ცენტრალური ევროპის გადაწყობა

ცენტრალური ევროპის გადაწყობა

ცენტრალური ევროპის მცხოვრებლები ცნობილი პესიმისტები არიან. ამის შესახებ ერთ უნგრულ ანდაზაში კარგადაა ნათქვამი: „ჩვენ ვიცით, რომ შემდეგი წელი საშუალო წელი იქნება, რადგან ის წლევანდელზე უარესი იქნება, თუმცა მისი მომდევნო წელი – უკეთესი“. ეს მენტალიტეტი პრინციპით „ჭიქა ნახევრად ცარიელია“ ცხადად გამოჩნდა 2009 წელს, როდესაც ცენტრალური ევროპის ცნობილმა წარმომადგენლებმა პრეზიდენტ ობამას ღია წერილი მისწერეს, სადაც აშშ-ს ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის არარსებობაზე ჩიოდნენ და მართალია ტაქტიკა, რომელიც ამ სტატიის უკან იდგა, ცუდად შეირჩა, თუმცა ის კარგად ასახავდა ცენტრალური ევროპის რეალურ განცდებს.

იმავდროულად, დამთრგუნველია ის მოვლენებიც, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ევროპაში ხდება, სადაც ნაციონალიზმი კვლავ ძალას იკრებს, სადაც უკიდურესად რთულია არსებული კორუფციის დაძლევა, სადაც კატინის ავიაკატასტროფაში პოლონური ელიტის უამრავი წარმომადგენელი დაიღუპა და სადაც ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი დაუცველ მოსახლეობას დარტყმებს ერთიმეორეს მიყოლებით აყენებს, მაგრამ 2010 წლის შემოდგომაზე აშკარა ოპტიმიზმის ნიშნები გაჩნდა. 

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი მთელ რიგ საკითხებზე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ინიციატივით გამოდის ავღანეთიდან და რაკეტსაწინააღმდეგო სფეროში თანამშრომლობიდან დაწყებული, ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მოგვარებით (უკრაინასთან, საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან) და სამეცნიერო გაცვლებით დასრულებული. 

ბულგარეთის საგარეო საქმეთა ახალგაზრდა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს ძალიან მკაფიოდ აყალიბებს, შეერთებულ შტატებთან ნატო-ს ფარგლებში, ასევე ბალკანეთს ნახევარკუნძულის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან მისი ქვეყნის პარტნიორობის განმტკიცებას გეგმავს. 

მაკედონიის თავდაცვის მინისტრი ზორან კონიანოვსკი იმის შესახებ ყვება, თუ როგორი წვლილის შეტანას აპირებს მისი ქვეყანა ნატო-ს ოპერაციებში, ასევე ადასტურებს მაკედონიის მზადყოფნას ალიანსში მას შემდეგ გაწევრიანდეს, რაც საბერძნეთთან მისი ქვეყნის სახელწოდების ირგვლივ დავას მოაგვარებს.

და ეს ყველაფერი სულ რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჩვენ დიდი ხნის დროსტარების შემდეგ, მეორე დღეს გავიღვიძეთ და მივხდვით, რომ საქმის კეთების დროა. საქმე კი ბევრია.

აშშ-ს აზრით, ცენტრალურ-ევროპაში მოქმედების პროგრამა შეიძლება ოთხ ნაწილად გაიყოს. პირველ რიგში, ეს არის თანამშრომლობა და ურთიერთქმედება აღნიშნულ რეგიონთან ამ უკანასკნელის პირობებზე. ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც ვივარაუდეთ, რომ 1989 წელს დაწყებული გარდამავალი ეტაპი დასრულდა. ეკონომიკურმა ვარდნამ, ევროკავშირის ფარგლებში სოლიდარობის შესუსტებამ და ჯერ კიდევ მყიფე პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა ცხადყო, რომ პრობლემები რჩება. ურთიერთობების გაგრძელებას და თანამშრომლობას აშშ-ს და რეგიონის ქვეყნებს შორის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ხელს შეუწყობს მოკავშირე ქვეყნების და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების შიდა სიტუაციის განვითარებისთვის სწორი და მტკიცე მიმართულების განსაზღვრას.

