„ბიძინა ივანიშვილს ჭკუა რომ არ ჰქონოდა, ამხელა ფულს ვერ იშოვიდა“

„ბიძინა ივანიშვილს ჭკუა რომ არ ჰქონოდა, ამხელა ფულს ვერ იშოვიდა“

 

„ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოებს და შეწყვიტოს უცხოეთის მოქალაქეების კუთვნილი ქონებების ექსპროპრიაციის უკანონო პროცესი, შეაჩეროს საჯარო აუქციონი, მისცეს საშუალება დამფუძნებლებს, განახორციელონ ქონების ფლობისა და განსაკრგვის ლეგიტიმური უფლება“, - ნათქვამია „ქართუ ჯგუფის“ განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს ნოდარ ჯავახიშვილმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააცნო.

შეგახსენებთ, 2 ივლისს 18.00 საათზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონზე გაიტანა სს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100 პროცენტი, მათ შორის „ბანკი ქართუს“ აქციათა სრული პაკეტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილიცა და „ქართუ ჯგუფიც“ აცხადებენ, რომ არც ერთ ამ სააქციო საზოგადოებაში ივანიშვილი არც ერთ აქციას არ ფლობს.

ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 30 აპრილს თერთმეტმა უცხოურმა კომპანიამ „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 91.74% შეიძინა. ამასთან არც ერთი მათგანი აქციების 10%-ს არ ფლობს, რაც მათ, როგორც „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარებს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეძენის ფაქტის წინასწარი შეთანხმების საკანონმდებლო ვალდებულებისგან ათავისუფლებს და აბსოლუტურად უსაფუძვლოს ხდის ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადებას, გარიგებათა ბათილობის შესახებ. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამ კომპანიებისგან ელოდება მათ მიერ „ქართუ ჯგუფის“ ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც კურიერტმა უნდა ჩამოიტანოს, რადგან ფოსტით მისი მიღება ვერ ხერხდება.

For.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელ ნოდარ ჯავახიშვილთან, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

ნოდარ ჯავახიშვილი: „ეროვნულ ბანკს „ქართუ ჯგუფის“ ბენეფიციარი მესაკუთრეები აინტერესებს, ანუ ის, თუ ვინ დგას იმ უცხოური კომპანიების უკან, რომლებიც „ქართუ ჯგუფის“ აქციების მესაკუთრეები არიან. ეს იყო ბიძინა ივანიშვილი, დღეს კი არის თერთმეტი კომპანია, რომელიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე არსად აღარ ფიგურირებს და ბენეფიციარი მესაკუთრეები სწორედ ისინი არიან. სწორედ ეს მინდა, რომ დოკუმენტურად დავაფიქსირო, ასე ზეპირად არც არავინ დამიჯერებს. ამიტომ ჩვენ ამ კომპანიებისგან აღნიშნული დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ. მათ ორჯერ გამოგვიგზავნეს ეს საბუთები, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ჩვენამდე დღემდე არ მოსულა, რაც ბადებს ეჭვს, რომ ჩვენთვის ასე აუცილებელი კორესპონდენცია სპეციალურად იბლოკება. თუმცა აქვე აღვნიშნავ, ეს დოკუმენტაცია რომც ჩამოსულიყო და ის აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიგვეწოდებინა, ისინი მას არც კი გადაშლიდნენ და მაშინვე გამოაცხადებდნენ აუქციონს.

ამისთვის ისინი მზად იყვნენ და 2 ივლისს რატომ დაიწყეს აუქციონი იცით? მე, როგორც „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელს მათგან გარკვეული ინფორმაცია გამოვითხოვე შეფასებისთვის. ამისთვის ორდღიანი ვადა მქონდა და 2 ივლისს საღამოს გავუგზავნე ეს მოთხოვნა. როგორც კი ჩვენმა წარმომადგენელმა ეს მოთხოვნა მიიტანა, იმ წუთში ჩაირთო აუქციონი, რათა ეს დოკუმენტი შემდეგ წაეკითხათ და ეთქვათ, რომ აუქციონი უკვე დაწყებულია. ამდენად, ელოდებოდნენ, რასაც მივუტანდი მე, იმის გადაშლამდე და წაკითხვამდე დაიწყებდნენ აუქციონს.

- ხელისუფლება გედავებათ, რომ ეროვნულ ბანკს „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მფლობელების შეცვლის შესახებ შეტყობინება არ მიუღია

- ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურადაც კი განაცხადა, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილმა თავისი აქციების 100% გაასხვისა, თითქოს ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კანონი დარღვეულია და გასხვისება ბათილია. ეს არის აბსოლუტურად არაპროფესიონალური შეფასება, რადგან ვალდებულება გამსხვისებელს კი არ აქვს, არამედ მყიდველს აქვს ვალდებულება, რომ ამის შესახებ ეროვნულ ბანკს წინასწარ შეუთანხმდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა 10%-ზე მეტს ყიდულობს. რატომ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას ეროვნული ბანკი და ამბობს, რომ რადგან ბიძინამ ეს აქციები გაასხვისა, ე.ი. მყიდველმა კანონი დაარღვია? მან ხომ არ იცის, ვინ რამდენი პროცენტი შეიძინა? ეს არის 11 კომპანია, რომელთაგან არც ერთს აქციების 10%-ზე მეტი არ უყიდია. აქედან გამომდინარე, არც ერთი მათგანი არ იყო ვალდებული ეროვნული ბანკისთვის ეს წინასწარ შეეტყობინებინა. ამდენად, კანონი არ დარღვეულა და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი, გარიგება ბათილად სცნონ.

