ცუდსა და უარესს შორის ხელისუფლებამ უარესი გზა აირჩია

ცუდსა და უარესს შორის ხელისუფლებამ უარესი გზა აირჩია

კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილს 150-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და მას უკანონოდ დაკისრებულ სახდელს უწოდებს. ქართულ მედიაში უკვე ვრცელდება ვერსიები, რა ნაბიჯები შეიძლება ივანიშვილის წინააღმდეგ გადაიდგას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯარიმები მის ადვოკატებს სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული, ქართული კანონმდებლობის თანახმად (რომელიც ასევე ივანიშვილზეა მორგებული) ჯარიმა 7 სამუშაო დღის განმავლობაში მაინც უნდა იყოს გადახდილი. თუკი ბიძინა ივანიშვილი ამის გაკეთებას არ აპირებს, ცხადია მის წინააღმდეგ დამატებითი ღონისძიებები იქნება გატარებული.

სამართლებრივად არსებობს იმის საფუძველი, რომ მას ქონება დაუყადაღონ, ან აუქციონის წესით გაუყიდონ. ამასთან დაკავშირებით განმარტებებს იურისტები აკეთებენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლების ქმედებები „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის მიმართ განსაკუთრებით აგრესიული გახდა, ცხადია, რომ მოვლენების განვითარებას ყველაზე ცუდი სცენარით უნდა ველოდოთ. თუმცა აქ არის ერთი საინტერესო დეტალი, კერძოდ, ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ აქამდე ივანიშვილის წინააღმდეგ მოიმოქმედა (დაწყებული მოქალაქეობის ჩამორთმევიდან და ჯარიმებით დამთავრებული) მართალია ივანიშვილს აზარალებს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ხელისუფლებას უფრო მეტ ზიანს აყენებს, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ყველაფერმა ამან საქართველოს ხელისუფლების რეალური სახე წარმოაჩინა. ამიტომ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ვა-ბანკზე მიდის, რათა სააკაშვილის გუნდი პოლიტიკურად ბოლომდე გააკოტროს. ხელისუფლება მისი თითოეულ ნაბიჯს სიგიჟემდე მიჰყავს, თავად ივანიშვილი კი საკმაოდ მშვიდად, მიზანიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებს.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული თითოეული ქმედება ისევ სააკაშვილს მიუბრუნდება უარყოფთად. ამ საკითხებზე for.ge-ს ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

გია ხუხაშვილი: „იურისტი არ ვარ, რომ იურიდიულ საკითხებზე ვისაუბრო, მაგრამ მე მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს გადასახდელი არაფერი აქვს. ბიძინა ივანიშვილმა ამ ჯარიმებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა და თუ როგორი იქნება მოქმედების შემდგომი ტაქტიკა, ალბათ, ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ფაქტია, რომ ეს თემა საერთაშორისო სკანდალია. როდესაც მოსამართლე ერთ საათში 150 მილიონიან საქმეზე გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს მსოფლიო ისტორიაში უპრეცენდენტო საქმეა. მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე უკვე საქართველოს ფარგლებს გასცდა და დღეს თუ კიდევ ვინმეს აქვს ილუზია, ამ ხელისუფლების სახით თუ ვისთან გვაქვს საქმე, საერთაშორისო სასამართლოებში ეს ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა და კონკრეტულ ადამიანებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ ეს მარაზმი, რაც ახლა საქართველოში ხდება.

რა და როგორ მოხდება, ამას უახლოეს მომავალში ნახავენ ის ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო დონეზე ვერ აიწევა და მანამდე აქ ყველაფერს მოუვლიან. ეს ასე არ იქნება.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლებაში გააზრებული აქვთ, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩათ და ამიტომ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული წაართვან ივანიშვილს. თქვენ რას ფიქრობთ?

- მათ ქმედებებში ისტერიულობა იგრძნობა. საქციელწამხდარი ბავშვი რომ იქცევა, დაახლოებით ასეთი ტიპის ქმედებებს მიმართავენ. საერთოდ, შიში ძალიან ცუდი მრჩეველია. მოკლედ რომ გითხრათ, ხელისუფლების ქმედებები არის ტოტალური შიშით გამოწვეული ისტერიული რეაქცია.

ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ამ 148 მილიონ ლარს არ გადაიხდის, თუმცა აქამდე მან ერთხელ უკვე გადაიხადა საკმაოდ სოლიდური ჯარიმა, ეს იყო 2 700 000 ლარი, რაც მასქართული ოცნებისწევრებისათვის გადახდილი ხელფასების გამო დაეკისრა. ახლა რა შეიცვალა, რატომ გადაწყვიტა მან, რომ ამ ჯარიმას არ გადაიხდის?

- სადაც ჩათვალა, რომ უნდა გადაეხადა, იქ გადაიხადა. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს წმინდა კომერციული ოპერაციაა, დაახლოებით იგივე, რაც „გლობალ TV“-სთან დაკავშირებით ხდება. კომპანიამ, რომელიც ივანიშვილის არ არის, აიღო კრედიტი, გაწერა ბიზნეს-გეგმა და ამ კრედიტის საფუძველზე რაღაც მარკეტინგულ სვლებს აკეთებს, ანუ ახორციელებს კომერციულ პროექტს. ამისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის შეწირულობის დარქმევა სრული მარაზმია, ყოველ შემთხვევაში ეს ერთ საათში გამოსატანი გადაწყვეტილება არ არის.

