რატომ გაგვინაწყენდნენ ჩრდილოკავკასიელები

რატომ გაგვინაწყენდნენ ჩრდილოკავკასიელები

ისე მოხდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობა ჯერჯერობით ჩერქეზების გენოციდის აღიარებით შემოიფარგლა… მეტიც - ამ გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალის აღმართვით აფხაზეთის სიახლოვეს (და, სავარაუდოდ, იქვე ჩამომდგარი რფ-ის სამხედრო ფლოტის გულზე გასახეთქად), თუმცა ამის პარალელურად, მაღალ-მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან ჩვენი ქვეყნის პირველი პირი კავკასიური ერთობის იდეების ინიციატივითაც გამოდის. ამ ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიაში კი სხვა ეთნოსებიც სახლობენ, რომელთა ყოფის შესახებაც მხოლოდ ყურმოკვრით თუ ვიცით, მათი საქართველოსადმი დამოკიდებულების თაობაზე საინფორმაციო შიმშილს კი წარსულის ლეგენდების გახსენებით თუ მოვიკლავთ ხოლმე შიგადაშიგ. ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე, რაც განსაკუთრებულ აქტუალობას ირანის საკითხის გამწვავების ფონზე იძენს, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილს გავესაუბრეთ.

კავკასიონის ქედს მიღმა, გარდა გენოციდის აღიარების მომხრე ჩერქეზებისა, სხვა პოლიტიკური ორიენტაციის ჩერქეზებიც ცხოვრობენ და დანარჩენი ჩრდილოკვკასიელებიც. რა ხდება იმიერკავკასიაში?

– ჩერქეზების დიდი უმრავლესობა პრორუსული ორიენტაციისაა, მაგრამ რაღაც სპეციფიკური დამოკიდებულება აქვს ამ ხალხს რუსებისა და თავიანთი დამოუკიდებლობის მიმართ. მაგალითად, პრორუსული ორიენტაციის ჩერქეზი ამბობს, რომ ჩერქეზეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჩერქეზების გენოციდი უნდა აღიარონ, მაგრამ ეს აღიარებაც და დამოუკიდებლობაც მათ რუსეთის ფრთებქვეშ წარმოუდგენიათ. იმის გამო, რომ საქართველომ აღიარა ჩერქეზების გენოციდი, ქართველებს არავინ ლანძღავს, მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არ არის გულწრფელი აღიარება. ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელიც ამ ეტაპზე სჭირდება მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ცეცხლის დასანთებად და რუსეთთან სავაჭროდ და ამ თემით მომავალში აღარ დაინტერესდება. ისინი საქართველოს ხელისუფლებას არ უყურებენ, როგორც თანამოაზრეს.

პრორუსი ჩერქეზები თუ ორივე?

– პრორუსები, თუმცა არაპრორუსებიც დაახლოებით იმავეს ფიქრობენ. არაპრორუსი, პროდასავლური ორიენტაციის ჩერქეზი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაბადებულა და არ გაზრდილა, რომელიც საერთოდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში არ დაბადებულა და არ გაზრდილა, საქართველოს ხელისუფლების გვერდით ჩერქეზების გენოციდის აღიარების პროცესში ჯერ არ მინახავს. არსებობს ასეთი ორგანიზაცია - დამოუკიდებელი ჩერქეზეთის მთავრობა, რომელშიც შედიან პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ დაბადებული ჩერქეზები. ეს არის ძალიან ავტორიტეტული და გავლენიანი ორგანიზაცია, რომლებსაც ჰყავთ ძლიერი დიასპორები თურქეთსა და იორდანიაში. ის ხალხი ჩვენს ხელისუფლებასთან არც კი კონტაქტობს.

რატომ? ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა თუ მათ არ უნდათ?

– არ მგონია, ჩვენს ხელისუფლებას არ უნდოდეს, მაგრამ ისინი არ გამოდიან კონტაქტზე. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა კავკასიური პოლიტიკის მიმართულებით სწორ ნაბიჯებს არ დგამს. საქართველოს ხელისუფლებასთან ძირითადად ურთიერთობა აქვთ საზოგადოებრივად აქტიურ ჩერქეზებს, რომლებიც ცხოვრობენ ჩერქეზეთის ტერიტორიაზე, ანუ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან და, როგორც მოგახსენეთ, ეს ის ხალხია, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩერქეზების გენოციდი უნდა ცნონ.

ეს როგორ ხერხდება? რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩერქეზები საქართველოსთან ერთად მონაწილეობას იღებენ ჩერქეზების გენოციდის აღიარებაში და იმაოულად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში?

