„თვითმფრინავის ბიჭები“ - სიმართლე მითების წინააღმდეგ - „ცრუ გმირების ჰეროიზაცია საშიში შედეგების მომტანია“

„თვითმფრინავის ბიჭები“ - სიმართლე მითების წინააღმდეგ - „ცრუ გმირების ჰეროიზაცია საშიში შედეგების მომტანია“

1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 ქართველის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ТУ-134A. თვითმფრინავის გატაცებაში სულ 7 ახალგაზრდა, მათ შორის 1 ქალი მონაწილეობდა. სამგზავრო თვითმფრინავი თბილისიდან ბათუმში უნდა გაფრენილიყო. თვითმფრინავში 57 მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო ეკიპაჟი 7 კაცისგან შედგებოდა.

შვიდკაციანმა ჯგუფმა მოახერხა თვითმფრინავში იარაღის შეტანა. ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში გატაცებას გეგმავდნენ. მაგრამ გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ამ ტეროროსტული აქტის შედეგად სულ 7 ადამიანი დაიღუპა - ორი პილოტი და ერთი ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი.

1984 წლის 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:05 საათზე განაჩენი, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გეგა კობახიძისა და მამა თეოდორეს მიმართ, შესრულდა. მათი შეწყალება არ მოხერხდა. ისინი დახვრიტეს. რაც შეხება თინა ფეტვიაშვილს, ის შეიწყალეს. ამ საზარელ დანაშაულთან მიმართებით საზოგადოებრივი აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი თვლის, რომ ისინი ტერორისტები იყვნენ, ნაწილი კი ფიქრობს, რომ გმირები იყვნენ, რადგან გაურბოდნენ საბჭოთა წყობას.

და, იყვნენ თუ არა ტერორისტები? - თვითმრინავის გატაცება რა თქმა, უნდა ტერორისტული აქტია, როდესაც შენი თავისუფლებისთვის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს სწირავ, ესეც დანაშაულია. გაიტაცეს თვითმფრინავი, მოკლეს ბოთლის ჩარტყმით მგზავრი, მოკლეს მფრინავი ანზორ ჭედია, მოკლეს ბორტგამცილებელი ვალენტინა კურტიკოვა, თბილისში დაჯდომის მერე არ დანებდნენ, რასაც იერიში და კიდევ მსხვერპლი მოჰყვა. დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი გუგა შარბათიანი. ასევე გარდაიცვალნენ მგზავრები სოლომონია, აბოიანი, ჩვიდმეტმა მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. თავდამსხმელთა ჯგუფის წევრმა დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა. ცხადია, სიკვდილით დასჯა არასდროს არ არის გამართლებული და მეტიც - საშინელებაა, მაგრამ მაშინ სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც მაშინდელი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებდა.

for.ge მფრინავი ანზორ ჭედიას ქალიშვილის, თეონა ჭედიას ესაუბრა.

თეონა, რას ნიშნავს თქვენს მეხსიერებაში „თვითმფრინავის ბიჭები“? რა მოხდა 1983 წლის 18 ნოემბერს? რა იყო მათი მიზანი?

თეონა ჭედია: მე ყოველთვის ვცდილობ ვისაუბრო ფაქტებით, რომელიც განმტკიცებულია მტკიცებულებებით, ვინაიდან ვცდილობ შემდგომი ინტერპრეტაციისთვის სიცრცე მაქსიმალურად შევამცირო. ფაქტი, რეალობის სწორ შეფასებაში გვეხმარება. შეიარაღებული ჯგუფი, შემადგენლობით: მსახიობი გეგა კობახიძე, სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი, თავს დაესხა სამოქალქო ავიაციის საქართველო სამმართველოს „ტუ 143ა“ თვითფრინავს, მისი ხელში ჩაგდებისა და საზღვარგარეთ გატაცების მიზნით, რომელიც 57 მგზავრთან ერთად მიფრინავდა მარშუტით: თბილისი-ბათუმი-კიევი, ლენინგრადი.

როგორც ვიცი თქვენ გაეცანით ამ საქმეს, რომელიც რამოდენიმე ტომისგან შედგება, რას ამბობდნენ გამტაცებლები, როგორ შეიტანეს თვითმფრინავში იარაღი და რა ხდებობა თვითმფრინავში? არსებობს ეს ცნობები, რომ იყვნენ მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ და ამავე დროს იყვნენ ძალიან აგრესიულები, განსაკუთრებით თინა ფეტვიაშვილი...

