"ჭორების პალატა" - ახალგაზრდების აქცია კონტროლის პალატასთან

დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა კონტროლის პალატის ცენტრალური ოფისის წინ თეატრალიზებული აქცია, სახელწოდებით, „ჭორების პალატა“ გამართეს და კონტროლის პალატის მესვეურებს სავსე კალათა მიართვეს, მთელი თავისი საჭორაო ატრიბურტებით - მზესუმზირით, ყავით, კარტით, სიგარეტით, ტელეფონით, ფრჩხილების ლაქით.

ეს საჩუქარი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა შოთა ძაგნიძემ თავად შეუტანა მაკონტროლებელ ქალბატონს, რაც იმით ახსნა, რომ მისი სურვილი იყო, ქალბატონ მოგელაძეს გაეგრძელებინა ჭორაობა, ოღონდ მის მიერ მირთმეული ატრიბუტების დახმარებით. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის პალატაში არ შეუშვებდნენ, შოთა ძაგნიძე აპირებდა, კალათა იქვე, კონტროლის პალატის ჭიშკართან დაეტოვებინა, თუმცა ასე არ მოხდა და საჩუქარს ადრესატი მალე გამოუჩნდა.

„ამ კალათით მოგელაძის მოსყიდვას ნამდვილად არ ვაპირებ. იმედია, კონტროლის პალატის შენობაში შემიშვებენ და ამაზეც არ დამსჯიან,“ - აღნიშნა შენობაში შესვლამდე შოთა ძაგნიძემ. მართლაც, მცირე ხნის ლოდინის შემდეგ იგი თავის სასაჩუქრე ატრიბუტიანად შენობაში მარტოდმარტო შეუშვეს.  

„ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი დანარჩენი ახალგაზრდები კი კონტროლის პალატის წინ მცხუნვარე მზეში იდგნენ. მათ ნათია მოგელაძის  გამოსახულებიანი ტრანსპარანტები ეჭირათ, წარწერით: „ჭორების პალატა“ - „The Chamber of Gossip”, „დაყადაღებულია“, „ჭორი მტკიცებულებების გარეშე“, „უსამართლო პალატა“.

For.ge „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს ესაუბრა.   

შოთა ძაგნიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დააბნია საქართველოს მოსახლეობა და ყველაფერი იღონა, რომ ადამიანებს სიმართლის განცდა დაეკარგათ. სწორედ ამის ნიშანია კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი გააქტიურება.

„ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას - „ჩემი უფლებაა, ვიცოდე“. ეს აქცია ეხება „გლობალ-ტივის“ გარშემო მომხდარ ამბებს, რადგან სწორედ კონტროლის პალატიდან დაიწყო ყველაფერი. გვსურს, დავაფიქსიროთ ახალგაზრდების დამოკიდებულება კონტროლის პალატის მიმართ, რადგან ყველანაირ მტკიცებულებასმოკლებულ განცხადებას აკეთებენ, ხოლო ქალბატონი მოგელაძე საკუთარ ჭორებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციებს, რომლებსაც შემდეგ სასამართლო და პროკურატურა ძალიან სერიოზულად განიხილავს“.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად გამართავენ, რადგან უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ახორციელდებდა უკანონობას, კონტროლის პალატის სახით.

„მოგეხსენებათ, კონტროლის პალატა ბევრ უკანონობას ჩადიოდა ბოლო თვეების განმავლობაში. ეს ეხებოდა ამომრჩევლის ვითომ მოსყიდვასთან დაკავშირებულ ფაქტებს, ბრალდებას, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ხარჯებით შეიძინა თეფშები და ამ კამპანიით ცდილობდა ამომრჩევლის მოსყიდვას. ჩვენ ვაპირებთ, ყველა უწყებასთან, რომელმაც უშუალოდ „გლობალ ტივისთან“ მიმართებით  ჩაიდინა დანაშაული, მივიდეთ და დავაფიქსიროთ პოზიცია, ეს იქნება სასამართლო, იუსტიციის თუ შს სამინისტროები“.

ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე ზურაბიანი აცხადებს, რომ დღევანდელი აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ მიაწვდინონ ინფორმაცია მოსახლეობას, თუ, სინამდვილეში, რა ტიპის დაწესებულებაა კონტროლის პალატა, რომ იგი იქცა ჭირაობის პალატად და ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება არ ეფუძნება იურიდიულად დასაბუთებულ, არგუმენტირებულ დოკუმენტაციას.

„კონტროლის პალატა თავს იმართლებს, თითქოს მისი გადაწყვეტილებები ბატონი ბიძინას ძმის საკუთრების, ან ვიღაცის ვიღაცასთან ახლობლობისა და მეგობრობის გამო მიღებული გადაწყვეტილებებია. სინამდვილეში, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს „ჭორაობის პალატის“ გადაწყვეტილებები თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია იმისთვის, რომ ხალხმა, რაც შეიძლება, მცირე ინფორმაცია მიიღოს“, - გვითხრა ცოტნე ზურაბიანმა.

აქვე იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მაქსიმალურად გასაიდუმლოებულ შეხვედრებსა და ტრენინგებზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ნაციონალებს „ერთგული“ ადამიანები მიჰყავთ, თუმცა ინფორმაცია იქიდანაც ჟონავს. ამდენად, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებითაც უახლოეს ხანში პრესკონფერენციას მოაწყობენ.

„ეს თავყრილობები, ალბათ, იმიტომაცაა გასაიდუმლოებული, რომ სჩადიან იმას, რაც კანონის ნორმებს, კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამ პროცესს აუცილებლად მივყვებით. რატომ უნდა უტარდებოდეთ გასაიდუმლოებული ტრენინგები და სემინარები სტუდენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან?!“ - კითხულობს ცოტნე ზურაბიანი.