„THE ვანოს შოუ“ - 40-მილიარდიანი ბიუჯეტი და უტოპიური დაპირებები ხალხს

„THE ვანოს შოუ“ - 40-მილიარდიანი ბიუჯეტი და უტოპიური დაპირებები ხალხს

ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილთან შეჯიბრში საერთოდ გარეკა. შსს-ს ექსმინისტირს და ჯერაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვანო მერაბიშვილს არითმეტიკაში ძალიან უჭირს ან კიდევ მიზანმიმართულად ისვრის ჯიბიდან მილიარდებს.

ხელისუფლების უაზრო ბაქიბუქი უკვე მომაბეზრებელი ხდება. თუკი მთავრობაში ვინმეს სოფლის მეურნეობის აღორძინება, პენსიების ზრდა, დაზღვევისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა სურდა, 8 წელიწადი ვანოს გაპრემიერებას ელოდნენ? ანდა მერაბიშვილს თუ ასეთი გრანდიოზული იდეები აწუხებდა, მაინცდამაინც 2012 წელს, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას და საპარლამენტო არჩევნებს რატომ უცდიდა?

ასეა თუ ისე, ხელისუფლება საპროგრამო მიზნებზე ოთხ წელიწადში ბიუჯეტიდან 20 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი პირობას დებს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტი, საშუალოდ, 40 მილიარდი ლარი იქნება. პროგრამაში, რომელსაც ეწოდება - „მეტი სარგებელი ხალხს“ აღნიშნულია, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში პენსიების დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან 6 მილიარდი ლარი დაიხარჯება, ჯანმრთელობის დაზღვევაზე 3 მილიარდი, სოციალურ დახმარებებზე 3 მილიარდი, სოფლის მხარდაჭერის და განათლების დაფინანსების მიზნით 4–4 მილიარდი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიას თქმით, 1000–ლარიანი ვაუჩერების გაცემა 7 მილიარდიანი ბიუჯეტის ფონზე სავსებით რეალისტურია, თუმცა ამით საქართველოს ხელისუფლება პროტექციონიზმს ირჩევს და თავისუფალ ეკონომიკაზე უარს ამბობს. ამ გზით კი  ეკონომიკა ვერ განვითარდება.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობაში 4 წლის განმავლობაში 4 მილიარდი ლარის ჩადებას, რასაც ასევე ითვალისწინებს მთავრობის ახალი პროგრამა, ცომაიას შეფასებით, ეს თანხა საკმარისი არაა, რადგან საქართველო კონკურენციას ვერ გაუწევს იმ ქვეყნებს, სადაც სოფლის მეურნეობა განვითარებულია. ცომაიასთვის ასევე გაურკვეველია, რა სტრატეგიის შედეგად აპირებს ხელისუფლება 4 წლის განმავლობაში 4 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვას.

მთავრობის ახალი გეგმა ოპოზიციასთან შეჯიბრია - ასეთ შეფასებას აკეთებს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მისი თქმით, ის ქვეყნის ახალი პრემიერ–მინისტრისგან უფრო მიზანმიმართულ და გრძელვადიან პროგრამას ელოდა.

შეშელიძის განმარტებით, 1000–ლარიანი ვაუჩერების დარიგებით საქართველოს ხელისუფლება თავისუფალ ეკონომიკაზე უარს ამბობს, ვინაიდან ვაუჩერების დარიგება ფულის ერთი ჯიბიდან ამოღებისა და მეორე ჯიბეში ჩადების პრინციპია.

„მათ, ვისი ჯიბიდანაც ფულს ამოიღებენ, სხვა გზა, გარდა ქვეყნის დატოვებისა, არ ექნებათ“, – აცხადებს შეშელიძე.

მისივე თქმით, 1000–ლარიანი ვაუჩერების დარიგების ნაცვლად, უმჯობესი იყო ხელისუფლებას საშემოსავლო გადასახადი შეემცირებინა.

დაახლოებით იგივე პოზიციას იზიარებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. მისი აზრით, მოსახლეობის შემოსავლების დიდი ნაწილი საკუთარი შრომითი საქმიანობის შედეგად უნდა ფორმირდებოდეს და ადამიანები მთავრობის კეთილ ნებაზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი. გარდა ამისა, სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდა ნიშნავს - ერთი ნაბიჯი წინ და ორი უკან სოციალიზმისკენ.

„სოციალური პროგრამების გაზრდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში არ ჯდება. მოსახლეობას შემოსავლის საკუთარი შრომით მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და შემდეგ თვითონ გადაწყვეტს რაში დახარჯოს ეს ფული. თუ სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდა გაგრძელდება, ქვეყანაში სოციალიზმის ნიშნები გაჩნდება“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მთავრობის ახალი პროგრამას წინასაარჩევნო მანევრად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ახალი მთავრობის ახალი გეგმით ივანიშვილთან ჩამორჩენის ლიკვიდაციას ცდილობს.

„შეიძლება ითქვას ის, რომ ამ წინადადებებს წინასაარჩევნო ელფერი გააჩნია. ხელისუფლებამ საკმაოდ დაგვიანებით, მას შემდეგ რაც გაჩნდა რეალური კონკურენტი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელსაც ძალიან კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა გააჩნია. ხელისუფლება ამ ჩამორჩენის ლიკვიდაციას ცდილობს.

მიუხედავად ამისა, ამ წინადადებებს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი გააჩნია. თუნდაც წინადადება, რომელიც ითვალისწინებს თითოეული მოქალაქისთვის ოთხი წლის განმავლობაში 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას, რაც მას აზრს უკარგავს, რადგან წელიწადში 250 ლარი უკიდურესად გაჭირვებულ საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად ცოტაა.

რაც შეეხება დაზღვევას, ეს გარდაუვალია, ეს არ არის წინასაარჩევნო დაპირება. ჯერ კიდევ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს საყოველათაო დაზღვევის აუცილებლობის შესახებ. უპასუხისმგებლო ხალხის მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა გააკეთეს ის, რომ ქართული მოსახლოება შემოსავლების გარეშე დატოვეს. სანამ ეკონომიკა ამოიქაჩება და უმუშევრობა მოისპობა, ადამიანებისთვის საჭიროა დახმარება, რათა ისინი, უბრალოდ ხელიდან არ გამოგვეცალონ. მე არ ვთვლი ამას პოპულისტურ ნაბიჯად, კარგია რომ ხელისუფლება ბოლოსდაბოლოს დაფიქრდა ამ საკითხზე“, - აცხადებს გიორხელიძე.

რაც შეეხებ დასაქმების სამინისტროს, გიორხელიძეს მიაჩნია, რომ ეს იქნება „უპორტფელო მინისტრი“.

„რა ფუნქცია ექნება ამ სამინისტროს აბსოლუტურად გაუგებარია, ალბათ, გააკეთებს სწორ აღრიცხვას და ხელისუფლებას მიაწვდის სწორ ინფორმაციას უმუშევრობის რეალური და კატასტროფული მასშტაბების შესახებ“, - აღნიშნავს გიორხელიძე.