– ვინც დამოუკიდებლობას არ ითხოვს, რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა გენოციდის ფაქტი და გენოციდის აღიარება რუსეთის პოლიტიკურ იმიჯს მაინც დიდ პრობლემებს უქმნის და შეუქმნის რუსეთს, კერძოდ, დასავლეთთან ვაჭრობის თვალსაზრისით. ასე რომ, ქართველების მხრიდან ჩერქეზების გენოციდის აღიარების ჟესტი კარგ სადღეგრძელოდ დარჩება: უბრალოდ სხვა ვერაფერი მოიფიქრა საქართველოს ხელისუფლებამ. მეტი ვერაფრით დააინტერესეს ვერც ჩერქეზები და ვერც ჩრდილოკავკასელი სხვა ხალხები.

სხვა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში რა ვითარებაა?

– იქ ჩვეულებრივად მიმდინარეობს პროცესი. განსაკუთრებით აქტიური იქნება ზაფხული და შემოდგომა, რადგან ტყე გაიფოთლება და ძალიან გაძნელდება „ბოევიკებთან“ ბრძოლა. ჩრდილოკავკასიაში მხოლოდ ფოთლოვანი ტყეებია, ბალახიც მაღaლი იზრდება და დადგება თუ დაწვება „ბოევიკი“, მაინც გაზავებულია ბუნებრივ ფერებთან. ბრძოლა ჩვეულებრივად მიდის, უბრალოდ სტილი აქვთ განსხავავებული. დაღესტანში თავს ესხმიან სახელმწიფო მოხელეებს ან სამხედრო ბაზებს; ინგუშეთსა და ჩეჩნეთში კი მიდის ბრძოლები ტერაქტების დონეზე. არის ორი ტიპის მიმართულება: ერთია, რელიგიური ნიშნით მებრძოლი ადამიანები - ვაჰაბიტები, და მეორე, საერო ცნობიერების მებრძოლები, რომლებმაც, თავის დროზე, ბრძოლა დაიწყეს დამოუკიდებლობისთვის და იმავე მოთხოვნებით განაგრძობენ, თუმცა იძულებული არიან, ითანამშრომლონ ვაჰაბიტებთან, რადგან ფული, ტყვია-წამალი, საკვები პროდუქტები ვაჰაბიტებს უფრო აქვთ. მათი თანამშრომლობა იმის გამო დაიწყო, რომ ცივილიზებულმა დასავლეთმა თვალი დახუჭა და ყურები დაიხშო ჩრდილო კავკასიაში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების მოთხოვნებზე. ერთი მხრივ, არის პრორუსული ორიენტაციის ჩრდილო კავკასია, რომელიც ეკონომიკური ინტერესებითა და საზოგადოებრივი მდგომარეობით არის მიბმული რუსეთთან და კრემლთან, და არის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, პროდასავლური, ესე იგი - პროქართული ორიენტაციის ჩრდილო კავკასია.

პროქართულობა ასოცირდება პროდასავლურობასთან?

– ჩრდილო კავკასიაში პროდასავლურობა ასოცირდება პროქართულობასთან. მართალია, პროცენტულად ეს ფენა მცირერციხოვანია, ვიდრე პრორუსული ორიენტაციის, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი მორალური ავტორიტეტები არიან. რეალურად, ჩრდილო კავკასიაში მართლაც პრორუსული მოსახლეობის 20-30 პროცენტი თუ იქნება, დანარჩენები უცბად გადმობარგდებიან აქეთ. მაგრამ დღეს იძულებული არიან, იყვნენ პრორუსულები. დარწმუნებული ვარ, კადიროვის გარემოცვაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ხვა მას პირველები დაუპირისპირდებიან.

1992-1993  წლებში ჩრდილო კავკასიელების განწყობა ქართველებისადმი საკმაოდ აგრესიული იყო. ეს გამოჩნდა მათი თანამონაწილეობით ჩვენ წინააღმდეგ ომში, თუმცა მაინც არის ორი ჩრდილო კავკასიური ეთნოსი, რომლებსაც არასდროს და არც მაშინ არ უბრძოლიათ ჩვენ წინააღმდეგ. განსაკუთრებული აგრესიულობით ისინი არც 2008 წელს გამირჩეოდნენ. ახლა როგორია აგრესიის დონე საქართველოსადმი, მით უფრო, რომ შემოდგომაზე ჩრდილო კავკასიაში მასშტაბური წვრთნები ტარდება?

– აფხაზეთის ომის დროს აგრესიულობით გამოირჩეოდა პრორუსული ორიენტაციის ჩრდილო კავკასუირი ფრთა, რომელიც „გრუმ“ შეაიარაღა და ისინი არც მალავდნენ, რომ იყვნენ ოფიციალური კრემლის ხელის ბიჭები. სხვა აგრესია მე არ მახსოვს. პირიქით, აფხაზეთის ომის დროაც, 2008 წლის ომის დროსაც, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების ერთი ნაწილი მორალური ავტორიტეტების შუამავლობით ითხოვდა, რომ ებრძოლა საქართველოს მხარეზე, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ხელისუფლებას შეეშინდა აფხაზეთის ომის დროსაც და 2008 წელსაც. ამდენად, ისინი ფრთხილობენ.

