“როგორც „ოცნება“ ცდილობს სააკაშვილის მონოლითის შიგნიდან დაშლას, ისე „ნაციონალებს“ ეყოლებათ კოალიციაში შეგზავნილები”

“როგორც „ოცნება“ ცდილობს სააკაშვილის მონოლითის შიგნიდან დაშლას, ისე „ნაციონალებს“ ეყოლებათ კოალიციაში შეგზავნილები”

„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას გახსნილად არ აცხადებს, თუმცა რეალურად, მიხეილ სააკაშვილი უკვე ლამის ერთი წელია, წინასაარჩევნო რეჟიმშია. მართალია „ნაციონალები“ კარტოფილსაც არიგებენ და სათვალეებსაც, მაგრამ მთავარ კითხვაზე - ვინ იქნება „ნაციონალური“ სიის პირველი ნომერი, - პასუხი არ აქვთ. საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალებს“ ბევრად სერიოზული პრობლემები აქვთ, ვიდრე პირველი ნომრის დასახელებაა, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ არის პირველობის დამთმობი, ხოლო ფორმალურად ვის დაასახელებენ, პირველ ნომრად, ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაკი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ თემაზე სრული დუმილია, for.ge კახა კახიშვილს იმ სავარაუდო სცენარებზე ესაუბრა, რომელიც შესაძლოა, მმართველმა პარტიამ და საქართველოს პრეზიდენტმა გაათამაშონ.

ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ, იმის გარდა რომ ადმინისტრაციულ ბერკეტებს დიდი წარმატებით იყენებს, რას იგებს „ნაციონალური მოძრაობა“ იმით, რომ წინასაარჩევნო კამპანიას არ ხსნის და თავის კანდიდატებს არ ასახელებს?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა ერთი პრობლემა აქვს - მაჟორიტარებად და, საარჩევნო სიის პირველ ოცეულში მაინც, ისეთი ადამიანები ჰყავდეს წარმოდგენილი, რომლებიც არ გამოირჩევიან აგრესიით და ხალხს მათ მიმართ ზიზღი არ აქვს. ამას გარდა, ესენი უნდა იყვნენ მათთვის სანდო ადამიანები, ანუ მყარად უნდა იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს ადამიანები არ გადავლენ ოპოზიციაში. ამიტომაც დასწიეს სადეპუტატო ასაკი და ცდილობენ, უფრო ადვილად მართვადი ადამიანები შეიყვანონ პარლამენტში. ეს არის მათი დილემა.

ფიქრობთ, რომ ნაციონალების კვოტით გასული დეპუტატები შესაძლოა მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდნენ არჩევნების შემდეგ?

- შესაძლებელია, რომ როდესაც პარლამენტი შეიკრიბება და დაიწყებს მუშაობას, დროდადრო „ნაციონალების“ კვოტით გასული დეპუტატები გადავიდნენ „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში. ამისი ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

ის ფაქტი რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე საკუთარი თავის რეკლამირებას ეწევა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი სახელდება, რაზე მიგვანიშნებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველიც თვითონ იქნება?

- მესიჯ-ბოქსებში, რომელიც მოდის ხელისუფლებისგან, ყოველთვის ხაზგასმულია, რომ სააკაშვილს უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე მთელ „ნაციონალურ მოძრაობას“. რა არჩევნებიც მახსოვს, აგიტაციაში პირველ ნომრად ყოველთვის სააკაშვილი ჩანდა ბილბორდებსა თუ პლაკატებზე. ყველგან იყო მიხეილ სააკაშვილის სურათი, 5-იანი და შემდეგ ხალხი ისე ირჩევდა დეპუტატებს, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ვის აძლევდნენ ხმას. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სტრატეგია, რომ არჩევნების აგიტაციის დროს სააკაშვილის სახეს იყენებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერიც კი, მართლა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი კი არ არის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია და ამიტომ თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის ფიგურა, ვისაც შეუძლია, აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. ყოველ შემთხვევაში, ის რომ ენერგიულია და ესმის პიარტექნოლოგიები, ეს ფაქტია. არაერთი არჩევნები იყო, გაიხსენეთ 2010 წლის თვითმმართველობის, 2009 წლის პარლამენტის არჩევნები, სადაც მიხეილ სააკშვილი გვევლინებოდა ძირითად აგიტატორად და არა სხვა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი.

