ბოლო პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში, ვითარება ახალ, სახიფათო ფაზაში გადადის, რასაც რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა მოწმობს. ეს ინციდენტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასიური თავდასხმის დროს მოხდა, სერიოზულ პროვოკაციად შეფასდა. შეცდომა თუ მიზანმიმართული სამხედრო პროვოკაცია, რომელსაც კრემლი ევროპის რეაქციის გამოსაცდელად ატარებს? რა პასუხი ექნება ნატო-სა და ევროპას პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედებასა და წევრი ქვეყნების თათბირს ითხოვს. ასევე, ისმის კითხვა, ამოქმედდება თუ არა და რა შემთხვევაში, ნატო-ს მე-5 მუხლი, რომელიც მისი წევრი ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების რეაგირებას გულისხმობს. რა არის პუტინის მოქმედების მიზანი?
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ამ ქმედებას „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. მისი თქმით, პოლონეთი მზადაა, მოიგერიოს ასეთი პროვოკაციები. სიტუაცია სერიოზულია და არავის ეპარება ეჭვი, რომ ქვეყანა სხვადასხვა სცენარისთვის უნდა მოემზადოს.
პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესკალაციის ახალ ეტაპად აფასებს. „რუსეთი ყოველთვის ცდილობს, შესაძლებლობების საზღვარს გასცდეს და თუ ძლიერ წინააღმდეგობას არ აწყდება, მაშინ ესკალაციის ახალ დონეს აღწევს. დღეს ესკალაციის ახალი ეტაპი იყო. ეს არ იყო შემთხვევითი ინციდენტი, რადგან პოლონეთისკენ, სულ მცირე, 8 დრონი იყო მიმართული. ეს ევროპისთვის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს წარმოადგენს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამ ინციდენტზე პასუხის გაცემის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი, რომლის აზრითაც, „ომის დაწყების შემდეგ, ღამით, პოლონეთში, რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა ვიხილეთ. არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი და არა - შემთხვევით“, - ამბობს კალასი.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ვირიკიშში ჩამოვარდა და საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. საბედნიეროდ, ამ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ეს მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ საფრთხეებს, რაც უკრაინაში მიმდინარე ომს ევროპისთვის მოაქვს. პოლონეთი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა, ითხოვს ძლიერ პასუხს ამ პროვოკაციაზე.
ესკალაციის ამ ახალ ეტაპზე, განსაკუთრებით აქტუალური ხდება კითხვა ნატო-ს მე-5 მუხლის ამოქმედებაზე, რომელიც კოლექტიური თავდაცვის პრინციპს გულისხმობს. ნატო-ს ხელშეკრულების თანახმად, მე-5 მუხლი ამოქმედდება, თუ ალიანსის წევრ ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდება. ამჟამად მომხდარი ინციდენტი, დრონების ჩამოგდებისა და უმნიშვნელო ზიანის მიუხედავად, არ განიხილება, როგორც პირდაპირი თავდასხმა, მაგრამ ის საგანგაშო პრეცედენტს ქმნის და აჩვენებს, თუ რამდენად ახლოს არის რუსეთის აგრესია ნატო-ს ტერიტორიებთან.
ანალიტიკოსების აზრით, პუტინის ქმედების მიზანი, ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ორმაგია. ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს ევროპისა და ნატო-ს რეაქციების ტესტირება, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს მოსკოვი, სანამ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება. მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს დაძაბულობის ესკალაციას, რათა უკრაინის მოკავშირეებში განხეთქილება შეიტანოს და მათი მხარდაჭერის ძალა შეასუსტოს. ამიტომ, პასუხის კოორდინაცია და სიძლიერე უმნიშვნელოვანესია, რათა მოსკოვმა იგრძნოს, რომ ომის გაფართოება შეუძლებელია და მას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შედეგები.
რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე, - ამის შესახებ კი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა: „რა ხდება რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე? აბა, დავიწყეთ“, - წერს ტრამპი.
რუსეთმა ბრალდებები უარყო. კრემლის პრესპიკერმა თქვა, რომ „ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობა რუსეთს პროვოკაციების მოწყობაში ყოველდღიურად ადანაშაულებს“. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი კობერიძე მომხდარს, როგორც რუსეთის აგრესიის გაგრძელებას, ისე აფასებს. მისი აზრით, ეს ქმედებები მიზნად ისახავს დასავლეთის დაშინებასა და დომინაციის დემონსტრირებას. კობერიძე for.ge-თან განმარტავს, რომ კრემლი ამით სიგნალს უგზავნის ევროპას, ეუბნება, რომ მათი არ ეშინია.
„პუტინის გზავნილია ასეთი, რომ ევროპა უნდა შეეგუოს რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირებას. ბოლო ერთი კვირაა, რაც ბელარუსში, რუსული სამხედრო წვრთნების საპასუხოდ, პოლონეთში სამხედრო ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს, განსაკუთრებით უკრაინისა და ბელარუსის საზღვრებთან. ეს არის რუსეთის ღია სამხედრო მუქარა და ძალის ჩვენება. ეს პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რუსული სამხედრო დრონების გამოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. 2023 წლის 29 დეკემბერს, რუსული ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ლვოვზე იყო მიმართული, რამდენიმე კილომეტრით შეიჭრა პოლონეთის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც შემობრუნდა. მსგავსი ინციდენტი 2024 წლის მარტშიც განმეორდა.
ბელარუსის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცე 2023 წლის 1 აგვისტოს დაირღვა, როდესაც ბელარუსის ორი სამხედრო ვერტმფრენი პოლონეთის ტერიტორიაზე შეფრინდა“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თმით, 2022 წელს, ომის დაწყებიდან მესამე კვირაში, რუმინეთში, ქვეყნის სიღრმეში, რუსული დრონის ნამსხვრევები იპოვეს. მსგავსი შემთხვევები განმეორდა 2023, 2024 და 2025 წლებშიც, დუნაის სანაპიროსთან. „2024 წელს, რუსული დრონი ლატვიაში ჩამოვარდა, ხოლო 2025 წლის ივლისში, ლიეტუვაში შეაღწია და აფეთქდა სამხედრო ობიექტთან ახლოს, სადაც შეფრენის ზონა კვლავ ბელარუსის საზღვარი იყო. რუსეთის საპასუხო ქმედება ყოველთვის უარყოფა და მხრების აჩეჩვაა. ამიტომ, ნებისმიერი აგრესორის მიდგომა მარტივია: სადამდეც გაუშვებენ, იქამდე განახორციელებს აგრესიას, ხოლო რაც მეტს დაუთმობენ, მით მეტად გახდება თავდაჯერებული“, - ამბობს ანალიტიოსი.
კობერიძე მიიჩნევს, რომ ევროპის მხრიდან ძალის მეტი დემონსტრირება და უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯები, ბევრად უკეთესი იქნებოდა. როგორც მინიმუმ, ლოგიკური იქნება, თუ პოლონეთზე თავდასხმა ევროპის მობილიზაციას შეუწყობს ხელს, რუსეთის წინააღმდეგ.