ივანიშვილი ოპოზიციურ ფრონტს „სახალხო კრებით“ აძლიერებს

ივანიშვილი ოპოზიციურ ფრონტს „სახალხო კრებით“ აძლიერებს

როგორც ჩანს, ყინული დაიძრა. „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „სახალხო კრების“ წარმომადგენლებს შეხვდა და როგორც ცნობილია, რამდენიმე მათგანს მაჟორიტარად კენჭისყრის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა აღუთქვა. კერძოდ, საუბარია ლუკა კურტანიძეზე, სოსო ჯაჭვლიანზე, ნონა გაფრინდაშვილსა და გია ბურჯანაძეზე. როგორც ცნობილია, გაფრინდაშვილმა და ბურჯანაძემ მაჟორიტარობაზე უარი განაცხადეს. რაც შეეხება ლუკა კურტანიძესა და სოსო ჯაჭვლიანს, მათთან დაკავშირებით „სახალხო კრებაში“ ჯერ არ აკონკრეტებენ, იქნებიან თუ არა ისინი კრებისა და „ქართული ოცნების“ მიერ ერთობლივად დასახელებული მაჟორიტარები.

თავად ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილმა „სახალხო კრების“ წევრებს მაჟორიტარად კენჭისყრის შემთხვევაში მხარდაჭერა აღუთქვა, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან აქამდე თითქოს ორივე მხრიდან იყო დაახლოების სურვილი, მაგრამ ამას რაღაც ხელს უშლიდა.

ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მხოლოდ „სახალხო კრებასთან“ სურს ურთიერთობა (ანუ იგი ბურჯანაძეს ყოველთვის გამორიცხავდა), ხოლო ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, რომ მას კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრობა არც არასდროს უნდოდა. „სახალხო კრების“ წარმომადგენლები კი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ბურჯანაძე მათი თანამებრძოლია და მის გარეშე ისინი ურთიერთობას არავისთან დაამყარებდნენ.

ცნობილია ისიც, რომ  კრების წარმომადგენლებმა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები ნინო ბურჯანაძეს გააცნეს. ამდენად, როგორც ჩანს, წინ საკმაოდ საინტერესო მოვლენები გველის. აღსანიშნავია, რომ როგორც „სახალხო კრების“, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.

„ქართულ ოცნებაში“ „სახალხო კრების“ წარმომადგენლებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გუშინ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ for.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის იმაზე მეტს, რაც ამ შეხვედრის შესახებ უკვე გაჟღერდა და კოალიციიდან სხვაც ამ თემაზე კომენტარს არავინ გააკეთებსო.

„სახალხო კრების“ წევრი ლუკა კურტანიძე for.ge-სთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის მიერ კრების მაჟორიტარებისთვის მხარდაჭერას ისეთ ნაბიჯად აფასებს, რომელიც ოპოზიციაში გარკვეულ ერთიანობას შეიტანს. კურტანიძის თქმით, ახლა ისეთი პერიოდია, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს, რათა არჩევნები მშვიდ ვითარებაში დანაკარგების გარეშე ჩატარდეს და სახელმწიფომ ეს უმძიმესი ეტაპი მშვიდობიანად განვლოს.

ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში გამოჩენით არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების დიდი იმედი გააჩინა.

„დღეს არ გვაქვს უფლება ერთმანეთს რაღაც ულტიმატუმებით ველაპარაკოთ ან პირადი ამბიციების გამო არ ვისაუბროთ იმ თემაზე, რასაც ერთიანობა ჰქვია“, - აღნიშნავს ლუკა კურტანიძე. მისი თქმით, ივანიშვილთან შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, ეს არის მოლაპარაკების ეტაპი, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდება და შედეგებზე ორივე მხარე სავარაუდოდ ამის შემდეგ ისაუბრებს.

ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს „სახალხო კრების“ წევრების მიმართ ადამიანურად ძალიან კარგი განწყობა აქვს და სურვილი აქვს მომავალი არჩევნების ეტაპი ამ ადამიანებთან გვერდში დგომით გაიაროს.

„რაოდენობრივად ერთი მაჟორიტარი იქნება, თუ რამდენიმე, ამაზე საუბარი ჯერ არ არის, მაგრამ მუშაობის პროცესში გამოიკვეთება ვის ექნება ამის სურვილი. „სახალხო კრება“ ამ შემოთავაზებას ძალიან სერიოზულად განიხილავს. ამაზე ყველანი ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ“, - ამბობს ლუკა კურტანიძე.

