4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩატარდება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მიღებული ოფიციალური მიწვევა ხელისუფლებისგან, ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. როგორც ეუთო/ოდირის მისიის დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეს „ოცნების“ მორიგი ხრიკი იყო, თავიდან აეცილებინა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა საქართველოში.
„გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვება გულმოდგინე მომზადებასა და საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას მოითხოვს, ჩვენს ყოვლისმომცველ მეთოდოლოგიასთან შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“, - განაცხადა მარია ტელალიანმა.
ეუთო/ოდირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს, საერთაშორისო ორგანიზაციას არაერთხელ აღუნიშნავს დროული მიწვევის მნიშვნელობა, სანდო და ყოვლისმომცველი საარჩევნო დაკვირვების უზრუნველსაყოფად.
„როგორც ეუთო-ს წევრმა სახელმწიფომ, საქართველომ ვალდებულება აიღო, ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი დემოკრატიული არჩევნები. მაშინ, როდესაც ოდირი კომენტარებს არ აკეთებს არჩევნებზე, რომლებსაც ის არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მოვლენების მონიტორინგს ყველა სფეროში, რომელსაც მისი მანდატი ფარავს, მათ შორის, დემოკრატიულ მმართველობაში, ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „პროპაგანდისტული ფანდი იხმარა“ და სწორედ ამიტომ არ მიიწვია დროულად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია.
„ნამდვილად, გულწრფელად რომ ნდომოდა „ქართულ ოცნებას“ ეუთო/ოდირის, ან სხვა დამკვირვებლების მოწვევა, ამას გააკეთებდა უფრო ადრე და არა ასე მიწურულს. ერთი მხრივ, ვითომ ეუთო/ოდირი მოიწვიეს, ხოლო მეორე მხრივ, მოწვევა გააკეთეს მაშინ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. „ოცნებას“ მუდამ ჰქონდა იმის განცდა, რომ შეიძლებოდა, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მიეღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში და თუ ეს ასე მოხდებოდა, მაშინ ნამდვილად არ აძლევდა ხელს ეუთო/ოდირის, ან სხვა დამკვირვებლების მოწვევა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ, For.ge-სთან ინტერვიუში.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ეუთო/ოდირის ორგანიზაცია ჩაერთო პროცესში, რომელიც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მოწყობას გულისხმობს.
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ეუთო/ოდირის ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არის ერთ-ერთი ორგანული ნაწილი იმ გეგმისა, რომელიც დასავლეთში, კერძოდ, ბრიუსელში მზადდება, რომ 5 ოქტომბერს, დაიწყონ ამბები - არჩევნები გაყალბდა, ეუთო/ოდირი არ მოიწვიეს და ა.შ. ეს მხოლოდ პროპაგანდისტული ნაბიჯია, რადგან აქ სურთ დესტაბილიზაცია და ეს სურთ იმ ძალებს, რომელთაც ბევრი ფული აქვთ დახარჯული, ქვეყანაში არსებული ხელისუფლება ჩამოაგდონ და მოიყვანონ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“.
დღესაც ეუთო-ს არჩამოსვლა არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ეუთო/ოდირიც ჩაერთო იმ პროცესებში, რაც ითვალისწინებს საქართველოში დესტაბილიზაციას და გადატრიალებას. მათი ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არავითარ გავლენას არ იქონიებს ამ არჩევნების აღიარება-არ აღიარებაზე“, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.