რუსული ფობიები და ობამა სააკაშვილის შეხვედრა

რუსული ფობიები და ობამა სააკაშვილის შეხვედრა

აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა უკვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბოლოს და ბოლოს სააკაშვილი 4 წლის ნატვრას აისრულებს და აშშ-ის პრეზიდენტი თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შეხვდება. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა გახდა, ხელისუფლებაში იყო მოლოდინი, რომ იგი მის ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს აუცილებლად შეხვდებოდა, მაგრამ არაოფიციალურად კორიდორში გამართულ რამდენიმეწუთიან საუბარს თუ არ ჩავთვლით, სააკაშვილმა ობამას ყურადღება ვერა და ვერ დაიმსახურა. ამის მიუხედავად, სააკაშვილი ჯიუტად ცდილობდა ლობისტური კომპანიების დახმარებით მიეღწია ამერიკის პირველ პირთან შეხვედრას და აი, ნანატრი დღეც დადგა.

30 იანვარს ჩანიშნული შეხვედრა უკვე დიდი ხანია მზადდება, ყოველ შემთხვევისთვის, ამის შსახებ ხმები ჯერ კიდევ რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობამდეც ვრცელდებოდა. კულუარებში იმაზეც საუბრობდნენ, რომ სააკაშვილი თანახმა იყო რუსეთისთვის ქართული ხმა, თუნდაც ობამასთან ოვალურ შეხვედრაზე გაეცვალა.

ძნელი სათქმელია, პრეზიდენტების ეს შეხვედრა რეალურად საქართველოს თანხმობის საზღაურია თუ არა, მაგრამ ამ შეხვედრის დეტალებზე პარლამენტის კულუარებში ერთხმად აიტაცეს რუსი ექსპერტების ვარაუდები, თითქოს, საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად - ასაშენებელი ქალაქ ლაზიკას ტერიტორიაზე, სამხედრო ბაზის მშენებლობას სთავაზობს.

რამდენად რეალური შეიძლება იყოს რუსი ექსპერტების ფობიები და რეალურად რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv ექსპერტს, ხათუნა ლაზაგიძეს ესაუბრა.

ხათუნა ლაგაზიძე: ჩემთვის არაფერი უჩვეულო არ არის იმაში, რომ აშშ-ს და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან. ამ შეხვედრის ანონსირებიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო გახლდათ ის თემა, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში ჩასატარებელი არჩევნები. ეს თემა ხაზგასმული იყო აშშ-ის ელჩის განცხადებაშიც, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა და მან გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში მიმდინარე ეს რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.

ანუ ის, რომ არჩევნებამდე ათი თვით ადრე ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისუბრებს მომავალი არჩევნების თემაზე, შესაძლოა, ქვეყნისთვის ეს საკითხი გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.

აშშ-ის ადმინისტრაციის და შემდეგ უკვე საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაში პრეზიდენტების შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის აქცენტირებული იყო საქართველოში ჩასატარებელი არჩევნები. ეს თემა ხომ არ უკავშირდება ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებებს, რაც დეკემბრის ბოლოს ელჩმაც საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა და რამდენად შეიძლება იყოს მოსალოდნელი უშუალოდ ამაზე საუბარი?

- რა თქმა უნდა, მოსალოდნელია და უფრო მეტიც, მე მგონი, აუცილებლად იქნება, რადგან აშშ-ის საელჩოს მხრიდან ასეთი განცხადებები უბრალოდ არ კეთდება. თავის დროზე შევარდნაძის ბედიც ამერიკის და რუსეთის ერთობლივმა მოლაპარაკებამ გადაწყვიტა და გარწმუნებთ, იგივე მოხდება ახლაც. ამერიკისთვის მთავარია, რომ საქართველო იყოს სტაბილური იმ თვალსაზრისით, რომ მისი ინტერესები გაატაროს სტაბილურად და, თუ აქ სათავეში მყოფი ხელისუფლება ვერ შეძლებს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას და იქნება იმის მოლოდინი, როდის გამოიწვევს ქვეყანაში სოციალურ აფეთქებებსა თუ გადატრიალებებს, ცხადია, ამერიკა საქართველოში სხვა პარტნიორის ძებნას დაიწყებს.

