მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა უფრო ხელსაყრელი პირობებით, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ იქნება შუამავალი უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ამის მიზეზი კი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უარი გახდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის „მოლაპარაკებებში წვლილის მეთოდოლოგიას“ ცვლის და შეხვედრებისთვის „მსოფლიოს გარშემო ფრენებს“ აღარ აპირებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიოს გარშემო ფრენას შეხვედრების შუამავლობისთვის, ეს ახლა ორი მხარის ხელშია და დროა, რომ მათ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კიევმა და მოსკოვმა ახლა უნდა წარმოადგინონ „კონკრეტული“ წინადადებები ომის დასრულების შესახებ და კონფლიქტის მოსაგვარებლად ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
ამასთან, როგორც წყაროები იუწყებიან, დონალდ ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა მისი ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების პირველი რაუნდის განხორციელებას.
ექსპერტ ამირან სალუქვაძის თქმით, ამერიკის პრეზიდენტს უნდა ეზრუნა იმაზე, რომ რუსეთსა და უკრაინას პირდაპირი დიალოგი ჰქონოდათ ერთმანეთთან, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. როგორც სალუქვაძემ For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მიმდინარე დიალოგის ფონზე, აშშ და ევროპა სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ, რასაც სწორედ წარუმატებლობა მოჰყვა.
„ამერიკამ და კონკრეტულად ტრამპმა მიიღო, პირველ რიგში, ის, რისი მიღებაც სურდა - დივიდენდები უკრაინიდან, რათა აინაზღაუროს ის დანახარჯები, რაც გასწია უკრაინის დახმარების მხრივ, რაც სულ მცირე, 100 მილიარდ დოლარზე მეტია. იმის მიუხედავად, რომ უამრავი რაუნდი გაიმართა სხვადასხვა ქვეყნებში, ვფიქრობ, გარკვეული მიდგომები რთული კონფლიქტის დასარეგულირებლად იყო არასწორი. ნებისმიერი კონფლიქტის დასარეგულირებლად მნიშვნელოვანია პირდაპირი დიალოგი და ამერიკას უნდა ეზრუნა, რაც შეიძლება მალე მოეხერხებინა ორივე მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა. ასევე, უნდა მოეხერხებინა ან ევროპის დროულად ჩართვა ამ მოლაპარაკებების პროცესში ან მისი ჩახსნა - არც ერთი გაკეთდა და არც მეორე. მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე დავინახეთ, რომ ევროპა წავიდა საპირისპირო მიმართულებით - თუ ამერიკა მშვიდობისკენ მოუწოდებდა, ევროპა პირიქით, საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ, რათა არ მომხდარიყო უკრაინის ინტერესების დათმობა, თუმცა ევროპას რამდენად გულწრფელად აინტერესებდა უკრაინის ინტერესები, ესეც საკითხავი იყო“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული დონალდ ტრამპმა პოზიცია კვლავ შეცვალოს და უკრაინა-რუსეთს შორის მშვიდობიან მოლაპარაკებებში ისევ ჩაერთოს.
„როდესაც რომელიმე ქვეყანა ან ორგანიზაცია, ევროკავშირი იქნება ეს თუ ნატო, ეწინააღმდეგებიან სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მაშინ უნდა შესთავაზონ სხვა გზა და ეს სხვა გზა არის მეტი დახმარება და ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მზად არის თუ არა ამერიკა უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას, ვიდრე აქამდე ეხმარებოდა - მეტი ჭურვი, ტექნიკა, ავიაცია მიაწოდოს - ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ.
დღეს ტრამპმა მოლაპარაკაბებიდან გასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ხვალ შესაძლოა ისევ განაახლოს და სცადოს - ეს ტრამპისგან გამორიცხული არაა. ტრამპი, ძირითადად, ორიენტირებულია ამომრჩეველსა და შინა განწყობებზე. ასევე, არ არის გამორიცხული, ამერიკის პრეზიდენტმა ახალი სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ“, - განგვიცხადა ამირან სალუქვაძემ.