„თუ ნაცმოძრაობასაც წაიყვანთ, უფრო მალე აყვავდება მოლდოვა“...

„თუ ნაცმოძრაობასაც წაიყვანთ, უფრო მალე აყვავდება მოლდოვა“...

დორინ, შენ ყოფილხარ ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი, წაიყვანე საკაშვილი, ორი ვადის ამოწურვამდეც გაგატანთ“, - ასეთი შეფასებები გაკეთდა ინტერნეტფორუმებზე კიშინიოვის მერის, მოლდოვას ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, დორინ კირტოაკეს განცხადების შემდეგ, რომელიც სააკაშვილს  პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ მოლდოვას პრეზიდენტად ეპატიჟება.

დორინ კირტოაკე დარწმუნებულია, რომ მოლდოვას განვითარების საქმე ბევრად უკეთ იქნება, თუ მას საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან 18 ივნისს კიშინიოვის მერიის სხდომაზე კორუფციისა და მთავრობის სტრუქტურებში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

„იდეა მაქვს, სააკაშვილს საქართველოში პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურება და იგი უკვე ვეღარ შეძლებს ამ პოსტზე საკუთარი თავის წარდგენას. ასე რომ, ჩამოვიდეს მოლდოვაში. ორი ვადით იყოს პრეზიდენტი და სიტუაცია ქვეყანაში გამოსწორდება, კორუფცია გაქრება, ინვესტიციები შემოვა, ზოგადად, სიტუაცია გამოსწორდება“, - განაცხადა კიშინიოვის მერმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე კიშინიოვის მერის დორინ კირტოაკეს განცხადებას გამოეხმაურა. პრესსპიკერის თქმით, კირტოაკე საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და საკმაოდ ხშირად სტუმრობს თბილისს. ამავდროულად, საკმაოდ კარგად არის განცობიერებული იმ რეფორმებში, რაც საქართველოში ჩატარდა და მიმდინარეობს. ამდენად, ნაციონალები არ მალავენ სიხარულს, რომ კიშინიოვის მერს ასეთი აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში კეთდება.

მოლდოველების შეთავაზების საპასუხოდ, ქართველი ინტერნეტმომხმარებელი სხვა შეფასებებსაც არ იშურებს. კერძოდ, „თუ ნაცმოძრაობასაც წაიყვანთ, უფრო მალე აყვავდება მოლდოვა“... „მერე არ დაიწყოთ წუწუნი, არიქა, გვიშველეთო“... „გაატანეთ, ქართველებო, სანამ არ გადაუფიქრებიათ მაგ უბედურებს“... „ეტყობა, რომ კიშინიოვის მერი მთლად ფსიქიკურად დალაგებული არ უნდა იყოს“... „ნეტა, ხაბაზსაც წაიყვანს?!“

For.ge ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების აზრით დაინტერესდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი თანამემამულეები ამ თემას იუმორით შესცქერიან და მოლდოველი ხალხი არ ემეტებათ იმისთვის, რაც საქართველომ ამ რვა წლის განმავლობაში იწვნია.

რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილის იუმორნარევი პროგნოზით, სააკაშვილი ისევე დააქცევს მოლდოვასაც, როგორც საქართველო დააქცია. ექსპერტის თქმით, მოლდოველები, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ფასადურად უყურებენ და ხედავენ იმას, რაც მხოლოდ გარედან ჩანს. სინამდვილეში კი, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სააკაშვილმა საქართველო კიბოთი დაავადებულ ადამიანს დაამსგავსა, რომელიც ფერ-უმარილებს ისვამს სახეზე ნაკლის დასამალად.

„სააკაშვილის ხელში საქართველო არის გრიმით შეთითხნილი, კიბოთი დაავადებული სახელმწიფო - ტერიტორიები დაკარგული, რუსეთის ოკუპაცია, რუსეთის შემოშვება, რუსული ეკონომიკა, დასავლეთთან ჩამოშორება, ნატოს პერსპექტივების დაკარგვა, - ყველანაირად მოსპობილ ქვეყანას სთავაზობს ქართველებს. სამაგიეროდ, კარგად ღებავს, ბევრ ფულს ხარჯავს ფასადური სახელმწიფოს შექმნაში. ამიტომაც იხიბლებიან მოლდოველები, ყირგიზები, ბელორუსები“.

