ვიღაც, მესამე

ვიღაც, მესამე

რამდენიმე დღეა, მედიაში კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შესაძლო დაპირისპირებაზე კეთდება აქცენტები. ჟურნალისტები სვამენ კითხვებს და ბიუნებრივია, საზოგადოებასაც აინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება, თუნდაც იმიტომ, რომ ფსონი, რომელიც ხალხმა ქართულ პოლიტიკაში გამოჩენილ ახალ ძალაზე დადო, საკმაოდ მაღალია, ხოლო ის ნდობა და მხარდაჭერა, რაც კოალიციამ მიიღო და საკუთარი თვალითაც იხილა, მას ავალდებულებს, გონივრული ნაბიჯებით იაროს.

კოალიციაში შემავალი ორი პოლიტიკური სუბიექტის შესაძლო დაპირისპირებაზე განმარტების გაკეთება მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც მოუხდა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის გარკვეული კონკურენციაა, ეს ჯანსაღი და ნორმალურია.
„პარტიები ერთმანეთის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილნი. მათ რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ მაჟორიტარებზე არჩევანი მე გამეკეთებინა და რასაც მე ვიტყოდი, თანახმანი იქნებოდნენ, თუმცა მე ამაზე უარი ვთქვი. მე მაქსიმალურად ვცდილობ, სწორი არჩევანი გავაკეთო და მათ შორის კონკურენცია დარჩეს“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე განმარტებით თქმით, უმჯობესია პარტიებს შორის კონკურენცია არსებობდეს, ვიდრე დღევანდელი პარლამენტის მსგავსად ერთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდეს.

„ჩვენ პარლამენტში ბევრი ხმით შევალთ და არ მინდა, დღეის მსგავსად ერთპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდეს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა საკუთარი სახე შეინარჩინონ და საკუთარი პარტიებისთვის იბრძოლონ. ეს ბრძოლა და კონკურენცია აბსოლუტურად ჯანსაღია. არავითარი ხმის აწევა და არავითარი ზედმეტი არაფერი ხდება“,- განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, საუბრები თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირებაზე დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები.

„არ მახსოვს „ვერსიაში“, თუ „ქრონიკაში“ გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, რომლითაც ირკვეოდა თბილისის სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებში შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატების რეიტინგები როგორი იყო. შემდგომ ამას მოჰყვა დავით ბერძენიშვილის განცხადება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ის, რაც გამოქვეყნდა, იყო ნაწილობრივ სწორი, ნაწილობრივ არასწორი. შემდგომ ბერძენიშვილის ეს ინფორმაცია დაადასტურა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თეა წულუკიანმა, დაადასტურა სოზარ სუბარმა, მანამდე ეს დადასტურდა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით. ამ დროს გაჩნდა ინფორმაციები სხვადასხვა მედიასაშუალებებში, რომ არის დაპირისპირება და ა.შ.“- ამბობს ხმალაძე.

მისივე განმარტებით, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, კონკურენცია და ბუნებრივი კონკურენცია არის ყოველთვის, როდესაც არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც  რაღაც საქმეს აკეთებენ.

„ამ საქმეში ვიღაც ლიდერი უნდა იყოს, ვინმემ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციები უნდა შეასრულოს, ვინმემ ნაკლებად მნიშვნელოვანი. ასეთი კონკურენცია არის ნებისმიერ სამსახურში, ნებისმიერ დაწესებულებაში, ეს ბუნებრივია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონკურენციის გარეშე რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა და განვითარება უბრალოდ, შეუძლებელია“, - აცხადებს ხმალაძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ „კოალიცია არის მრავალპარტიული და გვინდა მრავალპარტიული პარლამენტი შევქმნათ, სადაც აზრთა ჭიდილი იქნება და აზრების და პოლიტიკური ხედვების ჯანსაღი დაპირისპირება, რასაც უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება საზოგადოების მხრიდან. სწორედ ასეთი ქვეყანა და ასეთი საქართველო  უნდა შევქმნათ ჩვენ და არა ისეთი, როგორი საქართველოც სააკაშვილმა შექმნა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

მისივე განმარტებით დაპირისპირებაზე ლაპარაკი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია.

ზურაბ აბაშიძე: „ეს ყველაფერი არის ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდისტული მანქანის მცდელობა, იმ მედიასაშუალებებით, რომელიც კონტროლირებადია ხელისუფლების მიერ, ხშირად უნდათ წარმოაჩინონ, რომ კოალიციაში არის დაპირისპირება პარტიებს შორის და აქედან გამომდინარე, ვითომ საზოგადოებას დაანახონ, რომ ეს არ არის ერთ მუშტად  შეკრული ძალა. ამ შემთხვევაშიც ეს იყო მიზანი.

