ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან მასა და მასთან დაკავშირებულ პირებსა თუ კომპანიებს უკვე რამდენიმე მილიონიანი ჯარიმები აქვთ დაწესებული. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შევიდა გარკვეული ცვლილებები.
ერთ-ერთი ასეთ ცვლილება იყო ის, რომ პოლიტიკური ძალის მიმართ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის შემთხვევაში შემომწირავი პირი ამ თანხის ათმაგი ოდენობით უნდა დაჯარიმდეს. სწორედ აქედან დაიწყო რამდენიმე ათასიანი ჯარიმების კასკადი.
20 თებერვალს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, „ქართუ მშენებელის“ თანამშრომელმა თავისი დამსაქმებლისგან 40 000 ლარის ოდენობით „უჩვეულოდ მაღალი პრემია“ მიიღო, რომლის ნახევარიც მან მალევე „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა შემოწირულობის სახით. ამის გამო ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, მისი დონორი კერძო პირი, ნუგზარ ხუციშვილი და ამ შემომწირველის დამსაქმებელი კომპანია, „ქართუ მშენებელი“, თითოეული, 200 000 ლარით დაჯარიმდნენ (ჯამში 600 000 ლარი) იმ შემოწირულობის გამო, რომელიც კონტროლის პალატის შეფასებით, უკანონო იყო.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიმდინარე წლის 12 მარტს მარიამ მეტრეველი, ვახტანგ ედიშერაშვილი და ბესიკ მუმლაური 100 000 ლარით, თამაშა ჩიტაია კი 50 000 ლარით დააჯარიმა. ეს ადამიანები, როგორც თავად აცხადებდნენ, წლების განმავლობაში უმუშევრები იყვნენ და ბიძინა ივანიშვილისგან ყოველთვიურად რამდენიმეათასლარიან ფინანსურ დახმარებას ღებულობდნენ. შემდეგ გადაწყვიტეს „ქართულ ოცნებას“ დახმარებოდნენ და თითოეულმა საზოგადოებრივ მოძრაობას რამდენიმე ათასი ლარი შესწირა. კონტროლის პალატამ ეს შემოწირულობები უკანონოდ მიიჩნია და მათი შემომწირველები ამ თანხების ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. როგორც ცნობილია, ეს პირები აცხადებენ, რომ ხელისუფლების უკანონო თამაშში ჩართვას და დაკისრებული ჯარიმების გადახდას არ აპირებენ, რის გამოც მათ მიმართ უკვე აღსრულების ღონისძიებები არის დაწყებული და ისინი უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან.
ამას მოჰყვა 12 მარტს „ქართუ ბანკის“ 822 040 ლარით დაჯარიმება. კონტროლის პალატამ 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „კორუფციული სქემის“ მიხედვით, „ქართუ ბანკმა“ თავის ორ თანამშრომელს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია - 82 204 ლარი, ამ თანხის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისთვის“ შემდგომი გადარიცხვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ბანკის თანამშრომლებს ეს თანხა „ქართული ოცნებისთვის“ არ შეუწირავთ, მაგრამ ბანკი მაინც დაჯარიმდა.
15 მარტს კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ კონტრაქტორი ფირმა „ელიტა ბურჯი“ 2 500 000 ლარით დააჯარიმა ამ კომპანიის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობისთვის ბრენდირებული მაისურების დამზადების საქმესთან დაკავშირებით.
„შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ელიტა ბურჯმა“, როგორც იურიდიულმა პირმა, 150 000 აშშ დოლარის (250 000 ლარის) უკანონო შემოწირულობა განახორციელა პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ,“ - ნათქვამია კონტროლის პალატის 15 მარტის განცხადებაში.
20 მარტს კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი 2 725 970 ლარით დააჯარიმა, ეს არის ათმაგი ოდენობა იმ თანხისა, რაც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობად მიიჩნია. კონტროლის პალატის ინფორმაციით, მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი პირადი ანგარიშიდან ააიპ „ქართულ ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე. დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენდა 406 525 ლარს.
„საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა 272.597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან“, - ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
14 მაისს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „მენეჯმენტ სერვისი“ 5 მილიონ ლარამდე თანხით დააჯარიმა. კონტროლის პალატამ, რომელიც პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგს ახორციელებს, განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება, მათ შორის ოფისების დაქირავება და მათი გარემონტება, „იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს“. კონტროლის პალატის ინფორმაციით, „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები 476 619 ლარად შეფასდა „ყველაზე დაბალი ხარისხის სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულებით“. სწორედ ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა კონტროლის პალატამ „მენეჯმენტ სერვისი“ პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობის გამო, რაც უწყების თქმით, სარემონტო სამუშაოების უსასყიდლო მომსახურებაში გამოიხატა.
თუმცა, გუშინ სასამართლო სხდომაზე ეს თანხა განახევრდა და საბოლოოდ 2.3 მილიონი ლარით განისაზღვრა.
და ბოლოს, გუშინ კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი ორი სამართალდარღვევის მიხედვით 126 და 22 მილიონი ლარით დააჯარიმა.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი „გლობალ ტვ-ის“ სატელიტური ანტენების, მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ დარიგებისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების ბრალდებით 126 მლნ 220 ათასი 190 ლარით დაჯარიმდა. ხოლო მეორე სამართალდარღვევის მიხედვით, კომპანიების „ელიტა ბურჯის“ და „ბურჯის“ ავტმობილების „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზნებისათვის უსასყიდლოდ გამოყენებისათვის ივანიშვილი სასამართლომ კიდევ 22 მლნ 429 ათას 941 ლარით დააჯარიმა.
მთლიანად გუშინ ივანიშვილი 148 მილიონი ლარით დაჯარიმდა. ამის საფუძველზე ისიც ითქვა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ქონებას შეიძლება ყადაღა დაედოს.
საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ დაკისრებული ჯარიმები დაახლოებით 156 747 000 ლარს შეადგენს. აქედან 2 725 970 ლარი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრებისათვის გადახდილი ხელფასის გამო დაკისრებული ჯარიმა ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადა. ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯარიმა გადაიხადა „ელიტა ბურჯმაც“ (2 500 000 ლარი) და ასევე გადახდილია „ქართული ოცნებისა“ და „ქართუ მშენებელის“ მიმართ დაკისრებული 200-200 ათასი ლარიც. ამდენად, გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტში ამ გზით 5 625 970 ლარია გადახდილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების ბოლოდროინდელ ქმედებებს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს თანხა ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდება, რადგან უკვე არაერთხელ გავმხდარვართ იმის მოწმე, როგორ მოქმედებენ ისინი ნაცმოძრაობის სახელით და ამაში სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ. რა თქმა უნდა, ასეთი შემთვევებით კონტროლის პალატა არ ინტერესდება. საქართველოში უკვე ხშირად გაიგებთ, რომ ხელისუფლება აგონიაშია და სრულიად არაადექვატურ ნაბიჯებს დგამს.
მართლაც „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული კომპანიების დაჯარიმების ვრცელ პროცესს თუ გადავხედავთ, შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფული წაართვას ივანიშვილს და რამდენად დასაბუთებული იქნება დაჯარიმების მოტივი, მას არ აინტერესებს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წევრი, იურისტი არჩილ კბილაშვილი ამ ყველაფერს ცოტა უფრო გლობალურ ჭრილში ხედავს. მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ უკვე საერთო-სახალხო მოძრაობას წარმოადგენს და თბილისის და ქუთაისის აქციებმა და ზოგადად, მოსახლეობის განწყობამ ეს აჩვენა. კბილაშვილი ამბობს, რომ ეს არის მზარდი მოძრაობა კონკრეტული გზავნილებით, - რომ დღევანდელი რეჟიმი უნდა დასრულდეს და კანონიერი გზით შეიცვალოს.
„ბუნებრივია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ამ მოძრაობას დაუპირისპირდეს და ამისათვის მეთოდები გამონახოს. როგორც წესი, მსგავსი სახალხო მოძრაობის აღკვეთა შეიძლება მოხდეს, თუკი საზოგადოებაში არსებობს სხვა ფრთა, სხვა მიმდინარეობა, რომელიც ამ სახალხო მოძრაობას ამავე მოცულობით, ან თუნდაც მეტ-ნაკლებად ეწინააღმდეგება. მაგრამ მოდით განვიხილოთ, რა ხდება დღეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობასთან შეხვედრებს რესტორნებში ჩუმად მართავს, ანუ ხალხთან უერთიერთობა თითქმის არალეგალურ რეჟიმშია გადაყვანილი, ჟურნალისტი იქ არ ესწრება, საჯარო მოხელეებს ჩუმად შეკრებენ და არავინ იცის, რომელი მოხელე მიდის იქ და რომელი - არა. „ნაციონალური მოძრაობის“ 2003 წლის აქტივობა (სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა) მათ დღევანდელ ქმედებებს შეადარეთ. ეს ორი პერიოდი ცა და დედამიწასავით განსხვავდება, რადგან ახლა ნაცმოძრაობის ხალხთან ურთიერთობას პრაქტიკულად არალეგალური ბუნება აქვს“, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი for.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, ამ ფონზე ნაცმოძრაობას არ აქვს სახალხო მოძრაობასთან დაპირისპირების ის ეფექტური მექანიზმი, რაზეც ჩვენი რესპონდენტი ზემოთ საუბრობდა, ანუ საზოგადოების მეორე ფრთა. ამიტომ, ხელისუფლება ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით მოქმედებს, როგორიც არის სასამართლო, კონტროლის პალატა და ა.შ. ეს კი კბილაშვილის განცხადებით, მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება მარგინალიზებულია, - ხალხთან ურთიერთობა არ აქვს და ამიტომ იყენებს ძალას.
იურისტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის რაც შეიძლება მეტი თანხის დაკისრებით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ სახალხო მოძრაობას შეაჩერებს, მაგრამ ეს არაეფექტურია, რადგან ასეთ მოძრაობას ადმინისტრაციული ბერკეტი ვერ აჩერებს.
არჩილ კბილაშვილის თქმით, საზოგადოებაში „ქართული ოცნებისთვის“ ამხელა თანხების დაკისრება გაღიზიანებას და ხალხისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტ დისტანცირებს იწვევს.
„ამ ყველაფერს მე ასე ვაფასებ - ღრმად ავადმყოფის (რომელსაც მეტასტაზები ერევა და სიკვდილს უახლოვდება) მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება, რადგან სიმსივნით დაავადებული ადამიანის მკურნალობის ხარჯები ბოლოში იზრდება. დაახლოებით იგივეა, რაც დღეს ხელისუფლებას სჭირს, როდესაც ხალხთან ურთიერთობის აქტივი ამოწურულია, დარჩენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ბერკეტები. ეს ბერკეტები კი მოითხოვს ძვირს, რათა ეს ავადმყოფური სიტუაცია გადარჩენილი იყოს, მაგრამ ამ მოძრაობის წინააღმდეგ ამ მეთოდებით სიტუაციის გადარჩენის მცდელობა არაადექვატურია. ამიტომ ის, რაც ხდება, უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, როგორც გამოჯანმრთელების პროცესი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვერც ერთ სახალხო მოძრაობას ვერ ერევა პოლიცია, კონტროლის პალატა და ზოგადად ადმინისტრაციული რესურსი“, - ამბობს არჩილ კბილაშვილი.