კითხვაზე, „სახალხო კრებისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობა მხოლოდ მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატებით შემოიფარგლება, თუ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, კურტანიძე პასუხობს, რომ ყველა პროცესი ეტაპობრივად ვითარდება. აქვე იგი ბიძინა ივანიშვილს ეროვნულ ლიდერს უწოდებს და აცხადებს, რომ უახლოესმა წარსულმა და „ქართული ოცნებისადმი“ ხალხის მხარდაჭერის მასშტაბებმა აჩვენა, რომ ეს მართლაც ასეა.

ლუკა კურტანიძე „სახალხო კრების“ წარმომადგენლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობასა და უდიდეს პატივისცემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოოდ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც ქართულ საზოგადოებას სურს.   

„სახალხო კრების“ ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი მაჟორიტარების კანდიდატებზე იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამიტომ, კონსულტაციები გაგრძელდება. ნონა გაფრინდაშვილი ადასტურებს, რომ შემოთავაზება მასაც ჰქონდა, მაგრამ მან მაჟორიტარობაზე უარი თქვა ისევე, როგორც გია ბურჯანაძემ. რაც შეეხება ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს, „სახალხო კრებაში“ აცხადებენ, რომ მათთან დაკავშირებით, ჯერ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საერთოდ კი ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ადგილების მთელი სპექტრი აქვს შესავსები, დაწყებული საპარლამენტო სიით და მაჟორიტარებით დამთავრებული.

„ოპოზიციურ ძალებს ყველგან თავისი კაცი უნდა ჰყავდეთ. თავისი იმ მხრივ, რომ ეს უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებთან დაკავშირებითაც ოპოზიციას ექნება გარანტია, რომ ისინი ბოლომდე ოპოზიციონერებად დარჩებიან და პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობის პროცესში სხვაგან არ აღმოჩნდებიან. ასეთი კადრების ნაკლებობა, რა თქმა უნდა, არის, რადგან ცნობილი სახეები, რომლებიც თავიანთ სახელს მოუფრთხილდებიან, ნაკლებია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ასეთ სახეებს შორის „სახალხო კრების“ უზარმაზარი ჯგუფი უდავოდ საჭიროა. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ივანიშვილი ამ ლოგიკით ცდილობს გარდა საკუთარი კადრებისა, პარლამენტში მოახვედროს ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობენ და სწორედ ამ ადამიანებს პარლამენტში ოპოზიციური ფრონტი გაატანინოს. ექსპერტის თქმით, მთავარია, რომ ეს ადამიანები ბოლომდე ოპოზიციონერებად დარჩებიან და იქნებიან თუ არა ისინი ივანიშვილის კოალიციის წევრები, ამას მისთვის გადაწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ „სახალხო კრება“ და „ქართული ოცნება“ რაიმე ორგანიზაციულ სტრუქტურას არ შექმნიან, რადგან მართალია თავის კოალიციაში ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ იქ არიან კოალიციის სხვა წევრებიც, რომლებიც ივანიშვილს ამ კოალიციის გაფართოების საშუალებას არ მისცემენ.

„კოალიციების კოალიცია ძალიან რთული კონსტრუქცია იქნებოდა. ასე რომ მე მგონი, პარტნიორობა უდავოდ იქნება, რადგან ხელისუფლებას ძალიან ჭკვიანური პოლიტიკა აქვს. იგი თავის პარტიაზე დაყრდნობით კიდევ სხვა პარტიებსაც უწყობს ხელს პარლამენტში მოხვედრაში, რათა შემდეგ პარლამენტში გადაწყვეტილების მღების პროცესში მის მიერ ხელშეწყობილმა პარტიებმა მას დაუჭირონ მხარი. ანალოგიური სტრატეგია სჭირდება ოპოზიციასაც. აქაც ბევრი სტრუქტურული ერთეული ერთნაირ პოზიციაზე უნდა იყოს, აქ ხელი უნდა შეუწყოს ერთმანეთს, რათა შემდეგ პარლამენტშიც თანამშრომლობის რეჟიმში აღმოჩნდნენ. ასე რომ, თანამშრომლობა აუცილებელი იქნება, მაგრამ ორგანიზაციული სტრუქტურები მე მგონი არ შეიქმნება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.