რით გავამტყუნებთ ჩვენს ხელისუფლებას იმის გამო, რომ ფრთხილობდნენ?

– მაშინ ნუ ეუბნები, რომ ძმები ვართ, რომ მე შენს დამოუკიდებლობას ვაღიარებ,  შენ გენოციდს ვაღიარებ, ძეგლს დაგიდგამ. თუ ბრძოლის დროს არ მეძახი, ესე იგი, რუსეთთან ხარ გარიგებული ან არადა, დასავლეთისგან დირექტივა არ გაქვს, რომ დაგეხმარო. ეს კი ნიშნავს, რომ მატყუებ. მათ ასეთი მიდგომა აქვთ: თუ ვმეგობრობთ, ვიმეგობროთ ბოლომდე, მხოლოდ მაშინ ნუ მეძახი, სავაჭროდ რომ დაგჭიდება ჩემი თემა. 2008 წლის შემდეგ ჩვენდამი იყო არა აგრესია, არამედ – დიდი წყენა. ნაწყენი იყვნენ ჩრდილოკავკასიელები, მოგებული ომიდან როგორ გაიქეცით, რატომ არ დაგვიხმარეთ, ჩვენ ხომ თქვენს მტერს ზურგში დავარტყამდითო! იმიტომ დაგვიკავშირდნენ, რომ არ იცოდნენ, ამის შემდეგ როგორ მოქცეულიყვნენ: ისევ ტყეებში დამალულიყვნენ, თურქეთში გახიზნულიყვნენ თუ ჩვენთან ჩამოსულიყვნენ. ისინი ხომ ჩაკეტილ სივრცეში არიან და არ იციან, ჩვენთან, შიგნით, რა ხდება.

რაც შეეხება სწავლებას... სწავლება დიდი იქნება. ის, რაც დაინახეს და ინფორმაცია მოგვაწოდეს, მეტყველებს, რომ მობილიზებული ყველანაირი სახეობის ტექნიკა და საბრძოლო ქვედანაყოფები, სადესანტო და დივერსიული ჯგუფების ჩათვლით. თან ყველა ბრიგადაა, ჯამში, თუ არ ვცდები, ორი დივიზიის რაოდენობაა კბილებამდე შეიარაღებული და საზღვრის მთელ პერიმეტრზე: კახეთიდან დაწყებული  ცხინვალამდე პერიმეტრზე იქნება სწავლებები. ტექნიკა უკვე შეიყვანეს და ის ტექნიკაც გამოიყვანეს, რაც გადამალული ჰქონდათ. სწავლებისთვის შეყვანილ ტექნიკას აღარც გაიყვანენ და ვერც ედავება საერთაშორისო თანამეგობრობა, რადგან რუსეთი სამხედრო სწავლებას ატარებს. თან ვერც ვერავინ დაუთვლის, საერთაშორისო დამკვირვებლები იქ არ არიან და რომ იყვნენ კიდეც, კვოტის ზემოთ ტექნიკას დამალავს და მათი წასვლის შემდეგ გამოიყვანს. სამხედრო სწავლებისთვის შეყვანილ არც ტექნკას და არც ცოცხალ ძალას  ჩრდილო კავკასიიდან არუსეთიღარ გაიყვანს.

ასეთი სამხედრო ძალა რისთვის სჭირდება - ჩვენ გვაშინებს თუ ჩრდილოკავკასიას?

– გააჩნია, როგორ გადაწყდება ირანის საკითხი - რუსეთი ერთად აპირებს ჩვენი და აზერბაიჯანის დაპყრობას და ამიტომ შეიარაღება სჭირდება. ერთი სიტყვით, ეს სწავლება ირანის პრობლემას უკავშირდება. თუ ირანის საკითხი რუსეთის სასარგებლოდ არ გადაიჭრა და ის ისევ ამერიკის გავლენის ქვეშ დარჩა, მაშინ რუსეთს სჭირდება სამხედრო ტექნიკა საქართველოსა და ჩრდილო კავკასიას შორის, რომ იქ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ცეცხლი არ გაღვივდეს. თან მას ორი საკმაოდ მომგებიანი პოზიცია და სიმაღლე აქვს - აფხაზეთი და ცხინვალი.

ამას სიმაღლე აღარ ქვია უკვე: ცხინალიდან პირდაპირ კეტავს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ტრასას?

– მეტიც - ის კეტავს ევრაზიის საზღვარს.

სამაგიროდ, ბათუმის და ფოთის პორტები მაინც რჩება დასავლეთს...

– მაგრამ როგორ იმოძრავებენ ტვირთები ბათუმიდან ბაქოსკენ ან პირიქით?! ვერანაირად!