- თქვენი აზრით, ეროვნულ ბანკს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა?

- ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია რომც ჰქონოდათ, მათ ეს არ აწყობთ. როდესაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მესაკუთრე კომპანიებმა მათი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ორჯერ გადმოგზავნეს, ხომ ცხადია, რომ მათ ინტერესში შედის, ეს ინფორმაცია გადმოეგზავნათ, რათა თავიანთი საკუთრება დაიცვან. ხოლო რადგან ეს დოკუმენტაცია ჩვენამდე არ მოსულა, იქნება ხელისუფლებაში მივიდა? იქნებ მათ უკვე იციან ეს ყველაფერი, მაგრამ მე არ მეუბნებიან, რადგან ეს დოკუმენტაცია ჩემამდე არ მოუშვეს.

- ეს დოკუმენტაცია ამ კომპანიებისგან ხელისუფლების მიერ აუქციონის გამოცხადებამდე გამოითხოვეთ?

- რასაკვირველია, ჩვენ ეს გავაკეთეთ მაშინვე, როგორც კი ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ საქართველოში აღარანაირ ბიზნესს აღარ ფლობს. ამაში გასაკვირი არაფერია. ბატონი ბიძინა ამდენ ფულს ვერ იშოვიდა, იმდენი ჭკუა რომ არ ჰქონოდა, რომ ეს ბრძოლა სადამდეღაც მივიდოდა. რა თქმა უნდა, მას შეეძლო ამ ბიზნესის გაყიდვისთანავე შეეტყობინებინა ეს ჩვენთვის, მაგრამ მე არ ვიცი ამ დროს ის რას ფიქრობდა, რა პოლიტიკური სტრატეგია ჰქონდა. მიუხედავად ჩვენი ურთიერთობისა, ბატონი ბიძინა ამისთანა საკითხებს რასაკვირველია, მე არ შემითანხმებს. აქედან გამომდინარე, მის მიერ განცხადების გაკეთებამდე ამასთან დაკავშირებით მე საქმის კურსში არ ვიყავი. ამის შემდეგ კი დავინტერესდი, მეც ადამიანი ვარ და იქნება იმ ახალ მფლობელებს საერთოდ არ ვჭირდები ხომ?

- ბატონო ნოდარ, სამხარაულის ეროვნული ბიუროს შეფასებით, „ქართუ ჯგუფის“ ქონება 150 მილიონ ლარად შეფასდა. რეალურად როგორია „ქართუ ბანკის“ და „ქართუ ჯგუფის“ ქონების ღირებულება?

- მე ეს ქონება არ შემიფასებია და რომც შევისწავლო, ეს არაფერს შეცვლის. ჩვეულებრივ ქონება დამოუკიდებელმა შემფასებელმა უნდა შეაფასოს და არა მე. მიმართეთ მსოფლიოში ცნობილ აუდიტორულ კომპანიებს და ისინი გეტყვიან, ბანკის ღირებულება რომ გამოიყვანონ, ამას მინიმუმ ერთი თვე სჭირდება. სამხარაულის ბიურომ კი ეს ორ დღეში მოახერხა. წარმოიდგინეთ, მართალია ბევრი წაგვართვეს, მაგრამ გვაქვს საკრედიტო პორტფელი, ხოლო იმისათვის, რომ აქტივების ღირებულება შეაფასო, ყველა სესხი დეტალურად უნდა შეისწავლო, რადგან კრედიტის დაბრუნების გარანტია ყველგან არ არის და ეს აქტივი ყოველთვის არ არის ის, რომელიც შენ უნდა გაყიდო, შეიძლება პირიქით, ზარალში იყოს ჩამოსაწერი. ზეპირად ამის გაკეთება არ შეიძლება.

ამ შემთხვევაში კი, ელემენტარული არითმეტიკაა გამოყენებული - ბიძინას უნდა წავართვათ 75 მილიონი (ვის ვართმევთ სულ არ გვაინტერესებს, თუნდაც ეს მესამე პირები იყვნენ), ხოლო ამისთვის ქონება 150 მილიონად უნდა შევაფასო, რადგან აუქციონის წესებით ქონება მისი შეფასებული ღირებულების 50%-ტად გადის. ამ შემთხვევაში ზუსტად ეს თანხა გამოიყვანეს. აქამდეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ბიძინას რომ 20 მილიონიანი ჯარიმა ჰქონოდა გადასახდელი, სამხარაულის ბიურო 40 მილიონად შეაფასებდა ამ ქონებას. ამას არც არითმეტიკა სჭირდება და არც ფინანსების ცოდნა.