- 1983 წლის 18 ნოემბერის 15 საათსა და 43 წუთზე, თვითფრინავმა კურსი აიღო ბათუმისკენ. 17 ნოემბერს, თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე, გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა იქორწინეს. წვეულებას ესწრებოდა თბილისის აეროპორტის საერთაშორისო სექტორის თანამშრომელი ანა ვარსიმაშვილი, რომელიც, სწორედ, მეორე დღეს მორიგეობდა. 18 ნოემბერს ანა ვარსიმაშვილის ხელშეწყობით საქორწინო მოგზაურობაში მიმავალმა ახალდაქორწინებულებმა მეგობრებთან - დავით მიქაბერიძესთან, სოსო წერეთელთან, ეკა შალუტაშვილთან და ანანო მელივასთან ერთად „ინტურისტის“ სამსახურებრივი გასასვლელი სპეცკონტროლის გარეშე გაიარეს.

ასე აღმოჩნდა თვითმფრინავის სალონში „TT“ ტიპის 2 პისტოლეტი, „ნაგანისა“ და „რევსტერის“ ტიპის 2 რევოლვერი და 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარა. 16 საათსა და 13 წუთზე კახა ივერიელი თავისი ადგილიდან ადგა და სოსო წერეთელთან ერთად გაემართა პილოტთა კაბინისკენ, მისცა ამით დანარჩენ წევრებს ეკიპაჟზე თავდასხმის ნიშანი. პაატა ივერიელმა სალონის მეორე რიგში მჯდომი მგზავრი, სოლომონია, შეცდომით მიიჩნია საჰაერო ხომალდის გამცილებელ მილიციის თანამშრომლად, რის გამოც ძლიერად ჩაარტყა შამპანურის ბოთლი თავში, ხოლო გია ტაბიძემ „ნაგანის“ სისტემის რევოლვერიდან ესროლა სოლომონიას და ადგილზე მოკლა იგი. კახა ივერიელი და სოსო წერეთელი შევიდნენ ბორტგამცილებელთა სალონში, საიდანაც ცდილობდნენ პილოტების კაბინაში შეღწევას.

კახა ივერიელი მოითხოვდა ბორტგამცილებელი ვალენტინა კრუტიკოვასგან სატელეფონო კავშირით გადაეცა პილოტებისათვის მოთხოვნა გაფრენილიყვნენ თურქეთში. ამასობაში სალონიდან კრუტიკოვასთან გია ტაბიძეც შეიჭრა და სიკვდილის მუქარით უბრძანა მას, ბორტგამცილებლებისათვის დაწესებული ნიშნით დაეკაკუნებინა პილოტების კაბინის კარზე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა; კაბინის კარი გააღო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მფრინავ-შტურმანთა რაზმის ინსპექტორმა შარბათიანმა.

ვინ ესროლა თქვენს მამას და როგორ ვითარებაში გარდაიცვალა ის?

- კახა ივერიელმა რევოლვერი „რევსტერი“ თავზე მიაბჯინა პილოტ-ინსტრუქტორ ახმათგერ გარდაფხაძეს და უბრძანა მას, შეეცვალა კურსი - გაფრენილიყო თურქეთში. ამ დროს ტაბიძემ ესროლა ბორტმექანიკოსს, მამაჩემს ანზორ ჭედიას და ის სასიკვდილოდ დაჭრა. პილოტთა კაბინაში მყოფმა ეკიპაჟის შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა თავისი ტაბელური იარაღიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგად გია ტაბიძე ადგილზე იქნა მოკლული, ხოლო სოსო წერეთელი და კახა ივერიელი დაიჭრნენ, ამ დროს პილოტებს მიეცათ კაბინის ბლოკირების საშუალება. სროლის შედეგად ეკიპაჟის წევრთაგან დაიღუპა ბორტმექანიკოსი ანზორ ჭედია, ბორტგამყოლი ვალენტინა კურტიკოვა, დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი გუგა შარბათიანი.

18 ნოემბერს 16 საათსა და 40 წუთზე, აფრენიდან 57 წუთის შემდეგ, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაბრუნდა. დარწმუნებულმა, რომ თვითმფრინავის გატაცების გეგმა ჩაიშალა, დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა. ყელში დაჭრილი სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული სისასტიკე, არ გაათავისუფლეს ბავშვები, აგრეთვე მძიმედ დაჭრილი ადამიანებიც კი, რომელთა გადარჩენა, ალბათ, ჯერ კიდევ შეიძლებოდა. 19 ნოემბერს დილით 06:55 წუთზე რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოფრინდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სპეცდანაყოფი „ალფა“, რომელსაც გენერალ-მაიორი გენადი ზაიცევი ხელმძღვანელობდა. იერიშის დაწყებამდე, გამტაცებლებთან მრავალსაათიანი მოლაპარაკება წარმოებდა. გამტაცებლები მოითხოვდნენ თვითმფრინავის ავზის შევსებას და თურქეთში გადაფრენას, სხვა შემთხვევაში თვითმფრინავს ააფეთქებდნენ.

