თემურ ალასანია საფრანგეთს საიდუმლოდ მიავლინეს

თემურ ალასანია საფრანგეთს საიდუმლოდ მიავლინეს

რადიო „ფრანსის“ ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე for.ge–ს საფრანგეთიდან იარაღის, შეიარაღებისა და უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების საერთაშორისო ყოველწლიური გამოფენის „ევროსტატორის“ შესახებ გვესაუბრება, რომელიც საფრანგეთში იმართება ხოლმე. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველია, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით იმყოფებოდა და გარკვეული ტიპის იარაღის შეძენა სურდა.

„ამ გამოფენაზე წარმოდგენილია მსოფლიოში უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი ფირმები, სამხედრო–სამრეწეველო კომპლექსები და იარაღის მწარმოებელი ქვეყნები. მოგეხსენებათ, საფრანგეთი იარაღის ლეგალური ბიზნესის თვალსაზრისით, ერთ–ერთი პირველთაგანია, თუ არ ვცდები, იგი ამ მხრივ მხოლოდ ამერიკასა და რუსეთს ჩამოუვარდება. „ევროსტატორიც“ საფრანგეთში იმიტომ იმართება, რომ იგი იარაღის ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა“, – ამბობს ფოფხაძე.

მისი თქმით, ამ გამოფენაზე შეიარაღების სფეროში უმსვილესი კონტრაქტების გაფორმება ხდება. ჟურნალისტი იხსენებს, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული ამ გამოფენაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის იყო ხოლმე წარმოდგენილი. ამიტომ, გიორგი ფოფხაძეს გაუკვირდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ღონისძიებაზე არავინ იყო მივლენილი. მოგვიანებით კი მან აღმოაჩინა, რომ ამ გამოფენაზე საქართველოს წარმოადგენდა პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია.

„ჩემი კონტაქტების საშუალებით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ამ გამოფენაზე წარმოადგენდა არც მეტი, არც ნაკლები სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია. რა თქმა უნდა, მაშინვე გამიჩნდა კითხვა – რა უნდოდა იქ თემურ ალასანიას? მოგეხსენებათ, იგი ოფიციალურად არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი. ამ გამოფენაზე კი წესით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. აქვე აღვნიშნავ, რომ რეესტრში, სადაც გამოფენაში მონაწილეთა ვინაობაა დაფიქსირებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არავინ იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

გიორგი ფოფხაძე სკანდალურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამგავრ გამოფენაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოამდგენლის ნაცვლად მივლენილი იყო პრეზიდენტის ბიძა, რომელსაც შესაბამისი უფლება–მოსილება არ აქვს.

„თუ თემურ ალასანია რომელიმე სხვა თანამდებობაზე დანიშნეს და ჩვენ ეს არ ვიცით, თავისთავად ესეც სკანდალია, რადგან თუკი ქვეყანას პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე, მაშინ ამგავრ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა გასაიდუმლოებული არ უნდა იყოს“, – ამბობს გიორგი ფოფხაძე.

მისი თქმით, მოგვიანებით მან გაარკვია ასევე ისიც, ოფიციალურად რა მოტივით იყო გამოფენაზე ალასანია ჩასული. ფოფხაძის თქმით, ოფიციალური ვერსიით, პრეზიდენტის ბიძა იქ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიტიგნებისა და მანიფესტაციების დასაშლელი თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძენად იყო მივლენილი. თავად ამ მოწყობილობების შესყიდვაში უცნაურს გიორგი ფოფხაძე ვერაფერს ხედავს, რადგან ტექნოლოგიები ვითარდება და უკვე არსებობს ისეთი იარაღები, რომლებიც მიტიგნების დასაშლელად უფრო ეფექტურია, მაგრამ მომიტინგეებს დაზიანებებს არ აყენებს. მაგრამ ჟურნალისტს უჩნდება სავსებით სამართლიანი კითხვა, თუკი ამგვარი მოწყობილობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება, მაშინ გამოფენაზე რატომ იყო ამისთვის მივლენილი თემურ ალასანია და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

„გამოდის, რომ თემურ ალასანია საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველია და ამავდროულად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენელიც არის. ამდენად, იგი სამ თანამდებობას ითავსებს და სამ უმნიშვნელოვანეს უწყებას წარმოადგენს. თუმცა ამის გარდა, აქ კიდევ ერთი სკანდალია. კერძოდ, არაოფიციალურად ჩემთვის ჩემი წყაროებიდან (ეს დადასტურებული ინფორმაციაა) ცნობილი გახდა, რომ თემურ ალასანია იქ ცდილობდა კონტაქტი დაემყარებინა იმ ფირმებთან, რომლებიც რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარებით არიან დაკავებულები.

ყველაფერი ეს კი უცნაურად დაემთხვა დროში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო ანტისარაკეტო სისტემის შექმნაში დაეხმარება. როგორც ჩანს, ალასანია იმისთვის იყო ჩამოსული საფრანგეთში, რომ თუკი ვთქვათ, ამერიკელები ქართულ მხარეს ხუთ ამგვარ დანადგარს მისცემენ, დამატებით კიდევ ხუთს, ალბათ, თვითონ შეიძენს და ეს უკვე სკანდალია“, – აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

იგი სვამს კითხვას – თუკი საქართველოს ხელისუფლება აპირებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას, მაშინ რატომ აგზავნის ამისთვის თემურ ალასანიას, რომელიც საამისოდ უფლებამოსილი არ არის და ამასთანავე, რატომ ხდება ეს ყველაფერი შენიღბულად, რატომ არ არის ეს პროცესი ქართული საზოგადოებისთვის ღია და რატომ ხდება ამ საკითხის შენიღბვა მიტინგების დასაშლელი მოწყობილობებით?

ამასთან დაკავშირებით თავად გიორგი ფოფხაძეს ორი ვერსია აქვს. პირველი ვერსიის თანახმად, სააკაშვილს სურს ვიღაცას აჩვენოს, რომ მის ქვეყანას კარგი შეიარაღება აქვს.

„როგორც ჩანს, სააკაშვილს უნდა ვიღაცას აჩვენოს, – აი მე უკვე სერიოზული შეიარაღება მაქვს და ის ბიჭი აღარ ვარ, რომ თითი მიქნიოთო. მეორე ვარიანტი, რაც მე ძალიან მაეჭვებს (ამ ვერსიის უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვარაუდის დონეზე ამასაც ვფიქრობ) არის შემდეგი – რამდენადაც თემურ ალასანია მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა არაერთხელ მოიხსენიეს ადამიანად, რომელიც იარაღის არალეგალურ ვაჭრობასთან ასოცორდება, ხომ არ ვართ იმ ფაქტის წინაშე, რომ საქართველო იარაღის არალეგალური ვაჭრობის გამტარი ქვეყანაა? შესაძლებელია ამ გამოფენაზე გაფორმდეს რაღაც კონტრაქტი, გარკვეული იარაღი შევისყიდოთ, რომლის ბაზირებაც საქართველოში კი არ ხდება, არამედ შემდეგ მიდის რომელიმე მესამე ქვეყანაში და ამ პროცესის გაკონტროლება ძალიან ძნელია.

ნათქვამია, ქურდმა ერთი ცოდვა ჩაიდინა და დამბრალებელმა ათიო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამგვარი რამის მტკიცება ცოტა ძნელია, მაგრამ თუკი ქართულ პოლიციას აქვს უფლება „საფუძვლიანი ეჭვი“ ჰქონდეს, რატომ არ მაქვს იგივე უფლება მე, ჟურნალისტს, როდესაც ალასანიას სახელი იარაღის არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით არაერთხელ იყო ნახსენები“? – ამბობს გიორგი ფოფხაძე.

გიორგი ფოფხაძის მონათხრობთან დაკავშირებით for.ge სამხედრო ექსპერტ გიორგი მელითაურს ესაუბრა. მელითაური ამბობს, რომ თავად ინფორმაცია იმგვარად არის წარმოდგენილი, რომ მასზე მსჯელობა ცოტა რთულია, თუმცა იგი დამაფიქრებელს უწოდებს იმ ფაქტს, რომ იარაღის გამოფენაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თემურ ალასანია იყო მივლინებული. გიორგი მელითაური ამბობს, რომ როგორც წესი, ამგვარ ღონისძიებებზე მიდის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ან სხვა უწყების ისეთი წარმომადგენელი, რომელსაც სპეციალური ცოდნა გააჩნია. ეს შეიძლება იყო სამხედრო ან სამოქალაქო პირი, მაგრამ მას სპეციფიური ცოდნა უნდა ჰქონდეს, რადგან ამგვარ გამოფენაზე გარდა თოფისა და ავტომატისა, წარმოდგენილია უამრავი საქონელი, რომელსაც სამხედრო, ან ორმაგი დანიშნულება აქვს, ანუ გამოიყენება სამხედრო მრეწველობაში, მაგრამ პირდაპირ იარაღის დანიშნულება არ აქვს. მაგალითად, ლაზერული, ოპტიკური ან სხვა ასეთი ტიპის მოწყობილობები, რომლებიც სამხედრო ტექნიკის შესაქმნელად გამოიყენება.

„თუკი ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი შევქმნათ, ყველა წამყვანი ფიგურა დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ შესწავლილი იქნას ბაზარი, ანუ სად, რა და როგორ შეიძლება შევიძინოთ“, – ამბობს გიორგი მელითაური for.ge–სთან საუბარში,

აქვე იგი განმარტავს, რომ თუკი ალასანია მართლაც ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების შესაძენად იყო გამოფენაზე ჩასული, მაშინ იგი კარგი საქმით არის დაკავებული, რადგან საქართველოს ეს მოწყობილობა ნამდვილად სჭირდება და რაც უფრო მალე მივაგნებთ ადგილს, სადაც ამის კარგი პირობებით შეძენა შეიძლება, მით უკეთესი.  

„შეიძლება ითქვას, რომ მოწოდებული ინფორმაცია ორმაგ განწყობას ქმნის. ჩემი აზრით, უფრო შემაშფოთებელია, თუკი პოლიციისთვის მიტინგების დასაშლელი მოწყობილობების ძებნა ასეთ დონეზე ხდება, ვიდრე ის, რომ დავუშვათ, ალასანია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი სამხედრო ბაზარს შეისწავლის. ვინაიდან საქართველო ამ გამოფენაზე წარმოდგენილი არ არის და ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ვსწავლობთ ამ ბაზარს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ გამოფენაზე თემურ ალასანია იქნება, ბაჩო ახალაია, თუ ვინმე სხვა, ამას გადაწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, – აცხადებს მელითაური.