ის, რასაც ჯანსაღი კონკურენცია ჰქვია, საჭიროა როგორც პოლიტიკაში, ისე სხვა ნებისმიერ სფეროში, კონკურენცია უნდა იყოს იმისათვის, რომ განვითარდე. არაკონკურენტულ გარემოში განვითარება ძნელია. სწორედ ამას გვსაყვედურობდა  ფსევდოოპოზიციაც,  როცა ამბობდა, ამათ უმრავლესობით მოსვლა უნდათო...

ტყუილად ცდილობენ მედიასაშუალებები წარმოაჩინონ, რომ ჩვენს შორის დაპირისპირებაა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონკურენცია მხოლოდ ახლა კი არა, ყოველთვის უნდა არსებობდეს პოლიტიკაში“.

ვახტანგ ხმალაძე: „არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს განცხადებებიდანაც ჩანს და ბევრი სხვა რამიდანაც. დღესაც და მთელი ამ პერიოდის მანილზე ისე გრძელდება ერთობლივი მუშაობა, როგორც იყო მანამდე და ბოლო მაგალითსაც გეტყვით, კონფერენციაში, რომელიც მიმდინარეობს სტამბულში, „ქართული ოცნებიდან“ მონაწიოლეობს ორი წარმომადგენელი, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია.

ვარაუდი მიჩნდება, რომ არის ვიღაც მესამე, არა რესპუბლიკელი და არა თავისუფალი დემოკრატი, ვისი ხელითაც მოხდა კონფიდენციალური გამოკითხვის შედეგების გაჟონვის ორგანიზება და მედიისთვის მიწოდება, თანაც არასწორად. ამ ვიღაც მესამის ინტერესი იყო ამ ორ პარტიას შორის ჟარგონი რომ გამოვიოყენო, „ჩორტის“ ჩამოგდება.

ინფორმაციის გაჟონვის ორი შესაძლო წყარო არსებობს, ერთია თავად ის ჯგუფი, ვინც გამოკითხვა ჩაატარა, ხოლო მეორე, ვინც მიიღო გამოკითხვის შედეგები. ორივე შემთხვევაში არის ადამიანთა რაღაც გარკვეული რაოდენობა, ვინც იცოდა გამოკითხვის შედეგები და ეს რაოდენობა არც თუ მცირეა. ცხადია, გაჟონვა მოხდა რომელიმე მათგანისგან, მაგრამ ვისგან, ამისი დადგენა ალბათ შეუძლებელი იქნება“.

რაც შეეხება რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს, ორივე პარტიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ თვითონ შედეგებს, რაც ამ გამოკითხვით მიიღეს, მათ შორის არანაირი დაპირისპირების მსგავსი არ გამოუწვევია.

„როგორც ჩანს ჩანაფიქრი ასეთი იყო, რომ თუ ეს მონაცემები გამოქვეყნდებოდა, თანაც არასწორად,  ეს პარტიებს ერთმანეთის მიმართ ეჭვს გაუჩენდა, რომ მათგან ხომ არ გაჟონა ინფორმაციამ. რაც შეეხება პარტიებს, მათ  ურთიერთობის დაძაბვის არანაირი სურვილი არ აქვთ, რადგან ისინი ერთ გუნდში მუშაობენ და სიტუაციის დაძაბვა დააზიანებს, როგორც თითოეულ მათგანს, ასევე  მთლიან გუნდს. არაპრაგმატულიც იქნებოდა ასეთი დაპირისპირების ხელშეწყობა, მაგრამ მათ ვისაც ხელს აძლევდა დაპირისპირების წარმოქმნა, სწორედ ისეთი რამ გააკეთა, რასაც შეეძლო გამოეწვია დაპირისპირება და მთლიანი გუნდის დასუსტება. ეს კოალიციის ინტერესში რომ არ იქნებოდა, ცხადია და ასეთი რამ ვისაც აწყობს ყველას კარგად მოეხსენება“,- აცხადებს ხმალაძე.

სხვათა შორის იმ დღეებში, როდესაც მედიაში ამ ორი პარტიის შესაძლო დაპირისპირების შესახებ ალაპარაკდნენ, მმართველი პარტიის ლიდერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ კოალიცია მალე შიგნიდან ჩამოიშლებოდა.

ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ კოალიციის დასუსტება მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს და შესაძლოა, ხელისუფლება ამას ვინმე, თავისივე ჩანერგილი პირის მეშვეობით ცდილობს.