ბატონო გია, პრაქტიკულად აქამდე რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელდა, პოლიტიკურად უფრო წამგებიანი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის.

- რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს სწორი სვლა, მას აქვს ცუდი და ძალიან ცუდი სვლები. როგორც წესი, როდესაც საკითხს შიშის პოზიციიდან უდგები, ცუდსა და უარესს შორის ყოველთვის უარესს ირჩევ. ხელისუფლებამ აირჩია უარესი გზა. მოდით ასე ვთქვათ, მათ აღარ აქვთ იმის რესურსი, რომ რაღაც შეცვალონ, რადგან საქართველოში დაწყებული პროცესი არის შეუქცევადი. მათ ეს მშვენივრად ესმით და ცუგცვანგის ვითარებიდან გამომდინარე ისტერიულად მოქმედებენ. ჭადრაკში არის ასეთი ტერმინი, როდესაც ნებისმიერ სვლას მარცხამდე მიჰყავხარ, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებ, რადგან ერთი სვლა გიხანგრძლივეს, მეორე კი უფრო ამოკლებს წაგების პროცესს. ცუდსა და უარესს შორის არჩევანში ის სვლა, რომელიც პროცესს აჩქარებს, არის უარესი. ხელისუფლება წავიდა უარესი გზით. ეს ჩვეულებრივი ამბავია და როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი მხრიდან არის ისტერიული ქმედებები, ხოლო მეორე მხარე ამ ყველაფერს აკადემიური სიმშვიდით ხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის მიერ ეს ყველაფერი გათვლილი იყო?

- ამის გათვლა შეუძლებელია, მაგრამ ტენდენციები პროგნოზირებადი იყო, ანუ ამა თუ იმ შემთხვევაში ხელისუფლება როგორ მოიქცეოდა, გამომდინარე მისი ბუნებიდან და ფსიქოლოგიიდან. ვერ გეტყვით, რომ კონკრეტული პროგნოზები კეთდებოდა, მაგრამ ზოგადად ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით გაკეთებული ყველა პროგნოზი გამართლდა. მივყვებით პროცესს და დანარჩენი ყველაფერიც გამოჩნდება, მაგრამ ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პროცესი შეუქცევადია, ამას ისინი ვეღარ შეაჩერებენ. თბილისში და იმერეთში დე-ფაქტო ხელისუფლება უკვე შეიცვალა და ასე იქნება ყველა რეგიონში. ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებენ ამ ყველაფრის დაჭერას. ქართული საზოგადოებისთვის შიშის გატეხვა დღეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ხალხი დაიღალა ამდენი შიშით და შიშზე აგებული კამპანია, ამ ქვეყანაში უკვე უპერსპექტივოა. მანქანა დაძრულია და მისი შეჩერება შეუძლებელია.

როგორ ფიქრობთ, გატყდა შიში?

- მთლიანად არა, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია.

ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხელისუფლების აგრესიამ 27 მაისის შემდეგ ხომ არ მოიმატა?

- რა თქმა უნდა, 27-ის შემდეგ სრული ისტერიკა დაიწყო. მანამდეც ე.წ. „ბიძინას კოდექსი“ იქმნებოდა, ანუ ბიძინა ივანიშვილზე მოსაგრებად კანონების ჭრა-კერვა მიმდინარეობდა და კიდევ რა არ გააკეთა ხელისუფლებამ, მაგრამ 27 მაისის აქცია იყო მათთვის ისტერიკის საფუძველი, რადგან უკვე დაინახეს, რომ მათთვის ყველაფერი დამთავრებულია. ერთადერთი ინსტრუმენტი დარჩათ - პირდაპირი, უხეში ძალა და აგრესია. მათ კიდევ ჰქონდათ პატარა ილუზია, რომ რეგიონებში მაინც განსხვავებული სიტუაცია იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მთელი თავისი რესურსი ქუთაისისკენ მიმართა (პარლამენტი იქ გადაიტანა, ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრად გამოაცხადა და ა.შ.), მაინც მათ წინააღმდეგ იმერეთიც აგუგუნდა. ამის შემდეგ უკვე აშკარად მიხვდნენ, რომ ამის გაჩერება შეუძლებელია და ეს ისტერიული სინდრომი მოიყვანეს მოქმედებაში.

რა თქმა უნდა, ყველაფერი მარტივად არ არის, დრამატიზმიც მოსალოდნელია და შესაძლოა, ბევრი ცუდი რაღაცის გაკეთებაც მოასწრონ, მაგრამ პროცესი შეუქცევადია. ხელისუფლება ამ პროცესიდან გამარჯვებული ვერანაირად ვერ გამოვა, რადგან ხალხი და ქვეყანა არის დაუმარცხებელი. ისინი დღეს უკვე პრაქტიკულად ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს ებრძვიან და ასეთ ბრძოლაში გამარჯვება შეუძლებელია.

ანუ ხელისუფლების ყველა ნაბიჯიქართული ოცნებისწისქვილზე ასხამს წყალს?

- „ქართული ოცნების“ არა, უფრო ქართული სახელმწიფოს წისქვილზე ასხამს წყალს. „ქართული ოცნება“ არის მხოლოდ ინსტრუმენტი იმისა, რომ ქვეყანაში ცვლილების შანსი გაჩნდეს. მე თვითონ არ ვარ არც ერთ პარტიაში და არც ვაპირებ შესვლას. ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ოქტომბრით შემოიფარგლება და ამის შემდეგ მე ისევ ჩემს საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდები.