ის, რაც ეპატიებათ ნაციონალებს, „ქართული ოცნებისთვის“ დასჯადია

ის, რაც ეპატიებათ ნაციონალებს, „ქართული ოცნებისთვის“ დასჯადია

„ქართული ოცნებისთვის“ გაწეული ნებისმიერი მომსახურება კანონით ისჯება. კომპანიები, რომლებმაც მას თუნდაც რაიმე სახის მომსახურება გაუწიეს სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. მაგალითად, თუნდაც, შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მოყვანა შეიძლება, რადგან მას ხუთმილიონიანი ჯარიმა მხოლოდ იმის გამო დაეკისრა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რეგიონებში ოფისები იქირავა და გაარემონტა. შეგახსენებთ, კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „მენეჯმენტ სერვისი“ ამ ჯარიმას ვერ გადაიხდის, რადგან ამხელა კაპიტალს არ ფლობს და ამიტომ კომპანია დახურვის საშიშროების წინაშე დგას. ამასთანავე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩაქვის გასართობი კომპლექსის, „ციცინათელას“ და ბათუმის დელფინარიუმის მუშაობის საკითხიც, რადგან ორივე საწარმო „მენეჯმენტ სერვისის“ მმართველობაში იმყოფება.

გუშინ გაცხადდა, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიისას შესასრულებელი ტექნიკური სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს კომპანიებთან თანამშრომლობა სხვა საშუალებებით შეუძლებელია, რადგან ისინი უარს აცხადებენ.

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებმა ვერ გაბედონ ჩვენთან ამ საკითხებში თანამშრომლობა, ან თუ გაბედეს, ისინი მკაცრად ისჯებიან. შესაბამისად, როდესაც მივმართავთ ამა თუ იმ კომპანიას მომსახურების მიღების მიზნით, ისინი ან პირდაპირ უარს გვეუბნებიან, ან გვთავაზობენ საბაზროზე რამდენჯერმე მაღალ ფასებს. ის კომპანიები კი, რომლებიც მიუხედავად ზეწოლისა გვაწვდიან მომსახურებას საბაზრო ღირებულებით, ცხადდებიან დაკავშირებულ პირებად და ყოვლად წარმოუდგენელი თანხებით ჯარიმდებიან“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ყველაფერ ამის ფონზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის მერიამ ქალაქის გარეუბნისა და სოფელ სამგორის სოციალურად დაუცველ  420 ოჯახს ერჯერადად თითო ტომარა კარტოფილი უსასყიდლოდ დაურიგა. სიუჟეტის თანახმად, (რომელიც ამ ფაქტს მიეძღვნა) მსგავსი ტიპის დახმარება სოციალურად დაუცველებს აქამდე არ მიუღიათ. სიუჟეტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოეხმაურა და კონტროლის პალატასა და პროკურატურას ამ ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდა.

„არსებული კანონმდებლობით დასჯადია საარჩევნო მიზნით მოქალაქისთვის მატერიალური თუ არამატერიალური ქონების გადაცემა ან დაპირება. დასჯადია, ასევე ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანია კანონის გვერდის ავლით განახორციელოს ამგვარი ქმედება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის ღონისძიებები სათანადოდ უნდა შეისწავლონ შესაბამისმა ორგანოებმა, რამეთუ ასეთი ქმედებები შესაძლოა გამოყენებული იყოს ამომრჩეველზე სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათშორის კომისიასაც მიმართავს და ითხოვს კომისიამ მოუწოდოს სახელმწიფო ორგანოებს თავი შეიკავონ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ისეთი ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელებისაგან, რომლებიც მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა და შესაძლოა, სახელისუფლო პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილად იქნას აღქმული.

ქალაქ რუსთავის მოსახლეობისთვის კარტოფილის დარიგების ფაქტთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციას რუსთავის მერია გამოეხმაურა . მერიის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 25 ტონა კარტოფილი უსასყიდლოდ გადასცა ქალაქ რუსთავის მერიას, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ მოსახლეობას დაურიგდა, რომელთაც 80 000 სარეიტინგო ქულა აქვთ.

ყველას კარგად გვახსოვს რამდენიმე კვირის წინ რუსთავში ატეხილი ცხვრისა და ღვინის ამბავი. გავრცელებული ინფორმაციით, სააღდგომოდ რუსთავის საკრებულოს დეპუტატმა თამაზ გველუკაშვილმა მოსახლეობას ცხვრები და ოცლიტრიანი ბოცებით ღვინო დაურიგა. ამ ფაქტითაც კონტროლის პალატა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადების შემდეგ დაინტერესდა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ კონტროლის პალატამ რვა ათასამდე ლარით დააჯარიმა არა თამაზ გველუკაშვილი, არამედ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ ეს საჩუქრები დაარიგა.

რვა ათასი ლარი არაფერია იმასთან შედარებით, რა ჯარიმებიც ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ დაწესებული. ბარათაშვილის დაჯარიმებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ეს მხოლოდ საჩვენებელი დაჯარიმება იყო, რათა გაჩნდეს ილუზია, რომ კონტროლის პალატა არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც აჯარიმებს. თუმცა როგორც მოგახსენეთ, გუშინ რუსთავში „საჩუქრები“ ისევ დაარიგეს. ეს ის ფაქტია, რაც მედიისთვის ცნობილი გახდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამგვარი შემთხვევები გაცილებით უფრო ბევრია. ამდენად, ერთის მხრივ გვაქვს კონტროლის პალატის მუდმივი მონიტორინგი „ქართული ოცნების“ მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ თავისუფლად არიგებს საჩუქრებს და ეს ქმედება სოციალურ პროგრამების სახელს არის ამოფარებული.

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაზით შეფასდეს - „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“.

ექსპერტის თქმით, ხელისუფლება ახორციელებს თავის ჩანაფიქრს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არავითარი კონკურენცია არ დაუშვას და რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება მით უფრო მზაკვრულ ხერხებს იყენებს.

„განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ეს ყველაფერი, როგორც კი ქალბატონი კლინტონის თვითმფრინავი ქართულ მიწას მოსწყდა და გეზი აზერბაიჯანისკენ აიღო. პარალელურად იმდენი სერიოზული პროცესი მიმდინარეობს მთლიანად რეგიონში, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოზე, რომ ჩვენი პრეზიდენტის ასეთი წვრილმანი პრობლემებით დაკავება, როგორიც არის გამუდმებით, ნებისმიერი მიზეზით, ტელეკამერების წინ გულში მჯიღის რტყმა და საკუთარი კონკურენტების განქიქება, სახელისუფლებო გუნდის თვითდაჯერებულობაზე არ მიანიშნებს.

რასაკვირველია, იქნება მუდმივი საუბარი იმაზე, რომ იხარჯება რუსული ფული, მაგრამ როგორც ჩანს, ქართული ბიუჯეტი კვლავ რუსული ფულის მოლოდინშია, რადგან ახლახანს გაჟღერდა, რომ „მადნეული“ და „კვარციტი“ ერთად იყიდება და კვლავ, დიდი ალბათობით რუსული წარმოშობის ფული იქნება იმისთვის გამოყენებული, რისთვისაც არსებული მეპატრონის თანხებს ვერ გამოიყენებდნენ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, როდესაც ასეთი სერიოზული ობიექტები არჩევნების წინ იყიდება, რადგან მისი მეპატრონე ვალდებულია ობიექტის გაყიდვიდან მიღებული თანხების 20% საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში გადარიცხოს. ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ასევე სხვა დიდი ობიექტები გადავა ერთი რუსიდან მეორე რუსის ხელში. იგი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ „მადნეულის“ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი 24 მილიონი ლარია, ხოლო ხელისუფლებას პარტიული ჯიბე სახელმწიფო ჯიბესთან ეშლება და ეს ორი რამ პრაქტიკულად უკვე კანონმდებლობის დონეზე აქვს გაიგივებული, სახელმწიფო მოხელეებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული იმაზე, რომ წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

„ამიტომ უტიფრობის ხარისხი გაიზრდება და უტიფრობის გარდა ვერაფერს დავარქმევთ რუსთავის ხელისუფლების განცხადებს, რომ თურმე კარტოფილი ახლა უნდა დაარიგონ, რადგან ვაითუ სხვამ დაარიგოს ეს კარტოფილი. რიგითი მოქალაქის პოზიცია ალბათ სულ სხვაა. ისინი მოხარულები იქნებიან, თუ წელიწადში ორი არჩევნები ჩატარდება კონკურენტულ რეჟიმში და ორივე დაპირისპირებული მხარე მოსახლეობის მიმართ მოწყალებას გაიღებს“, - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, ჯერ-ჯერობით წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით რაიმე რეალური წინსვლა არ ჩანს. ექსპერტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაზე მარტივი თვითლუსტრაცია მოახდინა, როდესაც “must carry“-ს პრინციპზე უარი თქვა და ამ ფაქტს მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არანაირი კომენტარი აღარ სჭირდება.

„ერთადერთი რაც ამიერიდან ვაშინგტონმა ავლაბრის რეზიდენციას შეიძლება შემოუთვალოს, იქნება ჩვენთვის ცნობილი მელოდია - „ის აღარა ხარ, რაც იყავ“. სამწუხაროდ, ის აღარ არის არც ჩვენი მოლოდინი, რომელიც იყო წლების წინ. ხოლო მას შემდეგ, რაც ორიოდე თვეში სრული დატვირთვით ამოქმედდება სხვა თეზისი იმავე ქართული ფოლკლორიდან, რომელიც ბრძანებს - რასაც დასთეს, იმას მოიმკიო, ალბათ ჩვენი ვუნდერკინდი პრეზიდენტი მაშინ დარწმუნდება, რომ ლენინური ხერხებით ქვეყნის მართვა და ნეობოლშევიზმი არ ყოფილა სწორი არჩევანი, რაც მას საკუთარმა გარემოცვამ ასე მარტივად შეაჩეჩა“, - ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერს, სოსო ცისკარიშვილს ამასთან დაკავშირებით ჩილეს პრეზიდენტ სალვადორე ალიენდეზე ცნობილი გამონათქვამი ახსენდება.

„როდესაც სალვადორე ალიენდე კომუნისტებს ენდო და შემდეგ იგი ამბოხებულებმა მისსავე კაბინეტში მოკლეს, გაჩნდა ასეთი გამონათქვამი - „სალვადორე ალიენდე, კომუნისტებს რატომ ენდე? ენდე? ენდე?“ შემიძლია ახლა ტენდერთან დაკავშირებით იგივე გავიმეორო - „შენ საოცნებო ოცნებავ ნეტავ ტენდერს რატომ ენდე? ენდე? ენდე?“ და ვნახოთ როგორ დამთავრდება ეს ყოველივე“, - ამბობს ცისკარიშვილი.