დღეს, თუ ეკიხებით თქვენს თავს, როგორ მომზადდა ტერორისტული აქტი ისე, რომ საბჭოთა უშიშროებამ ამის შესახებ ვერ გაიგო?

- რაც შეეხება უშიშროებას, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარკვეული ინფორმაცია არსებობდა, რომ დავით მიქაბერიძე მეგობრებთან ერთად ურთიერთობდა ბალტიისპირელი ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც თურმე ანტისაბჭოთა პროპაგანდით გამოირჩეოდნენ, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, ის საყურადღებო ფაქტად არ მიიჩნიეს და დამატებითი ღონისძიება არ დაგეგმილა. სამწუხაროდ, უშიშროების თანამშრომლების ნაწილმა, ამის შესახებ 1983 წლის 18 ნოემბრის ღამეს გაიხსენეს, როდესაც გამტაცებლებში დავით მიქაბერიძის გვარი დასახელდა.

მნიშვნელოვანია, რომ 2000-ანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენსტს ICAO-ს დელეგაცია სტუმრობდა, ეს ინციდენტი თავიდან გაიხსენეს და ის შეფასდა, როგორც საბჭოთა საქართველოს უშიშროების სამსახურის მხრიდან, საკუთარი მისიის მიმართ არაპროფესიონალური დამოკიდებულებით გამორჩეული.

ამ შეფასებას ემატებოდა დეპუტატების გასასვლელიდან იარაღის თავისუფლად შეტანა ბორტზე, რაც, როგორც ზევით მოგახსენეთ, პირადი ნაცნობობით მოგვარდა. ეს ფაქტი გასაკივირი არც უნდა იყოს, ვინაიდან საბჭოთა საქართველოსთვის პროტექციონიზმი, ნეპოტიზმი სრულიად ორგანული მოვლენა იყო. რაც შეეხება იარაღს, ის შავ ბაზარზე იყიდებოდა. ამ შემთხვევაში, თუ სწორად მახსოვს, საქმის ოქმებიდან გამომდინარე ჩანდა, რომ სწორედ შავ ბაზარზე იქნა შეძენილი იარაღი - ერთი ცალი 100/150 მანეთის ფარგლებში.

ამ ისტორიაში რა როლი აქვს სასულიერო პირს, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს და რომელიც ცდილობდა საკუთარ თავზე აეღო დანაშაული, რომელსაც სხვათა შორის სასამართლოზე დასცინოდნენ დაკავებულები...

- საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ ასევე გაასამართლა პირი, რომელიც 18 ნოემბერს არ იმყოფებოდა თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადის რეისზე. თეიმურაზ ჩიხლაძეს (მამა თეოდორეს) ბრალი დასდეს ბანდის ხელმძღვანელობასა და დანაშაულის ორგანიზება-დაგეგმვაში. დაკითხვის ოქმების მიხედვით, მღვდელი თეოდორე აღიარებს, რომ არ მოსწონდა საბჭოთა წყობა და, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა საბჭოთა კავშირიდან გაქცევა, მათ შორის თვითმფრინავის გატაცების გზით. ის ასევე აღიარებდა გამტაცებლებთან კავშირს და გატაცების ორგანიზებაში მონაწილებას.

მისი დაკავება კი გამტაცებლების ჩვენებების საფუძველზე განხორციელდა. ის სასამართლოზე ყველა დანაშაულს თავის თავზე იღებდა, რითიც სავარაუდოდ, მათთვის სასჯელის შემსუბუქებას ცდილობდა, მაგრამ საქმე სამშობლოს ღალატის და ჯგუფური დანაშაულის მუხლით იხილებოდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ის განაჩენი გამოიტანა, რაც იმდროინდელი სამართლით იყო განსაზღვრული.

დღემდე საზოგადოებრივი აზრი ორად არის გაყოფილი - ნაწილი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით მოხდა თვითმფრინავის გატაცება, თუმცა, ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველა გამტაცებელს შეეძლო ყოველგავრი დაბრკოლების გარეშე მაშინ საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ მაინც აირჩიეს ძალადობრივი გზა, რა იყო რეალურად მიზეზი, როგორ ფიქრობთ?

- თვითფრინავის გატაცებას ისინი 2 წლის განმავლობაში გეგმავდნენ, განიხილავდნენ გემით გადასვლასაც, თუმცა საბოლოოდ თვითფრინავით წასვლა არჩიეს, სავარაუდოდ გამტაცებლების ნაწილი საზღვარგარეთ ნამყოფიც იყო, მაგრამ, როგორც სასამართლოზე თავად აღიარეს, დასავლეთში ხმაურით შესვლა, იქ დასამკვიდრებლად, მათ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევდა.

