გერმანიის ელჩი ექსტრემიზმის გაღვივებაშია მხილებული

გერმანიის ელჩი ექსტრემიზმის გაღვივებაშია მხილებული

პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოსთან დაკავშირებით, დიდი შეშფოთება გამოხატა. გერმანიის ელჩის განცხადებით, მინისტრმა მისი, როგორც ელჩის მიმართ, გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა. „რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლე არ არის“, - წერს გერმანელი დიპლომატი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ პროცესებში ჩართულია გერმანიის ელჩი, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს რადიკალებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის არა მხოლოდ მხარეა, არამედ რადიკალების ლიდერიც და ეს დასტურდება მისივე განცხადებებითა და მოქმედებებით. შესაბამისად, ელჩი არ გმობს იმ ძალადობას, რომელსაც მისივე წახალისებული რადიკალები სჩადიან დედაქალაქის ქუჩებში.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გერმანელ დიპლომატს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან, ამიტომ ელჩის მხრიდან საპირისპიროს მტკიცება არასწორია და არც სიმართლეა. პარლამენტის თავმჯდომარე გერმანელ დიპლომატს 41-ე მუხლის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს, რაც გულისხმობს აკრედიტებული დიპლომატის მიერ, მასპინძელ ქვეყანაში ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერას, ეს კი, ვენის კონვენციის მიხედვით, დაუშვებელია.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე თვლის, რომ ამ ადამიანის ელჩობა, სხვა ქვეყნების საელჩოებისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან ფიშერი ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. კალაძის შეფასებით, გერმანიის ელჩი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში პირდაპირ ერევა და საზოგადოების დაპირისპირებასა და გახლეჩაშია ჩართული.

„ძალიან მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს გასცა შესაბამისი პასუხი - ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ბოლოს კი განცხადება გაავრცელა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ქვეყნის დიპლომატიური უწყება წერს, რომ გმობს შალვა პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი:

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ დეზინფორმაციისა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივების გავრცელებით, ის აქტიურად უთხრის ძირს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ, გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩი თბილისში, ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს.

გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებული ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი“, - აღნიშნულია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში, რომელიც გერმანიის საელჩომ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.

დიპლომატიური უწყების ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ ოფიციალური ბერლინი მხარს უჭერს ქვეყნაში პროცესების რადიკალიზაციას, რასაც თავისი გეოპოლიტიკური მდგენელი აქვს. პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, როდესაც თანხები იდება პროცესების რადიკალიზაციაზე, ბუნებრივია, იქ ინსტრუქციაც დაიდება დიპლომატიური კორპუსისთვის, რომ ამაზე რეაქცია არ ჰქონდეთ.

„ამ საწყალ დიპლომატებს ხომ მითითებების ნუსხა უდევთ, რა უნდა გააკეთონ და რა - არა. ისინი თავიანთი პოზიციის მიხედვით ხომ არ მოქმედებენ. ეს ჩვენი დიპლომატები არიან, რომ იძახიან: „აი, ჩემი პოზიციით, ხელისუფლება არასწორად იქცევა“. თუმცა, მერე აღმოჩნდება, რომ მის პოზიციას ვიღაც აფინანსებს. ასე, რომ ვერავის მსაჯული ვერ ვიქნები, გარდა იმისა, რომ რაღაცა ჯგუფმა მოისურვა საქართველოზე შეტევა, რაც დიდი ხანია, გრძელდება და გაუგებარია, რა უნდათ. აი, ამ გაუგებრობას პასუხი, სწორედ დღეს უნდა გაეცეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ამ პროცესში, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჰელსინკის კომისიამ ექსპრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარა იმაზე სალაპარაკოდ, გადაუხვია თუ არა საქართველომ ევროპული კურსიდან. ამასთან დაკავშირებით, რამაზ საყვარელიძემ მახვილგონივრულად შენიშნა, როგორც იქნა, გულახდილად აღიარეს, რომ ქვეყნის კურსი ჩინეთისკენ მიდის:

„აი, ეს გულახდილობა არის დასაფასებელი. სასიამოვნოა იმიტომ, რომ აქამდე მიდიოდა თამაში და გვსაყვედურობდნენ, რუსეთისკენ რატომ მიდიხართო. ამ ჩვენმა „პროტესტის ჯგუფმა“ ის ტექსტი უნდა თქვას, რომელსაც გარედან ეტყვიან, უნდა დაიწყონ ძახილი: „რუსეთუმე“, „რუსეთუმე“. ამ დროს, აგერ, ჰელსინკში იძახიან, რომ აქ რუსეთი კი არ არის პრობლემა, ჩინეთია პრობლემაო. ესენი ხომ არ გამოლაგდებიან და „ჩინეთის ოცნებას“ ხომ არ დაუძახებენ „ქართულ ოცნებას“? თან, ჩინეთი შარიანი სახელმწიფოა. რუსეთის შეგინება მოსულა, მიღებული ფორმაა. 

გავიხსენოთ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის მეტოქეებს პუტინის პოლიტიკის გამტარებლები უწოდა. პასუხი იმაზე კი არ იყო, რასაც ედავებოდნენ, არამედ პირდაპირ იარლიყი მიაწება, თქვენ პუტინზე მუშაობთო. ასე, რომ ეს ევროპულ დონეზე მოქმედი იარაღია, ბულინგის აღიარებული საშუალებაა, დააბრალო მეტოქეს ყველაფერი, რაც ჩვენმა ოპოზიციამ წამოიღო. ახლა ამოტივტივდა ჩინეთი და არ მგონია, რომ ბულინგის სახე მიიღოს. რეალურად, ახლა უნდა დაფიქრდეს ადამიანი, საერთოდ, ამ ყველაფრის მიზეზი ჩინეთი ხომ არაა. იმიტომ, რომ ჩინეთისკენ ჩვენი მოძრაობა დადასტურებულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძე.