი – რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები რაც შეიძლება, ლეგიტიმურად ჩათვალონ. მას არ აინტერესებს ამ არჩევნებს როგორ აღიქვამს ჩვენი ხალხი – ლეგიტიმურად თუ გაყალბებულად. მას აინტერესებს, ვირტუალურად ისეთი არჩევნები ჩაატაროს, რომ შედეგები უცხოელებისთვის მისაღები იყოს.

ამიტომ, რაღაც საგანგებო მდგომარეობა, საომარი მოქმედებები, რიგგარეშე არჩევნები... – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პრობლემას შეუქმნის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას. ერთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ძალიან გამწარდეს, თუ არჩევნებში ცუდი შედეგი მიიღო და მერე წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე, მაგრამ მანამდე, კენჭისყრის დღემდე, შეეცდება ფარულად ყველანაირი რეპრესია განახორციელოს, ფარული ცემას-ტყეპაც... მაგრამ არა ისე, რომ უცხოელებისთვის ეს შესამჩნევი გახდეს. თუ კენჭისყრის დღეს ხალხი იაქტიურებს და მას მანიპულაციებიც არ უშველის, და ხალხი სერიოზულად მიუდგება შემდეგ ხმების დაცვის პროცედურასაც, მერე უკვე ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები.

რუსი პოლიტოლოგები უკვე აკეთებენ დასკვნებს, რომ თუ სააკაშვილი პუტინის სცენარს გადმოიღებს, მას ეს უფრო ადვილად გამოუვა, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ აქვს ამომრჩევლის ნდობა და ფლობს ადმინისტრაციულ ბერკეტებს. ამ სცენარსაც თუ არ გამოვრიცხავთ, ვინ შეიძლება ვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ნომრად – სააკაშვილი თუ მერაბიშვილი?

- გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილი პირველ ნომრად ვიხილოთ. ისეთი ფიგურები, როგორიც მერაბიშვილია, თანამდებობაზე ორი თვით არ ინიშნებიან და ვფიქრობ, რომ პირველი ნომერი მერაბიშვილი არ იქნება. ის მყარად დაჯდა პრემიერ-მინისტრის სავარძელზე და მისი პრემიერობა თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნების შედეგი იყოს ისეთი, როგორიც უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ბუნებრივია, ეს მიზანი უმრავლესობით მოსვლაა.

პირველ ნომრად ვინ იქნება, ეს ძალიან სერიოზული თემაა. თუ ძალიან გაუჭირდათ, თუ ნახეს, რომ ძალიან ძლიერი ოპონირებაა ოპოზიციის მხრიდან, არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილმა გადადგას ეს ნაბიჯი და გადადგეს. საუბარია იმაზე, თუ რამდენად ჩაჯდება ეს კონსტიტუციაში. ბევრი იურისტი საუბრობს ამაზე, მაგრამ მოდით განვიხილოთ, რამდენჯერ იმოქმედა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონსტიტუციის ფარგლებში.

კრიტიკულ მომენტში მათთვის არც კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და არც არაფერს, და რამენაირად აქედანაც გამონახავენ სამართლებრივ დასაბუთებას. ერთადერთი, რაზე დაყრდნობითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებებს იღებს, ეს არის პოლიტიკური მოტივაცია და არა სამართლებრივი.

თუ ძალიან გაუჭირდათ, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი ვიხილოთ პირველ ნომრად. თუ ნახავენ, რომ ისედაც იგებენ და რეალურად გარანტირებული აქვთ 55 პროცენტი მაინც (ამას ვამბობ, ყველა მანიპულაციით და არა სუფთა არჩევნებით), მაშინ არ არის გამორიცხული, ისეთი ფიგურა იყოს პირველი ნომერი, რომელიც ხალხისთვის არც ისე ცნობილია. აბა, გაიხსენეთ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბაქრაძეს თუ იცნობდა ფართო საზოგადოება.

ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა დოზით მოახდენს ოპონირებას ოპოზიცია. თუ დოზა იქნება ძლიერი და პრესინგი იქნება ძლიერი, ნაციონალური მოძრაობის მხრიდანაც იქნება რაღაც ძლიერი სვლები. თუ არ იქნება ძლიერი პრესინგი, ესენი საკმარისად ჩათვლიან, რომ პრემიერ-მინისტრი ვანოა, შედეგებს დადებენ და დანარჩენს შემდეგ მიხედავენ.