ხელისუფლების მორიგი ისტერია

ხელისუფლების მორიგი ისტერია

ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანიებს დაერია და ამჯერად არც მეტი, არც ნაკლები, ანტენები დააპატიმრა. რაც არ უნდა მოიმიზეზოს ხელისუფლებამ მიზეზი ერთადერთია, არ სურს მოსახლეობამ განსაკუთრებით რეგიონებში, ალტერნატიული ინფორმაცია მიიღოს. ამისი საშუალება კი საქართველოს მოსახლეობას „გლობალ TV -ს“ ანტენების მეშვეობით მიეცემოდა, რადგან რეგიონის მომხმარებელი მიიღებდა ტელეკომპანიების „კავკასიის“, „მაესტროს“ და „მე-9 არხის“ გადაცემებს.

21 ივნისს საქართველოს პროკურატურამ  „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.

სწორედ ამიტომ, პროკურატურის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე არსებულ საწყობში შვიდნენ და „გლობალ TV -ს“ ანტენების დაყადაღება დაიწყეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე „ელიტა ბურჯის“ გარკვეული ქონების დაყადაღებას ახორციელებენ.

„გლობალ TV -ს“ ადვოკატის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, კომპანიას „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე საწყობი აქვს ნაქირავები, რომელშიც ანტენებია განთავსებული და სამართალდამცველები „ელიტა ბურჯში“ ამიტომ შევიდნენ.

რაც შეეხება „გლობალ TV-ს“, ამ დროისთვის მის ტერიტორიაზე პოლიცია არ იმყოფება, თუმცა ბარამიძე მათ მისვლას არ გამორიცხავს.
რამდენიმე საათის წინ საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს შპს „გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.

„გლობალ TV -ს“ საწყობებს ქობულეთში მდებარე გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზეც ჩხრეკენ. 
საწყობის დირექტორის ბექა ლომიძის განცხადებით, პოლიციამ მათ გაჩხრეკის ორდერი წარუდგინა და საწყობში არსებული თითეული ანტენის დათვლა და შემოწმება დაიწყო.
„ისინი თითოეულ საბუთს ამოწმებენ, მათ შორის განბაჟების დოკუმენტაციასაც. ითვლინ ასევე ანტენების რაოდენობას. „გლობალ TV -ს“ ხელმძღვანელობიდან მე მაქვს ნებართვა, რომ პოლიციასთან ვითანამშრომლო კანონის ფარგლებში, - განაცხადა ლომიძემ.

როგორც კომპანიის განვითარების და მარკეტინგის დირექტორო ზურაბ ბაზლიძე ამბობს, ამით კომპანიას რამდენიმე მილიონიანი ზარალი მიადგება.
„15 ივნისს მივიღეთ მოგელაძის უწყებიდან განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ხელს არ შეგვიშლიდნენ მუშაობაში, თუმცა თხოვნა იყო ასეთი, რომ მაქსიმალურად კომერციული ფასებით შეგვეთავაზებინა ჩვენი სერვისი მომხმარებლისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და გადავაგზავნეთ კიდეც ჩვენი ბიზნეს-გეგმა საერთაშორისო აუდიტთან შესაფასებლად, ამის მიუხედავად, ამ პერიოდში მაინც ვითვალისწინებთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის მიერ გაკეთებულ დასკვნასა და რეკომენდაციას. იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვის ნაკლებად მომგებიანი ბიზნეს-შეთავაზებაა, მაინც ამის მიხედვით ვახორციელებთ ჩვენს ბიზნეს საქმიანობას“, - აცხადება ბაზლიძე.

პროკურატურა ამბობს, რომ უწყებამ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. თუმცა ბაზლიძე ამბობს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კომპანიას ამომრჩეველი მოესყიდოს.

ზურაბ ბაზლიძე თვლის, რომ პროკურატურის მიერ წამოყენებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავენ.

„აბა ხომ არ გავჩერდებით, როდის იყო, რომ მართალი ხალხი ჩუმდებოდა, შეიძლება დიდი იმედები არ გვქონდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავასაჩივრებთ და დავიწყებთ საკუთარი თავის დაცვას“, - აცხადებს ბაზლიძე.

პროკურატურა კი მიიჩნევს, რომ: „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი“ საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი, დაიწყოს გამოძიება.

ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როდის დასრულდება გამოძიება, ძნელი სათქმელია, სავარაუდოდ, პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელება, რაც კომპანიისთვის უდიდეს ზარალს ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატას პრეტენზია ჰქონდა, თითქოს მომხმარებლისთვის ანტენების განვადებით გადაცემა წამგებიანი პროექტი იყო.

როგორც კონტროლის პალატამ დაადგინა: „ამ კომპანიამ მოსახლეობაში სატელიტური ანტენების უფასოდ ინსტალაცია და შეღავათიანი პირობებით შეთავაზება დაიწყო, რაც ერთი წლის განმავლობაში აბონენტების უფასო მომსახურებას, ხოლო მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თვიური გადასახადის - ოთხი ლარის გადახდას გულისხმობს. გამოკვლევამ ცხადყო, რომ „გლობალ კონსალტინგის“ ეს ნაბიჯი მოგებაზე ორიენტირებული არ არის, რადგან გამოთვლებით დადგინდა, რომ იმ პროდუქციის საბაზრო ფასი, რომელსაც აღნიშნული კომპანია ყიდის, ერთ ერთეულზე 115 ლარია, ხოლო კონტრაქტის მიხედვით კომპანიის მისაღები თანხის დღევანდელი ღირებულება - მხოლოდ 25 ლარი.

„გლობალს“ შემოტანილი აქვს 107 ათასი რესივერი და ანტენა. მოსახლეობას და „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ შორის დადებული კონტრაქტი, როგორც უკვე ვთქვით, ითვალისწინებს ერთწლიან საშეღავათო პერიოდს და შემდგომი ცხრა წლის მანძილზე (108 თვე) ყოველთვიური ოთხი ლარის გადახდას, რაც სულ არის 432 ლარი, თუმცა რადგან ეს თანხა კომპანიამ უნდა მიიღოს 10 წლის განმავლობაში, მისი რეალური ღირებულება სამეწარმეო სუბიექტისთვის, ფულის დროში ღირებულების პრინციპის გათვალისწინებით, შეადგენს 25 ლარს, რაც ნიშნავს, რომ კომპანია 432 ლარის ნაცვლად დროის 10-წლიანი პერიოდის გათვალისწინებით რეალურად მიიღებს 25 ლარს, ეს კი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ბიზნესპროექტი არაკომერციული ხასიათისაა“.

ცნობილია, რომ სასამართლო ექსპერტიზამ კონტროლის პალატის ეს დასკვნაც გააბათილა, და როგორც ბაზლიძე ამბობს, კონტროლის პალატასთან შედარებით გონივრული დასკვნა დადო, თუმცა არა ისეთი, როგორიც მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა.

„ამის მიუხედავად, გავითვალისწინეთ კონტროლის პალატის წინადადებაც, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც და ამის შესაბამისად შევადგინეთ ახალი ბიზნეს-გეგმა, უკვე ამ ახალი ხელშეკრულებების მიხედვით ვამონტაჟებთ ანტენებს. ეს ხომ მაინც არის კომერციული პროექტი და მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით არის შედგენილი?“ - აცხადებს ბაზლიძე.

პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

როგორც ექსპერტი დავით ებრალიძე ამბობს, პროკურატურის ქმედება მხოლოდ ერთზე მიანიშნებს, მას სურს შეაჩეროს „გლობალ TV-ს“ მიერ ანტენების დამონტაჟება. ებრალიძე თვლის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი უწყება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა სამართლებრივი წინააღმდეგობის გაწევა.

ებრალიძის პროგნოზით, ხელისუფლების მსგავსი ქმედებები ალბათ, რაღაც ეტაპზე შეჩერდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიან საარჩევნო გარემოზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება.