„დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლუკა კურტანიძისა და სოსო ჯაჭვლიანის განცხადებები მთლიანად „სახალხო კრების“ პოზიციიდან გამომდინარეობს, რომლის აღმასრულებელი საბჭოს წევრიც ნინო ბურჯანაძეა.
რა პროცესები მიმდინარეობს „დემოკრატიულ მოძრაობაში“? ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტივობის კვალდაკვალ, ხომ არ მოხდა შეხედულებების გადაფასება?
- ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები არა მარტო „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ყველა რეალურად ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან. საიდუმლო არაა, თუ ვიტყვით, იმავე „თავისუფალ საქართველოსთან“, „ქართულ დასთან“ და სხვა პოლიტიკოსებთანაც. თქვენ იცით, რომ რამდენიმე შეხვედრა შედგა, ბოლო შეხვედრა კი ახლახანს იყო ოთხეულის შემადგენლობით, ქალბატონი ნონას ხელმძღვანელობით, მათ განიხილეს საკითხები, რაც ითქვა და დაიწერა კიდეც. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ეს კონსულტაციები გაგრძელდება. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ „დემოკრატიული მოძრაობა“ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს კონსულტაციების შედეგად გამოჩნდება.
რამდენიმე თვის მანძილზე საუბარი იყო მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ. ამის თაობაზე დღეს რას ფიქრობთ და ხომ არ გამოიწვევს ეს ამომრჩევლის დაბნევას საარჩევნო პერიოდში? გლობალურად რომ შეაფასოთ, რამდენად წაადგება ეს საქვეყნო საქმეს და არა პარტიულ ინტერესებს?
- მოდით ასე დავარქვათ ამას - ახალი ოპოზიციური ცენტრი, თუმცა ახალი მაინცდამაინც არ არის, რადგან, თუ „თავისუფალი საქართველო“, „დემოკრატიული საქართველო“, „სახალხო კრების“ წარმომადგენლები მოიაზრებიან, მაშინ ცხადია, რომ არც ახალი არ არის, არც მესამე არ არის. უბრალოდ, ამ ცენტრის პოლიტიკური ფორმირება არ არის დასრულებული, თუმცა შეიქმნება თუ არა ეს ცენტრი, ჯერ კიდევ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თვითონ „დემოკრატიული მოძრაობის“ მხრიდან ამ კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება ამომრჩევლის დაბნევა-არდაბნევას, აქედანვე ცალსახად უკვე შეიძლება ითქვას, თუკი ეს ცენტრი შეიქმნება, თავისთავად ცხადია, ეს იქნება ოპოზიციური ცენტრი, რომლის ამოცანა არ იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაიმე ტიპის ქმედებების განხორციელება.
თუმცა ჩვენ გვახსოვს მესამე ფრონტი როდესაც იქმნებოდა, როგორც წესი, ამომრჩევლის აზრი იყოფოდა და იბნეოდა ხალხი, თუნდაც ასლან აბაშიძის დროს, რომელმაც არჩევნებში თავისი კანდიდატურა შევარდნაძის სასარგებლოდ დათმო, მაშინაც ხალხი სახტად დარჩა.
- დიახ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანი შეიძლება ოპოზიციურად იყოს განწყობილი, შეიძლება, არ მოსწონდეს იმავე „ქართული ოცნების“ რომელიმე სუბიექტი, „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებიდან ესა თუ ის პიროვნება, რატომ უნდა შევუზღუდოთ მას არჩევანი?! მე ვფიქრობ, ადამიანების გარკვეული რაოდენობა არსებობს, რომელთა რიცხვიც სერიოზულია, რომლებიც არც ხელისუფლებას დაუჭერენ მხარს და, შესაძლოა, არც „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა, შეიძლება, საერთოდაც არ მივიდნენ არჩევნებზე. ამიტომ, მათი ხმები რომ არ დაიკარგოს, საჭიროა, კიდევ ერთი ახალი არჩევანის შეთავაზება, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასე რომ, ამ მხრივ თვითონ ოპოზიციური ხმების დაკარგვის საშიშროება არ არსებობს.
გეთანხმებით, მართლაც არ უნდა დაიკარგოს ხმები, მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლაც დემოკრატიული ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებთან გვექნება საქმე და არა ხელისუფლების მანიპულაციებთან, საარჩევნო გაყალბებებთან. ამ შემთხვევაში, როდესაც ბრძოლა ორ ფრონტსა და ორ პოლუსს შორის არის, რამდენად მიზანშეწონილია ამომრჩევლის აზრების სამად დაყოფა?
- კონკრეტულად გეტყვით, თუ შეიქმნა მესამე ცენტრი, ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და ამ ცენტრს შორის არ წარიმართება. პირიქით, ვფიქრობ, უფრო მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის გამოყვანა იქნება შესაძლებელი არჩევნებზე, რათა ხმები კი არ დაიკარგოს, პირიქით, მოემატოს.
