დემეტრაშვილს თავისივე კონსტიტუციით თბილისში აბრუნებენ

დემეტრაშვილს თავისივე კონსტიტუციით თბილისში აბრუნებენ

კონსტიტუციონალიზმის ცენტრი ისევ თბილისში გადმოაქვთ. ამასთან დაკავშირებით სათანადო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და განათლების მინისტრის ბრძანებაც  გამოქვეყნებულია.  მაგრამ, როგორც გადატანისას არ არსებობდა რაიმე მყარი არგუმენტი, ეს უწყება, საერთოდ, რისთვის იყო საჭირო, ან  მაინცდამაინც ბათუმში რა უნდა გაეკეთებინათ, ასევე არ არსებობს არგუმენტი, ისევ თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილება რატომ იქნა მიღებული.  არადა, ამ უწყების ფუნქციონირებისა და გადატანა–გადმოტანისთვის  საკმაოდ დიდი თანხაა დახარჯული.

„კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი“  ორი წლის წინ,  პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, იმ საკონსტიტუციო კომისიის ტრანსფორმირების საფუძველზე შეიქმნა, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობდა.  იმის გამო, რომ ახალი კონსტიტუცია მთლიანად მოერგო სააკაშვილის ინტერესებს, კომისიას ახალი სახელით და ახალი ფორმატით ფუნქციონირების უფლება მიეცა.

მართალია, არავინ იცის, ამ უწყებამ ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში დემეტრაშვილის უწყებისთვის ბიუჯეტიდან  ყოველწლიურად 800 ათასი ლარი გამოიყოფა. თავად უწყების ხელმძღვანელის, ავთანდილ დემეტრაშვილს ხელფასი 3000 ლარია, ცენტრის დეპარტამენტების ხელმძღვანელები 1685 ლარს იღებენ.

დემეტრაშვილი ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის N16-18-ში, 130 კვ.მ ფართობის ბინაში იცხოვრებს. ამბობს, რომ ბინა 25 ათას ლარად, პირდაპირი მიყიდვის წესით, შეიძინა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე. ეს ბინა თავის დროზე  დავით ბაკურიძეს (შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ასლან აბაშიძის დროს) ჩამოართვეს. 

ახლა ეს ცენტრი  ისევ  თბილისში გადმოდის. ავთანდილ დემეტრაშვილის ცენტრის დედაქალაქში გადმოსვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, დემეტრაშვილს ჯერ უთხრეს, რომ სამუშაოდ თბილისში უნდა გადმოსულიყო, რადგან მისთვის უკვე გამოყოფილი იყო კონკრეტული შენობა. თუმცა მას შემდეგ, რაც ის გადმოსასვლელად მოემზადა, დემეტრაშვილს აცნობეს, რომ შენობა იუსტიციის სამინისტროს  რაღაც სხვა უწყებისთვის დასჭირდა და დედაქალაქში სამუშაოდ გადმოსვლას, ჯერჯერობით ვეღარ შეძლებდა. 

ახლა კი, როგორც ჩანს, უკვე იპოვეს შენობა, სადაც დემეტრაშვილის უწყება განთავსდება.

შესაბამისი ცვლილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
ცენტრი ჩამოყალიბების დღიდან ქ. ბათუმში, მელაშვილის ქ. №26-ში მდებარეობს. მინისტრის ბრძანებით კი, ცენტრი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, № 89/24 – ში გადმოვა.

ამასთან, ამ ბრძანებაში ისიც არის ნათქვამი, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი“ დედაქალაქში 1 სექტემბრიდან გადმოვა. დაფინანსების შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგივე რაოდენობით დარჩება.

საინტერესო და მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამაზე ხელისუფლებას კომენტარის გაკეთება არ სურს. ამიტომაც ძნელი გასაგებია, სააკაშვილმა რეგიონების განვითარებაზე  ჩაიქნია ხელი თუ პირიქით, რეგიონები ისე განვითარდა კონსტიტუციურად, რომ ახლა ამ მხრივ ჩამორჩენილი თბილისის განვითარებაა საჭირო.  

თუკი სააკაშვილს დემეტრაშვილისთვის მადლობის ნიშნად ბათუმის ცენტრში ბინის ჩუქება სურდა, ამის გაკეთება ისედაც შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, ამ ცენტრის ბათუმში ყოფნის ერთადერთი შედეგი ის არის, რომ დემეტრაშვილს საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას საკმაოდ დიდი ფართობის ბინა შერჩა.