ამ ზოგად პოსტულატს უშუალოდ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მიმართებაში თუ გადმოვიტანთ, მის ბედსაც გადაწყვეტს სწორედ ეს - ამერიკა აღიქვამს თუ არა მას კიდევ საქართველოში სტაბილურობის გარანტორად. თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილს ეს აღარ შეუძლია და დაემსგავსა ნელი მოქმედების ნაღმს, რომელიც როდის აფეთქდება, არავინ იცის და საზოგადოება მისგან თავის დაღწევას მოინდომებს, ასეთ შემთხვევაში, აშშ აუცილებლად მიიღებს მისი შეცვლის გადაწყვეტილებას.

ამ თვალსაზრისით, ალბათ, გადამწყვეტი იქნება ობამას და სააკაშვილის შეხვედრა. ანუ, სააკაშვილი კიდევ ასრულებს თუ არა სტაბილურობის გარანტორის როლს და, თუ აშშ-ის ელჩის 29 დეკემბრის განცხადებას დავეყრდნობით, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიტყვები, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებით „კიდევ უფრო დაიძაბება ისედაც არათანაბარი პოლიტიკური გარემო“ ეს, არადიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავდა, რომ  ამერიკამ პირველად აღიარა, რომ საქართველოში არაკონკურენტული პოლიტიკური გარემოა და თქვა, რომ ისედაც არაკონკურენტული პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არაკონკურენტული გახდებაო.

თუ ამ განცხადების ტონალობას დავეყრდნობით, მე მგონი, საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტისგან მაინცდამაინც სასიამოვნო საუბარს არ უნდა ელოდოს. თუმცა, ცხადია აქ კიდევ უამრავი თემა იქნება განხილული და კონტექსტიდან ამოვარდნილად მხოლოდ არჩევნებზე საუბარი არ იქნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ 30 იანვარს პრეზიდენტების შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტის განწყობები ახლოს იქნება 29 დეკემბერს გაკეთებულ საელჩოს განცხადების ტონალობასთან.

არჩევნების თემა ზოგადად არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ, თუ ირანში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, ამერიკის ხელისუფლების რეიტინგი დაეცემა ძალიან დაბლა და ამერიკის ეკონომიკა ამას საერთოდ როგორ გაუძლებს, ძნელი სათქმელია. მეორე ის, რომ რამდენად შეძლებს ირანთან ომში ჩართული ამერიკა საქართველოზე ფიქრს და აქტიურად ჩარევას საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ეს კიდეც ერთი თემაა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ამერიკა ირანთან ომით იქნება დაკავებული, ხომ არ ისარგებლებს რუსეთი და საქართველოში უფრო ღრმად ხომ არ შემოვა, რის შემდეგაც საქართველოში არჩევნები საერთოდ ჩატარდება თუ არა და, თუკი ჩატარდება, რა შედეგით დასრულდება, კაცმა არ იცის.

ლაზიკას ადგილზე სამხედრო ბაზის მშენებლობა არის თუ არა შესაძლებელი და შეიძლება, ეს შეხვედრა სწორედ ამას უკავშირდებოდეს? იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტები ამაზე შეთანხმდებიან, ეს საქართველოზე რა გავლენას იქონიებს, როგორც შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით?  

- რაც შეეხება ლაზიკას თემას, მე ეჭვი მეპარება, რომ ეს ვერსია რეალობასთან ახლოს იყოს. თავისთავად თუ აფხაზეთთან სიახლოვეს და აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობას გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ-თვის საინტერესო იყოს ასეთ სტრატეგიულ ადგილზე სამხედრო ბაზების განლაგება. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს ამ ეტაპზე რეალობას მოკლებული ვარაუდია.

