ყოვლად დემოკრატი კუბლაშვილი და მესაკუთრეთა უფლებების მტკიცედ დამცველი მინაშვილი

ყოვლად დემოკრატი კუბლაშვილი და მესაკუთრეთა უფლებების მტკიცედ დამცველი მინაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „ეს შენ გეხებას“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა „მასთ ქერის“ პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს ამომრჩევლების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებასა და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობას, როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტში ყრუ „ნაციონალურ“ კედელს შეეჯახა.

საინტერესოა ხსენებული ინიციატივის მიმართ აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის, დამოკიდებულება. მისი თქმით, ეს უნდა იყოს „უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტულ გარემოს, სიღრმეს და ინფორმაციის მასშტაბს და ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისთვის, მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებში“.

ამ ფონზე დამაჯერებლად გამოიყურება ყოვლად დემოკრატი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც, როგორც ეს მას საერთოდ სჩვევია, წარბშეუხრელად განაცხადა - არავითარი საკანონმდებლო ცვლილება არ არის საჭირო, რამდენადაც საქართველოს რეგიონებში თავისუფალი ინფორმაციის მიღება ისედაც არ წარმოადგენს პრობლემასო.

რაც შეეხება კოლორიტულ პიროვნებასა და მესაკუთრეთა უფლებების მტკიცედ დამცველ პარლამენტარ აკო მინაშვილს, მან, თავის მხრივ, ბ-ნი ბასის პოზიციას რკინის ლოგიკა დაახვედრა - „ეს შენ გეხებას“ წევრები და ელჩი ჯონ ბასი სხვადასხვა „მასთ ქერიზე“ საუბრობენო და, რაც მთავარია, ამ სფეროში სახელმწიფო რეგულირება თავისუფალ მედიასაც შეზღუდავს და თავისუფალ ბიზნესსაცო. ამასთან, ბ-ნი აკო მინაშვილისთვის „მასთ ქერის“ ყველასათვის დღესავით ნათელი იდეა „ბუნდოვანი“ აღმოჩნდა, რაც, სხვათა შორის, სულაც არ გვიკვირს.

ამჟამად, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ეს შენ გეხება“ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს, რათა საკანონმდებლო ინიციატივა, ბოლოს და ბოლოს, იქცეს პარლამენტის განხილვის საგნად და საკითხი დადგეს კენჭიყრაზე.

„ქართული აკადემია“ დაბეჯითებით უჭერს მხარს „ეს შენ გეხებას“ ინიციატივას და აცხადებს: „მასთ ქერი“ აუცილებელია სრულფასოვანი, პლურალისტური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს დასამკვიდრებლად. თავისუფალი საარჩევნო გარემოს არარსებობა კი, თავის მხრივ, ეჭვქვეშ დააყენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს.