„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელისუფლების თავის გადასარჩენი სვლა იყო“

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელისუფლების თავის გადასარჩენი სვლა იყო“

 

„გლობალ ტივის“ ანტენების დაყადაღებამ, როგორც ჩანს, ერთი დადებითი შედეგი გამოიღო. ხელისუფლებამ სატელევიზიო სივრცე გარკვეული პერიოდის მანძილზე, ასე თუ ისე, დათმო და საარჩევნო პერიოდში ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით ყველა სატელევიზიო არხის გადაცემას დათანხმდა.

ერთ-ერთი მოსაზრებით, ხელისუფლებას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და წინდაწინვე იცოდა, რა მოჰყვებოდა „გლობალ ტივის“ ანტენების დაყადაღებას. მეტიც, ნაციონალებმა ისიც გათვალეს, რომ ანტენების დაყადაღებით გამოწვეულ აჟიოტაჟს ამ განცხადებით გადაფარავდნენ და დასავლეთის თვალშიც დემოკრატიის ნიღაბს მოირგებდნენ.

მართალია, საარჩევნო პერიოდში უნდა მოხდეს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით და ეს მხოლოდ განსაზღვრულ დროს, ანუ მცირე პერიოდს მოიცავს, მაგრამ ნაციონალებს ჯერ არ დაუკონკრეტებიათ, როდის გამოაცხადებენ საარჩევნო კამპანიას. ამდენად, გაურკვეველია, როდის გადაეცემათ რეგიონებს შეუზღუდავი მაუწყებლობა.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, პარლამენტში უკვე მუშაობენ ამ ინციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა სატალევიზიო არხს მიეცემა საშუალება, საზოგადოების უფრო დიდი ნაწილს მიაწვდინოს ხმა.

ამასთან, ბაქრაძე ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა, არჩევნები  სამართლიან გარემოში ჩატარდეს. მეტიც, ბაქრაძის თქმით, ქართული კანონმდებლობა უკვე აწესებს მაღალ სტანდარტს თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ, მაგრამ მმართველი გუნდის სურვილი და ამოცანაა, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ეს სტანდარტი, რათა ქართული დემოკრატია იყოს მუდმივად პოზიტიურად განვითარებადი ისტორია.

დავით ბარქრაძის განმარტებით, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია და საშუალება ჰქონდეს, მოუსმინოს ყველანაირ განსხვავებულ აზრს, მისაღებს თუ მიუღებელს და, საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას.

აქვე ბაქრაძემ განმარტება გააკეთა მათ მიმართ, ვისაც აინტერესებს, ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა რატომ დაემთხვა მაინცდამაინც საარჩევნო პერიოდს?

„პასუხი არის ძალიან მარტივი, ზოგადად საკაბელო მაუწყებელს და სატელევიზიო მაუწყებელს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება გახლავთ კერძო კომერციული მოლაპარაკება. ეს არის ორი კერძო ბიზნეს სუბიექტის მოლაპარაკება, თუ რა პირობებით და რა ფასად მოხდება ამა თუ იმ არხის ჩართვა ამა თუ იმ კაბელში. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფო კერძო ბიზნეს ურთიერთობაში მინიმალურად უნდა ერეოდეს, მაგრამ საარჩევნო პერიოდი გახლავთ ძალიან სპეციფიკური თავისი შინაარსით, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობას და ინფორმაციის თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო პერიოდში ჩვენ შესაძლებლად და მიზანშეწონილად გვესახება, გავაკეთოთ გამონაკლისი და დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები და ტელევიზიები, მიაღწიონ შეთანხმებას იმ მიზნით, რომ ამ დავალდებულებით მოიგოს ჩვენმა ამორჩეველმა, რომელსაც ექნება უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გახმოვანებული ინფორმაციით ჯონ ბასი კმაყოფილია და საზოგადოების ინფორმირებულობის ნებისმიერ ინიციატივას მიესალმება.  

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში დავით ბაქრაძის განცხადებას საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხის გადაცემის შესახებ პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს. მით უფრო, რომ ეს ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის დიდი ნაწილის, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთო პოზიცია იყო და ერთადერთი პოლიტიკური ძალა გახლდათ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. თუმცა, ლაშა ტუღუშისთვის მთავარია, რეალურად განხორციელდება თუ არა ეს და არა - სიტყვიერი დეკლარირებით.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გუშინდელი ვანდალიზმის შემდეგ ხელისუფლება დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას შეეცადა და დღევანდელი მათი განცხადება პირდაპირ კავშირშია „გლობალ ტივის“ ანტენების დაყადაღებასთან.

„აქ ორი ფაქტორია საგულისხმო, როგორც ჩანს, დასავლეთის მხრიდან სერიოზული რეაქცია მიიღეს და ამას მოჰყვა მათი მყისიერი განცხადება. თუმცა, შესაძლებელია, მათი მხრიდან ეს არის ტაქტიკური სვლა, ასევე, დასავლეთზე გათვლილი, რადგან იცოდნენ, გუშინდელი აქცია უბრალოდ არ ჩაივლიდა. მით უფრო, რომ გუშინვე გაჩნდა სურათები ირანში მსგავსი სიტუაციის შესახებ - სატელევიზიო ანტენების ჩამოხსნა და სხვა.

ამ ფონზე, როცა ირანთან სიტუაცია ასე გამწვავებულია, ეჭვი მეპარება, გუშინდელი ვანდალიზმი ხელისუფლების იმიჯზე ოდნავ მაინც წყალს ასხამდეს და თუნდაც არჩევნების საბოლოო რეზულტატის თვალსაზრისით, გამართლებული იყოს“.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ნაციონალებს სჭირდებათ, ოქტომბერში ჩასატარებელ არჩევნებსა და მის შედეგებს გარეგნულად მაინც სამართლებრივი იმიჯი ჰქონდეს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ, თუ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, დასავლეთმა რაიმე სახით თავისი პოზიცია გამოხატა, ეს არ იქნებოდა უბრალო რჩევა და ძალიან კატეგორიული მოთხოვნა იქნებოდა.

„მეორე მხრივ, არ გამოვრიცხავ, ეს თავად ხელისუფლების ტაქტიკური სვლა იყოს, აბსოლუტურად გამართლებული და თავის გადასარჩენად ორიენტირებული სვლა. ალბათ, ყველა მიესალმება ამ სვლას, როგორც ხელისუფლების მხრიდან ბოლო თვეებში გადადგმულ ყველაზე რაციონალურ ნაბიჯს“.

თუმცა ხათუნა ლაგაზიძე, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების უმეტესობა, გაურკვევლობაშია, კონკრეტულად როდიდან დაიწყება დავით ბაქრაძის დანაპირების ასრულება. გამოასწორებს თუ არა ეს ვითარებას რეგიონებში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ინფორმაციული ვაკუუმი ცალსახად გამოსწორდება, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სრული საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში რეგიონებში ასეთი დიდი მასშტაბის საპროტესტო განწყობა დაფიქსირდა.

„აქამდე მოსახლეობის საპროტესტო განწყობას დიდწილად განაპირობებდა მათივე დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ. აქ ინფორმაციულ იმპულსსა და საბაბს იმხელა როლი არ ეკისრებოდა, როგორც 2003 წლის წინა პერიოდში. მოგეხსენებათ, 2003 წლიდან მოყოლებული, მთელი საინფორმაციო ველი მუშაობდა იმაზე, რომ საპროტესტო განწყობა გაეღვივებინა მოსახლეობაში და შემდგომი პიკისთვის მიეღწია. დღეს კი, ამ თვალსაზრისით, რეგიონებში სრულიად განსხვავებული ვითარება გვაქვს. საინფორმაციო ველმა ხელოვნურად კი არ შეამზადა ეს საპროტესტო განწყობა, არამედ ბუნებრივად არსებულმა საპროტესტო განწყობამ გამოსავალი ჰპოვა იმ აქციებში, რაც ჩვენ ვიხილეთ. ამას თუ დაემატება ინფორმაციული ველის გარღვევა, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება. თუმცა, ალბათ, ეს არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველაზე დემოკრატიული ჟესტი, რომელიც მან ბოლო თვეების მანძილზე გააკეთა და ეს მოხდა გუშინდელი აქციის დასაკომპენსირებლად. როგორც ჩანს, დროშიც ასე ჰქონდათ გათვლილი“, - გვითხრა ხათუნა ლაგაზიძემ.

„ქართული ოცნების“ პრეს-სპიკეერი მაია ფანჯიკიძე ხელისუფლების ინიციატივას „გლობალ-ტივის“ ანტენების დაყადაღებასა და იმ საერთო ზეწოლას უკავშირებს, რაც მმართველ გუნდზე იმის გამო ხორციელდებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომელიც ამ ინიციატივას ხელს არ აწერდა.

ამდენად, მაია ფანჯიკიძის აზრით, ხელისუფლების მხრიდან ეს კიდევ ერთი უკან დახევაა, რადგან მმართველი გუნდი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, აღარ იცის, რით ახსნას თავისი უაზრო ქმედებები. ამის გამო ნელ-ნელა ყველაფერს გამოასწორებენ.

„დავით ბაქრაძის წინადადება რეალურად როდის განხორციელდება, ჩემთვის უცნობია, მაგრამ, როცა არ უნდა განხორციელდეს, მისასალმებელი იქნება. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებამ რაც არ უნდა აკრძალოს ინფორმაციის მიწოდება, ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ამაში რეგიონების აქციებმა დაგვარწმუნა. ამას თუ ისიც დაემატება, რომ საინფორმაციო ვაკუუმი ტელევიზიის მხრიდან მაინც გაირღვევა, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება,“ - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს უჭირს იმის განმარტება, თუ რამ იმოქმედა ნაციონალების განწყობაზე, როცა მათ სატელევიზიო სივრცის ხელმისაწვდომობა დროებით მაინც გადაწყვიტეს, მაგრამ რამაზ საყვარელიძეს ვარაუდის საფუძველს აძლევს ბასის განცხადება.

„პარალელურად ჯონ ბასიც ალაპარაკდა. მართალია, ძალიან ფერმკრთალი განცხადებები გააკეთა ბასმა, მაგრამ მაინც გააკეთა მინიშნება იმაზე, რომ მიმდინარე პროცესები მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს, პრესის თავისუფლებისა და პოლიტიკური კონკურენციის შენარჩუნებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. ბაქრაძის ინიციატივა მე მაინც აღვიქვი ამერიკის საელჩოს გამოღვიძების შედეგად“, - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.  

თუმცა, დავით ბაქრაძის ამ განაცხადის მიუხედავად, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი შეეცდება, მცირე ვადები გამოაცხადოს საარჩევნო პერიოდად, რათა „მათ მიერ ნაჩუქარმა სიტყვის თავისუფლებამ, რაც შეიძლება, მცირე ხნით იმუშაოს რეგიონებზე“.