WikiLeaks –ის „ავღანური დოსიეს“ სკანდალი გრძელდება

WikiLeaks –ის „ავღანური დოსიეს“ სკანდალი გრძელდება

[ნინო ჯაფარიძე]
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება ინტერნეტ პორტალ WikiLeaks –სგან ავღანეთის ომის შესახებ 15 ათასი დოკუმენტის დაბრუნებას მოითხოვს. იმ მოტივით, რომ მათზე გრიფი „საიდუმლო“ ჯერ არ მოხსნილა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ მორელმა სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას განაცხადა.

მორელის თქმით, „ავღანური დოსიეს“ გაჟონვის პირობებში WikiLeaks –ის მხრიდან ერთადერთი „მისაღები“ ნაბიჯი პროექტის ავტორების ხელში ჩავარდნილი თითოეული დოკუმენტის დაბრუნება და მათი წაშლაა.

სააგენტო „ფრანსპრესის“ ინფორმაციით, მორელმა განაცხადა, რომ ავღანეთში სამხედრო ოპერაციების შესახებ 75 ათასამდე დოკუმენტის გამოქვეყნებამ ამერიკელი ჯარისკაცების, მათი მოკავშირეების და იმ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება ვინც, აშშ–სთან თანამშრომლობს საფრთხის ქვეშ უკვე დააყენა.

ინტერნეტ გამოცემამ დოკუმენტების პირველი პარტია 25 ივლისს გამოაქვეყნა. პროექტის ხელმძღვანელმა ჯულიან ასანჯიმ კი, დამატებით 15 ათასი დოკუმენტის გამოქვეყნების პირობა დადო. თუმცა, ისინი საიტზე ჯერაც არ განუთავსებიათ. WikiLeaks–ის დამფუძნებლის განმარტებით, საჭიროა დოკუმენტების რედაქტირება, რომ მასში მოხსენიებული პირების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

„თალიბთა“ მოძრაობის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ვებ–გვერდზე განთავსებულ არქივს დაწვრილებით შეისწავლიან და ამერიკის ინფორმატორებს დასჯიან. უკვე გამოქვეყნებული დოკუმენტები შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას იმ ავღანელების შესახებ, ვინც კოალიციურ ძალებთან თანამშრომლობდა.

პენტაგონმა დოკუმენტების გაჟონვის საქმის გამოძიება „ავღანური დოსიეს“ გამოქვეყნებიდან მალევე დაიწყო. ცნობილია პირველი ეჭვმიტანილიც. გამოძიების ფედერალური ბიუროს და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ ის, 22 წლის ბრედლი მენინგია, რომელიც ერაყშისამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსად მუშაობდა. ბაღდადზე განხორციელებული ავიადარტყმის ვიდეოჩანაწერის მომზადებაშიც მას ადანაშაულებენ. ეს ვიდეოც, „ავღანური დოსიეს“ მსგავსად WikiLeaks–მა გამოაქვეყნა. შესაბამისი სამსახურები ახლა ჰაკერთა ქსელთან მენინგის კავშირს სწავლობენ.

ინტერნეტ პორტალის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების ღირებულება ეჭვქვეშ არაერთხელ დადგა. წყარომ პენტაგონიდან განაცხადა, რომ ამ დოკუმენტებს შორის საიდუმლო მხოლოდ ერთი იყო და ისიც, დაბალი ხარისხის.

აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ დოკუმენტების გამოქვეყნებამ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცის შესაძლოა ავნოს, თუმცა ისინი არანაირ სენსაციურ ცნობებს არ შეიცავს.

გამოცემა „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, ივლისის ბოლოს, აშშ–ში დაკითხეს WikiLeaks–ის უფროსი რედაქტორი. ხელისუფლების წარმომადგენლები ჯეიკობ ეფლბაუმს ორჯერ გაესაუბრნენ“.

„ინდეფენდენთი“ წერს, რომ ჰოლანდიიდან ნიუ–იორკში ჩასული ეფელბაუმი 29 ივლის აეროპორტშივე დაახლოებით სამი საათით დააკავეს. ამ პერიოდის განმავლობაში მასთან გასაუბრებას აშშ–ის სასაზღვრო პატრულის თანამშრომლები აწარმოებდნენ. მათ ჯულიან ასანჯეს სამყოფელი, ასევე ერაყისა და ავღანეთის ომზე უფროსი რედაქტორის შეხედულებებიც აინტერესებდათ. დაათვალიერეს ეფლბაუმის ნივთები, შეისწავლეს მისი კომპიუტერი და დაუბრუნეს, ხოლო ფიჭური ტელეფონი ჩამოართვეს.

ორიოდ დღეში კი, ლას–ვეგასში, სადაც ეფლბაუმი ჩინეთში ინტერნეტის რეგულირების თემაზე მოხსენებით გამოდიოდა, მისი დაკითხვა გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა სცადეს, თუმცა რედაქტორმა მათთან გასაუბრება არ ისურვა.

ეფლბაუმი ქსელების უსაფრთხოების სპეციალისტია. ამასთან ინტერნეტ პორტალის უფროსი რედაქტორის ფუნქციასაც ასრულებს და ფაქტობრივად ის ჩაენაცვლა ჯულიან ასანჯეს ამერიკაში. რადგან, ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყში ჟურნალისტების მკვლელობის ამსახველი ვიდეოს 2010 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნების შემდეგ, WikiLeaks–ის ხელმძღვანელს ურჩიეს არ ჩასულიყო ამერიკაში.