„მეგობარი აქტის“ საბოლოო აკორდი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ერთწლიანი განხილვის შემდეგ საბოლოოდ, მიიღებს თუ არა კონგრესი საქართველოსთან დაკავშირებულ აქტს, რომელმაც კანონის სახე უნდა მიიღოს?
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ობიექტური პირობები იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, არ არსებობს. მათ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ვიზიტის შემდეგ ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ. კონგრესმა „მეგობრობის აქტი“ რომც დაამტკიცოს, მას აღმასრულებელი ხელისუფლების და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერა დასჭირდება. ამიტომ „ოცნებაში“ არა აქვთ მოლოდინი, რომ „მეგობრობის აქტი“ კანონად იქცევა.
„მეგობარი აქტი“, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს, მომდევნო კვირაში საბოლოო კენჭისყრისთვის წარედგინება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას.
კანონპროექტში არის მოწოდება იმ პირთა მიმართ სანქციების დაწესებისკენ, რომლებიც ამერიკელი კონგრესმენების მტკიცებით, ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას.
კანონპროექტი თავდაპირველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იყო ინიციირებული რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ პირველად - 2024 წელს, ხოლო შემდეგ 2025 წლის იანვარში, როდესაც 119-ე მოწვევის კონგრესი შეუდგა მუშაობას.
„მეგობარ აქტს“ მიმდინარე წლის 27 მარტს მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ქმედებების შედეგად ურთიერთობების დამაზიანებელი პირობები მოხსნილია.
„ჩვენ ვიცით ჯგუფი, „დიფ სთეითი“, რომელიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთელ მსოფლიოში მოქმედებს ამ მექანიზმებით და იარაღით და ბუნებრივია, მათ ექნებათ მცდელობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესში ეს „მეგობარი აქტი“ გაიტანონ, რითაც აქ ამ რადიკალურ ოპოზიციას დროებითი სუნთქვის რეჟიმი გაუხანგრძლივონ.
მაგრამ, საზოგადოებამ იცის, რომ ეს პოზიტიური საქმიანი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან შემდგარია ანუ ის, რაც აღმოჩნდა ჩვენი ურთიერთობების დამაზიანებელი, ამ ახალმა ადმინისტრაციამ თავისი ქმედებებით მოხსნა. ჩვენ გვედავებოდნენ, რატომ ვეძახით კაცს კაცს და ქალს ქალს, რატომ გვინდა, რომ დემოკრატიული ქვეყანაში უცხოური დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. ესეც მოხსნა ამ ადმინისტრაციამ. ჩვენ ვამბობდით, რომ ვერ ჩავერთვებით ამ კონფრონტაციაში რუსეთთან, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნებოდა ისტორიული დამანგრეველი მარცხი. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ, რამენაირად, ეს ომი დასრულდეს. ანუ ობიექტური პირობები იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, არ არსებობს. ისეთი რეციდივები, რასაც უილსონი და „მეგობარი აქტი“ გვპირდება, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოო ჯამში, სიმართლე იზეიმებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ამერიკელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს, რომ ქართველი ხალხის მხარდასაჭერი აქტი ამერიკელმა პოლიტიკოსებმა დაჩქარებული წესით მიიღონ.
„ეს იქნება არამხოლოდ კონკრეტული უპირატესობის მინიჭება და სიკეთის მიღება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არამედ ივანიშვილის ხელისუფლებისთვის და მისი რეჟიმისთვის ეს იქნება უმძიმესი დარტყმა. კიდევ უფრო აქტიურად ვმუშაობთ ამერიკულ პარტნიორებთან, რომ აქტი დაჩქარებული წესით იქნეს მიღებული“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ „მეგობარი აქტი“ რომ მიიღონ და ის კანონად იქცეს, დონალდ ტრამპის ხელმოწერაა საჭირო. ამიტომ ცალკე საკითხია მოაწერს თუ არა მას პრეზიდენტი ხელს. მეორე მხრივ კი, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამერიკის მხრიდან დამოკიდებულება რუსეთის მიმართაც კი იცვლება და საქართველოსთან დაკავშირებული ეს აჟიოტაჟი მალე გადაივლის.