მეორეც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა ცენტრალურ-ევროპასთან განაგრძოს თანამშრომლობა როგორც რეგიონთან, რომელიც მყარადაა ინტეგრირებული ევროკავშირის სტრუქტურაში, ასევე მხარი დაუჭიროს სოლიდარობას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოების საწყის ეტაპზე შეერთებული შტატები სათავეში ჩაუდგა აქტიურ ქმედებებს, ეხმარებოდა რა ამ ქვეყნებს სრულად ინტეგრირებულიყვნენ ევროპულ ინსტიტუტებში, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა ერთგვარი კონკურენციის მსგავსი რამ, რაც მათ ერთმანეთისგან მიჯნავდა. 

ვის ანიჭებს უპირატესობას შეერთებული შტატები – „ძველ“ თუ „ახალ“ ევროპას? საბოლოო ჯამში ასეთ უთანხმოებებს დესტრუქციული ხასიათი აქვს. დემოკრატიულ, საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ ქვეყნებში, სადაც სჯერათ თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, კოლექტიური უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის, ჩვენ ყველანი ერთი თანამეგობრობის წევრები ვართ. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ნატო-ს ფარგლებში რაკეტსაწინააღმდეგო ფარზე მუშაობა და კავშირების დალაგება უკრაინასთან და საქართველოსთან ევროკავშირის აღმოსავლეთ-ევროპული პარტნიორობის პროგრამის რეალიზაციის პარალელურად.

მესამეც, ჩვენ გვაქვს დაუსრულებელი საქმეები. ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შექმნის პროექტი, რომელიც გახდა ევროპული ერთობის არქიტექტორის ჟან მონეს ოცნება, პრეზიდენტ რეიგანის მსოფლმხედველური კონცეფცია, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვს მოუწოდა „ეს კედელი დაენგრია“, ასევე პრეზიდენტ ჯორჯ ბუში–უფროსის ოფიციალურად დეკლარირებული მიზანი, რომლისკენაც სვლა მომდევნო პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა და უმცროსმა ბუშმა დააჩქარეს, ჯერ კიდევ არ არის სრულად რეალიზებული ევროპის ხალხებს შორის. 

ბელორუსია იზოლირებულ დიქტატურად რჩება, რომელიც მას მემკვიდრეობად წარსულიდან გადმოყვა. ჩვენ თვალს ვადევნებთ უკანდახევის პროცესს ბალკანეთში, გავხდით საქართველოში ინტერვენციის და მისი თვითგამოცხადებული რეგიონების ოკუპაციის მოწმენი, ვხედავთ ძალიან მოკრძალებულ რეფორმებს მოლდავეთში, უკრაინის დისტანცირებას ევროპისგან, ასევე, რუსეთში, უარს დემოკრატიაზე და მეზობლებზე ზეწოლის გაძლიერებას. ყველა იმ მიღწევის მიუხედავად, რომელსაც 1989 წლის შემდეგ ადგილი ჰქონდა ევროპის 100 მილიონზე მეტი მცხოვრებისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში – ეს სამუშაო ჯერ არ დასრულებულა და ის პრიორიტეტული უნდა გახდეს არამხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ თავად ევროპისთვისაც.

მეოთხეც, მართალია ევროპაში ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუმცა ყველაზე მსხვილი პრობლემები მის საზღვრებს მიღმა წარმოიქმნება. ესენია ტერორიზმი და აგრესიული ექსტრემიზმი; ბირთვული იარაღის გავრცელება, მათ შორის – ირანში; ავღანეთის მსგავსი რეგიონალური კრიზისები და კონფლიქტები; სუსტი და შეუმდგარი სახელმწიფოები; ასევე – ავტორიტარული კაპიტალიზმის განსაკუთრებული ფორმის წარმოქმნა, რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის პრობლემად იქცეს. ეს ყველაფერი – პლანეტის მასშტაბის პრობლემებია, რომლებიც გავლენას შეერთებულ შტატებზე და მთლიანად ევროპაზე ახდენს და ცენტრალურ-ევროპას, რომელიც ამ თანამეგობრობის ნაწილია, ევროპულ პოლიტიკაში საკუთარი წვლილის შეტანით, მის ფორმირებაში გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია.

ასეთი დატვირთული სამოქმედო პროგრამის პირობებში, ჩვენ ვერ მივცემთ თავს ურთიერთპრეტენზიების და ერთმანეთზე ჩივილის უფლებას. ვაშინგტონმა და ევროპამ ხელები უნდა დაიკაპიწონ და საქმეს შეუდგნენ.