სემეკში საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

სემეკში საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, სემეკში სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა.  ლექციას ესწრებოდნენ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ქ. თბილისის 166-ე და 54-ე  საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები. 

სემეკის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ  სკოლის მოსწავლეებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებაში. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პროფესიონალ კადრებზე: 

„სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, დავაინტერესოთ სკოლის მოსწავლეები ენერგეტიკის სექტორით, მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია, რათა შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება პროფესიის არჩევისას. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, შესაბამისად, დარგის განვითარება ხელს შეუწყობს უფრო მეტი სარგებლის მოტანას როგორც სექტორისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. დღეს, მოსწავლეებს ლექციის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მივაწოდეთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვუმასპინძლოთ სხვა სკოლების მოსწავლეებსაც“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

საჯარო ლექციის ფარგლებში, მოსწავლეები პრაქტიკაში გაეცნენ ინოვაციური ელექტრო მოწყობილობების შესაძლებლობებს, დაათვალიერეს მზის პანელები, რომლის საშუალებითაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება სემეკის ელექტროენერგიის მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია წარადგინა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თორნიკე აფრიაშვილმა.