„სათამაშო“ თეთრი სახლისთვის

„სათამაშო“ თეთრი სახლისთვის

 

„სააპელაციო სასამართლო შეგნებულად ახანგრძლივებს ბიძინა ივანიშვილის საქმის განხილვას მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, რათა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქის სტატუსით მონაწილეობა არ მიიღოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის სასამართლო პროცესებში საერთაშორისო ადვოკატები ჩაერთვებიან.

„სამართლო შეგნებულად ჭიმავს განხილვის ვადებს, რათა შეასრულოს მიხელ სააკაშვილის სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქის სტატუსით მონაწილეობა ვერ მიიღოს“, - ამბობს ფანჯიკიძე.

ამის პარალელურად უცხოურ პრესაში დღეს განჩდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ლინკოლნ მიტჩელის განცხადება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისთვის ქართული პასპორტის გადაცემით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოპოზიცია და ამერიკის მთავრობა აბუჩად აიგდო“.

„სააკაშვილმა გასულ კვირას კლინტონს პასპორტი გადასცა და განუცხადა, რომ მას შეუძლია საქართველოში, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს არ იყო მხოლოდ მხიარული, გულუბრყვილო ხუმრობა. ამ ჟესტით სააკაშვილმა ქართული ოპოზიცია და ამერიკის მთავრობა აბუჩად აიგდო“, - განაცხადა მიტჩელმა.

ამასთანავე, მან დასძინა, რომ იმედი აქვს, ამ იდეის ავტორს სამსახურიდან დაითხოვენ.

„იმედი მაქვს, სააკაშვილის მთავრობაში ვისაც არ უნდა მოსვლოდა ეს იდეა თავში, მას დაითხოვენ, რადგან გზავნილი ასეთი იყო: მის ქვეყანაში პასპორტი სათამაშოა. ეს ამერიკელების შეურაცხყოფა იყო, რადგან ისინი კულუარებში ჩუმად სთხოვდნენ მას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის სათანადოდ გადაწყვეტას და თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ ეს ხუმრობაა, მას მართლაც არ ესმის, რა ხდება ახლა შეერთებულ შტატებში,“ - განაცხადა მიტჩელმა.

ქართულ პოლიტიკაში არაერთხელ თქმულა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია სააკაშვილის ხელისუფლებას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის და საარჩევნოდ თანაბარი, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის რეკომენდაციას აძლევდა. ახლა კი პოლიტოლოგი მიტჩელი ღიად ამბობს, რომ ეს მართლაც ასეა. მაშინ გაუგებარია, რატომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ისე, თითქოს სრული კარტ-ბლანში აქვს ამერიკისგან მიცემული? განსაკუთრებით ეს საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ ისე იგრძნობა, რომ ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამბობს, კლინტონმა შესაძლოა არათუ არ დატუქსა სააკაშვილი, არამედ მას მხარდაჭერა აღუთქვაო.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება იმის გარკვევას ცდილობს, რამდენად რეალურია ამერიკის ეს თხოვნა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება რას აპირებს. პოლიტოლოგის თქმით, სანამ ხელისუფლება ამ პირობებს არ გაარკვევს, მანამდე მკაფიო ნაბიჯებს არ გადადგამს, ყოველ შემთხვევაში, ეცდება თავისი გაიტანოს.

„თავისის გატანა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს პოლიტიკურ არენაზე გამოსვლს საშუალება არ ჰქონდეს. თუკი დაასკვნის, რომ ამ საშუალებას პასპორტის არმიცემით მოუსპობს, მაშინ ასე მოიქცევა, მაგრამ შეიძლება ცოტა სხვა დასკვნებიც გააკეთოს. კერძოდ, თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს უკანასკნელი დღეების შეხვედრებს და „ქართული ოცნებისადმი“ ხალხის მხარდაჭერას, შეიძლება დარწმუნდეს, რომ არჩევნებში ივანიშვილის მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. კერძოდ, თუკი ხალხს ეცოდინება, რომ ივანიშვილი ოპოზიციის ამ ჯგუფს მართავს, ეს ჯგუფი მაინც გაიმარჯვებს. ამდენად, ფიზიკურად ივანიშვილის ყოფნა-არყოფნა სააკაშვილის წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზაციის საქმეში შეიძლება გადამწყვეტი აღარ იყოს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეიძლება ივანიშვილისთვის მოქალაქეობა გამოიმეტოს, მაგრამ სხვა მიზეზებს დაუწყოს ძებნა.

„სანამ ამერიკა კულუარული ჩურჩულით კმაყოფილდება და არ გამოავლენს, ამ ჩურჩულის იქით საქართველოს ხელისუფლებისთვის რამე საფრთხე არსებობს თუ არა, ხელისუფლება პოლიტიკას არ შეცვლის, რადგან რომ შეცვალოს, მაშინ უკვე მისი არსებობა სათუო გახდება და რატომ უნდა გაირთულოს მდგომარეობა?“, - აღნიშნავს საყვარელიძე.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე მანანა კობახიძე კი საქართველოში ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მანამდე არცერთ არჩევნებამდე ამგვარი განცხადება არ გაკეთებულა.

„ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პრაქტიკულად განაცხადა, რომ საქართველოში პარლამენტი და პრეზიდენტი უნდა შეიცვალოს და ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული არჩევნების გზით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მითითებაა და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. თუ არჩევნებს დემოკრატიულად არ ჩაატარებენ, საქართველოსთან ამერიკის თანამშრომლობის ფარგლებში ყველა პროექტის და საერთაშორისო ჭრილში თავად საქართველოს ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია იზეიმებს თუ არა“, - აღნიშნავს მანანა კობახიძე.

მისი თქმით, ამერიკის ადმინისტრაციის ამგვარი პირდაპირი მითითებები საქართველოს ხელისუფლებას არ მოსწონს და ამერიკული მხარის ყველა განცხადების თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირებას ცდილობს. კობახიძე ამბობს, რომ როდესაც ამერიკელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევად აღიქვამენ და აღიზიანებთ ასეთი ფაქტები.

„საქართველოს ხელისუფლება ვერ შეაჩერებს დემოკრატიულ პროცესებს და საერთაშორისო განწყობას, რომ მხარი დაუჭირონ არა ხელისუფლებას, ან თუნდაც ოპოზიციას, არამედ მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ პროცესებს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და თავისუფალ არჩევნებს, რადგან სწორედ ეს არის ინდიკატორი და მთავარი ტესტი, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამერიკას კი ავტორიტარული ხელისუფლება პარტნიორად ნამდვილად არ სჭირდება“, - ამბობს მანანა კობახიძე.