კონტროლის პალატა ცხვარს და გველუკაშვილს ერთმანეთთან ვერ აკავშირებს

კონტროლის პალატა ცხვარს და გველუკაშვილს ერთმანეთთან ვერ აკავშირებს

რუსთაველი ამომრჩევლებისთვის დარიგებული ცხვრები, კვლავ, სადავო თემაა. აღდგომის წინა დღეებში, რუსთავის სხვადასხვა უბნებში დარიგებული ცხვარი და 20 ლიტრი ღვინის ამბავი ადგილობრივ მედიასთან ერთად ცენტრალურმა ტელევიზიებმაც გააშუქეს. კამერების წინ მდგარი რუსთაველები საჩუქრისთვის მადლობას რუსთავის საკრებულოს წევრ, თამაზ გველუკაშვილს უხდიდნენ.

ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ კონტროლის პალატას და პროკურატურას მიმართა.

“რუსთავის საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოკითხული რუსთავის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა უბანში შეგროვდა ინფორმაცია კორპუსების მაცხოვრებელთა რაოდენობის შესახებ, ხოლო აღდგომის დღეს იმავე უბნებში მანქანებით საჩუქრები - ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო მიიტანეს. ზოგიერთ უბანში საჩუქრები რუსთავის გამგეობის და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც კი დაარიგეს, თუმცა ყველგან პირდაპირ ითქვა, რომ ნობათი თამაზ გველუკაშვილის გაგზავნილია“ - წერდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოგელაძის უწყებას.

მიმართვიდან 20 დღეში კონტროლის პალატა ცხვრების თემით დაინტერესდა. 11 ივნისს კი საზოგადოებას რუსთავში დარიგებული ცხვრების თემაზე თავისი მოკვლევის შედეგი გააცნო.

„მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სააღდგომო დღესასწაულის წინა დღეებში, ქ.რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას საჩუქრად 20 ლიტრი ღვინო და თითო სული ცხვარი დაურიგა არა საკრებულოს წევრმა გველუკაშვილმა, არამედ ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კახა ბარათაშვილმა, რომელიც არის პოლიტიკური გაერთიანების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. ამ უკანასკნელმა რუსთავის მოსახლეობას საჩუქრები საკუთარი სახსრებით დაურიგა და ამ პროცესის ორგანიზებაც თავად განახორციელა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკითხული პირები“ - ვკითხულობთ ,,კონტროლის პალატის“ განცხადებაში.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილის სამქე, უკვე, თბილისის საქალქო სასმართლოში გადავიდა. ცხვრების თემიდან გაქრა თამაზ გველუკაშვილის გვარი.

გველუკაშვილი, გარდა იმისა, რომ საკრებულოს წევრია რუსთავში ცნობილია თავის მსხვილი ბიზნესებით და ქველმოქმედებით. მას ქალაქში, რამდენიმე სავაჭრო ობიექტი აქვს. გველუკაშვილის ქველმოქმედებას უკავშირდება რუსთავში ორი ტაძრის მშენებლობა. ასევე, ის წლების მანძილზე აფინანსებდა ტრადიციული ხელსაქმის უფასოდ სწავლებას ახალგაზრდებისთვის.

შესაბამისად, გველუკაშვილი რუსთავში გარკვეული ავტორიტეტით, მართლაც, სარგებლობს. ადგილობრივი ნაციონალური-მოძრაობისთვის ის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია არჩევნებზე.

იგივე გეგმები აშკარად არ აქვთ კახა ბარათაშვილის მიმართ, რომელმაც ცხვრების დარიგება საკუთარ თავზე აიღო. „არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე მომავალ არჩევნებზე არ ვიყრი კენჭს. ასე რომ, ვაგრძელებ საკრებულოში მუშაობას. ცხვრების თემასთან დაკავშირით ჩემი ხელმძღვანელობისგან არავითარი საყვედური არ მიმიღია“ - საუბრობს, კახა ბარათაშვილი.

მისი თქმით, ცხვრების დარიგებას ამომრჩევლის მოსყიდვასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ცხვრები იყო ჩემი საჩუქარი მოსახლეობისადმი. მე არ ვარ ის კაცი, რომელიც ანგარებისთვის აკეთებს რამეს. ცხვრები ხმების სანაცვლოდ არ დამირეგებია. ადამინების პატივისცემა მინდოდა და სამწუხაროდ ასე გამოვიდა“ - გვისხნის ბარათაშვილი.

მისი აღიარების შედეგად კონტროლის პალატამ ცხვრების საქმიდან ნაციონალებისთვის არჩევნებზე საჭირო კაცის, გველუკაშვილის გვარი გააქრო.

ეჭვს იწვევს, ასევე, მოგელაძის უწყების დამოკიდებულება საქმეში გამოჩენილი ბარათაშვილის მიმართ. იმას, რომ ბარათაშვილი მსუბუქად დაისჯება არასამთავრობო სექტორიც პროგნოზირებს.

„კონტროლის პალატის გადაწყვეტილება არ არის თანმიმდევრული. მართალია, ბარათაშვილის მიერ ცხვრისა და ღვინის მოსახლეობისათვის გადაცემა კონტროლის პალატამ დაადასტურა თავისი მოკვლევით, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც - საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვა. კახა ბარათაშვილი პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელსაც თავისთავად გააჩნია საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად უნდა ჩაითვალოს.

ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირია იმის ფონზეც, რომ მომდინარე წლის ივნისის დასაწყისში მოსახლეობის სურვილების ასრულების მხოლოდ დაპირების გამო დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომელთაც კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვა დაბრალდათ. ამ შემთხვევაში კონტროლის პალატამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და საქმეში პროკურატურა ჩართო. რაც შეეხება რუსთავში მომხდარ ფაქტს, კონტროლის პალატა, რატომღაც, ვერ ხედავს ამომრჩევლის მოსყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო ცხადად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, რადგანაც საქმე გვაქვს არა მხოლოდ დაპირებასთან, არამედ საჩუქრების გადაცემის განხორციელებულ ქმედებასთან“ -ვკითხულობთ, 13 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ცხვრების თემაზე კახა ბარათაშვილს ელოდება, რუსთავის მეგობრობის გამზირზე მცხოვრები მოქალაქეები ცხვრებისთვის მადლობას კვლავ თამაზ გველუკაშვილს უხდიან. მოსახლეობის თქმით, გველუკაშვილი ტრადიციას არ არღვევს და უკვე მე-3 წელია რუსთაველებს აღდგომის დღესასწაულს ცხვრებით ულოცავს.