აქვე ექსპერტის ინტერესს იწვევს, რატომ ჩამოდიან ჩვენთან მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრციდან?! სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან რეალურად მოსწონთ ჩვენი რეფორმები ისეთი, როგორც ის არის სინამდვილეში. ზაქარეიშვილის აზრით, შესაძლებელი ყოფილა ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნება დემოკრატიის საფარქვეშ, თურმე შეიძლება, საბჭოთა მენტალობა შეინარჩუნო და გახდე ვითომ დასავლელი... ამიტომაც ეს „რეფორმები“ რუსებსაც მოსწონთ და სააკაშვილიც ამაყობს ხოლმე, რუსებსაც მოსწონთ ჩემი რეფორმებიო.

„ჩემთვის ეს ანეგდოტია, როგორც ააყვავა საქართველო, ისე ააყვავებს მოლდოვასაც. არადა, მოლდოვას აქვს შანსები, გახდეს ევროკავშირის წევრი, ევროკავშირში მას ჰყავს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი, რუმინეთის სახით, და რა დროს საქართველოა, რა დროს სააკაშვილია?!“ - კითხულობს პაატა ზაქარეიშვილი.   

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე შარშანდელი ზაფხულის ფაქტს იხსენებს, როცა მოლდოვას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, სააკაშვილის უშუალო მოწვევით, განმუხურში იმყოფებოდა. ამდენად, გარეგნულმა პიარ-აქციამ მასზე სერიოზული გავლენა იქონია.

„ეტყობა, შთაბეჭდილებებით დატვირთული და დახუნძლული ჩაბრძანდა მოლდოვაში და საკუთარი გუნდის წევრებს ამის შესახებ გაუმხილა. ამან შემდგომში უკვე გამოხმაურება ჰპოვა კიშინიოვის მერის მხრიდან. ეს ხუმრობით, მაგრამ მაშინ ახალგაზრდების გარემოცვაში პრეზიდენტის მიერ მოწყობილ იქნა ასეთი სერიოზული პიარ-აქცია“.

ამის მიუხედავად, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ეს არის წინასაარჩევნო იაფფასიანი ტრიუკი, რომელიც კიშიონიოვის მერის უნიათო მცდელობას უკავშირდება და, რომელსაც, ალბათ, გარკვეული მოტივაცია ჰქონდა, რომ ჩვენი პრეზიდენტი შეექო.

„არა მგონია, ფინანსურ მოტივაციაზე იყოს საუბარი, აქ უფრო პირადი ურთიერთობების საკითხია. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს სხვა არაფერი დარჩენია და „ტრამპ თაუერების“ შემდეგ გადაერთო კიშინიოვის მერის მიერ მისი მხარდაჭერის აქტზე.  პრეზიდენტს, რომელსაც ნდობის ყველანაირი ლიმიტი ამოწურული აქვს თავის ქვეყანაში, აქედან სიამოვნებით გაისტუმრებდნენ მოლდოვაშიც და, პოლიტიკური მოუსავლეთის კონტექსტში, ნებისმიერ ქვეყანაში. სხვა საკითხია, იქ რა ბედნიერებას მოუტანს მოლდოვას. საქართველოს მწარე გამოცდილება, რომელიც, როგორც ჩანს, საინფორმაციო ვაკუუმის გამო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჯეროვნად არ აღწევს, ჯერ კიდევ უცნობ ფენომენად რჩება ჩვენი უცხელი მეგობრებისთვის. მრავალი ათეული წლის განმავლობაში, ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, მოლდოვასთან ერთად, და გარკვეული კულტურული მემკვიდრეობის თანაზიარნიც ვიყავით, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა სხვის საქმეში ბრძენია და ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ. დათანხმდება თუ არა სააკაშვილი ამ შეთავაზებას, სერიოზულად არ ვუყურებ“, - გვითხრა დიმიტრი ლორთიფანიძემ.

პროფესორი ვასილ მაღლაფერიძე კიშინიოვის მერის განცხადებას ერთგვარი იუმორის ნიჭის გამოვლინებად აღიქვამს, რომელიც ცდილობს, აჩვენოს საკუთარ ხალხს, თუ როგორი იუმორის ნიჭი აქვს. თუმცა ვასილ მაღალფერიძე არ გამორიცხავს, რომ კიშინიოვის მერის შეთავაზება საკუთარი თავისა და ხალხის მასხრად აგდებაა.

„მე არ ვიცნობ კიშინიოვის მერს და არ ვიცი, ასეთი იუმორი რატომ მოეძალა. ამაში არავითარი სერიოზულობა და პიარი არ არის, მაგრამ ამას მოლდოველი ხალხი როგორ აღიქვამს?! ან რას ნიშნავს სხვისი ქვეყნის პრეზიდენტი მოლდოვის პრეზიდენტად?! ეს კაცი ან საკუთარ თავს იგდებს მასხრად, ან - საკუთარ მოსახლეობას, ან ჩვენ გვიგდებს მასხარად. ადამიანს აქვს მასხარაობის უფლება, სიტყვის თავისუფლება მასხარაობის თავისუფლებასაც გულისხმობს“, - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია იმედოვნებს, რომ კიშინიოვის მერი ისეთივე მლიქვნელი და მასხარა არ არის, როგორც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ზოგიერთი წევრი და ალბათ, არ არის ინფორმირებული, რა ძვირი დაუჯდა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს სააკაშვილის პრეზიდენტობა. კერძოდ, ეს იყო მძიმე არა მარტო სოციალური, არამედ სამართლებრივი თუ ყველა სხვა თვალსაზრისით.

„ჩვენ იმდენად გვიყვარს და პატივს ვცემთ მოლდაველ ხალხს, რომ ნამდვილად არ ვუსურვებ მსგავს მმართველს. ასეთ შეურაცხყოფას არცერთ ხალხს არ მივაყენებ, რომ ვუთხრა, ისეთი მმართველი გყავდეს, როგორიც სააკაშვილია. სააკაშვილის მომავალს გადაწყვეტს ქართველი ხალხი, ღმერთის დაშვებით. თავად მას კი შეუძლია, საკუთარი პიროვნებისა და საკუთარი გუნდის პოლიტიკურ მომავალზე დადებითი ან დამამძიმებელი ზეგავლენა იქონიოს. ის, რომ რეალურად უნდა წავიდეს, ეს გარდაუვალია და ამაზე ოცნებას მიშამაც და მოლდოვის მერმაც თავი დაანებონ. მსოფლიოში არ მეგულება ისეთი მტერი, ვისაც მე ვუსურვებდი ისეთ მმართველობას, როგორც ამ რვა წლის განმავლობაში საქართველოს ჰყავდა, სააკაშვილის მეთაურობით“, - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

პარლამენტარი ხათუნა ოჩიაური აცახდებს, რომ სააკაშვილისთვის კიშინიოვის მერის შეთავაზება რეალური არ არის და ეს არის იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში დაძლეულ იქნას კორუფცია და ბევრი ისეთი რეფორმა განხორციელდეს, რისი დიდი სურვილიც აქვთ არა მარტო რეგიონში ჩვენს ახლო მეზობლებს, არამედ ყოფილ დსთ-ს, ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს.

„იცით, რომ ევროპული ქვეყნებიდანაც კი არის დაინტერესება ჩვენი პოლიციის თუ სხვადასხვა სახის რეფორმის მიმართ. ამიტომ, ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის და ეს არ არის რეალური შეთავაზება“.

ამასთან, ხათუნა ოჩიაური აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, აკრძალული არ არის, მოლდოვის პრეზიდენტი გახდეს ქართველი ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის პირი, მაგრამ სააკაშვილის ინტერესის სფერო ქართული პოლიტიკაა.

„არ მესმის, რატომ არ შეიძლება, მოლდოვის პრეზიდენტი გახდეს ქართველი, მე არ ვიცნობ მათ კანონმდებლობას. თუმცა, ეს შეთავაზება რეალური არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის. რეალური მიხეილ სააკაშვილისთვის არის ქართული პოლიტიკა“, - განმარტა ხათუნა ოჩიაურმა.