ჯერ ერთი, აშშ-სა და რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგება, ფაქტობრივად, რამდენიმე კოლომეტრის დაშორებით რამდენად იქნება, ან ერთი, ან მეორე ქვეყნისთვის სტაბილურობის გარანტი, ეს ძნელად სათქმელია. მეორეც, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რაც დღეს მსოფლიოში ხდება.

მედვედევის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებ, სადაც მან თქვა, რომ 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში ემსახურებოდა საქართველოს ნატოში შესვლის პრევენციას. ქართულმა პრესამ მაშინ მედვედევი მასხრად აიგდო და თქვეს, რომ მან საკუთარი ქმედებების ლუსტრირება მოახდინა და ა.შ. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ სწორედ ისინი არიან უხერხულ მდგომარეობაში საკუთარი სიბეცის გამო, რადგან ეს იყო გაფრთხილება, რადგან, როგორც გახსოვთ, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც წინა პლანზე წამოიწია ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების თემამ და ეს იყო რუსეთის მხრიდან პირდაპირი პასუხი. შემდეგ ლავროვმა გაიმეორა იგივე ტექსტი, რომ, თუკი საქართველო კიდევ შეეცდება და, შესაბამისად, მეორე მხრიდან იქნება შემხვედრი ნაბიჯები, რუსეთი არ მოერიდება მსგავსი ნაბიჯების გადადგმას.

ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. ლაზიკას ტერიტორიაზე ამხელა ბაზების მშენებლობაზე, ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთი ან, თუნდაც ათი სამხედრო თვითმფრინავის დაჯდომა საქართველოს ტერიტორტიაზე, ან სამხედრო გემის შემოსვლა სანაპირო წყლებში. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მე არ ვიცი, ამ პროცესს რუსეთი რამდენად შეეგუება და რამდენად მშვიდობიანად შეხედავს ამას.

თუ ამ ტიპის მოლაპრაკება არსებობს და რუსეთმა საქართველოზე საბოლოოდ თქვა უარი, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ რუსეთის პოლიტიკა ამაზე არ მიანიშნებს. ამიტომაც ლაზიკის ამერიკის სამხედრო ბაზებთან მიბმა, ცოტა ყურით მოთრეული თემა მგონია. ეს ყველაფერი ხომ რუსეთ-ამერიკის კონტექსტში წყდება და ჩვენ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მხოლოდ პაიკი ვართ და მეტი არაფერი.

სწორედ დღეს ვკითხულობდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან მკვეთრ განცხადებებს ამერიკის და ისრაელის მხრიდან ირანზე შესაძლო დარტყმასთან დაკავშირებით. ეს განცხადებები იმდენად კატეგორიულია, რომ ასეთი კატეგორიული რუსეთი არასდროს არ ყოფილა. მსოფლიო პრესაში ხშირად ისმოდა, რომ ამერიკა-რუსეთის ინტერესები ძალიან ბევრ წერტილში თანხვდება და მათ შორის, ირანის საკითხშიც და მე რაც მახსენდება, ეს იყო პირველი ასეთი კატეგორიული განაცხადი რუსეთის მხრიდან.

ამავე დროს ლავროვი აკეთებს ძალიან მკვეთრ განცხადებას სირიაში რუსეთის სამხედრო ტვირთის შესვლასთან დაკავშირებით უცხოური მედიის სტატიებზე. ლავროვმა საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, რომ ის არ არის ვალდებული ვინმეს ანგარიში ჩააბაროს, თუ რუსეთის დროშით მცურავ გემებს რა ტვირთი გადააქვს. ამის პარალელურად რაც ხდება ირანთან დაკავშირებით, რუსეთი ძალიან მკვეთრ და მწვავე განცხადებებს აკეთებს და პირდაპირ ამბობს, რომ ირანზე დარტყმა იქნება რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებზე შეხება და აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ ასე მარტივად დგას საქართველოში სამხედრო ბაზების განლაგების თემა.

