„ქუჩის პროტესტს აქვს ორი ვარიანტი: ან რევოლუცია უნდა მოახდინო, რაც რომც გამოგივიდეს, ქვეყნის დანგრევაზე მიდიხარ, ან პოლიტიკიდან უნდა გაქრე - ამ შემთხვევაში არც ერთი ვარგა და არც მეორე“

„ქუჩის პროტესტს აქვს ორი ვარიანტი: ან რევოლუცია უნდა მოახდინო, რაც რომც გამოგივიდეს, ქვეყნის დანგრევაზე მიდიხარ, ან პოლიტიკიდან უნდა გაქრე - ამ შემთხვევაში არც ერთი ვარგა და არც მეორე“

ოპოზიციურ სპექტრში კვლავ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა, ამჯერად იმასთან დაკავშირებით, მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ნაწილი თითქოს ამისთვის მზაობას გამოხატავს, რაც კონკრეტული პოლიტიკოსებისა და პარტიების მხრიდან ერთგვარ ღალატად ფასდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია ვინ შეიძლება მიიღოს მონაწლეობა არჩევნებში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი იქნება. მისივე თქმით, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა თავიანთი ძალები უნდა გააერთიანონ.

ხშირად არის საუბარი, ადგილობრივ არჩევნებზე წავალთ თუ არა. ხალხო, ეს არის ოკუპაციურ-კოლაბორაციულ სტილში, არჩევნები გაუქმებულია. ყველა, ვინც ფუნდამენტური ცვლილების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი, რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და შეიძლება ითქვას მონაც. ჩვენ ჩვენი ძალები უნდა შევკრათ!, - განაცხადა სააკაშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ შესაძლოა, კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვან, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი.

ჩვენს წინ არის რუმინეთის მოქმედების მოდელი და ასევე, არის საქართველოს მოქმედების მოდელი. ქართული ოპოზიცია განაწყენდა, გადაწყვიტა დაესაჯა ხელისუფლება და უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და საერთოდ, პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობაზე - საპროტესტი აქციებს უყურებს იმედის თვალით, თორემ თვითონ არც ამ აქციებშია ჩართული. რომელი გზა არის უფრო სწორი? - მგონია, რომ რუმინეთის გზა უფრო სწორია, ევროპული დემოკრატიის კანონებით ნაკარნახევი გზა, რომ შეხვიდე ამ სისტემაში და შიგნიდან დაიწყო ოპოზიციონერობა. ქუჩის პროტესტს აქვს ორ ვარიანტი: ან რევოლუცია უნდა მოახდინო, რაც რომც გამოგივიდეს, ქვეყნის დანგრევაზე მიდიხარ, ან პოლიტიკიდან უნდა გაქრე - ამ შემთხვევაში არც ერთი ვარგა და არც მეორე.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იაგო ხვიჩიას გირჩი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ჯაფარიძის გირჩი ალბათ, - არა. დანარჩენებზე კაფიოდ ვერ ვიტყვი, რას იზამენ - ამაზე მსჯელობა ჯერ ადრეა, რადგან რომ მოახლოვდება კრიტიკული დრო, მერე უფრო გამოიკვეთება ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ არა. ჯერჯერობით, დასავლეთის ლიბერალურ წრეებს სჭირდებათ აქ საპროტესტო მუხტი, იმის ჩვენება სჭირდებათ, რომ საქართველოში ხალხი ხელისუფლების უკმაყოფილოა და ამიტომ ევროპა ხელისფლების შეცვლის მომხრეა - ამის ჩვენება უნდათ. ესენი რომ შევიდნენ, მუხტი გაქრება. ამიტომ, მგონია, რომ დასავლეთის დაკვეთაა ამ უკმაყოფილების, პროტესტის პერმანენტულობა, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოში, არასტაბილური მდგომარეობაა, რაც ოპოზიციური სპექტრის მხრიდან გათვალისწინებული უნდა იყოს და ამის მიხედვით გადაიდგას ნაბიჯები.

არ ვიცით რა ვითარება იქნება ქვეყნის შიგნით სექტემბერში ან ქვეყნის გარეთ და ასევე, ზოგადი, პოლიტიკური სიტუაცია როგორი იქნება. ჩვენ არაორდინალური სიტუაცია გვაქვს, თუმცა სხვა ვითარებაში, არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია პოლიტიკური ძალებისთვის. პოლიტიკური პარტიები ამისთვის არსებობენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს არასტრანდარტული ვითარება - არა მხოლოდ ჩვენ, მსოფლიოში არის არასტანდარტული მდგომარეობა. სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ და ამის მიხედვით იმოქმედოს, რაც კარგი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.

ამიტომ, არ ვთვლი, რომ განცხადებები უნდა გაკეთდეს, ღებულობენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მთელი ეს საერთაშორისო ზეწოლა, რაც დღეს ქართულ ოცნებაზე ხორციელდება, სწორედ ამ პროტესტის შედეგია და არა სხვა რამის. ჩვენი პარტნიორები ხედავენ რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას ვერ ეგუება ქართული საზოგადოება, ცდილობენ, რომ მოგვეხმარონ და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა შეჩერდეს - დავუბრუნდეთ განვითარების ნორმალურ ვითარებას. თუ ზეწოლა გაგრძელდება, ხომ შეიძლება რომ ხელისუფლებამ შეცვალოს თავისი დამოკიდებულება! მაშინ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ასე რომ, ეს პროტესტი შედეგიანია და თუ პროტესტი გაგრძელდა, კიდევ უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება, - განგვიცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.