ფარისეველთა თაყვანისცემა პარლამენტში

ფარისეველთა თაყვანისცემა პარლამენტში

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში შეხვედრები სააკაშვილის სტილში დაიწყო. დარგობრივი ეკონომიკის, ჯანდაცვის და აგრარურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მერაბიშვილმა გამოსვლა იმის მოყოლით დაიწყო, თუ როგორ მივიდა გუშინ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ერთი ადამიანის ოჯახში და როგორ აღმოაჩინა, რომ „მართალია, გარეთ გზებიც გაკეთებულია, შსს-ს ძალიან ლამაზი შენობაც ახლოსაა, სახელმწიფოს მიერ მიღწეული სიკეთეები ამ ოჯახში მაინც არ არის შესული“. 

მართალია, მერაბიშვილს ამაზე საუბრისას სააკაშვილის მსგავსად თვალებზე ცრემლი არ მოსდგომია, მაგრამ მაინც ემოციურად აღნიშნა, რომ „ამ ოჯახის შვილიშვილი, რომელსაც ჩემი შვილის მსგავსად დათუნა ქვია და ეს ძალიან გამეხარდა, დაზღვევას მიიღებს“.

ამის შემდეგ კი მისთვის უჩვეულოდ ბევრი ილაპარაკა იმ სამთავრობო გეგმაზე, რომელიც წერილობითი ფორმით შვიდი გვერდისგან შედგება და ძირითადად, ივანიშვილის დაპირებების კოპირებაა.

ივანიშვილის სამი პრიორიტეტიდან – ჯანდაცვა, დასაქმება და სოფლის მეურნეობის განვითარება, ივანიშვილის მთავრობისთვისაც სამივე მთავარ პრიოროტეტად ნარჩუნდება და სამივეზე მერაბიშვილმა დაწვრილებით ილაპარაკა. აქედან ყველაზე უპრობლემო კი სოფლის მეურნეობის აღორძინება მიაჩნია.

„ამას რა უნდა, ყველაზე ადვილი მისახედი ეს არის“, - ამბობს მერაბიშვილი და პირობას დებს, რომ ოთხ წელში სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაორმაგდება.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ერთად-ერთი ადამიანი ჯონდი ბაღათურია აღმოჩნდა, რომელმაც მერაბიშვილისთვის კრიტიკული კითხვის დასმა გაბედა, რამაც თავად მერაბიშვილი არა, მაგრამ უმრავლესობის რამდენიმე წევრი გააღიზიანა. ან მერაბიშვილისთვის თავის მოწონებას შეეცადნენ.

ჯონდი ბაღათურიამ თქვა, რომ „ძველი ბიჭები კი არ აილაგმნენ, არამედ ჰალსტუხიანი ჩინოვნიკები იქცნენ ძველ ბიჭებად“ და ამის მაგალითად აჩვენა ის სურათები, სადაც დაფიქსირებულია, რომ შსს-ს თანამშრომელი კახა ლომიძე და გორის გამგეობის წევრი ბაჩო პავლიაშვილი ოპოზიციის აქციებზე მისულ ხალხს და მათ შორის ქალებს, მუშტებს ურტყამენ.

ბაღათურიამ მიმართა მერაბიშვილს, რომ ეს ადამიანები რატომ არ დაისაჯნენ ან „პრეზიდენტს აქამდე რამ შეუშალა ხელი, რომ თავისი დაპირება შეესრულებინა? ან სამი კვირის წინ რატომ ჩააგდო პარლამენტმა ჩემი პროექტი, რომელიც პენსიების 45 ლარით გაზრდას ითვალისწინებდა და მილიონერმა პარლამენტარებმა ამ გაჭირვებული ადამიანებისთვის 45 ლარი ვერ გაიმეტეს“?

ვიდრე მერაბიშვილი პასუხს გასცემდა, თავის გამოჩენა ჯერ კახა გეწაძემ მოინდომა და ადგილიდან ბარათურიას ყვირილი დაუწყო, - რას ლაპარაკობო. მაგრამ ბაღათურიამ მას ყურადღება არ მიაქცია და კითხვების დასმა გააგრძელა.

ამაზე უკვე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მელაძე გაბრაზდა და ჯონდის აჩერებდა. მერაბიშვილი კი მელაძეს აწყნარებდა, გაანებე თავი, დასვას კითხვა, გავცემ პასუხსო.

მაგრამ უმრავლესობის პირფერობა აღარაფერი გამოჩნდა იმასთან შედარებით, რაც თორთლაძის ფრაქციასთან გამართულ შეხვედრაზე ხდებოდა.