თუმცა, არსებობს სერიოზული ვარაუდი, რომ სააკაშვილი პირველობასაც არ დათმობს... რამდენად საფუძვლიანია ასეთი მოსაზრება?

- სააკაშვილი არა თუ არ დათმობს პირველობას, არამედ ალბათ სიზმრადაც არ ხედავს, რომ ოდესმე არაპირველი იყოს საქართველოში. მან ეს არაერთხელ განაცხადა, თუნდაც საქართველოს პარლამენტში ბოლო დებატების დროს – რომ ყველაფერს გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ გასამარჯვებლად.

მეორეა, სად ხედავს სააკაშვილი თავის მომავალს. ის, რომ სააკაშვილი არ აპირებს 2013 წლის შემდეგ სახლში წასვლას და სხვა საქმიანობით დაკავებას – აშკარაა. ამ ამბიციების ადამიანზე ვერ ვივარაუდებთ, რომ შეიძლება უარი თქვას რეზიდენციაზე, საკუთარ თვითმფრინავზე და სხვადასხვა პრივილეგიებზე.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის არ მისცემს, ერთი მხრივ დასავლეთს იმის თქმის საშუალებას, რომ დაადგა პუტინის გზას და გახდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მეორეს მხრივ, ეცდება, რომ გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს მისთვის უფრო კომფორტული იქნება, თან შეეძლება ახსნას კიდეც თავისი საქციელი, თუნდაც იმით, რომ წლების განმავლობაში IRI-სა და NDI-ს რეიტინგებით იყო დაფიქსირებული, რომ ჰქონდა მაღალი რეიტინგი. სხვა თემაა, რამდენად საფუძლიანია ეს რეიტინგები. მე ვამბობ, დასავლეთთან ურთიერთობის დროს რას გამოიყენებს.

აქედან გამომდინარე, იტყვის, რომ მან დანიშვნადი თანამდებობით კი არ ისარგებლა, არამედ ხალხმა აირჩია და ის ხალხის რჩეულია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფიქრები და მიშა სააკაშვილის შესაძლო სურვილები, მაგრამ შეძლებენ თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ოპონენტი, ამ შემთხვევაში – კოალიცია და სხვა ოპოზიციური პარტიები, არ აღასრულებინონ ეს სურვილები. იმიტომ, რომ თუ პარლამენტში დიდი რაოდენობით შევიდა ოპოზიცია, სააკშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე ლაპარაკი ვერ იქნება და ასეთ შემთხვევაში გამოძებნის სხვა ალტერნატივას. ყოველ შემთხვევაში, ის ახლა აკვირდება ვითარებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ანუ, ორი ვარიანტია, თუ ძალიან გაუჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“, შესაძლებელია ისიც კი ვიხილოთ, რომ სააკაშვილი გადადგეს და ჩადგეს პირველ ნომრად საარჩევნო სიაში, ან მეორე – დაელოდება 2013 წელს, ნახავს როგორი კონფიგურაციით შეიკრიბება პარლამენტი, შეძლებს თუ არა ამ პარლამენტის დაშლას, ამ პარლამენტით მანიპულირებას და შემდგომში მიიღებს გადაწყვეტილებას, სად გამოძებნოს თავისი მომავალი პოლიტიკური ცხოვრება. თუმცა რასაც გეგმავს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე განხორციელდება. მთავარია, კონკურენტებმა არ დაუშვან იმაზე მეტი შეცდომა, ვიდრე მოსალოდნელია, რომ თვითონ სააკშვილი დაუშვებს.

ანუ, თქვენ არ უშვებთ შესაძლებლობას, რომ რომელიმე სხვა ფიგურა გახდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლიდერი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს?

- თუ გადახედავთ იმ ცვლილებებს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა საქართველოს კონსტიტუციაში, ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ბერკეტებს, რომ ვისაც წამოაყენებს მიხეილ სააკაშვილი ფორმალურ პრემიერ-მინისტრად ან პრეზიდენტად, ის არ შეეკრას ოპოზიციას და თვითონ თამაშგარე არ დარჩეს.

მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 3/4-ის თანხმობით, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას ვერასდროს ვერ განახორციელებენ. ამით მან დაიტოვა ის ბერკეტი, რომ მომავალში შესაძლო პოლიტიკური გადათამაშება არ მოხდეს. ამიტომ შეეცდება ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გავლენების წყალობით, პლუს იმ საკანონმდებლო ბაზით, რომელიც შეიმუშავეს, კონტროლი იქონიოს საკუთარ კანდიდატებზე, ამბიცია რომ არ გაუჩნდეთ და სააკაშვილს არ წაართვან პირველობა.

