ხერხემალი იმედად გადაიქცა

ხერხემალი იმედად გადაიქცა

 

საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, არ შეიმჩნიოს, რომ ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება სააკაშვილის განცხადებიდან შეიტყვეს და თავს ისე აჩვენებენ, თითქოს სააკაშვილი მათთან კონსულტაციას კონსულტაციაზე მართავდა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე კი, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

რატომ არის უმრავლესობისთვის მერაბიშვილის პრემიერობა ასეთი მნიშვნელოვანი და რას ელოდებიან ამ გადაწყვეტილებიდან, for.ge საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს ესაუბრა.

პეტრე ცისკარიშვილი: ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე, როგორც სოციალური და ეკონომიკური თვლასაზრისით, ასევე ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველყოფის კუთხით. აქედან გამომდინარე, ვანო მერაბიშვილის კანდიდატურის წარდგენა ამ თანამდებობაზე არის დროული და კარგი გადაწყვეტილება და მას ასევე აქვს სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მთავრობის სამოქმდო გეგმაში. 

რა არის განსხვავებული ამ პროგრამაში?

- უახლოეს დღეებში ამ პროგრამას თავად ნახავთ და შეგვეძლება უკვე დეტალებში ვიმსჯელოთ ამაზე. ახლა დეტალური საუბარი შეუძლებელია.

ახალი დასაქმების სამინისტროს შექმნა არჩევნების წინ უფრო მეტად წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება, ვიდრე რეალურ და ქმედით ნაბიჯად. ეს არ არის საბიუჯეტო თანხების ერთი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება?

- მოდით, ასე ვთქვათ, რომ უმუშევრობის პრობლემის დაძლევა მხოლოდ ამ სამინისტროს პრეროგატივა არ იქნება. ეს სამინისტრო იქნება მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ქვეყანაში დასაქმების კუთხით გასატარებელ რეფორმებს, იქნება ეს მშენებლობის საკითხები, ინვესტიციების შემოტანა, ვაჭრობის საკითხები, ტრანსპორტის, კომუნიკაციების გაძლიერება და ა.შ, გაუწევს კოორდინირებას. ეს იქნება ერთგვარი მაკოორდინირებელი ორგანო, იმიტომ, რომ დასაქმების უზრუნველყოფა და სამუშაო ადგილების შექმნა არის მთავრობის თითოეული წევრის პრიორიტეტი და საზრუნავი.

დასაქმების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბების იდეა რამდენიმე წლის წინ პირველადქრისტიან-დემოკრატებმაგააჟღერეს, მაგრამ მაშინ ხელისუფლება ამას არასერიოზულს უწოდებდა. ახლა რატომ გახდა სერიოზული?

- ეს სახელმწიფო მინისტრის პოსტი იქნება და არა ცალკე სამინისტრო.

ამ თანამდებობაზე პაატა ტრაპაიძის კანდიდატურა უკვე წარადგინეს და თქვენ ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ? პარლამენტშიც არ ყოფილა მის კანდიდატურაზე არანაირი ინფორმაცია.

- მოულოდნელი იმდენად იყო, რამდენადაც ის პოლიტიკური ფიგურა არ არის და, შესაძლოა, ვიღაცა ელოდა, რომ ამ საკითხებზე პასუხისმგებელი მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სინამდვილეში არანაკლებ მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, როდესაც ბიზნესიდან და საქმიდან მოსული ადამიანი ინიშნება ამ თანამდებობაზე, რომელმაც უშუალოდ იცის, რა უჭირს ბიზნესსექტორს იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს. რა სჭირდებათ ადამიანებს, რომ თავად მოიპოვონ სამუშაო ადგილები და ა.შ.

ასე რომ, პოლიტიკოსსაც აქვს თავისი ხიბლი, როდესაც ასეთ თანამდებობაზე ინიშნება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნამდვილად უფრო მიზანშეწონილი იყო, რომ ბიზნესიდან მოსული ადამიანი დაინიშნოს, რომელსაც, მართალია, პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს სხვა გამოცდილება და სხვა ცოდნა.

მერაბიშვილის პრემიერად წარდგენას თუ დანიშვნას რა მნიშვნელობა ჰქონდა?

- ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე, როგორც ეკონომიკური და სოციალური კუთხით და ამაში ვგულისხმობ როგორც დასაქმების უზრუნველყოფას, ასევე სოციალური მიმართულებით გაძლიერებას, ჯანდაცვას. პენსიები კი იზრდება, მაგრამ ფასების ზრდასა და ინფლაციის ფონზე ეს საკმარისი არ არის, რადგან იგივე წამლებში ეხარჯებათ ხოლმე ეს პენსია. ასე რომ, პენსიის ზრდასთან ერთად უზრუნველყოფა იმისა, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაცულები და დაზღვეულები ჯანმრთელობის კუთხით, რომ ეს ხარჯი დაეზოგოთ და იმ რაღაც მწირი პენსიიდან 90% წამლებში არ დაეხარჯოთ, ეს არის მართლა დიდი გამოწვევა და მართლა რთულად დასაძლევი საკითხი ფინანსური თვალსაზრისით.

ასე რომ, ამ გამოწვევების წინაშე და ასევე ეკონომიკაში იგულისხმება კრიზისის ფონზე ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში რუსის ტანკი დგას. ასევე დასაქმების კუთხით ბოლო პერიოდში რაღაცა ნაბიჯები გადაიდგა ტურიზმის განვითარებით და ჰესების მშენებლობით, მაგრამ ეს ვერ უზრუნველყოფს დასაქმებას და ამიტომ დღეს მთავარი ეს გამოწვევებია ჩვენთვის ისევე, როგორც ბევრი ევროპული ქვეყნისთვის.

მეორე არის უსაფრთოხების გამოწვევები, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ისედაც ოკუპირებულია, სხვა ქვეყნის აგერესიული ძალები ჩვენს მიწაზე დგანან, როდესაც ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ და ვახდენთ დემოკრატიული ინსტიტუციების კონსოლიდაციას, ერთ-ერთი მთავარი დემოკრატიული ღირებულება არის სამართლიანი არჩევნები და ამ დროს ემთხვევა ჩრდილოეთკავკასიაში სამხედრო წვრთნები, რომელიც, ბუნებრივია, არამარტო ჩვენ გვაღელვებს, არამედ მთელი მსოფლიო ამას აკვირდება დიდი ყურადღებით.

ჩვენს წინაშე ეს გამოწვევაც არსებობს და, ცხადია, ამ ფონზე და ამ პერიოდში ვანო მერაბიშვილის წარმოდგენა არის ძალიან კარგი, პოზიტიური და დროული გადაწყვეტილება და ეს ამ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება ჩვენს ქვეყანას.

ამის გაკეთება გილაურს არ შეეძლო?

- მან სამ წელზე მეტი იმუშავა ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან რთულ პერიოდში. მსოფლიო ფინანსური კრიზისები გადალახა ისე, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოიშალა და სტაბილურად 6-7%-იანი ზრდა გვქონდა. რა თქმა უნდა, რაღაც ნაკლოვანებები ჩვენს მაკროეკონომიკურ პარამეტრებში და მონაცემებში ჯერ კიდევ რჩება და ეს ყველაფერი გამოსასწორებელია და ახლა სისხლი, ახალი ენერგია და ახალი შემართება, რასაც ვანო მერაბიშვილი შეიტანს განახლებულ მთავრობაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გამოწვევების დასაძლევად, რაზეც მე გესაუბრეთ. 

თქვენ იმას ამბობთ, რომ ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალოვანი მინისტრის გამოცდილება?

- არა, ამის თქმა საერთოდ არ მინდოდა. ვანო მერაბიშვილი ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკური კუთხით შემატებს ძალიან ბევრს. ის ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური კუთხითაც ძალიან იყო დაინტერესებული. ის ასევე ძალია კარგი მენეჯერია და მთავრობას კარგი მენეჯერი სჭირდება. 

ის პოლიტიკური ფიგურაა და მთავრობას ძლიერი პოლიტიკური ფიგურაც სჭირდება და ასევე უსაფრთხოების და ძალოვანი სტრუქტურების კუთხითაც აქვს გამოცდილება და ესეც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის ძალიან კარგი და არა ის, რომ ეკონომიკას სჭირდება ძალოვანი მინისტრის გამოცდილება.

შსს-ში შეიცვლება რამე?

- ეს ახალ მინისტრს კითხეთ, თუ რა შეიცვლება და რა არა.  

ვინ იქნება?

- ...