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა არ წარიმართება, მაგრამ ხმები ხომ გაიყოფა?
- ერთი რამ მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მაჟორიტარული სისტემით მონაწილე კანდიდატებს. თუ მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება შედგება, მაშინ ვფიქრობ, იდეალური ვარიანტი იქნება, რადგან, როგორც ასეთი, საშიშროება უფრო მეტად მაჟორიტარ კანდიდატებთან მიმართებით არსებობს, რადგან იქ შეიძლება, მოხდეს ხმების გაყოფაც და ამან ხელისუფლების წისქვილზე წყალი დაასხას, შეიძლება, მოაგროვონ 30%-ზე მეტი, მაგრამ იმაზე ნაკლები, რაც ჯამში შეიძლება, ოპოზიციურმა კანდიდატურებმა მოაგროვონ და გავიდნენ. ეს საშიშროება ნამდვილად არსებობს. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სწორედ მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთნხმებას.
მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება ახსენეთ. გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატებზეც უნდა შეაჩეროს არჩევანი და არა მარტო „სახალხო კრების“ კანდიდატებზე, რომლებთანაც კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს?
- „სახალხო კრება“ არ გახლავთ პოლიტიკური სუბიექტი და არჩევნებში მონაწილე სუბიექტი.
მართლია, სახალხო კრება არ არის პოლიტიკური სუბიექტი, მაგრამ მათი კანდიდატურები შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა - სწორედ ლუკა კურტანიძეზე, სოსო ჯაჭვლიანზეა საუბარი.
- მინდა გითხრათ, რომ კონსულტაციები არ დამთავრებულა და, ჩემი ინფორმაციით, ასე ცალსახად საქმე არ არის. აქაც დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორი კონფიგურაციით წარდგება ოპოზიციური სპექტრი ან შეიქმნება თუ არა ახალი ცენტრი. ამ შემთხვევაში, საჭირო გახდება დამატებითი კონსულტაციები მაჟორიტარებთან დაკავშირებით.
მაინც რომ გაგვარკვიოთ, რას გულისხმობთ? „დემოკრატიული მოძრაობიდანაც“ უნდა დაინახოს ბიძინა ივანიშვილმა ღირსეული კანდიდატურები?
- მის მაგივრად არ შემიძლია საუბარი, მაგრამ სავარაუდოდ, არა მარტო „დემოკრატიული მოძრაობიდან“, არამედ მთლიანად ოპოზიციური სპექტრიდან უნდა იქნას შერჩეული ერთი კანდიდატი, რათა არ მოხდეს ხმების გაყოფა.
საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, მესამე პოლუსის შექმნა-არშექმნა დამოკიდებულია თავად „დემოკრატიულ მოძრაობაზე“, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი მაინც „ქართული ოცნების“ პოზიციაზეა დამოკიდებული.
- იცით, რატომ ვამბობ ამას? იმავე „თავისუფალ საქართველოს“, „ქართულ დასს“, სხვა პოლიტიკურ ძალებს გაცხადებული აქვთ, რომ ისინი არჩევნებში ცალსახად იღებენ მონაწილეობას, იქნება ეს პოლიტიკური ბლოკის სახით თუ დამოუკიდებლად, „დემოკრატიულ მოძრაობას“ კი საბოლოო გადაწყვეტლება მიღებული არ აქვს და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ამის შესახებ.
ლუკა კურტანიძის, სოსო ჯაჭვლიანის, ნონა გაფრინდაშვილის პოზიცია, ასე თუ ისე ცნობილია, ისინი ხვდებიან ბიძინა ივანიშვილს, იქიდან გამოდიან დადებითი განწყობით. მართალია, ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ასაკის გამო არჩევნებში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს, თუმცა ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი აცხადებენ, რომ, თუ საკუთარ ერს გამოადგებიან, მზად არიან, რიგით ჯარისკაცად დაუდგნენ საქართველოს და მაჟორიტარობაზეც არის საუბარი. თქვენი პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებით და თავად ნინო ბურჯანაძე ხომ არ ეწინააღმდეგება ძალთა ასეთ გადანაწილებას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ?
- არანაირად. მინდა გითხრათ, რომ ლუკასა და სოსოს განცხადებები მთლიანად „სახალხო კრების“ პოზიციიდან გამომდინარეობს, რომლის აღმასრულებელი საბჭოს წევრიც ქალბატონი ნინო გახლავთ. ასე რომ, ეს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად არ მიიღება და საბოლოოდ მაინც შეთანხმებული იქნება „სახალხო კრების“ აღმასრულებელ საბჭოსთან.