გადახედეთ დღევანდელ პრემიერ-მინისტრს, დღევანდელ პარლამენტის თავმჯდომარეს... კი უკავიათ თანამდებობები, მაგრამ თუ ვინმეს სჯერა, რომ მათ უფრო მეტი გავლენა აქვთ იმის მიუხედავად, რომ თანამდებობრივად უფრო მაღალი თანამდებობები უკავიათ ვიდრე ადეიშვილსა და მერაბიშვილს?! მე, ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორ ადამიანს და კიდევ – გიგა ბოკერიას, უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის სტილი. ერთია – ვინ ეყოლებათ თანამდებობაზე, ხოლო მეორე – ვინ მიიღებს რეალურად გადაწყვეტილებას.

დიდი ხანია, ლაპარაკი მიდის ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოყვანაზე, თუმცა განვითარებული მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ რეალურად დამკვირვებლების ჩამოყვანას არავინ ცდილობს და მმართველი პარტია აპირებს მხოლოდ მისთვის სასურველი დამკვირვებლები მოიწვიოს. საზოგადოებისთვის უფრო ნათელი რომ იყოს, ეგებ გვითხრათ რა ხდება ამ კუთხით?

- ჩვენ ვითხოვდით გრძელვადიანი მონიტორინგის ჯგუფის ჩამოყვანას საქართველოში, რომლებიც არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ 6 თვით ადრე საარჩევნო გარემოს დააკვირდება და შეისწავლის, რა დოზით იყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ ბერკეტს, რა დოზით ხორციელდება რეპრესიული მეთოდები ოპოზიციის წინააღმდეგ, რა დოზით ხდება პოლიტიკური დევნა.

ხელისუფლებამ კი თქვა, მოვიწვევთო, მაგრამ ეს მოწვევა მხოლოდ ბრიფინგების დონეზე მოხდა. ეუთოს ოდირი რომ ჩამოვიდეს, ხელისუფლება ვალდებულია, სპეციალური ნოტით, თხოვნით მიმართოს ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოს, რაც არ გააკეთა. სწორედ ამიტომ მოხდა ისე, რომ ეს დამკვირვებლები ვერ ჩამოდიან.

ხელისუფლებამ არაერთხელ გამოიყენა ის ტექნოლოგია, რომ უცხოელი დამკვირვებლების ეგიდით ჩამოჰყავთ საქართველოში რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ გრძელვადიანი დამკვირვებლები არიან, თუმცა შესაბამისი პრაქტიკა მათ ნაკლებად გააჩნდათ. ჩამოდიოდნენ, რაღაცეებს აკვირდებოდნენ და შემდეგ, რა თქმა უნდა, დადებით დასკვნებს წერდნენ.

ახლა, როდესაც ნახეს, რომ გამოჩნდა ივანიშვილი, რომელსაც ანალოგიურად შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყვანა დამკვირვებლებად, ეგრევე საარჩევნო კოდექსში შეიტანეს ცვლილება საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თურმე, საარჩევნო დამკვირვებლები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ, მათი ფინანსები იყოს გამჭვირვალე და ა.შ. ეს იმისთვის, რომ თუ ისეთი ტიპის ორგანიზაცია ჩამოვა, რომელიც მათთან შეთანხმებული არ იქნება, და არ ეცოდინებათ, რომ დადებით დასკვნას თუ არა, დადებით აქცენტებს მაინც გააკეთებს, ხელთ აქვთ ბერკეტი, რომ ცესკოს არ დაარეგისტრირებინონ უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ანუ, ივანიშვილს ყველა იმ გზას უჭრიან, რომელსაც თვითონ იყენებენ.

ერთი თვის წინ ვითომ ჩამოიყვანეს ვიღაცეები და თქვეს, რომ ეს გრძელვადიანი მისია იყო. რეალურად, მათ ვებ-გვერდზე თუ შეხვალთ, მათ არ აქვთ დაკვირვების არანაირი გამოცდილება არჩევნების, მითუმეტეს – გრძელვადიან მისიებში. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ბევრად მეტ კომპეტენციას მოითხოვს. ასეთ მისიაში სულ რამდენიმე ადამიანია ხოლმე – სამართლისმცოდნე, იურისტი, საარჩევნო კოდექცის სპეციალისტი, თვითმმართველობის მცოდნე და ა.შ. ასეთი კომპეტენცია მხოლოდ ეუთოს ოდირს აქვს, რომელიც ცოცხალი თავით არ ჩამოჰყავთ.