„მე ვამბობ შესაძლო ვარიანტებს, შესაძლოა, სხვა რამეც იყოს, მაგრამ უფრო მგონია რომ ასე იქნებოდა. გათიშე და იბატონე არც ამ ხელისუფლებას მოუგონია, საუკუნეებია არსებობს და ხშირადაც იყენებენ ხოლმე. ამისი ქექვა და ძიება არ დამიწყია, მაგრამ რასაც ვხედავ კოალიციაში, ურთიერთობის ხარისხს, დონეს, ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი გაიშიფრა და გაქრა ის ეჭვი, რომელიც შესაძლოა, გაჩენილიყო. უფრო ვფიქრობ, რომ ეჭვები არც კი წარმოქმნილა და საწყის ეტაპზევე გაკეთდა სწორი ანალიზი. ამის გამკეთებელმა ვერ მიაღწია თავის სასურველ მიზანს“, - მიიჩნევს ხმალაძე.

როგორც ზურაბ აბაშიძე ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებები საზოგადოებას არ აინტერესებს და ეს იმ პროპაგანდისტუილი მანქანის ნაწილია, რომელსაც სურს ჩირქი მოცხოს და გაურკვევლობა შეიტანოს საზოგადოებაში.

„ეს არის ერთ მუშტად შეკრული პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში და ეს დღე ძალიან მალე დადგება, მიუხედავად ხელისუფლების აგონიური და არაადეკვატური მდგომარეობისა და იმ არასსწორი ნაბიჯებისა, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით ხელისუფლების მხრიდან. ეს ყველაფერი უფრო მეტად გვაძლიერებს როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად და ფიზიკურად ეს ბრძოლა მთელი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება“, -აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

სხვათა შორის, ბოლო პერიოდში კოალიციის მიმართ ექსპერტების მხრიდანაც სულ უფრო ნაკლები კრიტიკა ისმის, ისინი აღნიშნავენ კიდეც იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რასაც კოალიცია დგამს მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა, თუმცა შიშობენ, რომ მთავარია კოალიციამ არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა და არ მოხდეს რაღაც ისეთი, რომელიც ამ გაერთიანებას დაასუსტებს.

რა შეიძლება იყოს ეს საბედისწერო შეცდომა, ზურაბ აბაშიძეს ამასთან თავისი დამოკიდებულება აქვს, მისი აზრით, ექსპერტებს აქვთ უფლება და იმის საშუალებაც, რომ რაც ხდება ის გააანალიზონ, პროცესებს გარედან აკვირდებიან.

„ექსპერტების საქმე ის არის, რომ შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ  რა შეფასებასაც გააკეთებერნ ეს აუცილებლად ასე იქნება, იგივე შეფასებები ექსპერტების მხრიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია აზრების გაცვლა. დღეს იმიტომ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, რომ მრავალი აზრი უნდა გამოითქვას, მრავალი შეფასება გაკეთდეს, მაგრამ შედეგი იქნება ის, რასაც დავინახავთ და რასაც მივიღებთ“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

თუმცა როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ამბობს, მეორეა სახელისუფლებო პროპაგანდა და მისი რეპრესიული მანქანა, რომლის მეშვეობითაც ის იბძვის, რომ საქმე არჩევნებამდე არ მიიყვანოს.

„კონტროლის პალატისა თუ სხვა საშუალებებით სწორედ ამას ცდილობს. ჩვენი სიძლიერე არის იმაში, რომ კოალიცია დაგეგმილად მოქმედებს, ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი გათვლილი აქვს და აუცილებლად მივალთ დანიშნულების ადგილამდე და ეს ოქტომბრის არჩევნები და კოალიციის გამარჯვებაა“, - ამბობს აბაშიძე.

ასეა თუ ისე, მხოლოდ მისასალმებელია, თუკი ერთ მხარეს მოთამაშე პოლიტიკურ ძალებს შორის არც დაპირისპირებაა და არც განხეთქილება. მოწინააღმდეგე ბანაკში წყლის ამღვრევას რომ ყველა ხერხით შეეცდებიან, პოლიტიკოსები ამისთვისაც მზად უნდა იყვნენ. თუმცა პოლიტიკაში საწინააღმდეგო ბანაკის მხილება და გამოაშკარავება საჭიროცაა და საინტერესოც, ისე როგორც მაგალითად კახი კალაძემ მილანში სააკაშვილის შოპინგის ფოტოების ორგანიზება მოახერხა, მსგავსი რამ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეძლო და მედია მოწინააღმდეგე ბანაკში დაპირისპირებაზე აალაპარაკა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ხელისუფლება ძალადობრივ მეთოდებს ირჩევს, რითაც საეჭვოა, საზოგადოებაში სასურველი რეიტინგი შეინარჩუნოს.