ბაქრაძე - ტესტი მერაბიშვილისთვის

ბაქრაძე - ტესტი მერაბიშვილისთვის

ვინ იქნება ნაციონალების საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ეს თემა დიდ ინტერესს იწვევს და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანი ნაციონალების ლოკომოტივი უნდა გახდეს, არამედ იმიტომაც, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის თუ ხელისუფლების მხრიდან სხვა თანამდებობებზე წარსადგენ მთავარ კანდიდატად სწორედ სიის პირველი ნომერი მოიაზრება.

ხელისუფლების სიის პირველ ნომერს ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა და, როგორც წესი, ნაციონალები აქამდე საარჩევნო სიის პირველ ნომრად მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს ასახელებდნენ. ასე იყო 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დასახელდა და ასე იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც იქამდე, ვიდრე ნინო ბურჯანაძემ მისი მეუღლის და მამამისის მეგობრების სიაში არჩაწერის გამო საერთოდ უარი არ თქვა ნაციონალებზე.

დავით ბაქრაძე სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ნაციონალების სიის პირველი ნომერი და პარლამენტის თავმჯდომარეც გახდა. მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით, დაბეჯითებით ვერაფერს ამბობენ იმაზე, ბაქრაძე იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარეა და აღმასრულებელ ხელისუფლებას უარს არაფერზე ეუბნება. 

ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალების სიის პირველი ნომერი ბაქრაძე კი არა, გიორგი კარბელაშვილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ for.ge ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები მთლიანად შერჩეული ყავთ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი კარბელაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში იქნება. ეს კი გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ბოლო პერიოდში ხელისუფლება მეკობრეებისგან ქართველების გათავისუფლების საკითხში კარბელაშვილს ისე აპიარებდა, რომ ცხადი გახდა, მას ან სიაში ჩასვამდნენ ან რომელიმე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელებდნენ. 

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარბელაშვილი ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი ნამდვილად იქნება. მაგრამ მას სიებთან დაკავშირებით ლაპარაკი არ სურს. მათ შორის არც იმ საკითხზე, სიის პირველი ნომერი იქნება თუ არა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე.

„სიებზე საუბარი ძალიან ნაადრევია. თავის დროზე ყველაფერს გაიგებთ და ახლა ამაზე აჟიოტაჟის ასატეხი არაფერია“, - ამბობს კუბლაშვილი.

მაგრამ, თავად ის ფაქტი, რომ კუბლაშვილი ვერ ამბობს იმას, სიის პირველი ნომერი ბაქრაძე იქნება თუ არა, გარკვეულ კითხვებს აჩენს. როგორც ჩანს, ეს საკითხი რეალურად გადაწყვეტილი არ არის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ბაქარძე თითქმის აღარ ჩანს, თუ არ ჩავთვლით რეგიონებში გამართულ შეხვედრებს, რომლის შესახებაც ინფორმაციას მხოლოდ პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს და სახელისუფლებო ტელევიზიები მის ამ აქტიურობას არც კი აშუქებენ.

ყველაზე თვალში საცემი კი ბოლო ფაქტი იყო, როდესაც ქვეყნის მეორე პირი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე არც კი იმყოფებოდა. 

არადა, ბაქრაძე შს მინისტრის ფავორიტად ითვლება და, როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, 2008 წელს ბაქრაძიის სიის პირველი ნომრობა და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეობა სწორედ მერაბიშვილის დამსახურება და გადაწყვეტილება იყო.

ცნობისთვის, აქამდე ხელისუფლების საარჩევნო სიების და მაჟორიტარობის კანდიდატების საკითხს, როგორც ხელისუფლებაში ამბობდნენ, სწორედ მერაბიშვილი და ადეიშვილი წყვეტდნენ. ამიტომაც, საინტერესოა, მერაბიშვილი აღარ მფარველობს ბაქრაძეს თუ გადაწყვეტილებების მიმღებებს შორის შეიცვალა რამე. მიმდინარე ფაქტები კი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით ბუნდოვანებაა.      

სააკაშვილი ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ პოლიციის რეფორმა მისი და სისტემის დამსახურებაა და არა მერაბიშვილის. მან ასეთი განცხადება ჯერ ამერიკაში ვიზიტისას გააკეთა. შემდეგ კი რეფორმებზე საუბრისას რეფორმატორებად თავის თავთან ერთად ადეიშვილი და, რატომღაც, უგულავა მოიხსენია და მერაბიშვილი საერთოდ არ „გახსენებია“.

საინტერესო კი ის არის, თუ სააკაშვილი მერაბიშვილს რას ერჩის და ეს დამოკიდებულება რამდენად რეალურია. ექსპერტებს სააკაშვილის ამ დამოკიდებულებაზე ორი ახსნა აქვთ. ერთი ის, რომ სააკაშვილი პიროვნულად ვერ იტანს, ვინმეს მასზე უკეთესი რეიტინგი ჰქონდეს და მეორე - ასეთი ხმები ვრცელდება შეგნებულად, რათა მერაბიშვილს პრემიერობისთვის ამზადებენ და უნდათ, რომ საზოგადოებაში მისადმი კარგი განწყობა შეიქმნას.

ამას ემატება ისიც, რომ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებზე აქცენტი პოლიციის ადგილობრივ ჩინოვნიკებზე კეთდება. მაგრამ სახელისუფლებო კულუარებში ამას იმით ხსნიან, რომ მერაბიშვილს თავის უწყებაში აქვს ძალიან დიდი ნდობა და სააკაშვილს ეშინია, დაპირისპირების შემთხვევაში სამინისტრო მთლიანად ივანიშვილს დაუდგება გვერდით. ამიტომ, ახლა სააკაშვილი მათი გულის მოგებაზეა გადასული და ცდილობს, რომ ვითარება თითოეული რაიონის დონეზე აკონტროლოს.   

ძნელი სათქმელია, რომელი ვარიანტია მართალი, მაგრამ ცხადია, რომ ბაქრაძის იგნორირება არ შეიძლება, მერაბიშვილის იმიჯისთვის ზრუნვას ეწირებოდეს.