ანუ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამითაც ცდილობს, რომ არჩევნები გაყალბდეს. შემდეგ სცენარს როგორ ხედავთ, რა მოხდება?

- როგორც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მოიგებს კოალიცია თუ არა, ან რამდენ პროცენტს მიიღებს რომელიმე მხარე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში, ქუჩაში გავა ერთი ან მეორე მხარე.

ერთია, რომ უზრუნველყავი და შენი ამომრჩეველი მივიდა საარჩევო უბანში, მეორეა, რომ მან შემოხაზა შენი პარტია. მესამეა, რომ ხმის დათვლის დროს, როდესაც 8 საათზე დაიკეტება უბნის კარები, შენი ბიულეტენი არ აღმოჩნდეს შენი კონკურენტის დასტაში და საბოლოოდ, არ ჩაეთვალოს შენზე მიცემული ხმა კონკურენტს. მეოთხეა, კიდევ თუ გაანალიზებ, სად მიიღო შენმა კონკურენტმა ყველაზე მეტი ხმა, ხელოვნურად იმ უბანზე დაწერო სარჩელი სასამართლოში და სასამართლოს გააბათილებინო იმ უბნის შედეგი.

ძალიან ბევრი ტექნოლოგია არსებობს იმისათვის, რომ მიღებული ხმებიც კი გააბათილო, თუ სასამართლოს აკონტროლებ.

აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის მზად ოპონენტი, რომ თითოეულ ამ საფეხურს დააკვირდეს ისე, რომ მოწინააღმდეგეს ამ ტექნოლოგიების გამოყენების საშუალება არ მისცეს.

ამიტომ ვამბობ, რომ ერთია, რომ მოდიან აქციაზე და მხარდაჭერას გიცხადებენ. აქციებიც ძალიან კარგად არის ორგანიზებული და ეს ძალიან კარგია, გამოცოცხლდა სიტუაცია და ტემპერატურა მაღლა იწევს, მეორეა, რომ ასეთივე ორგანიზებულობით უნდა უზრუნველყო, რომ ის შენი მხარდამჭერი, რომელიც გამოვიდა აქციაზე, მივიდეს საარჩევნო უბანზე და ხმა მოგცეს. შემდეგ უნდა იზრუნო, შენთვის მიცემული ხმები არ აღმოჩნდეს კონკურენტის დასტაში, იმიტომ, რომ როცა დასტა შეიკვრება, შემდეგ ვინ ვის მისცა ხმა, ბიულეტენებში აბსოლუტურად ვეღარავინ ვეღარ აკონტროლებს. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია, რა კვალიფიკაცია ექნება ოპოზიციას, რომ დაიცვას თავისი ხმები.

13 კაციან საუბნო-საარჩევნო კომისიებში „ქართულ ოცნებას“ აქვს მხოლოდ ორი კაცის დანიშვნის უფლება, ერთი - „მრეწველების“ და ერთი – ძიძიგურის პარტიის ეგიდით. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ უბანზე 11 კაცი იმუშავებს ამ ორის საწინააღმდეგოდ. თავის დროზე რომ ვამბობდი, „ქართულმა ოცნებამ“ უფრო ფართოდ უნდა გამოიყენოს–მეთქი ოპოზიციური ქვოტები, და რაღაცეებზე თვალი დახუჭოს, სწორედ ამას ვგულისხმობდი. არ სჯობდა ივანიშვილს საუბნო-საარჩევნო კომისიებში ორის მაგივრად ხუთი კაცი ჰყოლოდა?

ეს ნიშნავს, რომ ქუჩა გარდაუვალია?

- დავუშვათ „ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებზე და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოახერხა ის, რომ სასამართლოს მეშვეობით გააბათილა მათი ხმები სხვადასხვა უბნებზე, როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არ გავლენ ქუჩაში? რა თქმა უნდა, გავლენ. აქედან გამომდინარე, იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც თუ ის სასურველი პროცენტი ვერ მიიღო „ოცნებამ“, მაშინ ისინი გავლენ ქუჩაში.