„ეს სანქციები, რომლითაც საქართველოს ემუქრებიან და რომელიც უკვე დაწესებული აქვს, არაფერია და მას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ყველა სპეციალისტი ამბობს, რომ ამ სანქციებით ვერ დააზიანებენ ვერც ხელისუფლებას და ვერც ქვეყანას. ასეც ხდება და ვატყობთ, რომ ხელისუფლებაზე შანტაჟის ეს ბერკეტი დიდად არ ჭრის. ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ ჟღერადობისთვის. მით უმეტეს საქართველოსთან დაკავშირებით მუქარა არც გრძელვადიანი იქნება და არც ისეთი მკაცრი, რომ მაგაზე ვინმემ იდარდოს. ამიტომ სანქციები რომც დაწესდეს, მთავარია ქვეყნის მოსახლეობა მიხვდეს, რატომ უწესდებათ - უწესდებათ იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ უნდათ და „ნაციონალების“ ისევ ქვეყნის სათავეში დაბრუნება სურთ. დანარჩენი მოსახლეობამ გადაწყვიტოს. აგერ, უყურებს ხალხი წულუკიანის პროცესს და ხედავს, ისმენს რა ხდებოდა ნაციონალების დროს. „მეგობრობის აქტი“ კი არა, რაც უნდა ის მიიღონ, საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება, ამიტომ შანტაჟის არც ერთი ფორმა არ გაჭრის. ქართველებს მტერი არ გვაკლდა, ამაზე დიდი ზეწოლისთვისაც გაგვიძლია, ამიტომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მოხმარების რიტორიკა, რაც ქართველმა ხალხმა უკვე მშვენივრად გააანალიზა“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ოპოზიციის და მათთან აფილირებული ექსპერტების რიტორიკა, რომ საქართველო ამით იზოლაციაში მოხვდება და დავიღუპებით, აბსურდია. როგორც საქართველოს სჭირდება დასავლეთი, ისე დასავლეთს სჭირდება საქართველო. ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება თუ უნდოდათ, აქამდე ნამდვილ სანქციებს დაუწესებდნენ ქვეყანას, რაც რეალურ კრიზის შექმნიდა. ამას კი არ აკეთებენ, იმიტომ რომ საქართველოს დაკარგვა არ უნდათ.
„ამერიკაში კონგრესმენებს, სენატორებს, ანუ ზოგადად, კანონმდებლებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას სრულიად სხვადასხვა პოლიტიკა აქვთ. იგივე ხდება საქართველოსთან დაკავშირებითაც. თუ დავაკვირდებით ძირითადი აქტიურობა მაინც კონგრესმენების და სენატორების მხრიდან ხდება. აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საქართველოზე ჯერ რაიმე კრიტიკული განცხადება არ გვინახავს. პირიქით, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი თავისი ეკონომიკური გუნდით იყო ჩასული და ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა. ამიტომ ერთია რას ლაპარაკობენ კონგრესმენები და მეორეა რას იზამს ახალი ადმინისტრაცია - დაეთანხმებიან თუ არა ისინი მათ პოლიტიკას. ევროპაშიც კი გაყოფილია პოზიციები. ევროპარლამენტი სრულიად სხვაგვარად ლაპარაკობს, ხოლო აღმასრულებელი სტრუქტურები სრულიად სხვანაირად.
უფრო რეალისტები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. პოლიტიკოსებს არა აქვთ ამხელა პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამიტომ მოლოდინი, რომ აი, „მეგობრობის აქტს“ თუ მიიღებენ, მორჩა, ამერიკასთან გაწყდება ყველაფერი, აბსურდია და მხოლოდ ტყუილის ტირაჟირებაა“, - ამბობს საყვარელიძე.
"მეგობარი" პოლიტიკაში არ არსებობს.
გუშინ ხელი მოაწერეს უკრაინის მინერალების ხელშეკრულებას და დღეს მოლაპარაკებიდან გავიდნენ. ასემც გიქნიათ დაგიჭამიათ ერთმანეთიო. ახლა ვიღაც ტვიგამორეცხილი ალბათ ფიქრობს, სამაგიეროდ უკრაინას იარაღით დაეხმარებაო. უკრაინის კეთილმოსურნე ომის დამთავრებას ეცდებოდა, ვინც იარაღს აწვდის ყველას გათვლა არის - ბოლო უკრაინელამდე. თანაც ორ კურდღელს ინადირებენ, რადგან არც რუსეთს დაადგება კარგი დღე, ხოლო თუ რომელიმე სხვა ქვეყნის, ომის ცეცხლში ფიჩხად შეკეთება მოხერხდება, ეგეც მესამე კურდღელი იქნება.
საქართველოს სწორედ იმიტომ მტრობენ "მეგობრები", მესამე კურდღლად რომ ვერ აქციეს. თუმცა ჯერ არაფერი დამთავრებულა, ეს საკითხი ისევ აქტუალურია და "მეგობარი" აქტის მიზანიც სწორედ ეგ არის. ან მესამე კურდღელი იქნები, ან სანქციებით დაგახრჩობთ!