თვითმრინავის გატაცება, რა თქმა უნდა, ტერორისტული აქტია, მაგრამ მაინც ამ კონკრეტულ საკითხზე საზოგადოების აზრით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ტერორირსტები არ იყვნენ. რატომ შეიქმნა მათგან თვიდანვე გმირობის ისტორიები, რა მიზანი ჰქონდა ამას?

- საერთოდ, თვითფრინავის გატაცება ნებისმიერი ქვეყნის სამართლით ტერორისტულ აქტად ითვლება. ნესმიერი ადამიანის თავისუფლება სწორედ იქ სრულდება, სადაც მეორე ადამიანის თავისუფლება იწყება, აქ მგონი სადავოც არაფერია. რაც შეეხება საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებას, ეს პროცესი 90-იანი წლების დასაწყისიდან იწყება, როცა დაინტერესებულმა პირებმა, ახალი ისტორიიის დაწერა დაიწყეს. სწორედ მაშინ მოხდა ფაქტების მოშორება და ემოციებზე აგებული რომანტიული ზღაპრის გამოგონება. ფაქტების ნაცვლად - აღქმები. ამ ტრაგიკული ამბის ზედაპირულმა ტირაჟირებამ იმუშავა და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენები გააჩინა. წლების განმავლობაში საზოგადოება სიცრიუთ იკვებებოდა, სადაც შეკითხვის დასმაც არ შეიძლებოდა. შედეგად, მივიღეთ ცრუ გმირები. ჩემი აზრით, საზოგადოება მაშინ არის შემდგარი, როდესაც მას უჩნდება კითხვები და ის მოვლენებს ერთ სიბრტყეში არ აღიქვამს.

მაგალითად, დათო ტურაშვილის რომანი „ჯინსების თაობა“ - აგებულია იმაზე, რომ თვითმფრინავის გატაცებას არაერთი სიცოცხლით სავსე ქართველი შეეწირა. წიგნის ორი მთავარი გმირია გეგა კობახიძე და თინა ფეტვიაშილია. 2001 წლის 19 მაისს ქართველმა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თავისუფალ თეატრში დადგა სპექტაკლი „ჯინსების თაობა“. რეჟისორმა ზაზა რუსაძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ბანდიტები“, სადაც გაშუქებულია თვითმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებული საკითხები. გამოვიდა რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის მხატვრული ფილმი „მძევლები“. ანუ, ხდებოდა გამტაცებლებისგან „გმიერების“ შექმა, თანაც ცალმხრივად ხდებოდა ეს ყველაფერი, დაზარალებულების ოჯახთან არ ჰქონიათ კონტაქტი, რაც რეალობისგან არის აცდენილი. ეს რისთვის დასჭირდათ?

- დიახ, დაიწერა წიგნი, დაიდგა სპექტაკლი, გადაიღეს ფილმები, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას სოსო წერეთლის სახელიც დაარქვეს. თვითფრინავის ბიჭებად წოდებულმა ამბავმა სრულად მოიცვა პოპკულტურა და ხდებოდა მისი მონეტიზაცია. ჩემს უკმაყოფილებას კი მუდმივად იწვევდა ფაქტების იგნორირება. რეჟისორს აქვს უფლება, ვისზეც უნდა, რაც უნდა, ის დადგას თუ გადაიღოს, მაგრამ როდესაც ამბობ, რომ შენი წიგნი ნამდვილი ამბავია, ვალდებული ხარ, ისტორია კარგად შეისწავლო, დაზარალებულებს მოუსმინო, რაც ამ შეთხვევაში არასოდეს მომხდარა. წლებია ამ საქმის ძირითად ნაწილს გრიფაით „საიდუმლო“ მოხსნილი აქვს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ.

ხომ არ დადგა დრო, რომ გაიხსნას ეს არქივი და საზოგადოებამ იცოდეს რა მოხდა?

- ვინაიდან არ ვარ განებივრებული ამ თემაზე საუბრით და ჩემთან დაკავშირებით ცენზურა აქტიურად მუშაობდა, არავის ვეუბნები უარს ინტერვიუზე და ეს ჩემი დამოკიდებულება არ არის განპირობებული მხოლოდ ჩემი პირადი ისტორიით. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვთვლი, რომ ცრუ გმირების ჰეროიზაცია საშიში შედეგების მომტანია საზოგადოებისთვის. იწყება ფუნდამენტური ღირებულებების დამახინჯებული აღქმა. შეგიძლია თავისუფლების სახელით განხორციელებული ცივსისხლიანი ძალადობაც გაამართლო. მიზანი ამართლებს საშუალებას? არ დაგვავიწყდეს, რომ საშუალება ყოველთვის განსაზღვრავს შედეგს.