ამასთან, საქართველოსთან კონტექსტში ბოლო ორი დღეა, პირდაპირ გაისმის საკითხიც, რომ, თუ ამერიკა დაარტყმას ირანს, რუსეთი დადგება იმ ვალდებულების წინაშე, რომ, მინიმუმ, თავისი სამხედრო ბაზა სომხეთში დაიცვას და დაიცვას სომხეთი. ამასთან, ეს განცხადებები კეთდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე და არა, ვთქვათ, ექსპერტების დონეზე.

რა თქმა უნდა, ეს თემაც შეიძლება იყოს განხილვის საგანი ობამას და სააკაშვილის შეხვედრაზე და საერთოდ, ერთმანეთს ძალიან ბევრი რამ გადაეჯაჭვა.

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- იგივე რუსეთში ამერიკის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი. ელჩად დაინიშნა მაიკლ მაკფოლი, რომელიც რუსული ოპოზიციის მამად შეიძლება მოვიაზროთ, რადგან ძალიან დიდი ხანია, ეს კაცი რუსეთის ოპოზიციის სულიერ და ფინანსურ დამხმარედ ითვლება და დანიშვნის პირველსავე დღეს მან ჩაატარა შეხვედრა რუსულ ოპოზიციასთან. როგორც ჩანს, რუსეთსა და ამერიკას შორის გადატვირთვის პოლიტიკა დიდი კითხვის ქვეშ არის. ამბობენ, რომ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი და რუსეთიც და ამერიკაც ასეთ მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ შიდა ამომრჩეველზე გათვლით, მაგრამ მე მგონია, რომ ეს მხოლოდ საარჩევნო განცხადებები არ არის.

ასეთი საინტერესო პოლიტიკური ფონი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მე მგონი, არ ჰქონია და აქედან გამომდინარე, ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომაც ყველა ნაბიჯი, დიდი იქნება თუ პატარა, ზედმიწევნით უნდა იყოს გააზრებული, რადგან, შესაძლოა, ერთი პატარა შეცდომაც საბედისწერო აღმოჩნდეს ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს არსებობისთვის.

ცხადია, რომ ასეთი ინფორმაციის ტირაჟირება ტყუილად არ ხდება. თქვენ რითი ხსნით, რაში აწყობს ეს ხელისუფლებას?

- ზოგადად ქართველი ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ძალიან მნიშვნელოვანია პატრონის თემა და ამ შემთხვევაში ჩვენს პატრონად ამერიკა მოიაზრება და დღეს საქართველოში არსებული ორივე პოლიტიკური ცენტრი, როგორც სააკაშვილის, ასევე ივანიშვილი ბანაკი ცდილობს, ამომრჩეველს დაანახოს, რომ ამერიკის მხარდაჭერა სწორედ მათ მხარეს არის. აქედან გამომდინარე, როდესაც ამერიკის მხარდაჭერის ფაქტები ხელისუფლების სასარგებლოდ არ მეტყველებს, ხელისუფლება იძულებულია, რომ ამ ტიპის მანიპულაციებს მიმართოს.

ეს ლაზიკა ერთ და ორ თვეში ხომ ვერ აშენდება და მუდმივი თემა იქნება იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამერიკა ჩვენი და მაინცდამაინც ხელისუფლების მხარდამჭერია და ა.შ. ანუ, ეს ისეთი თემაა, რომ არჩევნებამდე მასების მანიპულირებისთვის ძალიან კარგად გამოსაყენებელია და ვფიქრობ, - ამიტომ. თორემ ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები, ლამის, ცივი ომის დროინდელ ურთიერთობებს უახლოვდება, აფხაზეთთან ამერიკის ბაზების არსებობა ძალიან არარეალურად მიმაჩნია.

თუმცა, პერსპექტივაში თუ განვიხილავთ და მაკფოლის ელჩობა წარმატებული აღმოჩნდება, შედეგი იქნება ის, რომ ამერიკამ პუტინი მოიშორა და რუსეთში დასვა მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც შეეგუება იმას, რომ საქართველოში განთავსდეს ამერიკული სამხედრო ბაზები, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იქნება. მაგრამ ამ თეორიაში იმდენი დაშვება და „თუ“ არის, რომ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, ასე მოხდეს.