უნდა ველოდოთ ერთ რამეს, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, არჩევნებს ქუჩაში ექნება გაგრძელება და შეიძლება საუბარი იყოს უკვე კოალიციურ მთავრობაზე და სხვადასხვა დათმობებზე. წავა ლაპარაკი, აი, სამ სამინისტროს დაგითმობ, 5 კომიტეტს დაგითმობ და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე და როგორც მომხდარა.

ეს იქნება ვაჭრობა, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე?

- ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური ხერხი, რომელსაც კონსტრუქციულ ოპოზიციონერობას ეძახიან, ანუ შეიძლება იმუშაონ იმაზე, რომ ქვეყანას კატასტროფამდე ხომ არ მივიყვანთ, სამოქალაქო დაპირისპირებამდე, მოდით ამ ეტაპზე დავთანხმდეთ კოალიციურ მთავრობაზე და შემდეგ გავაგრძელოთ პროცესი. ვგულისხმობ, შემდეგ უმრავლესობიდან დეპუტატებისა თუ მინისტრების გადაბირებას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი, რომ აკონტროლოს სიტუაცია. მხოლოდ იმის გამო, რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ეიფორიაში ჩავარდნა არ შეიძლება. ამას ისეთივე ორგანიზებულობით ჭირდება მუშაობის გაგძელება, რა ორგანიზებულობითაც ვნახეთ, რომ აქციაზე ხალხი მოდიოდა, ასეთივე ორგანიზებით უნდა მოხდეს ხმების დაცვა ყველა დონეზე – დაწყებული უბნის შემაჯამებელი ოქმიდან, ცესკოს შემაჯამებელ ოქმამდე და სასამართლოებამდე. ეს არის ამოცანა.

ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს არსად წასვლას, ეს ხომ ფაქტია, და თვითონაც ამბობენ, რომ არსად არ მიდიან! აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ხერხს გამოიყენებენ.

თუნდაც ის, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებით, ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე პატიმრობას შეუფარდებენ. ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს მუდმივად კონტროლის პალატაში იბარებენ, უნდა ვივარაუდოთ რომ ის სიხისტე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს, კიდევ უფრო გამძაფრდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

თუმცა, კოალიციამ უკვე შეძლო უმოკლეს დროში სერიოზული წარმატებისთვის მიეღწია...

- ის, რომ კოალიცია ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ მონოლითის დაშლას და ალბათ მიდის რაღაც პროცესები, რომ „ნაცმოძრაობიდან“ ვიღაცეები გადავიდნენ კოალიციაში და დემონსტრაციულად მოხდეს ეს, რომ გაჩნდეს განცდა, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება, მეორეა, რომ იგივეს გააკეთებს „ნაცმოძრაობა“ და დარწმუნებული ვარ, კოალიციაში ეყოლება თავისი ხალხი შეგზავნილი, რომლებიც მუშაობენ კოალიციის შიგნიდან ჩამოშლაზე...

„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელმა სახეებმა გააკეთეს კიდეც მსგავსი განცხადებები, და ალბათ, ეს არის რაღაცის მიმანიშნებელი...

- თუ დააკვირდებით პროცესებს, არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყოველთვის შლიდნენ ხოლმე პროცესებს და ვინ რა დოზით გამოიყენებს ახლა ამას, არ ვიცი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამაზე მუშაობა აუცილებლად მიმდინარეობს. იმიტომ, რომ თუ „ქართული ოცნება“ მუშაობს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ მონოლოთი დაშალოს, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს იმუშავებს „ნაცმოძრაობა“ იმაზე, რომ დაშალოს „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მასალაც ექნება როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ახლა უბრალოდ არიან მოლოდინის რეჟიმში, როდის გაუშვან ეს მასალა.

ჩვენ კი ვამბობთ, რომ ვის სჯერა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც ჰყავს თავისი მაყურებელი და ახლა თუ არ უშვებს ამ ფილმებს, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი მასალა არ მოეპოვებათ. ესენი ელოდებიან იმას, რომ კოალიციამ ჩაამთავროს ეს შეხვედრები მოსახლეობასთან და შემდგომში დაიწყებენ უკვე შავი პიარის გამოყენებას. ალბათ იგივეს გააკეთებს „ოცნებაც“, დარწმუნებული ვარ, „ოცნებასაც“ ექნება რაღაც კონტაქტები „ნაციონალებთან“ და ამასაც გამოიყენებს სათავისოდ. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც გამწვავეება არჩევნების მოახლოებასთან ერთად და კიდევ უფრო გამწვავეება არჩევნების დამთავრების შემდგომ.