რუსთაველი სკოლის დირექტორები ჩაქვში ერთგულებენ პარტიას

რუსთაველი სკოლის დირექტორები ჩაქვში ერთგულებენ პარტიას

რუსთაველი ნაციონალები არჩევნებზე კარგი შედეგის მისაღებად ყველაფერზე მიდიან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელი ქვეყანა საუბროს მათ მიერ ამომრჩევლებისთვის  ცხვარის, 20 ლიტრა ღვინის და კარტოფილის დარიგების თემაზე - მსგავსი შემართებით მუშაობას კვლავ აგრძელებენ.  

„მე-9 არხის“ ბათუმის ბიურო იუწყება, რომ 19 ივნისიდან ჩაქვის სასტუმრო კომპლექს „ოაზისში“, ნაციონალები რუსთავის სკოლის დირექტორებთან ერთად 3-დღიან შეხევდრას მართავენ.   

რუსთავის საკრებულოს წევრი,  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლექსო კვაჩიძე შეხვედრის  შესახებ ჟურნალისტებს თავად უყვება.

„აქ მოწვეულნი  არიან  რუსთავის „ერთიანი ნაციონალური-მოძარობის“ აქტივისტები. იმართება პარტიული ღონისძიება.

აქ არ არიან მარტო სკოლის დირექტორები - არიან როგორც საჯარო მოხელეები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები. ესწრებიან ის ადამიანები, რომელებიც წარმოადგენენ პარტიის აქტივისტებს“, - საუბრობს, „მე-9 არხთან“ ინტერვიუში ლექსო კვაჩიძე.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს რუსთავის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა უგულავა.

„მე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. არ მაქვს აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია. დღეს სკოლებში რემონტისთვის ტენდერები ცხადდება და უამრავი საქმეა. ვინც საჭიროა ამ საქმისთვის ყველა სახეზეა, დანარჩენი მე არ ვიცი.

შესაძლებელია, სადღაც რაღაც  შეხვედრა იმართება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის განათლების სამინისტროს ინიცირებული“ - საუბრობს უგულავა.

დირექტორი არ გვხვდება რუსთავის  მე-11 საჯარო სკოლაში. სასწავლო ნაწილი კი, ჩაქვის შეხვედრის შესახებ ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს. იგივეს ვისმენთ რუსთავის მე-4 სკოლის დირექტორის, მამუკა სამხარაძისგანაც. ისიც, ამბობს, რომ ჩაქვის შეხვედრის შესახებ არაფერი იცის.