ვინ და რატომ მოკლა ასლან აბაშიძის ჩინოსანი „რემბო“?

ვინ და რატომ მოკლა ასლან აბაშიძის ჩინოსანი „რემბო“?

მოსკოვში, ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. ორწლიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დოროგომილოვსკის სასამართლომ, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის ყოფილი წევრის გოჩა ძასოხოვის ძმა დამნაშავედ სცნო, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ელგუჯა ჯინჭარაძის, მეტსახელად „რემბოს“ მკვლელობაში.

39 წლის რიჩარდ ძასოხოვს, სასამართლოს გადაწყვეტილებით 9.5 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ, რუსული მედია იტყობინება.

ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასაც ხელმძღვანელობდა. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, იგი საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდა. იგი ამჟამად მოსკოვში იმყოფება.

რა წერია საგამოძიებო მასალებში?

როგორც გამოძიებამ მასალებიდან გაირკვა, 2010 წლის 10 სექტემბერს, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ექს-წევრის გოჩა ძასოხოვის ძმა, სასტუმრო „უკრაინაში“ იმავე ბანკეტზე იმყოფებოდა, სადაც ელგუჯა ჯინჭარაძე. ბანკეტის დასრულების შემდეგ ძასოხოვი და ჯინჭარაძე, ტარას შევჩენკოს სახელობის სანაპიროზე გავიდნენ, სადაც მათ შორის დაწყებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, რიჩარდ ძასოხოვმა პისტოლეტი „სტეჩკინი“ ამოიღო და ორჯერ ესროლა. გასროლის შემდეგ მკვლელი ტაქსში ჩაჯდა და მიიმალა. გამოძიების მასალებში ფიგურირებდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელზეც ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

თავად ძასოხოვის ამოცნობა, თვითმხილველებზე დაყრდნობით სამართალდამცავებს მისმა განსხვავებულმა ჩაცმულობამ გაუადვილა. როგორც გამოძიების მასალებშია დაფიქსირებული, მკვეთრი ოქროსფერი პიჯაკი და შავი შარვალი ეცვა, რამაც ამოცნობის პროცედურა არ გაამარტივა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თავდასხმა „რამდენიმე ადამიანმა განახორციელა“. მათ ელგუჯა ჯინჭარაძეს სასტუმრო „უკრაინასთან“ გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც ავტომანქანით მიიმალნენ. მიღებული ჭრილობებისგან ჯინჭარაძე ადგილზე გარდაიცვალა. 

ცხელ კვალზე, მილიციელებმა დააკავეს ავტომანქანა, რომლითაც თავდამსხმელები გაუჩინარდნენ. თუმცა, მანქანის მფლობელი ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა, რომლის ინფორმაციითაც, მგზავრები რუბლიოვკის რაიონში ჩამოსვა.

ამონარიდი მისი დაკითხვის ოქმიდან: „ისინი ჯერ საუბრობდნენ, შემდეგ დავინახე როგორ მოკლეს ეს ადამიანი, უფრო სწორად, გავიგონე გასროლის ხმები და დავინახე როგორ დავარდა ადამიანი. შემდეგ, ეს ორნი, კავკასიური გარეგნობის პირები ჩემთან მოვარდნენ და მანქანაში ჩამიჯდნენ. ერთი წინ ჩაჯდა, მეორე უკან. მე მაშინვე მივხდი ვინც იყვნენ, ჩემს შეკითხვაზე, ერთ-ერთმა მითხრა, შენ რა - პრობლემები გინდა? მე დავიძარი და გზაშივე შევთავაზე, რომ მანქანიდან გადავიდოდი და თავად წასულიყვნენ, მათ უარი თქვეს, ისინი, რუბლიოვკაზე გალერეა ზარასთან მივიყვანე და უკან დავბრუნდი. რა თქმა უნდა, ორივეს ამოცნობა შემიძლია“.

რიჩარდ ძასოხოვი, რუსმა სამართალდამცველებმა კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტემრიუკში, გასული წლის ივლისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაულისთვის მას დაუსწრებლად ჰქონდა წაყენებული ბრალი.

ფედერალური ძებნა ძასოხოვზე 2010 წლის ნოემბერში გამოცხადდა.

ვერსიები მკვლელობის მიზეზებზე

რუსული მედია არ გამორიცხავს, რომ ანგარიშსწორება ბიზნესინტერესებმა გამოიწვია, რომელიც შესაძლოა, ძასოხოვსა და ძმებს ჯინჭარაძეებს ერთობლივად ჰქონოდათ. ელგუჯა ჯინჭარაძის ბიძაშვილი, მამუკა ასევე მოსკოვში, რამდენიმე წლის წინ მოკლეს. ამის შემდეგ, ქონების გადანაწილებაზე, რუსული მედიის ინფორმაციით, კონფლიქტი ჰქონდა ბიძაშვილის ქვრივთან, ირინა ჯინჭარაძესთან.

თავად გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ რიჩარდი და ელგუჯა, რომელსაც გარკვეულ წრეებში „რემბოს“ ზედმეტსახელით იცნობდნენ, ძველი კონფლიქტის გამო წაკამათდნენ, რომელიც ჯერ კიდევ იმ პერიოდს ეხებოდა, როდესაც ორივე მათგანი სააკაშვილთან დაახლოებული პირები იყვნენ. მეორე ვერსიით, ისინი პირადულზე ჩხუბობდნენ, თუმცა, რა იყო ეს „პირადული“ არ კონკრეტდება. 

კიდევ ერთი მომენტი, ჯინჭარაძის მკვლელობის პერიოდში, მედიით სხვა ვერსიებიც მუშავდებოდა, მათ შორის, ზემოხსენებული კონფლიქტი ბიძაშვილის ქვრივთან, რომელიც რუსეთში ამ დრომდე დიდი გავლენით სარგებლობს და დაპირისპირება ასლან აბაშიძის გარემოცვასთან, რომლებიც, ჯინჭარაძემ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მიატოვა და საკაშვილის მხარეს გადავიდა.

ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე, რომელიც რუსეთის ქალაქ ნიჟნევარტოვსკის დუმის დეპუტატიც იყო, 2005 წლის თებერვალში, მოსკოვში საკუთარ მერსედესში ჩაცხრილეს. საინტერესოა, რომ  მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მამუკამ და მისმა ბიძაშვილმა ელგუჯა ჯინჭარაძემ ერთად ივარჯიშეს სპორტ დარბაზში. როცა მამუკას ესროდნენ, „რემბო“ ისევ დარბაზში იყო და ნივთებს ალაგებდა.

თავად ბრალდებულმა, რიჩარდ ძასოხოვმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კარგად არაფერი ახსოვს, შესაბამისად, დანაშაულის რეალური მოტივი  უცნობი დარჩა.

ვინ იყო ელგუჯა ჯინჭარაძე, იგივე აჭარელირემბოდა რა საიდუმლო წაიღო სამარეში?

ელგუჯა ჯინჭარაძე „აჭარის რევოლუციის“ წინ თბილისში ჩამოვიდა და ასლან აბაშიძის წინააღმდე ჩვენება მისცა. 2005 წელს აჭარის შსს-მ მის წინააღმდეგ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თუმცა იმ დროისთვის ჯინჭარაძე უკვე მოსკოვში იმყოფებოდა.

46 წლის ჯინჭარაძე, მეტსახელად „რემბო“, აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. 1994 წლიდან, ათი წლის მანძილზე ეჭირა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებოდა, პარალელურად, იყო აბაშიძის პირადი დაცვის უფროსი.  

ჯინჭარაძე, წინა წლებში მუშაობდა ქობულეთის და ხელვაჩაურის რაიონების პოლიციის უფროსად, ასევე ბათუმის ციხის უფროსად. ცნობილია, რომ ჯინჭარაძის ინიციატივით იქნა აფეთქებული აჭარა-გურიის დამაკავშირებელი ხიდები, რამაც დააჩქარა კიდეც ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან წასვლა.  5 მაისს „რემბო“ ბათუმიდან თბილისში გაიქცა და პროკურატურაში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. თვითმხილველები მაშინ ამბობდნენ, რომ „რემბოს“ ღალატი აბაშიძისთვის ნამდვილი შოკი იყო. ამის შემდეგ, აბაშიძე მეორე დღესვე გაფრინდა მოსკოვში. მედიით გავრცელებული, დაუზუსტებელი ინფორმაციით ცნობილია, რომ „რემბო“, სააკაშვილის გარემოცვამ მისი ბიძაშვილის, ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძის დახმარებით გადაიბირა, ის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს.  

აჭარის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე, რომელიც ასევე მოსკოვში გარდაიცვალა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, მდინარეებზე ჩოლოქზე და ქაქუთზე ხიდების აფეთქებაში სწორედ ელგუჯა ჯინჭარაძეს ადანაშაულებდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელგუჯა ჯინჭარაძეზე საერთაშორისო ძებნა 2005 წელს გამოაცხადა, ტერორისტული აქტის განხორციელების  ბრალდებით; 2008 წელს კი ხელვაჩაურის სასამართლომ „რემბოს“, დაუსწრებლად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სწორედ ეს იყო მიზეზი იმასა, რომ იგი  რუსეთს აფარებდა თავს.