„ქართუ ბანკს“ ხელისუფლების მიერ შექმნილი კომპანია იყიდის“

„ქართუ ბანკს“ ხელისუფლების მიერ შექმნილი კომპანია იყიდის“

აღსრულების ეროვნული ბიურო აგრძელებს სააღსრულებო წარმოებას ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით და პროცესი შემდგომ ეტაპზე გადავიდა - ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებულ ქონებაზე აუქციონი გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული N4/ა-131-12 და N4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 2 ივლისს გამოცხადდა აუქციონი (www.eauction.ge) ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ზე სს „პროგრეს ბანკში“. ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ზემოაღნიშნული აქციების შეფასება აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განახორციელა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს „ქართუ ჯგუფში“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იქნა 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში“ - 3 566 498 ლარად.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად აღსრულების ერონულმა ბიურომ სს „ქართუ ჯგუფში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის  საწყის ფასად 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში“ კუთვნილი აქციების 21.7% საწყის ფასად - 1 783 249 ლარი დაადგინა. აქვე განმარტებულია, რომ ივანიშვილის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, წყდება აუქციონის მიმდინარეობა და ქონებაზე დადებული ყადაღაც იხსნება.

მიუხედავად ამ მესიჯისა, რომელიც აშკარად ივანიშვილისკენ არის მიმართული, „ქართული ოცნების“ ლიდერი მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ეს მისმა ადვოკატებმა აუქციონის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კიდევ ერთხელ დაადსტურეს.

აღსანიშნავია, რომ თავად ივანიშვილსაც აქვს უფლება, აუქციონში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მისი იურისტები განმარტავენ, რომ მას ამის ინტერესი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „ქართუ ჯგუფის“ და „ქართუ ბანკის“ აქციების 100% ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის და ოთხი უცხოური კომპანიის საკუთრებაშია. რაც შეეხება „პროგრეს ბანკის“ 21.7%-ს, რაც ასევე დაყადაღებულია და აუქციონზე გავიდა, ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ეს აქციები მართლაც მისია.

„ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ „ქართუ ჯგუფის“ მესაკუთრე კომპანიების ნაცვლად რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთება გაუჭირდება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ უცოხური კომპანიები ამხელა ქონებას ასე ადვილად არ დათმობენ.

„არ მგონია, უცხოურმა კომპანიებმა ამხელა ქონება ასე ადგილად დათმონ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა“,- აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი for.ge-სთან საუბარში.

ამასთანავე, იგი არ ეთანხმება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული აქციების დასახალებულ ღირებულებას და დარწმუნებულია, რომ არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

„მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი 74 მილიონი ლარით დააჯარიმეს. მე თუ მკითხავთ, ექსპერტიზის ბიუროს არანაირი შეფასება არ ჩაუტარებია, უბრალოდ ეს თანხა გაამრავლეს ორზე, მიიღეს 150 მილიონი და განაცხადეს, რომ თითქოს ეს არის დაყადაღებული ქონების ღირებულება. ვინაიდან აუქციონზე ქონება შეფასებული ღირებულების ნახევარ ფასად გადის, შემდეგ აღსრულებამ ეს თანხა ისევ შუაზე გაყო და ამ ფასად გაიტანა აუქციონზე. ბიძინას რომ 150 მილიონი ჰქონოდა გადასახდელი, ამ ქონებას 300 მილიონად შეაფასებდნენ, ხოლო 20 მილიონიანი ჯარიმა რომ ჰქონოდა დაკისრებული, ქონებას 40 მილიონად შეაფასებდნენ“, - ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.

იგივე პოზიცია აქვს „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის უფროსს, ალა კახნიაურს. მისი თქმით, „ქართუ ბანკის“ ღირებულება 120 მილიონ ლარს შეადგენს, „ქართუ ჯგუფის“ ქონების ღირებულების შესახებ ინფორმაცია კი კახნიაურის თქმით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მისივე მოთხოვნის საფუძველზე 2 ივლისს საღამოს შვიდის ნახევრაზე მიაწოდეს. იურისტი ამბობს, რომ „ქართუ ჯგუფის“ ქონების ჩამონათვალი 38 გვერდიან დაკუმენტში იყო მოთავსებული, მაგრამ სანამ ეს ჩამონათვალი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეწოდა, მანამდე ბიურომ ქონების ღირებულება თვითონ განსაზღვრა.

ნოდარ ჯავახიშვილის მსგავსად, ალა კახნიაურიც დარწმუნებულია, რომ ქონების რეალური შეფასება არ მომხდარა.

„როდესაც დაყადაღებული ქონების აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი ღირებულება ვნახე, გამიჩნდა ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის სასამართლოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა. მოგეხსენებათ, ბატონ ბიძინას 74 მილიონიანი ჯარიმა აქვს დაწესებული, ამას ემატება აღსრულების ხარჯები, ამ თანხის 7%-ის ოდენობით და ვღებულობთ სწორედ იმ თანხას, რითაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ ქონების ღირებულება განსაზღვრა“, - აცხადებს კახნიაური for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ვინაიდან იმ ქონების ღირებულება, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ფლობს, მისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე ბევრად ნაკლებია, ამიტომ ხელისუფლებას ამ ქონების მეშვეობით აღსრულების დაწყება არ აწყობა. შესაბამისად, ყადაღა დაედო მესამე პირების ქონებას, რომელიც ოდესღაც ბიძინა ივანიშვილთან იყო დაკავშირებული.

ალა კახნიაური აცხადებს, რომ სს „ქართუ ჯგუფმა“ მიმართა სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ზომის გამოყენება და აღსრულების შეჩერება მოითხოვა.

„ჩვენ უკვე ჩაგვბარდა სასამართლოს განჩინება, საიდანაც შევიტყვეთ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მართალია, სასამართლომ ჩვენი სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიზანი აღსრულების შეჩერება იყო, თუმცა ცხადია, სანამ სასამართლო სარჩელს განიხილავს, ქონება უკვე გასხვისებული იქნება და სარჩელის დაკმაყოფილებასაც არავითარი აზრი ექნება“, - აღნიშნავს იურისტი.

რაც შეეხება აუქციონზე გატანილი ქონების სავარაუდო შემძენებს, ამასთან დაკავშირებით ალა კახნიაურს აქვს ვერსია, რომ ამ ქონებას არავინ იყიდის, ხოლო თუ მაინც იყიდეს, ეს ხელისუფლების მიერ შექმნილი კომპანია იქნება. თუ მყიდველი არ გამოჩნდა, ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავა. თუმცა ალა კახნიაური აცხადებს, რომ ეს შეიძლება მხოლოდ „ქართუ ჯგუფს“ შეეხოს. რაც შეეხება „ქართუ ბანკს“, ვინაიდან ის კომერციული ბანკია და ქართული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება, რომ კომერციული ბანკის აქციების მფლობელი გახდეს სახელმწიფო, ამიტომ ალა კახნიაური ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ამ ბანკის ყიდვას ვინმეს დაავალებს, „ქართუ ჯგუფის“ ქონებას კი პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში მიაქცევს.