- ეს ქონება 150 მილიონად შეფასდა და რამდენად რეალურია ეს ღირებულება?

- კიდევ ერთხელ გეტყვით, ამას სერიოზული შესწავლა სჭირდება. მე არ შემიძლია ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელივით, ზეპირად ვაკეთო განცხადებები. რასაკვირველია, ამ ქონების რეალური ღირებულება ბევრად მეტია, ვიდრე დასახელებული თანხა, მაგრამ საკუთარი თავის პატიმისმცემელმა ფინანსისტმა რომ რიცხვი დაასახელო, ამის საფუძველი უნდა გქონდეს. მე არ ვაპირებდი რამის ასე გასხვისებას და ამიტომ ჩემთვის ამის შესწავლის საჭიროება არ იდგა. დღეს რომ ვთქვა, რომ ეს ქონება 300 მილიონი ღირს, რა მერე? რამე შეიცვლება?

ჩვენი დღევანდელი დამფუძნებლებიც, არ ვიცი ადვოკატებს გამოგზავნიან თუ როგორ მოიქცევიან, მაგრამ ისინი ქონების შეფასებას არ დაიწყებენ, სამას მილიონად გაგვიყიდეთო ქონება, ამას არ იტყვიან. ისინი იტყვიან, რომ ქონება მათია და მოითხოვენ, ის არ გაიყიდოს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამ ქონების შეფასება დღის წესრიგში დადგეს.

- ბატონო ნოდარ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ამ ქონების რეალური მყიდველი გამოჩნდეს?

- ეს არის შეუძლებელი და ამიტომ ეს აუქციონი კი არ არის, არამედ აფიორაა. „ბანკი ქართუს“ აქციები „ქართუ ჯგუფთან“ ერთად იყიდება ერთ ლოტად, ანუ ეს ყველაფერი ერთმა კაცმა უნდა იყიდოს, ხოლო აქციები რომ იყიდოს, ამისთვის ეროვნული ბანკის თანხმობა უნდა წინასწარ. ამ დროს ეს არის დახურული აუქციონი და იქ არ ჩანს, ამ აქციებს ვინ ყიდულობს. ეს სწორედ ის წერია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს აწვებიან და თვითონ ხომ უნდა დაიცვან ეს წესი. ვინმემ ეს აქციები რომც იყიდოს, ეროვნული ბანკი ამ გარიგებას ბათილად სცნობს, რადგან მყიდველს წინასწარ არ ჰქონდა მისი თანხმობა, წინასწარ კი ამ ნებართვას ვერ აიღებ, რადგან აუქციონში ფარულად მონაწილეობ.

ამდენად, ეს აპრიორია, რომ ბანკს არავინ იყიდის და არც აპირებენ მის გაყიდვას. ამ აუქციონს მონაწილე ვერ ეყოლება, ან იქნება დანაშაულებრივი მონაწილე, რადგან დაარღვევს კანონს და ეს გარიგება ბათილად იქნება ცნობილი.

- ამ ლოგიკით, და სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, არც უცხოური კომპანიების აქციები უნდა დაეყადაღებინათ და გაეტანათ აუქციონზე როგორც ივანიშვილის ქონება, მაგრამ ეს მაინც გაკეთდა. აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ მაინც შესაძლებელია „ქართუ ბანკს“ მყიდველი გამოუჩნდეს?

- ვინც არ უნდა იყოს, ეს გარიგება ბათილი იქნება, თუმცა იმ თვალსაზრისით, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ ხელები უნდა გადაგვიგრიხონ, რასაკვირველია, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ვინაიდან მე სხვა ძალა არ მაქვს, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე უნდა ვილაპარაკო.

- ვინაიდან ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაგეგმილია ამ ქონების ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევა, ქართული კანონმდებლობით დასაშვებია, რომ კომერციული ბანკის აქციების მესაკუთრე სახელმწიფო გახდეს?

- ქართული საბანკო სისტემა არის ორიარუსიანი, რაც ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს იმას, რომ არის მხოლოდ ერთი სახელმწიფო ბანკი, დანარჩენი ყველა არის კერძო ბანკები და სახელმწიფოს წილი არ უნდა იყოს არც ერთ კომერციულ ბანკში.

- მაშინ როგორ მოხდება ბანკის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა?

- როგორც წეღან გითხარით, ისინი აბსოლუტურ ინგორირებას გაუკეთებენ კანონს, ან პოსტ-ფაქტუმ შეცვლიან კანონს, როგორც სულ ცოტა ხნის წინ კონტროლის პალატასთან მიმართებაში კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები.

- ამდენად, გამორიცხულია, რომ სახელმწიფო ფლობდეს კომერციულ ბანკს?

- დიახ, თუმცა ჩვენს სახელმწიფოში არაფერია გამორიცხული.“