თუმცა, რამდენადაც ვიცი, თავად სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე მაინცდამაინც მესამე ფრონტის შექმნის იდეას არ მიესალმებიან. რამდენად მიზანშეწონილია ამ ცენტრის შექნა თუნდაც ამ ადამიანების აზრის გათვალისწინებით, თავად ისინიც ხომ არ დაიბნევიან?
- პირადად მე მგონია, რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა. რა თქმა უნდა, არავის აქვს სურვილი, ცალკე კიდევ რაღაც ცენტრები შეიქმნას. სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, რაც დღევანდელ პირობებში შეუძლებელი გახდა. ამის გამო ახალ სხვადასხვა ვარიანტზე მიდის მსჯელობა.
„დემოკრატიული მოძრაობისთვის“ რამდენად წინაღმდეგობრივი იქნება ის ფაქტი, რომ ლუკა კურტანიძე ან სოსო ჯაჭვლიანი „ქართული ოცნების“ შეთავაზებით წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე?
- ეს გადაწყვეტილება იმ სახით, როგორც თქვენ ბრძანეთ, საბოლოოდ მიღებული არ არის.
თუ მიღებული იქნება, წინააღმდეგობაში ხომ მოვა „დემოკრატიულ მოძრაობასთან“?
- ვნახოთ, როგორ მოხდება.
ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე ჩამკვდარი პოლიტიკური სივრცე გამოაცოცხლა, მის მხარდასაჭერად ხალხმრავალი აქციები ეწყობა. შეუძლებელია, მხოლოდ ფულის გამო ანგარებითი მიზნებით გამოდიოდნენ ასე მასობრივად ადამიანები. როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი, ასე ვთქვათ, ივანიშვილის მეურვეობის ქვეშ?
- იცით, თვითონ „დემოკრატიულ მოძრაობას“ ერთ-ერთი ძლიერი სტრუქტურული რეგიონული და რაიონული ქსელი აქვს საქართველოში. ამიტომ, ჩემი გადასახედიდან, ცალსახაა მოსახლეობის გამოცოცხლება და იმედები ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ. ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ვისურვებდი, რომ ორგანიზაციულად ცოტა უფრო გაუმჯობესებულიყო მდგომარეობა. ჩემი სასწავლებელი არავის არაფერი სჭირს და, ალბათ, თავად გაერკვევა „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერში, მაგრამ ორგანიზებულობა საჭიროა, განსაკუთრებით, რაიონებში.
რას გულისხმობთ ორგანიზებულობაში?
- წინასაარჩევნო სამზადისს და შემდეგ უკვე არჩევნების დროს ისეთ ორგანიზებას, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგება. ეს გულისხმობს წინასაარჩევნო კამპანიას, სტრუქტურების შექმნას, ღირსეული ადამიანების შერჩევას რაიონებში, მოსახლეობის ხმის მისაცემად გამოყვანას. ყველაფერ ამის ფონზე ხელისუფლება საერთოდ არაადაექვატურია. რაც უფრო გაგრძელდება პროცესები, ხელისუფლება უფრო არაადექვატური გახდება. მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგონიაში მყოფ პირთა საქციელს მაგონებს.
უკვე საუბრობენ, რომ წინასაარჩევნოდ ისინი საომარ პროვოკაციასაც არ მოერიდებიან, საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად.
- ყველაფერზე წამსვლელები არიან, რამაც შეიძლება, დაძაბოს პროცესები საქართველოში.
იმის მიუხედავად, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები დარწმუნებული ხართ, რომ ხელისუფლება არჩევნებს მაინც გააყალბებს, „ქართული ოცნების“ მსგავსად, მაინც აპირებთ, არჩევნებით გაიკვალოთ გზა?
- „დემოკრატიული მოძრაობა“ სწორედ ამ განსჯის პროცესშია - ასეთ პირობებში რამდენად მიზანშეწონილი იქნება არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომაც დღემდე არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება. ცხადია, ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც ის, რომ ოპოზიციურ მხარეს ფინანსური რესურსი გაუჩნდა. ცუდი ტონი ნამდვილად არ არის ფინანურ რესურსებზე საუბარი, გამოცოცხლებულია მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, გამოცოცხლებულია მოსახლეობა, მაგრამ კარგი აწონ-დაწონვაა საჭირო და ადექვატური გადაწყვეტილების მიღება.
დასავლეთის ჩარევის მიუხედავადაც, არჩევნები აპრიორი გაყალბდება?
- ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი აქეთკენ მიდის.
თქვენ ბრძანეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი არ გაქვთ, მაგრამ „დემოკრატიული მოძრაობა“ წინასაარჩევნო პერიოდს ხომ არ აგვიანებს?
- ამის შესახებ რამდენიმე დღეში პასუხი გვეცოდინება.