მერაბიშვილს ჯერ თორთლაძე ეფერა და ხოტბა ასხა: „პრიორიტეტები ნამდვილად სწორად არის შერჩეული და გეტყობათ, რომ ადამიანების პრობლემას ახლოდან იცნობთ. პოლიტიკოსებმა რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, დანამდვილებით მაინც არ ვიცით, რა ხდება. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ თვალნათელ რაღაცეებზე ვიხუმროთ. თქვენ კი რეალურად აპირებთ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებას და ეს ძალიან კარგია“, - მიმართა თორთლაძემ მერაბიშვილს.

მას არც გურამ ჩახვაძე ჩამორჩა: „ეს ნამდვილად ამბიციური პროგრამაა, მაგრამ რეალისტური და მიმაჩნია, რომ თქვენ შეძლებთ ამ პროგრამის შესრულებას“, - უთხრა ჩახვაძემ და თავისი პარტიის პროგრამა გადასცა მერაბიშვილს.

ამაზე კი თორთლაძემ ხუმრობა სცადა, „თქვენი პარტიის პროგრამას მთავარ ოპონენტს ხელში როგორ აძლევთო“. ამაზე  ჩახვაძემ სერიოზულად უპასუხა: „არა უშავს, ჩვენ ერთი ნიშა გვაქვსო“. 

ეს შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ შს და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატები მხოლოდ ამ შეხვედრაზე მივიდნენ და შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობასთან. შაშკინი და ახალაია არ გამოჩენილან არც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე და არც „ქრისტიან-დემოკრატებთან“ გამართულ შეხვედრაზე.

სამაგიეროდ თავიდან ბოლომდე ისხდნენ თორთლაძის ფრაქციის სხდომაზე. ოღონდ შაშკინი მთელი სხდომის განმავლობაში მობილური ტელეფონით ერთობოდა. თამაშობდა თუ მესიჯობდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი სხდომის განმავლობაში მობილური ტელეფონიდან თავი არ აუწევია და ხანდახან ზრდილობის გამო იღიმებოდა.

ბაჩო ახალაიას კი არც გაუღიმია. მთელი სხდომის განმავლობაში მოპირდაპირე კედელზე ერთ წერტილს უყურებდა საკმაოდ დატანჯული სახით, და სავარაუდოდ არც მოუსმენია, ვინ რას ამბობდა.

შაშკინის და ახალაიას არმისვლა „ქრისტიან-დემოკრატების“ შეხვედრაზე ნიკა ლალიაშვილმა გააპროტესტა. კარგი იქნებოდა, მოსულიყვნენ და ეთქვათ, იგეგმება თუ არა რეფორმები ამ სამინისტროებშიო და შემდეგ მერაბიშვილს მიმართა, წესით, თქვენც უნდა იცოდეთ, რა იგეგმება და გვითხარითო.

მერაბიშვილმა კი კიდევ ერთელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ახალაია შს მინისტრად მისი რეკომენდაციით და თხოვნით დაინიშნა და იმედოვნებს, რომ სამინისტროში არაფერი შეიცვლება.

„ვინც ამბობს, რომ პოლიცია პოლიტიზირებულია, ძალიან ცდება. მე ამ სამინისტროში ყოფნისას ბევრი მეგობარი შევიძინე და დარწმუნებული ვარ, მათ მეგობრად დავრჩები ახალ თანამდებობაზეც და ჩემი პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგაც“, - იმედი გამოთქვა მერაბიშვილმა. 

გიორგი თარგამაძე კი იმით დაინტერესდა, მერაბიშვილი, რომელსაც რუსულ მედიასთან კარგი ურთიერთობის გამოცდილება გააჩნია, შეძლებს თუ არა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას.

ვანო მერაბიშვილმა გიორგი თარგამაძეს საპასუხოდ განაცხადა: „რაც შეხება რუსულ მედიაზე ეჭვიანობას, მე ურთიერთობა მაქვს რუსული მედიის ლიბერალურ ნაწილთან  და თუკი ესენი მოვლენ ხელისუფლებაში, მაშინ ბევრი პრობლემა მოიხსნება“.

მან ისიც აღნიშნა, რომ რუსულ მედიასთან მისი ურთიერთობა იმით იყო განპირობებული, რომ რუსეთის მოსახლეობის პროგრესულ ნაწილს გაეგო ქართულ პოლიციაში მიმდინარე რეფორმების თაობაზე.

„მე მეამაყება, რომ რუსეთში ზოგადად პოლიციის რეფორმა საქართველოს სახელთან ასოცირდება“, – აღნიშნა მერაბიშვილმა.

მან ქართულ მედიას ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ აქამდე მათთან ინტენსიურად არ კონტაქტობდა და პირობა დადო, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ის ამ პირობას ჯერჯერობით ისევ ვერ ასრულებს. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი შეხვედრის შემდეგ არ ისურვა, რომ ჟურნალისტების თუნდაც ერთი შეკითხვისთვის გაეცა პასუხი.